იტალიური მოთხრობები

0
172

გთავაზობთ იტალიელი მწერლების დინო ბუცატისა და სტეფანო ბენის მოთხრობების ქართულ თარგმანს. ბუცატის რომან “თათრების უდაბნოს” უკვე იცნობს ქართველი მკითხველი, სტეფანო ბენისთან გაცნობის საშუალება კი მას პირველად მიეცემა.

 ნამდვილი მეთევზე  (სტეფანო ბენი)

თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის – ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები – ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის წყალობით სახეზე სიცხიანივით ადევთ წითელი ფერი. ერთმანეთთან კომუნიკაციას ჩუმი და დეტალებამდე გათვლილი რიტუალით ამყარებენ. სძულთ ხმაური – თევზების მტერი. თუ რომელიმე მათგანს, ბართან მჯდომს, მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით, მოგიტრიალდებათ და გეტყვით: „ფრთხილად, თორემ კაპუჩინოს გამიქცევ!“ შინ მოსიყვარულეები არიან, თუმცა გული სხვაგან მიუწევთ. მეთევზეთა ცოლები, მდუმარე გმირები, მოთმინებით იტანენ აბაზანაში მოფართხალე უზარმაზარ კობრს, სასადილო ოთახში ჭიაყელების შემოსევას და მაცივარში ნორვეგიული ვეშაპმჭერების მსგავსად შეტენილ ტონობით თევზს, რომელსაც არავინ ჭამს.

მეთევზეთა შვილების მეხსიერებაში წყალგაუმტარი მწვანე ჩექმებით დილაბნელზე სადღაც მიმავალი მამის ხატია აღბეჭდილი. სკოლაში თავისუფალ თემაში წერენ: „მე ობოლი ვარ, მამაჩემი მეთევზეა“. ათი წლის ასაკში კი მემკვიდრეობითი დაავადება შეუბრალებლად დარევთ ხელს. სასოწარკვეთილი დედა ხედავს, როგორ უზის მისი შვილი ჰიდროგრაფიულ რუკებს, სანამ მისი თანატოლები „პლეიბოის“ ათვალიერებენ ან ჩუმად როგორ მიიპარება პარკში და გუბურაში კომანდორივით გასივებულ წითელ თევზებს იჭერს, სანამ ერთ დღესაც მამისეულ ანკესს არ დაავლებს ხელს. საკუთარი მწვანე ჩექმებიც აქვს, იდიოტური ბერეტიც, ლერწამიც და ჯალამბარიც. ზღურბლზე მდგომი დედა ცხვირსახოცით ხელში აცილებს შვილს და მის თვალებში მამისეულ არაამქვეყნიურ გამომეტყველებას ხედავს. მეთევზე დაიბადა.

ბუნებაში მეთევზეთა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სახეობები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია გასტრონომიული მეთევზე. ათიდან ცხრა შემთხვევაში მისი გვარია „ბუზი“ და სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვეულ აღჭურვილობასთან ერთად თან დააქვს საუზმის კალათაც, იგივე ბუზის კალათა. ბუზის კალათა ექვსსულიანი ოჯახის ნუტრიციულ მოთხოვნილებებს პასუხობს. მასში ბევრნაირ კერძს ნახავთ, მაგრამ ყველაზე ხშირად – ცივ კატლეტს და შუშხუნა ბორდოს. გასტრონომიული მეთევზე, როგორც წესი, თავისი კალათის ნახევარს დილის ხუთ საათზე მანქანაშივე ითვისებს. ადგილზე მისული, ლერწამს წყალში ჩაკიდებს და ჭამას აგრძელებს. მთელ კალათს მოასუფთავებს, მერე სატყუარად წამოღებულ პოლენტასაც დააყოლებს, მდინარეში ჩაცივებულ ღვინის ბოთლს გამოცლის და იძინებს. როდესაც იღვიძებს, ძუას ახვევს და უახლოეს რესტორანს მიაშურებს ტაფამწვარის საჭმელად.

შემდეგი სახეობაა მოძრავი და ფიზიკური გამძლეობით გამორჩეული ნერვიული მეთევზე. ის დინების საპირისპირო მიმართულებით მიუყვება მდინარეს, წუთში ოც მეტრს გადის და იგინება, რომ ვერაფერი დაიჭირა. მდინარეზე გადადის და გადმოდის, ქვებზე ეცემა და კისრამდე სველდება. შეუძლია, ორი საათი იფაფხუროს კარგი ადგილის საპოვნელად, საიდანაც უკეთესს დაინახავს. ასეთ მეთევზეებს ყველაზე უცნაურ პოზებში წააწყდებით: ლერწმის ღობიდან მკლავგამოჩრილს, ხეზე ამხედრებულს, ბეჭებამდე წყალში მდგომს, მაღლა აშვერილი სიგარეტიანი ხელით. ანკესს ყველა მიმართულებით ისვრიან იმ ტბის შუაგულიდან ორასი მეტრის რადიუსში, რომელშიც თევზის ნახტომი დალანდეს. ამ სახეობის მეთევზის კიდევ ერთი თავისებურებაა „სატყუარას“ მანია, რაც წყალში ჭიების მუჭობით ყრით გამოიხატება. რაც უფრო იმატებს მღელვარება, მით უფრო იზრდება სატყუარას ულუფაც. შუადღემდე ნერვიულ მეთევზეს წყალში ტონობით ჭიის და პოლენტის მთელი მთის გადაყრა შეუძლია. თუ არც ამან გამოიღო შედეგი, ნერვიული მეთევზე სენდვიჩების, კარამელის, მაჯის საათისა და ქორწინების ბეჭდის სროლას იწყებს. თან ისევ მიდის დინების საპირისპირო მიმართულებით, მდინარეს კვეთს, ქვებზე ეცემა და ძუას ქაჩავს. შუადღისას ის 130 კილომეტრითაა დაშორებული მანქანას. ხმაურიანობისა და დაბალი პროფესიული ღირსების გამო ეს სახელობა სხვა მეთევზეებს მოძულებული ჰყავთ.

გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი სახეობაა ჩალისქუდიანი მოხუცი. ეს გახლავთ საშუალო სიმაღლის ხანში შესული კაცი დამახასიათებელი ქუდით და ვარდისფერი მაისურით. ის მცირე შიდა დინებებს მიჰყვება და, როგორც წესი, შუადღისას, ზუსტად თქვენ გვერდით იწყებს თევზაობას. თქვენ დილის ხუთი საათიდან გიკავიათ პოსტი და უკვე ამაოდ მოსინჯეთ ყველა სატყუარა, რომელიც მაღაზიებში იშოვეთ, მოხუცი კი ძველ ჭუაზე პურს წამოაცვამს, ამოიყვანს სამკილოიან კობრს და მიდის. გამოცხადება ზუსტად ერთი წუთი გრძელდება.

უკანასკნელი სახეობა მრისხანე მებრძოლია: ეს არის წელამდე წყალში მდგომი მეთევზე, რომელიც ბორგავს, ყვირის, იგინება და ექაჩება ძუას, რომლის ბოლოზე რვაფეხაც შეიძლება  იყოს და კარიერის მუხლუხოც. ხიდიდან მას ორმოცდაათამდე ადამიანი ადევნებს თვალს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ალბათობის გამართლებას ელიან:

  1. მებრძოლი კარგავს თევზს და აცხადებს, რომ „15 კილო მაინც იქნებოდა“;
  2. იჭერს ნახევარგირვანქიან, თუმცა ძალიან დაკუნთულ თევზს;
  3. მოინადირებს მეორე მებრძოლის ანკესს, რომელიც ტბის მეორე ნაპირიდან იბრძვის.

გაითვალისწინეთ: ალბათობა იმისა, რომ მებრძოლი დიდ თევზს დაიჭერს, არ არსებობს  (და ეს ხალხმაც იცის).

ქვეყნიერების აღსასრული

დილის ათი საათი ხდებოდა, როდესაც ცაში უზარმაზარი მუშტი გამოჩნდა. ნელ–ნელა გაიშალა და, თითებმოკაუჭებული, ვეება ბალდახინივით უძრავად დაეკიდა ქალაქის თავზე. ქვას ჰგავდა და ქვა არ იყო. ხორცს ჰგავდა და ხორცი არ იყო. ღრუბელს ჰგავდა, მაგრამ არც ღრუბელი ყოფილა. ეს ღმერთი იყო. ქვეყნიერების აღსასრული დადგა.

ჩუმი დრტვინვა ჯერ გმინვად იქცა, მერე – ბღავილად, უბნებს მოედო, მკვრივ, საზარელ ხმად გაერთიანდა და ცაში აიჭრა.

ლუიზა და პიეტრო დილის მზით შემთბარ, უცნაური სასახლეებითა და ბაღებით გარშემორტყმულ პატარა მოედანზე იდგნენ. ცაში კი, თვალშეუდგამ სიმაღლეზე, ხელი ეკიდა. ქალაქი ნელ-ნელა მიყუჩდა, თუმცა აქა–იქ ჯერ კიდევ ისმოდა შიშის წამოძახილები. პასუხად ფანჯრები პირთამდე იღებოდა და იქიდან შილიფად ჩაცმული ახალგაზრდა დიასახლისები იცქირებოდნენ, რომ ქვეყნიერების აღსასრული დაენახათ. ხალხი სახლებიდან გამორბოდა. გრძნობდნენ, რაღაც უნდა ეღონათ, მაგრამ რა წყალში გადავარდნილიყვნენ, არ იცოდნენ.

ლუიზას ტირილი აუვარდა. „ვიცოდი, – მოთქვამდა ის, – რომ ასე მოხდებოდა… ეკლესიაში არ დავდიოდი, არ ვლოცულობდი… არაფერზე ვფიქრობდი, არაფერი მადარდებდა და აჰა… ვგრძნობდი, ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა!“

პიეტრომ ვერაფრით ანუგეშა და თავადაც ბავშვივით ატირდა.

ხალხის უმეტესობაც იცრემლებოდა, მეტადრე – ქალები. მხოლოდ ორი მკვირცხლი მოხუცი ბერი მიაბიჯებდა მხიარულად, თითქოს სააღდგომო წირვაზე მიეჩქარებათო. „წასულია თქვენი საქმე, ჭკუის კოლოფებო! – შესძახოდნენ პატივცემულ გამვლელებს, – ახლა აღარ გეცინებათ, არა? აბა, ახლა ვინ არის ჭკუის კოლოფი? თვალთმაქცები ვიყავით, არა? მორწმუნე ბრიყვები ვიყავით, არა? ხომ გამოჩნდა, ვინც ყოფილა ბრიყვი?!“ – ღვარძლიანად ხითხითებდნენ ბერები და ყმაწვილებივით ყოჩაღად მიარღვევდნენ ბრბოს, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა. ხალხი მათ ბოროტ მზერას არ აშორებდა, მაგრამ შეპასუხებას ვერავინ ბედავდა.

