აგვისტოს ომი, რომელიც რუსეთმა სინამდვილეში წააგო

0
2183

პიროსის გამარჯვება — აღნიშნავს გამარჯვებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას. გამოთქმა წარმოიშვა, როდესაც პიროსმა აუსკულუმთან ბრძოლაში დაამარცხა რომაელები, მაგრამ დაკარგა ნახევარი ჯარი. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, პიროსმა წამოიძახა: “კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჯარი საერთოდ აღარ დამრჩება.”

თითქოს ცნობილი ამბავია, რომ 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომი რუსეთმა მოიგო და განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვსაზღვრავთ თავად მოგებას ანუ რას ნიშნავს ომის მოგება ან წაგება. ის რომ რუსეთმა მოიგო კონკრეტული სამხედრო შეტაკება გასაგებია, თუმცა აქ მეორე საკითხია რა მოუტანა ამ სამხედრო გამარჯვებამ რუსეთს საბოლოო ჯამში. მოდი გავაანალიზოთ ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად.

მხოლოდ იმას თუ ჩავთვლით გამარჯვებად, რომ რუსეთის 58-ე არმიამ უკან დაახევინა ცხინვალიდან ქართულ ჯარებს, ან ააფეთქა უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და დახოცა უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი, მაშინ დიახ ფორმალურად მოიგო. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია შევაფასოთ რა საბოლოო შედეგები მოუტანა აგვისტოს ხუთმა დღემ რუსეთს გლობალური თვალსაზრისით. აი აქ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ მოვლენათა შესახებ, რაც აგვისტოს ე.წ. გამარჯვებამ გამოიწვია რუსეთისათვის.

საქმე იმაშია, რომ აგვისტოს ომი არ იყო მხოლოდ საქართველოს და რუსეთს შორის “ურთიერთობის გარკვევა”. ეს იყო გლობალური მოვლენა, როდესაც ერთმა სახელმწიფომ მეორეს მიმართ განახორციელა პირდაპირი სამხედრო აგრესია. ამ მოვლენებს თვალს ადევნებდა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ეს უკანასკნელნი არამხოლოდ თვალს ადევნებდნენ, არამედ ჰიპოთეტურად საკუთარ თავზეც ირგებდნენ საქართველოს როლს. 2008 წლის აგვისტო მართლაც გარდამტეხი მომენტი იყო რუსეთის თანამედროვე ისტორიაში, თუკი მანამდე რუსეთი მოქმედებდა ფარულად, სხვისი ხელებით, როგორც ეს აფხაზეთში ან დნესტრისპირეთში იყო ანუ აწარმოებდა ჰიბრიდულ ომებს, 2008 წელმა ყველაფერს ფარდა ახადა და რუსეთმა პირდაპირ განაცხადა და დაანახა სხვებს, განსაკუთრებით მეზობლებს, რომ მას ასე ვთქვათ ყველაფერზე წასვლა შეეძლო. თან აგვისტოში მოვლენები დამოუკიდებელი სახელმწიფოს აგრესიის გარდა, იმითაც იყო შემაშფოთებელი, რომ მას მოჰყვა ქართველების გენოციდი სამაჩაბლოს ტეროტორიაზე.

რუსეთის მთავრობა ალბათ ფიქრობდა, რომ ამით შეაშინებდა დანარჩენ მეზობლებს, თუმცა კი საპირისპირო ეფექტი მიიღო. და რაში მდგომარეობს ეს ეფექტი? ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ უცებ გაიაზრა, რომ შემდეგი ის შეიძლებოდა ყოფილიყო. თუკი ვინმეს კიდევ რაიმე ილუზიები ჰქონდა რუსეთის მიმართ, მიხვდნენ, რომ ყოფილი დიდი ძმის მთავრობა ყველაფერზე იყო წამსვლელი, და ამაში იგულისმება, არამხოლოდ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხვა და პირდაპირი სამხედრო აგრესია, არამედ ყოფილი მოძმე ერის დაუნდობელი გენოციდიც. გასაგები გახდა, რომ რუსეთთან საქმის დაჭერა დიდი რისკების შემცველი იყო. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ “რუსეთზე ყველამ ჩაიქნია ხელი”.

