ფსიქოლოგიური ტრიუკები ანუ როგორ მოვატყუოთ ტვინი

0
3641

ადამიანის ტვინი წარმოუდგენლად ძლიერი ორგანოა, თუმცა მისი მოტყუება მაინც საკმაოდ ადვილია. დააკვირდით ზემოთ განთავსებულ სურათს – წრეებიდან ზოგიერთი ისე ჩანს, თითქოს ბრუნავენ, რისი მიზეზიც არის ოპტიკური ილუზია, სახელად პერიფერიული მოძრაობის ილუზია. არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი ტვინის „დასაჰაკად”, რომელთა გამოცდაც თავად შეგიძლიათ იმის დასადგენად, რამდენად ადვილია თქვენი ტვინის მოტყუება.

განცფელდის ეფექტი

რას იტყვით უჩვეულო შეგრძნებებზე, რომლისთვისაც არალეგალური ნივთიერებები არ დაგჭირდებათ? 1930-იანებში ვოლფგანგ მეცგერის მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედებით შესაძლებელი იყო ჰალუცინაციების გამოწვევა. ამის გაკეთება სახლში საკმაოდ ადვილია, დაგჭირდებათ მხოლოდ mp3 ფლეერი, ყურსასმენები, პინგ-პონგის ბურთი და წითელი განათება.

თქვენს mp3 ფლეერში გადმოწერეთ თეთრი ხმაური და პინგ-პონგის ბურთი შუაზე გაყავით. აანთეთ წითელი ნათურა, ყურსასმენები გაიკეთეთ და თეთრი ხმაური ჩართეთ. ამის შემდეგ ორად გაჭრილი ბურთი ლენტით მიიმაგრეთ თვალებზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მის შიგნით სინათლე არ უნდა შემოდიოდეს. იჯექით (ან წამოწექით) მშვიდად და მოდუნდით, დაელოდეთ გამოსახულებებს, რომლებით თანდათან ამოტივტივდება. შედეგად საკმაოდ უცნაური ჰალუცინაციები უნდა დაგემართოთ.

ოპტიკური ილუზიები

დააკვირდით ამ მოცეკვავის სილუეტს. საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს თუ საპირისპიროდ? ზოგი ერთს ხედავს, ზოგი მეორეს, ზოგიც რიგრიგობით ორივეს. თუმცა სინამდვილეში ის სულაც არ ბრუნავს რომელიმე მიმართულებით და არც მიმართულებას იცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2D გამოსახულებაა, ტვინი აღიქვამს, როგორც 3D-ს და შესაბამისად ახდენს ინტერპრეტაციას. თუ დააკვირდებით რაიმეს გოგონას გარშემო, მაგალითად უკანა ფონს ან ჩრდილს, ტვინმა შეიძლება გამოსახულება გადააწყოს და გადაწყვიტოს, რომ საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

მოჩვენებითი აღქმა

ასე ეწოდება იმ მოვლენას, როცა შეიგრძნობთ კიდურებს, რომლებიც რეალურად თქვენი სხეულის ნაწილი არაა. ამის გაკეთება სახლში შეგიძლიათ, თუმცა დაგჭირდებათ მოხალისე და ხელოვნური (რეზინის) ხელი.

ხელი მაგიდაზე დადეთ და ყუთი დააფარეთ, რომ ვერ დაინახოთ, მის გვერდით კი ხელოვნური ხელი მოათავსეთ. სთხოვეთ თქვენს მეგობარს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთდროულად შეგეხოთ ნამდვილ და რეზინის ხელზე. მცირე დროის შემდეგ რეზინის ხელს ისე აღიქვამთ, როგორც საკუთარს. თუ გსურთ, უფრო შორს წახვიდეთ, აიძულეთ მეგობარი, ძლიერად დაგარტყათ რეზინის ხელზე, რაც შედეგად ტკივილს წარმოშობს, რადგან ტვინი უკვე დარწმუნებული იქნება, რომ ის თქვენი სხეულის ნაწილია.

პურკინიეს სინათლე

ჩეხმა ანატომმა და ფიზიოლოგმა იან პურკინიემ ბავშვობაში შემთხვევით აღმოაჩინა საკმაოდ საინტერესო ჰალუცინაცია, რომლის გამოწვევაც ძალიან ადვილია. საჭიროა მხოლოდ თვალების დახუჭვა და თავის მიბრუნება მზის მიმართულებით. დახუჭული თვალების წინ სწრაფად ამოძრავეთ ხელები რამდენიმე წუთის განმავლობაში და საბოლოოდ დაინახავთ ფიგურებს, რომლებიც თანდათანობით სულ უფრო ცხადი გახდება. ჰალუცინაციის მიზეზი ისაა, რომ სტიმულირების შედეგად ქერქის მხედველობის ზონაში მოკლე ჩართვის მსგავსი მოვლენა ხდება.

ტკივილის შემცირება

2008 წელს მკვლევართა ჯგუფმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან დამაინტრიგებელი აღმოჩენა გააკეთა: ბინოკლს ტკივილის შემცირება შეუძლია.

კვლევის მონაწილეებს ხელის მიდამოში ქრონიკული ტკივილები ჰქონდათ. მათ სთხოვეს, დაკვირვებოდნენ თავიანთ ხელს და შეესრულებინათ გარკვეული მოძრაობები სხვადასხვა პირობებში. ვიზუალური მანიპულაცია არ ხდებოდა, იყენებდნენ ბინოკლებს, რომლებიც არაფერს ცვლიდა, ბინოკლებს, რომლებიც გამოსახულებას ადიდებდნენ და შემობრუნებულ ბინოკლებს, რომლებიც აპატარავებდნენ. აღმოჩნდა, რომ შემობრუნებული ბინოკლით ყურებისას მცირდებოდა ხელის ტკივილი და ამობურცულობებიც კი. ხოლო ჩვეულებრივი ბინოკლის გამოყენებისას, რომელიც ხელს ადიდებდა, ტკივილის გრძნობაც ძლიერდებოდა. კვლევის ავტორთა მოსაზრებით, ეს იმიტომ ხდება, რომ საფრთხის აღქმიდან გამომდინარე შესაძლებელია ტკივილის შეგრძნებაზე გავლენის მოხდენა, ანუ რაც უფრო ცუდად გამოიყურება სიტუაცია, მით უფრო აქტიურად მუშაობს ტვინი საფრთხისგან დასაცავად.