ის–ის იყო, მოსახვევში გაუჩინარდნენ, რომ ერთი ბატონი შეკრთა, თითქოს ძვირფასი შესაძლებლობა გაეშვას ხელიდან, და გამოდევნება დააპირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. „ღმერთო ჩემო! – შესძახა მან და თავში ხელი შემოიკრა, – რატომ აღსარება არ ჩავაბარეთ!“ „ჯანდაბა! – აჰყვა მეორე, – რამ გამოგვაშტერა, რატომ არ გავაჩერეთ! არადა, ცხვირწინ ჩაგვიარეს!“ მაგრამ ცქვიტ ბერებს, აბა, ვიღა დაეწეოდა!

ამასობაში ეკლესიებიდან მანდილოსნები და ერთ დროს ქედმაღალი, სოლიდური ბატონები გამოეფინნენ. იმედგაცრუებულები, დათრგუნულები და გაღიზიანებულები ჩანდნენ. ყველა გონიერი მღვდელი გამქრალიყო – ალბათ მოხელეებმა და მაგნატებმა დაიბევეს. უცნაურია, მაგრამ ფული ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ფასს – ხალხს ალბათ ეგონა, ქვეყნიერების აღსასრულამდე ჯერ კიდევ დარჩენოდათ რამდენიმე წუთი, რამდენიმე საათი, ვინ იცის, რამდენიმე დღეც კი.

ეკლესიებში დარჩენილ მღვდლებს იმდენი ხალხი შემოხვეოდა, ნემსი არ ჩავარდებოდა. ამბობდნენ, რომ ჯგლეთას ვიღაცები ემსხვერპლნენ. ჰყვებოდნენ ანაფორაში გადაცმულ თაღლითებზეც, რომლებიც სახლებში დადიოდნენ და ცეცხლის ფასად იბარებდნენ აღსარებას. შეყვარებულებს კი სულ მთლად დაეკარგათ რიდი და მდელოებზე დაწყვილებულიყვნენ, რათა უკანასკნელად მისცემოდნენ განცხრომას.

ამასობაში ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩახჩახებდა, მიწისფერი დაედო და კიდევ უფრო შიშის მომგვრელი გახდა. ხმა დაირხა, კატასტროფა გარდაუვალიაო. ზოგიერთი თავს დებდა, რომ შუადღემდეც ვერ მიაღწევდნენ ცოცხლები.

ამ დროს მდიდრული სასახლის ტერასაზე, რომელიც ტროტუარს ხვეული კიბით უერთდებოდა, ახალგაზრდა მღვდელი გამოჩნდა. მხრებში თავჩარგული, აღელვებული მიმოდიოდა, თითქოს ქუჩაში გამოსვლისა ეშინიაო. უცნაური იყო მღვდლის დანახვა ასეთ დროს, მით უფრო – ასეთ ადგილას: სასახლეში კურტიზანები ცხოვრობდნენ.

– მღვდელი, მღვდელი! – მოისმა ყვირილი. საბრალომ ერთი კი სცადა გაქცევა, მაგრამ ბრბომ თვალის დახამხამებაში გადაუღობა გზა. „აღსარება! აღსარება!“ – აბღავლდა ხალხი და გაფითრებული ღვთისმსახური იქვე, ტერასაზე, თითქოს საგანგებოდ გაკეთებულ პატარა ნიშაში შეათრია.

ათეულობით კაცი და ქალი ღრიალით მიიწევდა მისკენ, მიფოფხავდა მოჩუქურთმებულ შვერილებზე, სვეტებზე, მოაჯირზე…

მღვდელმა აღსარების მიღება დაიწყო. ცალი ყურით ისმენდა სულმოუთქმელად განდობილ საიდუმლოებს, – უკვე აღარავის ანაღვლებდა, რომ აღსარება სხვებსაც ესმოდათ, – მონანიეს ნაჩქარევად გარდასახავდა ჯვარს და მომდევნო ცოდვილზე გადადიოდა. მაგრამ ხალხს ბოლო არ უჩანდა. მოძღვარი უმწეოდ აცეცებდა თვალებს და შესანდობ ცოდვათა ოკეანის ნაპირს ეძებდა.

ლუიზამ და პიეტრომ ძლივძლივობით მიაღწიეს იმ ადგილამდე, საიდანაც მღვდლისთვის ხმის მიწვდენა შეიძლებოდა, და თავიანთ რიგს დაელოდნენ.

– წირვა–ლოცვებზე არ დავდივარ, ტყუილებს ვამბობ, – ვაითუ ვერ მოვასწროო, სხაპასხუპით გაჰყვიროდა გოგონა, – და საერთოდ, მთელი არსებით ცოდვილი ვარ… არა, არა, შიშის გამო კი არ მოვსულვარ აქ, უბრალოდ, ღმერთთან ყოფნა მინდა, გეფიცებით!

და თავისი სიტყვების თვითონვე სჯეროდა.

– Ego te absolvo*, – ჩაიბუტბუტა მღვდელმა და პიეტროს მიუბრუნდა.

ხალხში კი მღელვარება იმატებდა.

– რამდენი დარჩა განკითხვის დღემდე? – იკითხა ერთმა.

მეორემ, ამ საკითხში უკეთ გარკვეულმა, მაჯის საათზე დაიხედა და უყოყმანოდ უპასუხა:

– ათი წუთი.

ამის გაგონებაზე მღვდელმა თავის დახსნა სცადა, მაგრამ ცხონებას მოწყურებულმა ბრბომ არ გაუშვა. მღვდელს ციებიანივით ააკანკალა. აღსარებები ახლა უკვე შორეულ, გაურკვეველ გუგუნად ჩაესმოდა, მონანიეებს მექანიკურად სახავდა პირჯვარს და იმეორებდა: „Ego te absolvo“.

– რვა წუთი! – მოისმა ბრბოდან მამაკაცის გამაფრთხილებელი ხმა.

