რა განსაზღვრავს ადამიანის ქცევის მოტივებს

0
4104

რა უდევს საფუძვლად ადამიანის ქცევის მოდელს? რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ინდივიდები მოიქცნენ გარკვეული სახით და არა სხვაგვარად? ჩვენი საქციელი ჩვენივე თავისუფალი ნების შედეგია თუ რაიმე გვაიძულებს ასე მოვიქცეთ? ის თუ რა წარმოადგენს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ მოტივს, ფსიქოლოგიის დარგის ერთერთი ცენტრალური თემაა. ამ ნაშრომში შევეცდები წარმოვადგინო ადამიანის ქცევის მოდელის ამხსნელი ძირითადი თეორიები.

პლატონის თეორია

პირველად ადამიანის ქცევის მოტივებზე პლატონმა ისაუბრა (427-347 ჩვ. წ-მდე), მისი თეორიის მიხედვით ადამიანის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ მამოძრავებელ ძალას ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა – ცნობისმოყვარეობა წარმოადგენს, ხოლო სიბრძნე კი – ერთერთი უდიდესი სიამოვნებაა. პლატონის ფილოსოფიის ბაზისს წარმოადგენდა თეორია იდეალების სამყაროზე ანუ ფორმების დოქტრინა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფრის მიმდინარეობას; როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ასეთ მუდმივ იდეალებს, ჩვენ განვიცდით შემეცნების ბედნიერებას. პლატონი კაცობრიობას აღწერდა, როგორც გამოქვაბულში დატყვევებულ ადამიანს, რომელიც გარე სამყაროს მხოლოდ კედელზე მოძრავი ჩრდილების მიხედვით აღიქვამდა. ის აღწერდა ფისოლოფოსს, როგორც ადამიანს, ვინც მოახერხა გამოქვაბულიდან გამოსვლა და შესძლო ჭეშმარიტი რეალობის ანუ იდეების სამყაროს აღქმა. პლატონი ასევე დიდად აფასებდა და ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზნად მიიჩნევდა გონების მნიშვნელობას, მორალურ ვალს და საზოგადოებისადმი მსახურებას.

ფროიდის თეორია

სრულებით განსხვავებული აზრი წამოაყენა ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939). მოტივაცია ფროიდის მიხედვით განპირობებულია ადამიანის არაცნობიერი იმპულსებით. ინდივიდის ქცევას განსაზღვრავს თანდაყოლილი ინსტიქტები – მისი ფიზიკური მოთხოვნილებები, რომლის დაკმაყოფილებისკენაცაა მიმართული მისი ყველა მოქმედება. ფროიდის თეორიაში ძირითადი ინსტიქტებია ეროსი (სიცოცხლის) და თანატოსი (სიკვდილის). ეროსის ინსტიქტი განპირობებულია ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით, მათ შორის ძირითადია მისი სექსუალური ლტოლვა. ფროიდის ნაშრომების უმეტესობა გაჟღენთილია თეორიით, რომლის მიხედვითაც სექსი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი მოტივია და მთავარი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. ადამიანი ვერ იკმაყოფილებს ამ მოთხოვნას სრულად და ამიტომ წარმოიქმნება უმეტესი ფსიქოლოგიური პრობლემები – ფობიები, შიშები, შფოთვები და ა.შ. მათი ვერ რეალიზაციის მიზეზი კი ამ სურვილების ქვეცნობიერი წარმოშობაა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს რცხვენიათ თავიანთი სურვილების და მათ თავიანთ თავსაც კი უმალავენ. ფროიდმა სექსს ახლებური სახელიც კი უწოდა – ლიბიდო. ასევე მან შემოიღო ტერმინი – სუბლიმაცია. ის აღნიშნავს ინდივიდის ენერგიის მიმართვას ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებული არაა ინსტიქტებთან. მაგალითად, თუკი ინდივიდს არ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი სექსუალური მოთხოვნილებები, მისი ენერგია მიემართება სხვა მიმართულებით. ეს შესაძლოა იყოს შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური აქტივობები. ხოლო თანატოსი – ეს პირველის საპირისპიროა, ის ორი სახისაა: პირველი მიმართული სხვა ადამიანებზე და სხვადასხვა საგნებზე, და მაშინ მას აქვს დესტრუქციული მოქმედებების ფორმა, მაგალითად სადიზმი, ვანდალიზმი და სხვა. მეორე მიმართული საკუთარ თავზე. ის გამოხატება ადამიანის აგრესიულობაში, მის მაზოხიზმსა და თვითგანადგურებაში. ამ ინსტიქტების ანტაგონიზმი წარმოადგენს პიროვნების და მთლიანად საზოგადოების განვითარების საწინდარს. ეროსი სიმშვიდის დამრღვევია და ექვემდებარება სიამოვნების პრინციპს. ხოლო თანატოსი მიილტვის სიმშვიდისაკენ.

