ამიერკავკასიის რესპუბლიკის ხანმოკლე ისტორია

0
297

ამ სტატიაში შევეცდებით განვიხილოთ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის წარმოშობა, ხანმოკლე არსებობა და დასასრული ისტორიულ, ეთნიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში. თუ რატომ იყო ის განწირული შექმნის პირველი დღიდანვე?

1918 წლის 26 მაისს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის ბოლო კრება, რომელზეც ოფიციალურად გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა. ამ დღიდან ამიერკავკასიაში დაიწყო ევროპულ მოდელებზე ორიენტირებული ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა. დღეს უაღრესად აქტუალურია „პირველი რესპუბლიკების“ პოლიტიკური გამოცდილების შესწავლა, რადგან სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1991 წელს სახელმწიფოს აშენების იგივე პროცესი დაიწყო ამიერკავკასიაში, კვლავ გაჩნდა პრობლემები და წინააღმდეგობები, რისი ფესვებიც 1918 წლიდან მოდის. გაჩნდა ეროვნული სახელმწიფოები, იდეოლოგიები და საზღვრები, დიდი ვნებათაღელვა მიდის უცხოელი პარტნიორების შერჩევაზე.

ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა

დავიწყოთ 1917 წლიდან, როდესაც რუსეთის იმპერია დაშლის ფაზაში შევიდა. ამ მომენტისათვის, ამიერკავკასიის მთავარმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა ქცევისა და ორიენტაციის სხვადასხვა მოდელები შეიმუშავეს, აზერბაიჯანი წარმოდგენილი იყო მუსავატის პარტიით, საქართველო მენშევიკებით, რომლებიც ფორმალურად ეკუთვნოდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 1919 წლამდე, სომხეთში ბატონობდა დაშნაკცუტუნის პარტია. ჰქონდათ თუ არა მათ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის საკუთარი პროექტი, თუ გარკვეული შიდა და გარე ფაქტორების ზეწოლის ქვეშ მოქმედებდნენ?

პარტია მუსავათი აზერბაიჯანში 1911-1912 წლებში გამოჩნდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ეს ძალა მხარს უჭერდა “რუსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას” ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის გარეშე, ხოლო 1917 წლის ივნისში გაერთიანდა “თურქეთის ფედერალისტთა პარტიასთან”, რაც დადასტურდა მუსავატის I ყრილობაზე  1917 წლის 26 ოქტომბერს. ასე გაჩნდა „ფედერალისტ-მუსავატისტების თურქული დემოკრატიული პარტია“. ყრილობამ მიიღო ფედერალისტური პარტიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მომავალი პოლიტიკური სისტემა წარმოდგენილი იყო „ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის სახით ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის საფუძველზე“. ამ ავტონომიის ტერიტორია და საზღვრები მაშინ არ იყო განსაზღვრული. ხოლო 1918 წლის 28 მაისს ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში გამოცხადდა პირველი საპარლამენტო დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (ADR).

აი რას წერს ამასთან დაკავშირებით ბაქოელი ექსპერტი ზაურ რასულზადე: „ჯერ კიდევ 1918 წელს ცნობილი ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ვასილი ბარტოლდი წერდა: „…ტერმინი აზერბაიჯანი არჩეულ იქნა, რადგან აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაარსებისას ითვლებოდა, რომ სპარსული და აზერბაიჯანი ერთ გაერთიანებას შექმნიდა… ამ პროექტის პოლიტიკური მიზანი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო არ იყო რეკლამირებული, იყო ადგილობრივი ეთნოკონგლომერაციისგან დამოუკიდებელი ერის შექმნა, თურქული და სპარსული იდენტობებისაგან თანაბრად დაშორებული. ეს იყო პროექტის ძირითადი იდეა. ისევ პირადად მუსავატის პარტიის ლიდერს მ.ე. რასულზადეს ევალებოდა ირანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ისტორიული სახელწოდების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც, ირანის პროტესტის მიუხედავად, პირველი გამოცხადებული სახელმწიფოებრიობის სახელად მიენიჭა. როგორც 1918-1920 წლებში, ასევე ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სახელს „აზერბაიჯანი“ ამიერკავკასიის აღმოსავლეთით გეოგრაფიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იგი სახელმწიფო ერთეულის სახელად იყო შემოღებული. აღმოსავლეთ ამიერკავკასიას აქამდე აზერბაიჯანი არ ერქვა“.