მღვდელი ტირიფის ფოთოლივით აცახცახდა და გაჭინჭყლებული ბავშვივით მოჰყვა მარმარილოს იატაკზე ფეხების ბაკუნს.

– კი მაგრამ, მე? მე? – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა.

ეს წყეულები ცხონებას ართმევენ! ეშმაკსაც წაუღია მაგათი თავი! როგორ დაეხსნას? რა წყალში გადავარდეს?

მღვდელს ატირებას ცოტაღა აკლდა.

– მე? მე რაღა ვქნა? – ეკითხებოდა სამოთხეს დახარბებულ ბრბოს.

თუმცა ის არავის ადარდებდა.

ავტორი: დინო ბუცატი

ის, რაც კანზე იწყება (დინო ბუცატი)

სისტოს მხარეში ჩასულმა და ჩვეულ ადგილას დაბინავებულმა ხე-ტყით მოვაჭრე კრისტოფორო შრიოდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე ჩაწვა. მერე დიდი ხნის ნაცნობი ექიმი ლუგოზი მოაყვანინა. ექიმმა თავი ეჭვით გადააქნია, ისეთი არაფერიაო, თქვა, თუმცა პატარა ბოთლით მაინც წაიღო შარდი გამოსაკვლევად და დღესვე დავბრუნდებიო, აღუთქვა პაციენტს.
მეორე დილით შრიოდერმა თავი გაცილებით უკეთ იგრძნო და ექიმს აღარ დალოდებია, წამოდგა. ხალათში გამოწყობილი, წვერს იპარსავდა, როცა კაკუნი მოესმა. ექიმი იყო. შრიოდერმა გასძახა, შემოდიო. „ამ დილით თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, – თქვა ვაჭარმა, ისე, რომ კარისკენ არც კი გაუხედავს, და პარსვა განაგრძო, – „მადლობა მომიხსენებია მობრძანებისთვის, მაგრამ შეგიძლიათ, წაბრძანდეთ“. “ნუ ჩქარობთ – თქვა ექიმმა და უხერხულად ჩაახველა, – ამჯერად მეგობართან ერთად გეწვიეთ“.
შრიოდერი შემობრუნდა და ზღურბლზე, ექიმის გვერდით, ორმოცს გადაცილებული, ჩასკვნილი, სახეაწითლებული, მოუხეშავი ბატონი დაინახა, რომელიც თავშეკავებულად იღიმებოდა. ვაჭარმა, თავდაჯერებულმა, უფროსობას მიჩვეულმა კაცმა, ექიმს კითხვის გამომხატველი მზერა სტყორცნა.
„ჩემი მეგობარია, – გაიმეორა ლუგოზიმ, – დონ ვალერიო მერიტო. ერთ პაციენტთან მივდივართ და ვთხოვე, ბარემ აქაც გამომყოლოდა“.
„თქვენს განკარგულებაში მიგულეთ“, – თქვა შრიოდერმა და სტუმრებს სკამი შესთავაზა.
„როგორც ვხედავ, – განაგრძო ექიმმა, – დღეს ექიმი აღარ გჭირდებათ. შარდის ანალიზსაც არა უშავს რა. ცოტაოდენ სისხლს გამოგიშვებთ, ეს არის და ეს“.
„სისხლს გამომიშვებთ? კი მაგრამ, რატომ?“ „მოგიხდებათ, – აუხსნა ექიმმა, – თავს სულ სხვა ადამიანად იგრძნობთ. ყოველთვის უხდებათ სანგვინიკოსებს. თანაც სულ ორი წუთის საქმეა“.
ლაბადიდან შუშის ქილა ამოიღო, რომელშიც სამი წურბელა იყო, მაგიდაზე გადაიხარა და დაამატა:
– მაჯაზე დაისვით. თვალის დახამხამებაში მოეჭიდებიან. გთხოვთ, თქვენ თვითონ… ოცი წელია, ექიმი ვარ და წურბელისთვის ხელი ვერ დამიკარებია“.
„აქ დადგით“, – თქვა შრიოდერმა უპირატესობის გამაღიზიანებელი შეგრძნებით. ქილა აიღო, ლოგინზე ჩამოჯდა და მაჯებზე ისე ოსტატურად დაისვა წურბელები, თითქოს მთელი სიცოცხლე სხვა არაფერი ეკეთებინოს.
ამასობაში უცხო სტუმარმა ფართო ლაბადის გაუხდელად მაგიდაზე ქუდი და წაგრძელებული პაკეტი დადო, რომელმაც მაგიდის ზედაპირთან შეხებისას ლითონისთვის დამახასიათებელი წკარუნი გამოსცა. შრიოდერმა უკმაყოფილოდ შენიშნა, რომ უცნობი თითქმის ზღურბლზე იჯდა, თითქოს ცდილობდა, მისგან რაც შეიძლება შორს დაეჭირა თავი.
„ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ ვალერიოს უკვე იცნობთ“, – უთხრა შრიოდერს ექიმმა და ისიც, ღმერთმა იცის რატომ, კართან ახლოს დაჯდა.
„ვერ ვიხსენებ, ამის პატივი მქონოდეს“, – უპასუხა საწოლზე ჩამომჯდარმა შრიოდერმა, რომელსაც ხელები ხელისგულებით ზემოთ ეჭირა, სანამ წურბელები მაჯებიდან სისხლს სწოვდნენ. – „ლუგოზი, მითხარით, ხომ არ წვიმს? გარეთ ჯერ არ გამიხედავს. დიდი ვერაფერი ამბავი იქნება, თუ გაწვიმდა. მთელი დღე საქმეზე ვარ სარბენი“.
„არა, არ წვიმს“, – უპასუხა ლუგოზიმ უსიამოვნოდ ღრმა ხმით, – მაგრამ ვალერიო ნამდვილად გიცნობთ. ერთი სული ჰქონდა, ხელახლა ენახეთ“.
