ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

0
783

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში მკურნალობის პროცესის დაწყება მსურველებს, სავარაუდოდ, შემდეგი თვიდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.

„სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში – არა.

„ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის, დანარჩენი ხარჯები რაცაა, სოლიდარობის ფონდი დაფარავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სხვა ქვეყნების კლინიკებთანაც მოლაპარაკებები, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული კლინიკების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.

„ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ ქვეყანაში გვექნება ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიის ცენტრი. ამ ეტაპზე 300 ბავშვის მკურნალობის საჭიროებას საქართველოში არსებული კლინიკა და პლუს სამი ქვეყნის სამი კლინიკა აკმაყოფილებს“,- განაცხადა ზარაშვილმა.