ხოლო სომხური დაშნაკცუტუნი, რომლის შექმნა ტფილისში 1890 წელს გამოცხადდა, მოქმედებდა როგორც „გადასახლებაში მყოფი მხარე“. მის პირველ მანიფესტში ნათქვამი იყო, რომ დაშნაკცუტუნი შეეცდებოდა გააერთიანოს ყველა ძალა, დააკავშიროს ყველა ცენტრი, თურქეთის სასომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მიზნით. მკვლევარი სვეტლანა ლურიე აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად, სომხები თითქმის სრულიად გულგრილი იყვნენ რუსეთის იმპერიაში საკუთარი ავტონომიისადმი და დიდი სიამოვნებით შედიოდნენ რუსეთის სამსახურში პირველი მსოფლიო ომის დროს“. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც პარიზიდან ცარისტული სამხედრო დაზვერვის მფლობელობაში იყო, მოიცავდა „დიდი სომხეთის ზღვიდან ზღვამდე“ რუკას, მაგრამ ამ გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელება დაკავშირებული იყო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხებასთან. ცნობილი სომეხი ისტორიკოსი ჯონ კირაკოსიანი თავის ცნობილ ნაშრომში „დასავლეთ სომხეთი პირველი მსოფლიო ომის დროს“ აღნიშნავს, რომ „რუსეთის მიერ თურქული სომხეთის ოკუპაცია არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგებოდა სომხური ეროვნული მოძრაობის ლიდერების მისწრაფებებსა და პოლიტიკურ პროგრამას, არამედ ასევე მათი იდეოლოგიური მისწრაფებების ცენტრალური მომენტი იყო“.

რაც შეეხება ტფილისში 1918 წელს ხელისუფლებაში მოსულ ქართველ მენშევიკებს, თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიის განსაზღვრისას, მათ მიიღეს ე.წ. „იდეალური საქართველოს პროექტი“ – შუა საუკუნეების ქართული სამეფო მისი მაქსიმალური აყვავების პერიოდის საზღვრებში, რამაც გამოიწვია დაძაბულობა ქართველებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის. “ეს იყო ტრაგედია”, – წერდა ამასთან დაკავშირებით “დაშნაკცუტუნის” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, პროფესორი კაჩაზნუნი. — აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, არ გააჩნდათ ორმხრივად აღიარებული სახელმწიფო საზღვრები და პოლიტიკოსები მხოლოდ მათი „ისტორიული მეხსიერებით“ ხელმძღვანელობდნენ. ამის შესახებ ქართველ ნოე ჟორდანიას ვუთხარი. მან ცრემლიც კი იღვარა და თქვა, რომ რეგიონში ახალ ტრაგედიებს განჭვრეტს, რომელსაც მხოლოდ „მესამე ძალა“ შეაჩერებს. მაგრამ მან არ იცის, საიდან მოვა ეს “ძალა” – სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან.

როგორც რუსი ისტორიკოსი სერგეი მარკედონოვი ამ კუთხით განმარტავს, „ამიერკავკასიას ბევრი დამპყრობელი ჰყავდა: VII-XV საუკუნეებიდან ეს ტერიტორია ექვემდებარებოდა არაბების, ბიზანტიელების, თურქ-სელჩუკებისა და მონღოლ-თათრების შემოსევებს. XVI-XVIII საუკუნეებიდან ამიერკავკასია თურქეთსა და სპარსეთს შორის ბეძოლის ველი იყო, დროდადრო დიდი რაოდენობით წარმოიქმნა სხვადასხვა მცირე სამთავროები და სახანოები, ხოლო XIX საუკუნეში თანამედროვე ამიერკავკასიის მთელი ტერიტორია შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. სიტუაციის მთავარი მახასიათებელი ის იყო, რომ 1920 წლის დასაწყისამდე რუსეთი, სადაც 1917 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, არ იყო დომინანტი რეგიონში. ამიერკავკასიაში ჯერ ბატონობდნენ გერმანია და ოსმალეთის იმპერია, შემდეგ ამიერკავკასია 1919 წლის აგვისტომდე ინგლისელებმა დაიკავეს. ამ მომენტისთვის ბაქოს, ტფილის და ერევანს განსხვავებული საგარეო პოლიტიკურ ორიენტაცია ფქონდათ.