„ვერაფერს გეტყვით“, – გულგრილად თქვა ვაჭარმა.
„სამი თვის წინ“, – თქვა მელიტომ, – „აბა, გაიხსენეთ. სამი თვის წინ გაიარეთ თუ არა ეტლით ძველი საზღვრის გზაზე?“
„აჰ, შესაძლებელია, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით“.
„კარგი. არც ის გახსოვთ, რომ მოსახვევში მოცურდით და შარაგზიდან გადახვედით?“
„ნამდვილად ასე იყო“, – უპასუხა ვაჭარმა და ცივად დაუწყო თვალიერება ახალ და არასასურველ ნაცნობს.
„ბორბალი გამოძვრა და ცხენმა ეტლის შარაგზაზე დაბრუნება ვერ მოახერხა“.
„სწორედ. და თქვენ რა იცით?“
„აჰ, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ“, – უპასუხა მელიტომ, ჩაიღიმა და ექიმს თვალი ჩაუკრა. – „მერე ჩამოხვედით, მაგრამ ვერც თქვენ დაძარით ეტლი, რომ შარაგზაზე გადაგეთრიათ, არა?“.
„ნამდვილად ასე იყო, თან კოკისპირულად წვიმდა“.
„მაშასადამე, წვიმდა. ძალიან კარგი“, – კმაყოფილი კილოთი განაგრძო დონ ვალერიომ, – და სანამ ამ ჯაფაში იყავით, მაღალ-მაღალი, შავი პირისახის კაცი ხომ არ მოგახლოებიათ?“
„აჰ, ეგ არ მახსოვს“, – შეაწყვეტინა შრიოდერმა, – „მომიტევეთ, ექიმო, მაგრამ ისევ საჭირონი არიან ეს წურბელები? უკვე ბაყაყებივით დაიბერნენ. მეც მეყო, თანაც, უკვე მოგახსენეთ, რომ უამრავი საქმე მაქვს“.
„სულ ცოტაც, – თქვა ექიმმა, – სულ ცოტაც მოითმინეთ, ძვირფასო შრიოდერ, და სულ სხვა კაცად იგრძნობთ თავს“.
„მოგიახლოვდათ თუ არა მაღალი, შავგრემანი კაცი უცნაური ცილინდრით?? – დაჟინებით ჩაეკითხა ბატონი ვალერიო. – „თავისებური ზარით, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა?“
„კარგი, ჰო, მასე იყო“, – უხეშად უპასუხა შროდერმა, – „მაპატიეთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ჩემგან?“
„აჰ, არაფერი. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ კარგი მეხსიერება მაქვს. სამწუხაროდ, იმ დღეს თქვენგან ხუთასი მეტრით მაინც ვიყავი დაშორებული, ხის ქვეშ თავშეფარებული გიყურებდით“.
„ჰოდა, ვინ იყო ის კაცი?“ – ისეთი ტონით იკითხა შრიოდერმა, რომ მელიტო მიმხვდარიყო: ჯობდა ახლავე ეთქვა, თუ რამ სათქმელი ჰქონდა.
„აჰ, წარმოდგენა არ მაქვს, შორს ვიდექი, თქვენი აზრით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?“
„ვიღაც გლახაკი იქნებოდა. ყრუ-მუნჯს ჰგავდა. დახმარება რომ ვთხოვე, ისე აბუყბუყდა, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე“.
„მაშასადამე, მან უკან დაიხია, თქვენ კი მკლავში ხელი ჩაავლეთ და აიძულეთ, თქვენთან ერთად მისწოლოდა ეტლს. გამოტყდით, ხომ ასე იყო?“
„რის თქმას ცდილობთ? მისთვის არაფერი დამიშავებია. მეტიც, ორი ლირა მივეცი“.
„გაიგონეთ? – ჩასჩურჩულა მელიტომ ექიმს, მერე კი ხმამაღლა გადასძახა ვაჭარს: – არაფერი დაგიშავებიათ, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ ხომ აღიარებთ, რომ ყველაფერი დავინახე?“
„ნუ ღელავთ, ძვირფასო შრიოდერ“, – დაუყვავა ექიმმა, როცა შრიოდერის აღშფოთებულ სახეს თვალი შეავლო, – „ჩვენი ძვირფასი დონ ვალერიო ხუმარა კაცია. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გაოცება უნდოდა“.
მელიტო ექიმისკენ შებრუნდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. მოძრაობისას ლაბადის კალთები გაიშალა და მათი შემხედვარე შრიოდერი გაფითრდა.
„მომიტევეთ, დონ ვალერიო“, – წარმოთქვა გაბზარული ხმით, – „თქვენ პისტოლეტი გკიდიათ. იქნებ ჯობდა, ლულა დაბლა დაგეწიათ, თუმცაღა, თუ არ ვცდები, ამ მხარეში მისი გამოყენება ნებადართულია“.
„ღმერთო ჩემო, მომიტევეთ!“ – შესძახა მელიტომ და სინანულის ნიშნად ხელი შუბლზე მიიკაკუნა, – „პირდაპირ არ ვიცი, როგორ მოგიხადოთ ბოდიში! სულ მთლად გადამავიწყდა. როგორც წესი, თან არ დამაქვს, უბრალოდ, დღეს ქალაქგარეთ მიწევს გასვლა ცხენით“.
ქამარში გარჭობილი პისტოლეტის მიუხედავად, გულწრფელი ჩანდა. თავი კიდევ ერთხელ გადააქნია და შრიოდერისკენ მიბრუნებულმა, დასძინა: „და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ იმ ეშმაკის ფეხზე?“
