არაფორმალური განათლება – მომავლის განათლება

0
1202

არაფორმალური განათლება არის ნებისმიერი ტიპის ორგანიზებული და სისტემატური საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც განსხვავდება სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტებისა და სხვა ინსტიტუციების პროგრამებისაგან, რომლებიც ოფიციალური განათლების სისტემის ნაწილია.

რატომ გვჭირდება არაფორმალური განათლება ?

ახალი ცოდნისა და უნარების დაუფლების პროცესის აუცილებლობა ინდივიდს თან ახლავს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით – ჯერ კიდევ როდის ითქვა “სწავლა სიბერემდეო”. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მუდმივად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, ასევე მუდმივად იცვლება ჩვენი მიზნები და მოთხოვნილებები, რაც წარმოშობს ახალი ცოდნის და პროფესიული უნარების დაუფლების მოთხოვნილებას.

როგორც წესი, არაფორმალური განათლება განიხილება ფორმალური განათლების საპირწონედ, რომელიც ხორციელდება ოფიციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებში, ასევე გამოიყენება ტერმინები “უწყვეტი განათლება”, “პროფესიული განათლება”, “თვითგანათლება” და სხვა. თუმცა მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებდი ტერმინს „დამატებითი განათლება“, რადგან ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ.

მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ფორმალურ განათლებას თან ახლავს ოფიციალურად აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტეს – დიპლომის გაცემა. მაგრამ, უკვე არაფორმალური განათლების სფეროშიც საკმაოდ პრესტიჟული და დაფასებული სერტიფიკატები გაიცემა. თუმცა ყველა შემთხვევაში მთავარია ცოდნა, ხოლო ეს დიპლომით დადასტურდება თუ სერტიფიკატით უკვე მეორეხარისხოვანია.

არაფორმალური პროფესიული განათლება საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, ადამიანის პროფესიულ განვითარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს პროფესიული საქმიანობის ცვალებად პირობებსა და სოციალურ გარემოს.

ექვსთვიანი სწავლების შემდეგ სტივ ჯობსმა მიატოვა Reed College (ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კერძო უნივერსიტეტი ამერიკაში). მიზეზი? “რადგან მას არ აინტერესებდა მოსაწყენი სავალდებულო პროგრამა და ის სწავლის აზრს ვერ ხედავდა”. ამის შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა თვითგანათლებაზე და თვითგანვითარებაზე, შედეგად მიიღო ზუსტად ის, რაც ჭირდებოდა.

ვისზეა ორიენტირებული არაფორმალური განათლებ

  • არაფორმალური განათლება ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება. ადამიანები, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ახალ უნარებს, იცვლიან პროფესიას თუ სურთ დამატებითი შემოსავალი, სოციალური გარემოს მუდმივ ცვლილებასთან და საგანმანათლებლო სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
  • არაფორმალური განათლება ასევე მოსახერებელია ადამიანებისათვის, რომლებსაც რიგ მიზეზთა გამო არ შეუძლიათ იარონ სკოლაში, უნივერსიტეტებში და ა.შ.
  • ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან განათლებისა და განვითარების პროცესში, ძირითადად არაფორმალური განათლების ფორმას ირჩევენ.
  • ასევე, არაფორმალური განათლება დიდი პლიუსია კომპანიებისთვისაც – ესაა დასაქმებულების, თანამშრომლების, სპეციალისტების მუდმივი პროფესიული განვითარება, ტექნოლოგიების და ტექნიკური პროცესების მუდმივ ცვლილებებთან, კონკურენციის ზრდასთან, სხვადასხვა ახალი სახეობის მომსახურების თუ პროდუქტების დანარგვასთან დაკავშირებით.

არაფორმალური განათლების მეშვეობით ადამიანები შეიძლება დაეუფლონ  ისეთ პროფესიებსაც კი როგორიცაა – ეკონომისტები, მენეჯერები, ფსიქოლოგები, იურისტები, ჟურნალისტები და ა.შ. რომლებსაც სხვა შემთხვევაში ხანგრძლივი საუნივერსიტეტო სწავლება ჭირდება.

ამასთან, აცნობიერებენ რა ახალ ტენდენციებს, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერესიტეტები, და მათ შორის საქართველოში არსებულიც, ცდილობენ მოკლევადიანი კურსების პრაქტიკის დანერგვას. დღეს მრავალი ქართული უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს თავის მსმენელებს დამატებით კურსებს და ლექციებს. თუმცა უნივერსიტეტების მოქმედების არეალი მაინც შეზღუდულია მათი ძირითადი მიმართულებებით და მწირი საკადრო რესურსებით.

არაფორმალური განათლების უპირატესობანი

  • საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
  • გრაფიკისა და ადგილის შერჩევის შესაძლებლობა;
  • სწავლების ფორმის შერჩევის შესაძლებლობა;
  • მოქნილი პროგრამები;
  • მეტი პრაქტიკა;
  • სწავლებისათვის საჭირო ნაკლები დრო;
  • მსმენელი თავად ირჩევ ლექტორს;
  • მიღებული ცოდნის პირდაპირ პრაქტიკაში დანერგვის და გამოყენების შესაძლებლობა;

რა პერსპექტივები აქვს საქართველოში არაფორმალურ განათლებას?

შემიძლია ვთქვა საქართველოში არაფორმალური განათლება განსაკუთრებით პოპულარულია და კიდევ უფრო იკრებს პოპულარობას. არაფორმალური განათლების ბაზარი ყოველ წელს იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატები უკვე კონკურენციას უწევენ უნივერსიტეტების სერტიფიკატებს.

დღეს საქართველოში შედარებით დიდი რაოდენობით პატარა სასწავლო ცენტრებია წარმოდგენილი. რომლებსაც თავიანთი ნიშა უკავიათ (ზოგი უფრო პრესტიჟულია და შედარებით ძვირია მათი მომსახურება, ზოგი შედარებით დაბალ სეგმენტზე ოპერირებს). თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე ჩამოყალიბდა წარმატებული სასწავლო ცენტრები, რომლებიც არაფრით არიან უკვე არსებულ უნივერსიტეტებზე ნაკლები და მსმენელს სთავაზობენ მათზე მორგებულ პროგრამებს და გრაფიკს.

რომელია საუკეთესო ტრენინგ-ცენტრები საქართველოში?

დღეს საქართველოში წამყვანი სასწავლო და ტრენინგ ცენტრებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ „პრაიმ აკადემია“, „მენეჯერთა აკადემია“, „რაციო“ და კიდევ რამოდენიმე კერძო სასწავლებელი, სახელმწიფო აკადემიებს შორის აღსანიშნავია ფინანსთა სამინისტროს აკადემია. ამ სასწავლებლების უპირატესობა კი იმაშია, რომ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები კონცენტრირებულია სპეციალურ, და მსმენელისთვის ზუსტად საჭირო უნარებზე და ცოდნაზე, და შესაბამისად არის შედარებით მოკლევადიანი, არ მოითხოვს წლებს სწავლისათვის, არის კონკრეტული და პრაქტიკული.

აქ განსხვავებით უნივერსიტეტებისაგან მეტი პრაქტიკა და კონკრეტიკაა, და შედეგად მსმენელს მიაქვს ის, რასაც ის ელის და რაც მას კონკრეტულად სჭირდება მოცემულ მომენტში. სწავლის ეს მოდელი ზუსტად მათთვისაა, ვისაც ჭირდება ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკა, რასაც პირდაპირ გამოიყენებს.