ბანკებს ახლა შეტევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მიაქვთ?

0
2855

მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ახალი კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, შეტევები მის მიმართ უკვე სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. უცხოელი რეზიდენტებისა და ბანკების (რომელთა უკან ასევე უცხოური კომპანიები დგანან) მოგერიება თანდათან უფრო რთულდება. ისინი სახელმწიფოს პოზიციას მუდმივად არყევენ. მათი მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის მექანიზმის ნელ-ნელა შესუსტებაა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვის წინაამდეგ, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ამჯერად ბანკები გააქტიურდნენ. საბანკო სექტორი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიწის გირავნობაზე გაურკვეველ მდგომარეობას მიიჩნევს.

“პროკრედიტ ბანკის” დირექტორი ამ ვითარებაში აგროდაკრედიტების შეწყვეტის საფრთხეზეც საუბრობს. ქეთევან ხუსკივაძე ამბობს, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის კანონი ყვველა ბანკისთვის მთავარი რისკი და გამოწვევაა. ბანკირი ამბობს, რომ პირველი მოსმენისას კანონპროექტის შემდგომი განხილვის ბედი გაურკვეველია. იქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და არსებული დათქმა არ აძლევს გარანტიას საბანკო სექტორს.

სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ზედამხედველობა ბანკებს არ უნდა დაევალოთ. ეს სექტორი გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებისგან, რადგან არ მოხდეს მათი მეშვეობით მიწის უცხოელებზე გასხვისება. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბანკებთან დათმობით მოხდება ის, რომ ფინანსური სტრუქტურები შეძლებენ მიწების უცხოელებზე გასხვისებას, რასაც მთელი ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანგრძლივად ბანკის მფლობელობაში ყოფნა არ შეიძლება. მათ საქმიანობასთან ეს შეუთავსებელია და ბევრ ქვეყანაში აკრძალულიცაა. რაც შეეხება დაკრედიტებას, მათ შეუძლიათ, გონივრული ვადა დაასახელონ, პროცედურებს რა დროც დასჭირდება.

ბანკებმა უკვე უამრავი ფუნქცია აიღეს თავის თავზე, რაც კანონით ეხებათ და არ ეხებათ, ისიც. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სისუსტისა. საფინანსო სექტორი მონოპოლიზებულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უცხოელებზე გასხვისდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები გინდა პირდაპირ და გინდაც შემოვლითი გზით”, – აცხადებენ ექსპერტები.

კომერციულ ბანკებს მიწაზე არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ. სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალიტი ანზორ მესხიშვილი ბანკების მონოპოლიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი პოზიციაა, განკარგვის უფლება მოიპოვონ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და უცხოელებზე გაყიდონ. ფერმერები კი დაკარგავენ თავიანთ სავარგულებს და გაღატაკდებიან.

“სასოფლო-სამეურნეო მიწებს ბანკები არ უნდა განკარგავდნენ. ამის არავითარი უფლება არ აქვთ. მიწის გირავნობა სამოქალაქო კოდექსით არ ხდება, ის მხოლოდ იპოთეკას ითვალისწინებს. ჯერ პარლამენტს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე.

ბანკებს მიწაზე არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეთ. მათ ხომ ლამის ნახევარი საქართველო ბინებიდან გამოაძევეს და უძრავი ქონება მიისაკუთრეს. აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთზე, რასაც თითოეული ადამიანისგან იღებენ. ახლა ის უნდათ, რომ მიწებიდანაც აყარონ გლეხები. ალბათ მათი მიზანი ისაა, რომ ფერმერებმა დაკარგონ თავიანთი ნაკვეთები და უცხოელებზე გაყიდონ”, – ასეთია უმეტესობა ექსპერტების აზრი.

SHARE