„რა შთაბეჭდილება უნდა დამრჩენოდა? ერთი საწყალი კაცი იყო“.
„და არაფერი გიკითხავთ იმ ზარის თაობაზე, რომელიც გაუჩერებლად წკრიალებდა?“
„აჰ! – ხაფანგში გაბმულივით წამოიყვირა შრიოდერმა, „ალბათ, ბოშა იყო, მინახავს, როგორ აწრკიალებენ ზანზალაკებს ხალხის ყურადღების მისაპყრობად“.
„ბოშაო!“ – წამოიყვირა მელიტომ და ისე ახარხარდა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე სასაცილო ხუმრობა მოესმინოს, – „დარწმუნებული ხართ, რომ ბოშა იყო?“
გაბრაზებული შრიოდერი ექიმს მიუბრუნდა და მკაცრად ჰკითხა: „რა ხდება? ეს რა დაკითხვაა? ჩემო ძვირფასო ლუგოზი, ეს ამბავი არ მომწონს. ამიხსენით, რა გინდათ ჩემგან!“
„ღვთის გულისათვის, ნუ ღელავთ!“
„თუ იმის თქმას აპირებთ, რომ იმ მაწანწალას რამე შეემთხვა და ეს ჩემი ბრალია, პირდაპირ მითხარით“, – კიდევ უფრო აუწია ხმას ვაჭარმა, – „გამაგებინეთ, რა ხდება, ძვირფასო ბატონებო. ნუთუ მოკლეს?“
„როგორ თუ მოკლეს?!“ – წარმოთქვა მელიტომ და ვითარების ბატონ-პატრონივით გაიღიმა, – „ეს რამ გაფიქრებინათ? ვწუხვარ, თუ შეგაწუხეთ. ექიმმა მითხრა: დონ ვალერიო, თქვენც წამობრძანდით ბატონ შრიოდერთან. მე მას ვიცნობ-მეთქი, ვუპასუხე. ძალიან კარგი, – მითხრა მან, – წამომყევით, თქვენი დანახვა გაუხარდებაო. ვწუხვარ, თუ პირიქით გამოვიდა“.
ვაჭარი მიხვდა, რომ მისი ჯერი იყო.
„მომიტევეთ, თავი ვერ შევიკავე. მაგრამ ეს ყველაფერი დაკითხვას ჰგავდა. თუ რამე გაქვთ სათქმელი, გთხოვთ, პირდაპირ მითხარით“.
„კარგი, – ფრთხილად ჩაერია ექიმი- „სათქმელი მართლაც გვაქვს“.
„მიჩივიან?“ – იკითხა საკუთარ თავში დარწმუნებულმა შრიოდერმა, რომელიც მაჯიდან წურბელების მოშორებას ცდილობდა და უფრო და უფრო ბრაზდებოდა, – „არსებობს რამე ეჭვი ჩემ წინააღმდეგ?“
„დონ ვალერიო“, თქვა ექიმმა, – „მგონი აჯობებს, თუ თქვენ ილაპარაკებთ“.
„კეთილი, – დაიწყო მელიტომ, – იცით, ვინ იყო ის კაცი, რომელიც ეტლის გზაზე დაყენებაში მოგეშველათ?“
„არა, აკი გითხარით, არა-მეთქი!“
მჯერა, უბრალოდ გეკითხებით, თქვენი აზრით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო“.
„არ ვიცი, ვიღაც ბოშა, მაწანწალა“.
„არა, ბოშა არ ყოფილა, ოდესმე რომც ყოფილიყო, თქვენთან შეხვედრისას აღარ იყო. ეს კაცი, გასაგებად რომ გითხრათ, ის იყო, რაც კან-ზე იწყება“.
„ვახ, კან-ზე იწყება?“ – მექანიკურად გაიმეორა შრიოდერმა, გონება დაძაბა და სახეზე ეჭვის აჩრდილი გადაეფარა.
„დიახ, კან-ზე, – იქედნური ღიმილით დაუდასტურა მელიტომ.
„კონტრაბანდისტი?“ – თქვა გამოცნობის სიხარულით სახეგაბრწყინებულმა ვაჭარმა.
დონ ვალერიოს გაეღიმა: „აჰ, კონტრაბანდისტი, კარგია! მართალი ბრძანდებით, ექიმო, გონებაგახსნილი პროვნებაა ბატონი შრიოდერი“.
ამ დროს ფანჯრიდან წვიმის შხაპუნი მოისმა.
„კარგად ბრძანდებოდეთ“, – მოკლედ მოჭრა ვაჭარმა, ხელებიდან წურბელები მოიშორა და ქილაში ჩააბრუნა, – „წვიმს, უნდა წავიდე, თორემ დავიგვიანებ“.
„ის რაც „კან-ზე“ იწყება“, – დაჟინებით გაიმეორა მელიტომ და თავადაც წამოდგა. ფართო ლაბადის შიგნით ხელში რაღაცას ათამაშებდა.
„გეუბნებით, არ ვიცი-მეთქი. გამოცანები არ მიყვარს. თუ რამის თქმა გსურთ, მითხარით… ის რაც „კან-ზე“ იწყება? ალბათ კორსარი?“ – დასძინა ვაჭარმა ხუმრობის ტონით.
ექიმმა და მელიტომ ერთმანეთს გადახედეს და ზურგით კარს მიეყრდნენ. არცერთს აღარ ეღიმებოდა.
„არც კონტრაბანდისტი, არც კორსარი“, – ხმადაბლა თქვა მელიტომ, – „ის კეთროვანი იყო“.
ვაჭარს მკვდრის ფერი დაედო: „თუნდაც კეთროვანი ყოფილიყო, მერე რა?“
„სამწუხაროდ, ნამდვილად კეთროვანი იყო“, – თქვა ექიმმა, რომელიც ცდილობდა, დონ ვალერიოს ზურგს ამოფარებოდა.
„და ახლა თქვენც კეთროვანი ხართ“
„კმარა!“ – დაიყვირა რისხვისგან აკანკალებულმა ვაჭარმა, – „გაეთრიეთ აქედან! ეს რა ხუმრობაა?! ორივე გაეთრიეთ!“
