საგზაო მოძრაობა, როგორც ჩვენი სოციუმის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მარკერი

0
85

არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური ტექნიკა და მარკერი, თუ როგორ არის შესაძლებელი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა და მისი ფსიქიკის მოწყობის შესახებ დასკვნების გამოტანა. ადამიანის ესა თუ ის, თუნდაც ერთი შეხედვით, უწყინარი და მარტივი საქციელი ან მოქმედება ხშირ შემთხვევაში მისი ფსიქიკის ზოგად ანარეკლს წარმოადგენს. ამასთან არსებობს ასეთი ფენომენი, როგორიცაა სოციალური ფსიქოლოგია, რომელიც საზოგადოების ან მისი ცალკეული ჯგუფების ფსიქოლოგიას იკვლევს.

ჰოდა დღეს თქვენი ყურადღება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ასეთ მარკერზე მინდა შევაჩერო, რაც ვფიქრობ კარგად გადმოსცემს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მე ვიტყოდი ფსიქოლოგიურ ტიპაჟსაც კი.

საუბარი შეეხება თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის „თავისებურ“ მანერას. საინტერესოა, რომ ის ერთმა ტურისტმა მახვილგონივრულად ქართულ მრავალხმიან სიმღერას შეადარა, რადგან ყველა თავისთვის „უბერავს“. ვინ პირდაპირ, ვინ პერპენდიკულარულად, ვინ წითელზე, ვინ ციმციმას გარეშე, ვინ ისე თითქოს ხაზები საერთოს არ არსებობდნენ და ა.შ. თან ყველა ჩქარობს. ამასთან პრობლემა არ არის შენს წინ შუქნიშნის წითელ შუქზე ან საცობში მდგომი მანქანისთვის დასიგნალება. და რაც მთავარია „ნამდვილი მძღოლების კლუბის“ სრულუფლებიანი წევრი, ისე ვერ გახდები თუ ტაქსის მძღოლს ერთხელ მაინც არ ეჩხუბე და შენი უპირატესობა არ „აგრძნობინე“.

დამიჯერეთ ეს შემთხვევით არ ხდება და საზოგადოების ამ კოლექტიურ საქციელს საკმაოდ მყარი და საფუძვლიანი ახსნა აქვს, ის როგორც კარლ გუსტავ იუნგი იტყოდა კოლექტიური ქვეცნობიერიდან გამომდინარეობს. აი ამ ყოველივეს საფუძველზე შევეცდები აღვწერო ჩვენი საზოგადეობის მთლიანი ფსიქოლოგიური პორტრეტი.

პირველი რაც თვალში საცემია, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მეტად არაორგანიზებული ბუნება და დაბალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობაა. ყოველი მოქმედებით (ამ შემთხვევაში მანევრით) ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მთავარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თვითონ ვართ. და არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩვენი ამა თუ იმ მოქმედებით, რაც მიმართულია იმისაკენ, რომ თუნდაც წესების უხეში დარღვევით სადღაც „გავძვრეთ“, რათა 1-2 წუთი მოვიგოთ, სხვებს მეტ დისკომფორტს ვუქმნით, უფრო დიდ საცობს ან საერთოდაც ავარიის რისკს ვქმნით. ეს ნორმაა. რატომ? ამის გამართლება ისაა, რომ ეს წმინდათაწმინდა საქმისათვის კეთდება – ჩვენი თავისათვის. სამწუხაროდ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება და სხვების ინტერესების ფეხებზე დაკიდება ჩვენი საზოგადოების საფირმო ნიშანია.

მეორე, რაც იკვეთება, ეს საზოგადოების უაღრესად ფსიქიკური დაძაბულობა და სტრესული მდგომარეობაა. გზებზე, მოსახლეობის აგრესიული საქციელი და არაფრიდან წარმოქმნილი კონფლიქტები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ზუსტად, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნევროზული მდგომარეობის ანარეკლია. ერთი შეხედვით, უმიზეზო აგრესიულობა, მიმართული უცნობების და მესამე პირების მიმართ, აგრესორის არამდგრადი ფსიქიკის და არცთუ მთლად აწყობილი ცხოვრების მანიშნებელია. ამასთან სამწუხაროდ, აგრესიულობა როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი უნდა გავმიჯნოთ, ისეთი ფსიქოლოგიური ელემენტისაგან, როგორიცაა მტრული დამოკიდებულება გარემოს მიმართ. რასაც კიდევ უფრო ღრმა მიზეზები აქვს. თუ აგრესიულობა ერთ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ საქციელში გამოიხატება, რასაც საფუძვლად შესაძლოა უბრალოდ იმ მომენტში არსებული ფსიქოლოგიური დაძაბულობა ედოს. მტრული დამოკიდებულება უშუალოდ წარმოადგენს ადამიანის მიერ გარე სამყაროსა და გარშემომყოფთა მტრულად აღქმას, ეს კი თავისი ბუნებით ბევრად მყარია და ბევრად სახიფათო ფსიქიკურ შედეგებამდე მივყავართ. ის ადამიანის ცხოვრების მთელი პერიოდის მანძილზე ყალიბდება.

და ბოლოს რაც შეეხება, გზებზე მძღოლების მიერ სხვა მძღოლების (განსაკუთრებით ტაქსისტების) დამცირების (რაც ძირითადად გამოიხატება მიზეზით თუ უმიზეზოდ ხანგრძლივი სიგნალების მიცემასა და ხმამაღალ შენიშვნებში) მცდელობის ღრმა ტრადიციებს. ერთი შეხედვით ეს დომინანტის ძლიერ ფსიქიკას, თავდაჯერებულობასა და ნამდვილ მამაკაცობაზე უნდა მიუთითებდეს, რითაც ის უმტკიცებს გარშემომყოფთ თავის უპირატესობას. თუმცა აქ ერთი ნიუანსია, ფსიქოლიაში ალფრედ ადლერმა შემოიტანა ცნება არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ადამიანს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც უყალიბებს მას აღნიშნულ კომპლექსს. და რითი ცდილობს ადამიანი ამის კომპენსირებას? რა თქმაუნდა ის ხშირად ცდილობს მის გადაფარვას მოჩვენებითი საპირისპირო ქცევით. ასევე არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი მაჩვენებელია იმ ფსიქოლოგიური სიგნალების დემონსტრირება, რომლითაც ადამიანი ცდილობს თავისის პერსონისადმი ყურადღების მიქცევას.

ამგვარად, ხშირ შემთხვევაში სხვისი დამცირების მცდელობა (მითუმეტესთითქმის უმიზეზო) მიუთითებს ადამიანის ქვეცნობიერ სურვილზე, არა სხვებს დაუმტკიცოს თავისი წარმოსახვითი უპირატესი თვისებები, არამედ ზუსტადაც საკუთარ თავს. ვერ მოახერხა რა თავისი თავის რეალიზება სხვა სიტუაციებში – დღის განმავლობაში ვერ შეეკამათა სამსახურში უფროსს, პირად ურთიერთობებში არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ან უბრალოდ მანამდე ვერ გასცა საკმარისი პასუხი პირობითად „სხვა იგივე კომპლექსით შეპყრობილ, უკეთეს მანქანაზე მჯდომ მძღოლს“. მიმართავს ფსიქოლოგიური თავდაცვის ამ მეთოდს, რაც არანაირად არ წარმოადგენს გამოსავალს და პირიქით უფრო მეტად შეყავს ადამიანი ფსიქოლოგიურ ჩიხში.

ასე, რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა. თუმცა მთავარია მათზე დროდადრო ვისაუბროთ და ზოგჯერ ვაღიაროთ კიდეც.