ფროიდის ანალოგიურად ამტკიცებდა იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგიც ჯონ დოლარდი, რომელიც ამბობდა. «რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ცხოვრებაში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკმარისი სექსი გვქონდეს. ვინაიდან ეს თავიდან აგვაცილებს ნევროზებს».

ფროიდის ეპოქის ფსიქოლოგებიდან ბევრმა მიიღო და გაიზიარა მისი ხედვები, თუმცა მათი მიდგომები განსხვავდებოდა სექსუალურ მოტივაციასთან დაკავშირებით.
მაგალითად, კარლ გუსტავ იუნგი  (1875-1961) თვლიდა, რომ ცხოვრების სურვილი, ზოგადი ცხოვრებისეული ძალა, წარმოადგენენ ადამიანის ქცევის მნიშვნელოვან მოტივატორებს.
ალფრედ ადლერი (1870- 1937) წერდა სხვებზე უპირატესობასა და ძალაუფლებისაკენ მისწრაფებაზე. ერიკ ერიკსონმა (1902-1994) შეიმუშავა “მე”-ს (ეგო) განვითარების თეორია, ანუ უბრალოდ ადამიანის განვითარებისადმი მისწრაფების სურვილი.

შოპენჰაუერის თეორია

საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ადამიანის ნებას, რაც საფუძვლად უდევს მის ქცევის მოტივებს, მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი. თავის წიგნში “სამყარო, როგორც ნება და იდეები” (1819) მან დაახასიათა ადამიანის ნება, როგორც ირაციონალური, დაბინდული და უაზრო. ადამიანის ნებას ის უთანაბრებდა ისეთ სურვილებს, როგორიცაა – სიცოცხლის სურვილი, კვების სურვილი, გამრავლების სურვილი და ა.შ. ხოლო სურვილების დაკმაყოფილების მცდელობას კი, მისი აზრით მივყავართ იმედგაცრუებისა და ტანჯვისაკენ. შოპენჰაუერმა შემოგვთავაზა ირაციონალური სურვილებისაგან განთავისუფლების ორი გზა: პირველი – ხელოვნებით დაკავება, რაც საშუალებას გვაძლევს ავიტანოთ ცხოვრების ტრაგედია, და მეორე – სურვილებისაგან და ბედნიერების ძიებისაგან განდგომა, რაც სიმშვიდეს გვანიჭებს.

ბიჰევიორიზმი – ესაა მეცნიერება ადამიანის ქცევის შესახებ – ეს მიმართულება გამოხატავს ხედვებს თუ რა მართავს ადამიანის ქცევას.

კლარკ ჰალიმ (1884- 1952) და კენეტ სპენსმა (1907-1967) შეიმუშავეს ქცევის თეორია, რომლის მიხედვითაც განიხილებოდა ადამიანის მოტივები რიგი გათვითცნობიერებული და გაუთვითცნობიერებელი  მისწრაფებების კუთხით, ისეთები როგორიცაა შეჭამო, როცა გშია და ა.შ. ეს მიმართულება დიდ ყურადღებას უთმობს მოტივების მააქტივიზირებელ ფუნქციას, ვიდრე კონკრეტული მოტივების როლს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სწრაფვას მიაღწიონ რომელიმე ერთ და არა სხვა მიზნებს.

ბ. ფ. სკინერი (1904-1990), კიდევ ერთი ბიჰევიორისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნაკლები ყურადღება მიექციათ ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი ძირითადი მოტივების ძიებისათვის, რადგან ყველა მოტივი, აზრი და გრძნობა (მათ შორის სიამოვნება და განცდები) პირადულს წარმოადგენს. მხოლოდ ინდივიდმა იცის რა უნდა მას და სხვა ამას ვერ მიხვდება. ამდენად პირადი მოტივები შეუძლებელია განსაზღვრო მეცნიერული  სიზუსტით (ამასთან დაკავშირებით  ხუმრობაც კი არსებობს, თუკი თქვენი მეუღლე არ აქცევს ყურადღებას თქვენს მოტივებს, აზრებს და გრძნობებს, გამოდის, რომ ის ბიჰევიორისტი გამხდარა).

როჯერსის თეორია

კარლ როჯერსი (1902-1987) ამტკიცებდა, რომ ადამიანების მამოძრავებელ ძალას ორი სურვილი წარმოადგენს: სურვილი განვითარდე ანუ თვითრეალიზაცია და საკუთარი თავის აღიარების სურვილი. ამ თვალთახედვის თანახმად ბედნიერების გასაღებს წარმოადგენს – იცხოვრო საკუთარი ფასეულობათა სისტემის შესაბამისად. თუკი ადამიანები აკეთებენ იმას, რაც ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებს ცხოვრების შესახებ, ისინი კარგავენ პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ, აღარ ვითარდებიან და საბოლოოდ უბედურები ხდებიან. ფაქტიურად, როჯერსის თეორია აერთიანებს ადამიანისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რამოდენიმე მოტივად.

