ბუდისტური ფილოსოფიის 5 მთავარი პრინციპი

0
957
ბუდიზმი არ არის უბრალოდ რელიგია, ის ფილოსოფიური სწავლებაა. შესაბამისად აქ მინდა ვისაუბრო არა რელიგიაზე ან რწმენაზე, ან თუნდაც ცხოვრების წესზე, არამედ სამყაროს აღქმაზე, არსებობის და საკუთარი თავის შესწავლის ფილოსოფიაზე. რატომ? ვინაიდან თუ ბუდისტური ფილოსოფიის არსში კარგად გაერკვევით, ის დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი განცდები, დაიწყოთ ცხოვრებისეული წვრილმანებით დატკბობა, დაივიწყოთ შფოთვა და სტრესი. აქ მინდა წარმოგიდგინოთ სულიერი გურუების მიერ მოწოდებული ხუთი წესი – ბუდიზმის გაგების მარტივი სახელმძღვანელო, რაც

აუცილებლად გამოგადგებათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პრინციპი პირველი: ტანჯვა, როგორც განვითარების მიზეზი

ტკივილის, შფოთისა და დისკომფორტისგან არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული. ბუდისტური ფილოსოფია თვლის, რომ დეპრესია და სასოწარკვეთა გამოწვეულია ჩვენი სურვილების კონტროლის შეუძლებლობით. მედიტაცია, მარტივი წესების მკაცრი დაცვა და რაც მთავარია, თქვენი ტკივილის, როგორც ღირებული რესურსის მიღება და გამოყენება დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მიღწევაში.

ის რაც გტანჯავთ და ტკივილს გაყენებთ აღიქვით არა, როგორც სასჯელი არამედ, როგორც მასწავლებელი. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ ტკივილს თუ განცდას აქვს თავისი მიზეზი. ადამიანის მიზანია ჩასწვდეს ამ მიზეზს, გააანალიზოს ის და გამოიტანოს სწორი დასკვნები, თუ როგორ არის შესაძლებელი ტკივილის და ტანჯვის მიზეზების გადალახვა, ზოგჯერ კი მათი უგულებელყოფა. ასეთი გააზრება ადამიანს უფრო ძლიერს და გარემოებებზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.

პრინციპი მეორე: პასუხისმგებლობა

ყველაფერი რასაც აკეთებთ, ფიქრობთ და გრძნობთ, მხოლოდ თქვენი სურვილებისა და ძალისხმევის ნაყოფია. არ არსებობს უმაღლესი ძალა, არანაირი განგება, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ბედს, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება. ბუდიზმის ადეპტები დარწმუნებული არიან: ადამიანის უმაღლესი მიზანი, რომელმაც გადაწყვიტა დაეკავშირებინა თავისი ცხოვრება ბუდიზმის ფილოსოფიასა და სწავლებასთან, არის განმანათლებლობის მიღწევა. და პირველი ნაბიჯი ბოლო წერტილისკენ არის ის, რომ ისწავლოთ იყოთ პასუხისმგებელი თითოეულ თქვენს ქმედებაზე.

პრინციპი მესამე: ცხოვრების ცვალებადობა

სიცოცხლის ენერგია არ არის სტატიკური. და ის ვინც ცდილობს ამა თუ იმ ფორმას ჩაეჭიდოს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს ის, განწირულია ტანჯვისათვის, რადგან ყველაფერი დროებითია, ყველა ნივთი, გრძნობა თუ განცდა, მათ შორის თავად ჩვენც და ჩვენი ახალგაზრდობაც. მხოლოდ მიუკერძოებლობა და დაკვირვების უნარი დაგეხმარებათ ბუდისტური თანაბარი სიმშვიდით მიიღოთ ნებისმიერი ცვლილება, თითქოს ისინი მხოლოდ გიგანტური მოზაიკის პატარა ნაწილაკები იყვნენ. მედიტაცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჰარმონია და გადაიტანოთ ნებისმიერი მოვლენა ზედმეტი ემოციების გარეშე.

პრინციპი მეოთხე: არ არსებობს ცალკე “მე”

ცვლილებების ბუდისტური კანონი ვრცელდება თავად ჩევნზეც ანუ ცალკე აღებულ მე-ზეც. ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ჩვენი მზერა ეხება, ადამიანიც მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. თუმცა, ეს ხდება, ყველა უნივერსალურ პროცესთან მჭიდრო კავშირში – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია არსებობა თავისთავად. ასე რომ, პრინციპულად არასწორი იქნებოდა გჯეროდეს ცალკეული “მე” -ს და მისი ეგოისტური სურვილების, რადგან ეს იმედგაცრუების გარდა არაფერს მოიტანს.

ბუდისტური ფილოსოფიის ეს პრინციპი მოუწოდებს ადამიანს განთავისუფლდეს ეგოიზმისაგან და საზოგადოების ინტერესებით იაზროვნოს. ასე ვთქვათ გაერთიანდეთ მთელ მსოფლიოსთან და მიმართოთ თქვენი შინაგანი ენერგია სწორი მიმართულებით – სხვა არსებების დახმარებისაკენ.

პრინციპი მეხუთე: სიყვარული არის სიხარული და კეთილი ნება

ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სიყვარულის ოთხი ელემენტი, რომლებიც მას ჭეშმარიტად აქცევს. სიკეთე საშუალებას გაძლევთ იყოთ ტოლერანტული ახლობლების მიმართ, თანაგრძნობა – გესმოდეთ სხვისი გრძნობები და ტკივილი, სიმშვიდე – თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონფლიქტები და სიხარული, რომელსაც თქვენი გრძნობა მოგიტანთ, შეინარჩუნებს სულიერ ერთიანობას მრავალი წლის განმავლობაში.

საკუთარ თავში განავითარეთ სიყვარულის ენერგია – ეს არის ერთადერთი ნამდვილი რეცეპტი ბედნიერებისთვის. სიყვარულის და არა უარყოფითი განცდების საკუთარ თავში კულტივირებით თქვენ პირველ რიგში თქვენს თავს აქცევთ ბედნიერად.

და რაც მთავარია, საჭიროა ჩამოაყალიბოთ სწორი მოთხოვნები და იპოვოთ საერთო ენა სამყაროსთან. საქმე იმაშია, რომ ადამიანის მოლოდინები ხშირად არარეალურია, ის ელის, რომ ღმერთს თუ განგებას მისი ვალი აქვს და აუცილებლად უნდა გადაუხადონ ან დაეხმარონ მას რაღაც სახით. იქნება ეს რაიმე მატერიალური ნივთი, ფინანსები, წარმატების მიღწევა თუ სხვა რამ. რაც არასწორია, ერთადერთი ვისაც ჩვენი ვალი აქვს, ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ ვალდებული საკუთარი თავის წინაშე ვისწავლოთ, განვვითარდეთ, ბევრი ვიშრომოთ და საბოლოოდ წარმატებას ჩვენი ხელით მივაღწიოთ. ბუდისტური ლოცვები და მედიტაციის ხელოვნება კი ამ მხრივ მხოლოდ ეხმარება ადამიანს, რათა ჰარმონიაში იყოთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

ავტორი: ამირან კილაძე