მთავრობის ახალი გეგმა – ფინანსური ცენტრები თბილისსა და გონიოში

0
1434

საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში სპეციალური ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავს, რომლებმაც საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხელისუფლებას საერთაშორისო კომპანია Rothschild-ი გაუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

თუმცა ადგილობრივი სპეციალისტების დიდი ნაწილის შეფასებით, საქართველოშო ფინანსური ტიპის ცენტრების მოწყობა საკმაოდ რთული იქნება, რადგან არასახარბიელო საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს-კლიმატისა და ბაზრის სიმცირის გამო საქართველოს, თუნდაც რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ქცევის პერსპექტივა ბუნდოვანია. „PrimeGeorgia” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა “პრაიმ აუდიტის” დირექტორს და მენეჯერთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ამირან კილაძეს.

„ფინანსური ცენტრები ესაა ბანკებისა და სპეციალიზებული ფინანსური ინსტიტუტების კონცენტრაციის ცენტრები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სავალუტო, საკრედიტო და ფინანსურ ოპერაციებს, ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ოქროთი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ფინანსური ცენტრები იყოფა სამ კატეგორიად: საერთაშორისო,  რეგიონალური ფინანსური და ოფშორული ფინანსური ცენტრები. მსოფლიო პრაქტიკა არაერთ ფინანსურ ცენტრს იცნობს, მაგალითად, ნიუ იორკი, ლონდონი, შანხაი, ციურიხი და ა.შ. რომლებსაც დიდი ავტორიტეტი და საკმაოდ მრავალფეროვანი მომსახურება გააჩნიათ. საკითხავია, როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ მათი კლიენტების გადმობირება? რა უპირატესი და უკეთესი პირობები შეიძლება შევთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს? საბოლოოდ როგორ დავაინტერესოთ უცხოელი ბიზნესმენები? ბევრი შეკითხვაა, რომლებზეც პასუხები ჯერ არაა.

პირველ რიგში, საქართველო რამდენად მომზადებული ხვდება ამ საკითხს ესეც გაუგებარია. როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, ეს ეხება, როგორც ეკონომიკის ზრდას, ინფრასტრუქტურას, კვალიფიციურ კადრებს, ინვესტიციების ნაკლებობას, მათ მოცულობას და დანიშნულებას. ასევე მეორე საკითხია, რამდენად მომზადებული და გააზრებულია თავად ეს გეგმა, მით უმეტეს, რომ მთავრობას არ გაუვლია კონსულტაციები ქვეყნის შიგნით წამყვან ფინანსისტებთან და სპეციალისტებთან. არის რისკი, რომ ეს ინიციატივაც ბევრი სხვა წამოწყების მსგავსად განუხორციელებელი დარჩება. რაც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას და სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელებას კიდევ უფრო გაართულებს.“ – განაცხადა „PrimeGeorgia”-სთან საუბრისას ამირან კილაძემ.

მსგავსი ზონების მოსაწყობად კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებებიცაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მთავრობა მსგავს ზონებში განთავსებულ კომპანიებს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს, ასევე აღნიშნულ ცენტრებში სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი იმოქმედებს.

SHARE