მუსავატები ეყრდნობოდნენ ოსმალეთის იმპერიას. ქართველი მენშევიკები, რომლებიც თავდაპირველად გერმანიას ეყრდნობოდნენ, მოგვიანებით აღმოჩნდნენ ინგლისელთა ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ. ანტანტასთან თანამშრომლობისას სომხებმა ფუნდამენტურად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს. კავკასიური „ცარცის წრე“ ტრაგედიისაკენ ტრიალებდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ეთნიკური პრობლემები და წინააღმდეგობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს. ამიერკავკასიის ყველა სახელმწიფოს 1918-1920 წლებში ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია ჰქონდა. სომხეთი და აზერბაიჯანი კამათობდნენ ყარაბაღის, ზანგეზურის და ნახიჩევანის საკუთრებაზე. 1918 წლის ბოლოს ლორის მხარის გამო ქართულ-სომხური კონფლიქტი წარმოიშვა. ქართულ-აზერბაიჯანულ დავაში ტფილისმა პრეტენზია გამოთქვა აზერბაიჯანის ზაქათალას რეგიონზე, რომელიც დასახლებულია ინგილო ქართველებით, ბაქო კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს მარნეულისა და გარდაბნის რაიონებზე, რომლებიც აზერბაიჯანელების კომპაქტური ცხოვრების რეგიონი იყო. აქვე დავამატოთ შიდა კონფლიქტები (ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, სომხურ-თათრული დაპირისპირებები სომხეთსა და აზერბაიჯანში). მთელი ეს დაპირისპირება ხდებოდა თურქეთისა და რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი ანტანტის ქვეყნების ჩარევით.

ბრესტის ზავი

1918 წლის 3 მარტს რუსეთმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადო ბრესტის ზავი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების თურქეთისათვის გადაცემას. ზავის პირობები ამიერკავკასიის კომისარიატთან შეთანხმებული არ იყო, რადგან მას არც რუსეთი, არც თურქეთი და გერმანია არ ცნობდნენ. თურქეთი ზავით გადაცემულ ოლქებს ითხოვდა, თუმცა ამიერკავკასიამ ეს მოთხოვნა უარყო და შეეცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა შექმნილი ვითარება. 1918 წლის მარტში ქალაქ ტრაპიზონში დაიწყო მოლაპარაკება ამიერკავკასიასა და თურქეთს შორის, თუმცა ამ მოლაპარაკებას ამიერკავკასიისათვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო და აპრილისათვის უკვე დაკავებული ჰქონდათ ბათუმი, ოზურგეთი, მესხეთი. თურქული ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე მოხერხდა.

22 აპრილს შექმნილი ვითარების გადასაწყვეტად შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თურქეთის აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომ, 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა აკაკი ჩხენკელი. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე.

1918 წლის 26 მაისი

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება. 28 მაისს კი საქართველომ ხელი მოაწერა გერმანიასთან ფოთის ხელშეკრულებას, რითაც დაიწყო გერმანიის კავკასიური ექსპედიცია როგორც პოსტ-რევოლუციური არასტაბილურობის დამცველი ოსმალეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. სომხეთმა მფარველობისათვის რუსეთს მიმართა, ხოლო აზერბაიჯანმა მოკავშირედ კი აირჩია ოსმალეთი.

ამიერკავკასიაში ურთიერთდაპირისპირების და კონფლიქტების შედეგი საბოლოოდ სამივე რესპუბლიკისათვის ტრაგიკული აღმოჩნდა. აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება. ცოტა მეტი დაეთმო სომხეთის რესპუბლიკას. საქართველოში ყველაზე დიდხანს გაგრძელდა დამოუკიდებლობა. თუმცა, ისტორიის სტანდარტებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წამში გაფრინდა.

SHARE