ჯეიმსის თეორია
ამერიკელი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის და პედაგოგის უილიამ ჯეიმსის (1842-1910) და ასევე ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტის უილიამ მაკდუგალის (1871 -1938) თეორიის მიხედვით, ადამიანის ქცევის მოტივს წარმოშობენ მისი ინსტიქტური სურვილები. ჯეიმსი თავის წიგნში «ფსიქოლოგიის საფუძვლები» უთითებდა შემდეგ ინსტიქტურ სურვილებს:

მომჭირნეობა – სურვილი შეაგროვო და დააგროვო
შექმნა – სურვილი აშენო და მიაღწიო
ცნობისმოყვარეობა – სურვილი გამოიკვლიო და გაიგო
თვითტკბობა – სურვილი იყო ყურადღების ცენტრში
ოჯახი – სურვილი გაზარდო შვილები
ნადირობა – სურვილი მოიპოვო საკვები
წესრიგი – სურვილი სისუფთავისა და ორგანიზებულობის
თამაში – სურვილი გაერთო
სექსი – სურვილი გააგრძელო შტო
სირცხვილი – სურვილი არ იყო განსხვავებული
ტკივილი – სურვილი აირიდო მტკივნეული შეგრძნებები
მაკდუგალმა გააფართოვა ეს ჩამონათვალი:
ჯგუფურობა – მისწრაფება დაამყარო სოციალური კონტაქტები
შურისძიება –  მისწრაფება აგრესიულობისადმი

ჯეიმსმა და მაკდუგალმა დაასკვნეს, რომ ადამიანის სურვილები მრავალმხრივია. ისინი უარყოფდნენ მცდელობას ყველაფერი დაყვანილიყო რამოდენიმე სუპერმოტივამდე, როგორც ფროიდისეული სექსი და აგრესია, ადლერისეული მისწრაფება უპირატესობისაკენ. ფაქტობრივად ჯეიმსი და მაკდუგალი იყვენენ პირველი ფსიქოლოგები, რომლებმაც შეიმუშავეს ადამიანის ძირითადი სურვილების ყოვლისმომცველი თეორია.

მრავალი ფსიქოლოგი არ ეთანხმებოდა მაკდუგალის თეორიას იმის შესახებ, რომ ადამიანის სურვილები გადადიოდა მემკვიდრეობით და მიიჩნევდენ, რომ ისინი ყალიბდებოდნენ შემეცნების პროცესში.

ჰარვარდელმა ფსიქოლოგმა ჰენრი მიურეიმ (1893-1988) მოახდინა მაკდუგალის ჩამონათვალის გადაფორმირება ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების სახით. მიურეიმ შეიმუშავა ადამიანის ქცევის მოტივაციის შეფასების მეთოდიკა. მიურეიმ აღწერა ფსიქოგენური მოთხოვნილებები, რომლებსაც მივყავართ გარკვეულ ქმედებებამდე. ეს მოთხოვნილებები მოიცავენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ავტონომია (დამოუკიდებლონა), დაცვა (თავდაცვა კრიტიკისაგან), თამაში (იმის კეთება, რაც გვსიამოვნებს). მან შეიმიშავა მომხმარებლის მოთხოვნილებების კლასიფიკაცია ოთხი ნისნის მიხედვით:

• ფიზიოლოგიური წარმოშობა — პირველადი და მეორადი მოთხოვნილებები;

• მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტის მიმზიდველობის დონე — დადებითი და უარყოფითი მოთხოვნილებები;

• პრობლემის გამოვლენის დონე — აშკარა და ლატენტური მოთხოვნილებები;

• მოთხოვნილების გაცნობიერების დონე — გათვითცნობიერებული და გაუთვითცნობიერებული მოთხოვნილებები;

მისი აზრით, ყველას ერთნაირი მოთხოვნილებები აქვს, მაგარამ მათი გამოხატვის დონე ყველასათვის განსხვავდება პირადი და გარე ფაქტორების ზეგავლენით. მოთხოვნილებები  შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარე სტიმულებისაგან და შესაძლებელია გამოხატული იყოს ძლიერად ან სუსტად.

მასლოუს თეორია

უდიდესი წვლილი ქცევის მოტივების კვლევაში შეიტანა აბრაჰამ მასლოუმ (1908-1970). ის ადამიანის ბუნებას მოტივაციის კუთხით განიხილავდა. მასლოუ თვლიდა, რომ ადამიანი სურვილების პირმშოა და მას ყოველთვის რაღაც უნდა. მოტივაციური მიდგომა და კერძოდ მასლოუს პირამიდა უფრო სრულად ხსნიან ადამიანის ქცევას.

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ უწოდებს პირველად მოთხოვნილებებს, ხოლო მესამედან მოთხოვნილებები შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია. ასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს.

მასლოს მოთხოვნილებათა 5 კლასი (პირამიდა):

თუმცა მასლოუს მიხედვით თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითრეალიზაციისკენ საერთოდ არ მიისწრაფიან.