ის, რაც ჩვენში არათავდაჯერებულ ადამიანს გასცემს

0
101

ყველამ ვიცით, რომ წარმატებული ადამიანები, როგორც წესი თავდაჯერებულნი არიან. ამ თვისების გარეშე მართლაც რთულია წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში – იქნება ეს კარიერა, ბიზნესი, შემოქმედებითი საქმიანობა თუ პირადი ცხოვრება. ამასთან გახსოვდეთ, რომ ჩვენი არათავდაჯერებულობა გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ რჩება და ნებსით თუ უნებლიედ ისინი ყოველთვის ცდილობენ ამის ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოყენებას.

ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა გასცემს თქვენში არათავდაჯერებულობას. რომელია ის ნეგატიური სიგნალები, რასაც ჩვენგან იღებენ გარშემომყოფნი, და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენი განცდების უცხო თვალისათვის დამალვა.

საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ თავად ვუგზავნით თანამოსაუბრეს არავერბალურ სიგნალებს ჩვენი არათავდაჯერებულობის შესახებ, ისე რომ ამას თავადაც ვერ ვაცნობიერებთ. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი ადამიანი გადასცემს მეორეს შეიცავს ინფორმაციის ორ სახეს. პირველ სახეს ეწოდება ტექსტური ინფორმაცია — მას ადამიანი შეგნებულად გადასცემს მეორეს. მას მიეკუთვნება აზრები, იდეები და სხვა. მეორე ესაა პერსონიფიცირებული ინფორმაცია — ესაა ინფორმაცია თავად გადამცემზე ანუ ადამიანზე. ის გადაიცემა ადამიანის სურვილის მიუხედავად და ამხელს მის დამოკიდებულებას თანამოსაუბრის, თემის და ზოგადად ურთიერთობის მიმართ. ეს პერსონიციფირებული ინფორმაცია  გადაიცემა ვერბალური და პარავერბალური სიგნალებით: ხმის ტონალობა, ტემპი, სიმაღლე, აზრობრივი პაუზები და ა.შ. ადამიანის ესა თუ ის ქცევა ხდება არა შემთხვევით, არამედ პროგრამირებულია მის ქვეცნობიერში. აქ საჭირო ხდება ქვეცნობიერში გარკვევა. და მაინც რა გაგვცემს ხოლმე და რა მოვუხერხოთ არათავდაჯერებულობას?

აქ მოვიყვან თანამოსაუბრესთან ურთიერთობისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს:

არ იცით სად დამალოთ ხელები

ადამიანის ხელებით ინტერესდებიან სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები: მწერლები, კრიმინალისტები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და სხვა. რატომ? ის ინფორმაციის დიდი წყაროა. პირველ რიგში ხელს, ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, ახასიათებს თავისუფლების დიდი ხარისხი. მისი მოძრაობების პრაქტიკულად უსასრულო ამპლიტუდის გამო ის მრავალმხრივ გამოიყენება. ამიტომ, ხელს უკავია ადამიანის ინტელექტის გამოხატვაში მეორე ადგილი (ენის შემდეგ). საქმე იმაშია, რომ ხელის კუნთები ისეა მოწყობილი, რომ მომხრელი კუნთები უფრო ძლიერია, ვიდრე გამშლელი. ამიტომ თუნდაც ოდნავი დაძაბულობის დროს, ისინი იწყებენ მოძრაობას. ამიტომ თუკი შესამჩნევია, რომ თქვენი ხელების მოძრაობა ქაოტურია, ესე იგი შესამჩნევია, რომ აზრებიც თქვენს თავში ქაოტურია.

აქ ერთადერთი გამოსავალი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთულია, უნდა ისწავლოთ საუბარი ხელების აქტიურად გამოყენების გარეშე. როგორ? პრაქტიკა საუკეთესო საშუალებაა.

პასუხს სცემთ ისე, რომ არ ელოდებით კითხვის დასრულებას

დიდი შეცდომაა კითხვაზე პასუხის გაცემა მანამ, სანამ თქვენს თანამოსაუბრეს თავისი აზრის გადმოცემა არ დაუსრულებია, იმ შემთხვევაშიც კი თუკი საკუთარ პასუხში დარწმუნებული ხართ. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ არც კი დაფიქრებულხართ და სადღაც ჩქარობთ. სინამდვილეში კი ჩქარობთ სიტუაციიდან თავის დაძვრენას, რადგან არათავდაჯერებული ხართ და ხშირად უარის თქმის გეშინიათ. ადამიანს ამ დროს ქვეცნობიერად ეშინია პაუზების გაკეთება, რადგან შიშობს, რომ თანამოსაუბრე დაიჭერს მის არათავდაჯერებულობას და მიხვდება მის განცდებს. ასეთ მიდგომას აუცილებლად მიყავხართ სიტუაციამდე, როდესაც თანამოსაუბრეები ერთმანეთს ვერ უგებენ და შესაბამისად საუბარიც არ გამოდის, თქვენზე კი არც თუ დადებითი შთაბეჭდილება რჩებათ.