ამასთან, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სახრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო მისი პოლიტიკური ნარატივი ასეთი იყო: აფხაზებს და ოსებს არ შეუძლიათ და არ უნდათ იცხოვრონ ქართველებთან ერთად. მაშინ სხვებს გაუჩნდათ ლეგიტიმური და ლოგიკური შეკითხა: თუკი ეს ასეა, რატომ უნდა იცხოვრონ ერთად რუსებმა და უკრაინელებმა ან ბელორუსებმა, აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. გამოდის, რომ რუსეთის პროპაგანდამ მორალურად თავად დაშალა საბოლოოდ სსრკ.

08.08.08. ზუსტად, რომ ფსიქოლოგიური ხაზგამყოფი აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა ერებისათვის. ზუსტად დანარჩენი სახელმწიფოების მხრიდან ამ მოვლენების გააზრებას მოჰყვა, ასე ვთქვათ, “დომინოს პრინციპის” ამუშავება. დომინოს პრინციპში კი იგულისხმება ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მოეხდინა რუსეთისაგან დისტანცირება. 2008 წლის პირდაპირი შედეგი იყო სხვადასხვა სახელმწიფოში განვითარებული “ანტი-რუსული” მოვლენები: 2014 წლის ღირსების რევოლუცია უკრაინაში, სადაც მაშინ კიდე მოძმე ერმა რუსეთთან ყოფნას ამჯობინა დასავლური ვექტორი. 2018 წლის რევოლუცია სომხეთში, სადაც მიუხედავად სომხეთის რუსეთზე სრული დამოკიდებულებისა, პრორუსული მთავრობა შეიცვლა პროდასავლურით. 2020 წლის მასშტაბური პროტესტები ბელორუსში, ამ ეტაპზე უშედეგო, თუმცა კარგად ასახავდა ხალხის დამოკიდებულებას პრორუსული მთავრობის მიმართ. ასევე ყაზახეთის მხრიდან მრავალი პოლიტიკური და საკანონმდებლო ნაბიჯი, რაც რუსეთიდან დისტანცირების პოლიტიკის ნაწილია. ხოლო ყოველივე ამის აპოგეოზი არის უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები, რაც ზუსტად რუსული პოლიტიკის აბსოლუტურ ჩავარდნაზე მეტყველებს. რუსეთის მთავრობა, თავად აცხადებს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ანუ თავად აღიარებს, რომ პოლიტიკურ  ასპარეზზე მარცხი განიცადა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთმა რუსეთის პარტნიორმა ОДКБ-სა თუ ევრაზიული კავშირიდან მხარი არ დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინაში, არც სამხედრო და არც პოლიტიკური კუთხით. ყოველივე ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ვერ ხედავენ რუსეთში პერსპექტივას და საბოლოოდ მასთან საკუთარ თავს.

ამის ფონზე კი, შეგვიძლია შევაფასოთ თუ რამდენად წარმატებული იყო რუსეთისათვის აგვისტოს ხუთდღიანი ომი. როგორც ვთქვით წარმოებული ომი წარმატებული იყო თუ არა ფასდება, იმის მიხედვით თუ რა საბოლოო შედეგები მოუტანა მან მხარეებს. ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციამ კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, ახალგორის რაიონზე და კიდევ რამოდენიმე სოფელზე. თუმცა ეს გამარჯვება რუსეთისათვის ნამდვილი პიროსის გამარჯვება აღმოჩნდა, რადგან მეორეს მხრივ, დაკარგა ყოველგვარი ავტორიტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავის პარტნიორებში კი საკუთარი პოლიტიკის მიმართ ნდობა, დაანახა მეზობელ ერებს მასთან საქმის დაჭერის უპერსპექტივობა. ასე ვიტყოდი რუსეთმა წააგო მთავარი ომი მოსახლეობის “გონებისათვის”, რაშიც იგულისხმება მისდამი კეთილგანწყობა, ნდობა და სიმპათია, ხოლო შედეგად მიიღო უკვე ნახსენები დომინოს პრინციპი, რაც მას ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა სივრცის და მისი ისტორიული გავლენის სფეროების დაკარგვად დაუჯდა.