ბოდიშის ლოგიკა …

0
138

რა არის მობოდიშება ? – დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი ბოდიშის მოხდის უნარი. პირადი ურთიერთობებისათვის ნამდვილად არ არის ცუდი რამ, აი თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან მობოდიშება ეგ სხვა საკითხია. აქ ორი ასპექტია მორალური და პოლიტიკურ/სამართლებრივი.

მორალური მხარით დავიწყოთ. ჯერ ერთი გაუგებარია ერთი კაცი როგორ იხდის ბოდიშს მთელი ერის სახელით. მით უმეტეს აქ უბრალოდ ერთ კაცზე არ არის საუბარი და ეს სძენს ამ ბოდიშს განსაკუთრებულად მძიმე დატვირთვას. საერთოდ მორალურად რამდენად გამართლებულია მოუხადო ბოდიში მტერს, რომელსაც ეზიზღები, მოგიწყო ეთნიკური წმენდა, გადაწვა ქართული სოფლები, გაანადგურა ქართული კულტურის ძეგლები და იქ დარჩენილი მცირეოდენი ქართული მოსახლეობა ყოველგვარი უფლებების გარეშე ფაქტობრივად მძევლად ჰყავს აყვანილი. ბოდიშს უხდი მტერს, რომელიც ისტორიულად გებრძოდა და სულ ჩასაფრებული იყო გაჭირვების მომენტში ზურგში დაერტყა. ცალკე აღნიშვნის ღირსია  ფრაზა „ჩვენი ოსი ძმები და დები“. ანუ ძმები და დები, რომლებსაც ეზიზღებათ ქართული სახელმწიფო, კულტურა, ენა, ეკლესია, საფეხბურთო ნაკრების წარმატებაც კი ისტერიაში აგდებთ, უნდა გენახათ რა ზიზღი იფრქვეოდა მათი კომენტარებიდან სოციალურ ქსელებში. და ბოლოს უბრალოდ მოუბოდიშო უღირს მტერს, რომელმაც ხელებშეკრული სამხედრო ტყვე ცემით მოკლა, იმის გამო, რომ მან ქართულ დროშას არ შეაფურთხა. ეს ბოდიში საბოლოო ჯამში ამცირებს ჩვენს ერს და პირიქით მოტივაციას აძლევს ჩვენს მტერს, არწმუნებს თავის სიმართლეში, რომ გააგრძელოს იგივეს კეთება რასაც აქამდე აკეთებდა.

საკითხის მეორე მხარეა ამ ბოდიშის პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები. ანუ თუკი სახელმწიფო იხდის ბოდიშს, ეს ნიშნავს, რომ დამნაშავეა, ეს ნიშნავს, რომ აგვისტოს ომში ჩვენი ჯარი, ჩვენი გმირები და მთლიანად სახელმწიფო სამხედრო დამნაშავეა და აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილს დაბრალდება ეს თუ მაზნიაშვილს. ამას აუცილებლად პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. როგორი? 1. ჩვენ თავადვე განვაიარაღებთ ჩვენს თავს მტრის წინაშე, ჩვენი ყველაზე ძლიერ იარაღის გადაგდებით, რომ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ჩვენი ტერიტორიები უკანონოდ აქვთ მიტაცებული. 2. და პირიქით ვაძლევთ უაღრესად სახიფათო იარაღს მტერს ხელში, რასაც კოსოვოს პრეცენდენტს თუ გავითვალისწინებთ, მარტივი მისახვედრია რა შედეგებამდეც მიგვიყვანს. 3. ამასთან ვინც მხარს გიჭერს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში პოლიტიკურად და დიპლომატიურად, უკვე „დამნაშავეს“ გვერდში აღარავინ 4. ჩათვალეთ ყველა საერთაშორისო სასამართლო დავა აღნიშნულ საკითხზე წაგებულია.

შედარებისათვის ეს იგივეა ებრაელებმა მოუხადონ ბოდიში გერმანელებს ჰოლოკოსტის გამო. აქვე ბარემ ბოდიში მოვუხადოთ თურქ-სელჩუკებს დავით აღმაშენებლის გამო (სხვათაშორის ჩვენი თურქი ძმები და დები დიდი ხანია ითხოვენ). თბილისის აღების გამო არაბებს. მარაბდის ბრძოლისათვის შაჰ-აბასს. და ბოლოს თემურ ლენგს, რომ ამდენი ლაშქრობებით დავღალეთ.

აქედან გამომდინარე ამ ბოდიშს შეიძლება თავისუფლად ეწოდოს დანაშაულებრივი ბოდიში. და სამართლიანობისათვის ერთსაც დავამატებ ამ დანაშაულებრივი ბოდიშის თემა ახალი არ არის, და რაც უცნაურია მანამდეც გამიგონია სხვა თითქოს პროდასავლური პუბლიკის მხრიდანაც, რომლებიც დიდი ალბათობით ნებსით თუ უნებლიედ მტრის თამაშს თამაშობდნენ.