ყოველთვის მიეცით საკუთარ თავს დრო დაფიქრებისათვის, რათა შეკითხვა ან საუბრის თემა აწონ-დაწონოთ და თანამოსაუბრეს გააზრებული პასუხი გასცეთ.

მოხეტიალე მზერა

არათავდაჯერებული ადამიანი ვერ ახერხებს თავლებში უყუროს თანამოსაუბრეს: ამ დროს მისი მზერა ან ირგვლივ უმისამართოდ დახეტიალებს ან სადღაც შორსაა მიმართული. ამასთან მხედველობითი კონტაქტის არ არსებობა მარტივად იშიფრება თანამოსაუბრის მიერ და საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობაზე. შესაბამისად თანამოსაუბრეც ქვეცნობიერად უარყოფითად განეწყობა თქვენს მიმათ.

ადამიანთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ თქვენი მზერები ერთმანეთს ხვდებოდნენ ურთიერთობის 60-70% განმავლობაში. ეს ორივე თანამოსაუბრეს თავს აგრძნობინებს კომფორტულად და განაწყობს დადებითად ერთმანეთის მიმართ. შესაბამისად შებოჭილი, მორიდებული ადამიანები, რომელთა მზერა მხოლოდ დროის 1/3 ან ნაკლებად ხვდება თანამოსაუბრის მზერას, უნდობლობას იწვევენ. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი რაიმეს მალავს ან არაა გულწრფელი ჩვენს მიმართ. ასეთი ადამიანები კი იშვიათად იმსახურებენ სხვის ნდობას.

არ იღიმებით 

სახის მკაცრი გამომეტყველება მომენტალურად გასცემს ადამიანში დაძაბულობას. ეს იმით აიხსნება, რომ დაბალი თვითშეფასების ადამიანები, ზედმეტად კონცენტრირებულნი და განერვიულებულნი არიან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია – გაიღიმოთ, ვინაიდან გარეგნული ხალისი, შინაგანადაც გადამდებია, ხოლო ასევე სიტუაციას თქვენს ირგვლივ უფრო კომფორტულს გახდის.

ზედმეტი და უადგილო კომპლიმენტები 

გახსოვდეთ, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანს კომპლიმენტს უკეთებს, ის ხშირად აქცენტს აკეთებს არა იმაზე, რაც მეორე ადამიანში მართლაც დასაფასებელია, არამედ იმაზე, რაც თავად მოხვდა თვალში და მისი ინტერესების სფეროშია. ასე, რომ გახსოვდეთ კომპლიმენტის გაკეთების დროს სინამდვილეში გამოგდით თვითკრიტიკა –  “როგორ დაგიკლია წონაში” ან “რა კარგი შენაძენია, მე ასე არ გამომივიდოდა” – ანუ ყოველივე ის, რაც თქვენც გინდათ და არ გამოგდით. ამიტომ იყავით ფრთხილნი კოპმლიმენტის გაკეთების დროს, რადგან ხშირად  ყოველივე ეს  თქვენში გასცემს თავდაუჯერებელ და მოშურნე ადამიანს, ვიდრე თავაზიანს.

საუბრის დროს სიჩუმე თქვენში უხერხულობას იწვევს 

არათავდაჯერებულ ადამიანს უჭირს საუბრის დროს პაუზის დაჭერა: ალბათ გახსენდებათ, რომ საუბარში პაუზის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იწყებთ ამ პაუზის შევსებას კომენტარებით და გაცვეთილი ფრაზებით, რაც ხშირად სრულებით უადგილოა, ზოგჯერ კი წარმოიდგინეთ – თქვენი თანამოსაუბრისათვის საერთოდ გამაღიზიანებელიც კი. ამით არა თუ უხერხულობას ვერ აიცილებთ თავიდან, არამედ პირიქით შესაძლოა ყბედი ადამიანის შთაბეჭდილებაც კი დატოვოთ.

ამ დროს მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. გახსოვდეთ თანამოსაუბრეც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც, ასევე საუბრის მონაწილეა და მასაც აქვს ვალდებულება თუ საჭიროა, უხერხულობა თავიდან აიცილოს. ისწავლეთ თავისი წილი პასუხისმგებლობის სხვაზე მიკუთვნება და შეეშვით საკუთარ თავში ყველა მიზეზის ძიებას.