ახლა კი გამოაძვრინა მელიტომ ლაბადიდან პისტოლეტის ლულა.
„ალკალდი გახლავართ, ბატონო, დამშვიდდით და გონებაც დაგეწმინდებათ“.
„მე თქვენ გაჩვენებთ, ვინც ვარ!“ – ყვიროდა შრიოდერი, – „რას მიპირებთ?“
მელიტო ვაჭარს თვალს არ აცილებდა და მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა.
„ამ პარკში თქვენი ზარია. ახლავე დატოვებთ აქაურობას და მანამდე განაგრძობთ მის რეკვას, სანამ მხარის და ბოლოს სამეფოს საზღვარს არ გასცდებით“.
„მე თქვენ გაჩვენებთ ზარს!“ – უპასუხა შრიოდერმა. ყვირილს ცდილობდა, მაგრამ ხმა ყელში უქრებოდა. სინამდვილის გაცხადების საშინელებამ გული მოუკლა. ბოლოს და ბოლოს მიხვდა: წინა დღით ექიმმა რაღაც იეჭვა და ალკალდის გასაფრთხილებლად წავიდა. ალკალდმა ნახა, როგორ მიჰყავდა მკლავით ჩაბღუჯული კეთროვანი და აი, უკვე მსჯავრდებულია. წურბელების ამბავიც დროის მოსაგებად მოიგონეს. „წავალ, არ მჭირდება თქვენი ბრძანებები, არამზადებო. მე თქვენ გიჩვენებთ, მე თქვენ გიჩვენებთ…“
„ქურთუკი შემოიცვით“, – უბრძანა დემონური დაუზარებლობით ანთებულმა მელიტომ, – „ქურთუკი, და გარეთ, ახლავე!“
„ცოტა მაცადეთ, ჩემს ნივთებს მოვკრეფ“, – უთხრა შრიოდერმა, – ო, რა უკვალოდ გამქრალიყო მისი მედიდურობა, – „ახლავე შევკრავ ბარგ-ბარხანას და წავალ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.“
„თქვენი ნივთები უნდა დაიწვას“ – კბილებში გამოცრა ალკალდმა, – „ზარი აიღეთ და მორჩა!“
„ჩემი ნივთები მაინც!“ წამოიკივლა შრიოდერმა, ამ წუთამდე ასე თვითკმაყოფილმა და ზვიადმა, ახლა კი ბავშვივით აქვითინებულმა, – „ტანსაცმელი და ფული მაინც დამიტოვეთ!“
„ქურთუკი, ლაბადა და მორჩა. დანარჩენი უნდა დაიწვას. ეტლს და ცხენს უკვე მივხედეთ.“
„რაო, რა თქვით?“ – წაისლუკუნა ვაჭარმა.
„ეტლი და ცხენი, კანონის თანახმად, დავწვით“, – უპასუხა მისი სასოწარკვეთილებით მოზეიმე ალკალდმა. – „როგორ წარმოგიდგენიათ, კეთროვანმა ეტლით ისეირნოს? გარეთ, გარეთ, არა მგონია, ამდენი დრო გვქონდეს საკამათოდ! გარეთ ახლავე, ძაღლო!“
ყბაჩამოვარდნილი და მზერაჩამქრალი, მთელი თავისი უზარმაზარი სხეულით აკანკალებული შრიოდერი კარისკენ დაიძრა.
„ზარი!“ – ისე დაუყვირა მელიტომ, რომ შრიოდერი შეხტა, და იდუმალი ფუთა, რომელიც ლითონისთვის დამახასიათებელ ხმას გამოსცემდა, ცხვირწინ დაუგდო, – „ამოიღე და კისერზე ჩამოიკიდე!“
შრიოდერი დაიხარა და მოხუცივით წვალებით აიღო პაკეტი, ნელა გახსნა თასმები, ნელა ამოიღო ხის სახელურიანი სპილენძის ზარი.
„ყელზე! თუ არ აჩქარდები, ღმერთს გეფიცები, გესვრი!“
შიშისგან დამბლადაცემულ შრიოდერს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ალკალდის ბრძანების შესრულება, თუმცა საკიდის კისერზე გადატარება მაინც მოახერხა. საკიდზე ჩამოკიდებული ზარი ყოველ მოძრაობაზე რეკავდა.
„ხელი მოკიდე, გააქნიე, ღმერთო ჩემო! მოუხდება შენნაირ ვაჭრუკანას, არა? გზას გაუდექი, კეთროვანო!“ – განრისხდა დონ ვალერიო. გულისამრევი სანახაობისგან დაზაფრული ექიმი კუთხეში მიყუჟულიყო.
შრიოდერი ძაბუნი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. თავს შორეულ გზაზე ერთ სულელს გადაყრილი მეორე სულელივით აქანავებდა. ორიოდე საფეხური რომ ჩაიარა, მიტრიალდა და ექიმს დაჟინებით შეხედა.
„ჩემი ბრალი არ არის“, – ჩაიბურტყუნა ექიმა, – „რა სირცხვილია, რა სირცხვილი!“
„წინ, წინ“ – შეუძახა ალკალდმა, როგორც ცხოველებს შეუძახებენ ხოლმე, – „გააქნიე ზარი, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მოდის!“
შრიოდერმა კიბეზე ჩასვლა განაგრძო. მალე დაწესებულების კარსაც გასცდა და ქალაქის მოედანზე აღმოჩნდა. ათეულობით ადამიანი მისი მიახლოებისთანავე გველნაკბენივით იწეოდა განზე. მოედანი ფართო იყო. ვაჭარი მიდიოდა და მიდიოდა და ნაძალადევი მოძრაობით აქანავებდა ზარს, რომელიც მხიარულად წკრიალებდა. ძინ, ძინ.

ჯადოსნური გიტარა

უსამართლობა მხოლოდ მაშინ გვაშფოთებს, როცა ჩვენთვის სარგებლობა არ მოაქვს.
ლიუკ დე ვოვერანგი

იყო ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, სახელად პიტერი. ქუჩის კუთხეში უკრავდა და ასე უყრიდა თავს კონსერვატორიაში სწავლისთვის საჭირო ფულს: როკვარსკვლავობა უნდოდა, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა – ციოდა და ქუჩაში ცოტა ხალხი დადიოდა. ერთ დღეს, როცა „Crossroads-ს“ უკრავდა, მანდოლინიანი მოხუცი მიუახლოვდა. – ადგილს ხომ ვერ დამითმობ? აქ უფრო თბილა. – რა თქმა უნდა, – უპასუხა პიტერმა, რომელსაც ოქროს გული ჰქონდა. – შარფს ხომ ვერ მათხოვებ? ძალიან მცივა. – რა თქმა უნდა, – უპასუხა პიტერმა, რომელსაც ოქროს გული ჰქონდა. – ცოტა ფულს ხომ ვერ მომცემ? დღეს გარეთ კაცის ჭაჭანება არ არის, ორიოდე გროში ძლივს მოვაგროვე, არადა მშია. – რა თქმა უნდა, – უპასუხა პიტერმა, რომელსაც… მხოლოდ ათი მონეტა ეყარა ქუდში და ყველა მოხუცს ჩაუთვალა. და აქ მოხდა სასწაული: მოხუცი ტუშით და პომადით შეღებილ გრძელ ფორთოხლისფერთმიან ახმახად იქცა. ახმახმა თქვა: – მე ლუციფერი ვარ, სპეცეფექტების ოსტატი. რაკი კარგად მომექეცი, ჯადოსნურ გიტარას გაჩუქებ. ყველაფერს თავად დაუკრავს, რასაც შეუკვეთავ. მაგრამ გახსოვდეს, მისი გამოყენება მხოლოდ წმინდა გულის პატრონს შეუძლია. ვაი იმ არამზადას, რომელიც მასზე დაუკრავს – საშინელ დღეში ჩავარდება! თქვა ეს და მოულოდნელად აჟღერებულ მეშვიდე ოქტავის მი-სთან ერთად გაუჩინარდა, მიწაზე კი ნიჟარის მსგავს ბუდეში ჩადებული ოქროსსიმებიანი ისრული გიტარა დატოვა. პიტერმა ხელი დაავლო და უთხრა: – “Hey Joe” დამიკარი. გიტარამაც დაიწყო, თან ისე, რომ ჯიმი ჰენდრიქსსაც შეშურდებოდა და პიტერს ისღა დარჩენოდა, თავი მოეჩვენებინა, თითქოს თვითონ უკრავდა. პიტერს უთვალავი ხალხი მიაწყდა და მის ქუდშიც ფულის წვიმა წამოვიდა. დაკვრა რომ დაასრულა, პიტერს კაიმანის პალტოში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერი იყო და როკვარსკვლავად აქცევდა. მართლაც, სამი თვის შემდეგ პიტერი ყველა ამერიკული, იტალიური, ფრანგული და მალაგასიური სიის სათავეში მოექცა. მისი ისრული გიტარა ახალგაზრდებისთვის როკმუსიკის სიმბოლოდ იქცა. მისი ტექნიკის ყველა გიტარისტს შურდა. ერთ ღამესაც, ტრიუმფით ჩავლილი კონცერტის შემდეგ, როცა ეგონა, რომ სცენაზე მარტო იყო, პიტერმა გიტარას სთხოვა, მისთვის რამე დამამშვიდებელი დაეკრა. გიტარამ „იავნანას“ დაკვრა დაიწყო. მაგრამ კულისებში საძაგელი ბლექ მარტინი იმალებოდა, რომელსაც ყოველთვის შურდა პიტერის წარმატების. შეიტყო თუ არა გიტარის ჯადოსნური ძალის ამბავი, უკნიდან მიეპარა პიტერს და სამიათასვოლტიანი ელექტროჩანგალი მიადო ზურგზე, გიტარა კი გაიტაცა და წითლად შეღება. მომდევნო საღამოს მუსიკოსები უდროოდ წასული პიტერის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეიკრიბნენ. დაუკრეს პრინსი, პონსი, პარმენტიე, სტინგი, სპრინგსტინი, სტრონჰაიმი. მერე სცენაზე საძაგელი ბლექ მარტინი ავიდა და გიტარას ჩუმად უბრძანა: – „Satisfaction“ დამიკარი! იცით რა მოხდა? გიტარამ „როლინგ სტოუნსზე“ უკეთ დაუკრა. საძაგელი ბლექ მარტინი როკვარსკვლავი გახდა და ოქროსგულიანი პიტერი ყველას დაავიწყდა. ჯადოსნურ გიტარას საწარმოო წუნი აღმოაჩნდა.