საქართველოს მაკროეკონომიკა და მიკროადამიანები

0
94

როდის გააცნობიერებს ჩვენი სახელმწიფო, რომ ის არსებობს ხალხისთვის და არა პირიქით? პასუხი მარტივია, როდესაც თვითონ ხალხი გააცნობიერებს ამას.

საკმარისი სამუშაო ადგილები და ღირსეული ანაზღაურება, მაღალი ხარისხის მედიცინა და განათლება, საცხოვრებელ მინიმუმთან მიახლოებული პენსიები და ზოგადად ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ესაა რასაც ქართველი ხალხი ყველა მთავრობისაგან დიდი ხანია ითხოვს და ელის. შესაბამისად ისმის კითხვა, როდის გვიბოძებს ამ ყოველივეს ჩვენი სახელმწიფო?

პასუხი ერთია, როდესაც მოსახლეობას ზუსტად ეცოდინება თავად რა უნდა და როგორ მიიღოს ეს. ქვეყნის ეკონომიკის ადამიანებისაკენ მობრუნება და სახელმწიფო ღირებულებების პარადიგმის ცვლილება, პირველ რიგში მოსახლეობის აზროვნების ცვლილებას გულისხმობს. საქმე ზუსტად იმაშია, რომ რაიმეს კი არ უნდა ელოდე ან ითხოვდე, არამედ თავად უნდა მოქმედებდე და მოითხოვდე იმას რაც გეკუთვნის. საბოლოოდ მივდივართ მთავარ კითხვამდე, შეძლებს კი ჩვენი საზოგადოება გააცნობიეროს, რომ ადამიანი კი არ არის სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო ადამიანისთვის?

ჩვენი მინისტრები (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიული ნიშნის) შესანიშნავად ჟონგლირებენ ციფრებით და საბიუჯეტო მაჩვენებლებით. ჩვენს მთავრობას (აქაც არა აქვს მნიშვნელობა რომელს) თუ მოუსმენ მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა გვაქვს. ვისმენთ თუ როგორი წარმატებით მუშაობს და ვითარდება სახელმწიფო და მისი ცალკეული სამინისტროები თუ სტრუქტურები, იზრდება ბიუჯეტი, მატულობს ტურისტების რაოდენობა, ხოლო ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებში შეუჩერებლად მიიწევს წინ. იმავდროულად, რეალობა ძალიან კონტრასტირებს ამ მაჩვენებლებთან, მოსახლეობის ცხოვრების დონე გამუდმებით იკლებს და საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე სიღარიბის ზღვარზეა. სამართლიანი ანალიზისთვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ფაქტორი, მათ შორის – ადამიანების კმაყოფილება თავიანთი ცხოვრებით, პერსპექტივებით, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი, განათლებით და ჯანდაცვით, ასევე გასაანალიზებელია ქვეყანაში წარმოებული მატერიალური დოვლათი და შემოსავლები რამდენად თანაბრად ნაწილდება საზოგადოებაში.

მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ტრადიციული ინდიკატორები არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად ვიმსჯელოთ, რა ხდება რეალურად ეკონომიკაში. ხოლო მთავრობის საქმიანობის რეალურ ნაყოფს კარგად ვხედავთ ხალხის ტრაგიკულ ყოველდღიურობაში. ნებისმიერი მთავრობის გადმოსახედიდან, ეს მიკროადამიანების პრობლემაა, ჩვენ სახელმწიფოს კი სათავეში მაკროჩინოვნიკები უდგანან, მათ მიკროხალხისთვის უბრალოდ არ სცალიათ. მოდით შევთანხმდეთ კიდევ ერთ რამეზე, ჩვენი სახელმწიფო მორგებულია ყველაზე, ჩინოვნიკებზე, პოლიტიკოსებზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბიზნესმენებზე, უცხოელ ინვესტორებზე თუ უბრალოდ ტურისტებზე, ერთი სიტყვით ყველაზე საკუთარი ხალხის გარდა.

არაფერი შეიცვლება სანამ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების და სისტემების ღრმა კრიზისია – ისინი უბრალოდ არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს ან შეიძლება ასრულებენ კიდეც, ოღონდ მათ ფუნქციებში მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა არ შედის. 

შევეცდები მარტივად ავხსნა (რამდენადაც შესაძლებელია). ახსნას ანალოგიით დავიწყებ: საქმე იმაშია, რომ როდესაც მაგალითად საქართველოს ეროვნული საფეხბუთო ნაკრების თამაშს ტელევიზორით ან სტადიონზე ვადევნებთ თვალს, და რომელიმე ფეხბურთელი აშკარად ცუდად თამაშობს და თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს ამის შემჩნევა მარტივია. და გულშემატკივარიც შესაბამისად ითხოვს მის შეცვლას ან პრესა მეორე დღეს წერს, რომ ამან და ამან ცუდად ითამაშა. შესაბამისად ვიცით ვისი ბრალიცაა (პირობითად) წაგებაც და მწვრთნელსაც უნდა თუ არა საზოგადოების ზეწოლით შესაბამის ცვლილებებს მიმართავს მომავალში.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო აპარატი და რაც კიდე უფრო მთავარია, როგორ აღვიქვამთ ან ვიგებთ, რომ მისი ცალკეული წევრები თავის მოვალეობებს ვერ ართმევენ თავს. დაფიქრებულხართ? საქმეც მაგაშია, რომ ფაქტობრივად ეს შეუძლებელია. საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირების, ფუნქციონირების, დაკომპლექტების, კადრების შერჩევის და მათი საქმიანობის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ყველა ეს მომენტი ძალიან სპეციფიურად ქართულია და განვითარებული ქვეყნებისათვის წარმოუდგენელი, აქ მუშაობს მეგობრობა, ნათესაობა და პირადი ინტერესები, ერთი სიტყვით ნეპოტიზმი ყვავის.

ნეპოტიზმი — კორუფციის სახეობაა და ვიკიპედიის მიხედვით ნიშნავს მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას მათი დამსახურების და მიუხედავად.

ჩვენთან ყველა დროს, ასე იყო, მაგრამ ახლა ალბათ ამ პრობლემის პიკია. თუკი ადრეულ – საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასეთი მიდგომა ასატანი იყო და კონკრეტულად საქართველოზე კატასტროფულად არ აისახებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი სახელმწიფო მაშინ არ გაგვაჩნდა (აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა რესპუბლიკის მოსახლეობის მხრიდან, ზუსტად მსგავსმა მიდგომამ შეიყვანა სტაგნაციამდე საბჭოთა კავშირის ეკონომიკა, რამაც იმ ქვეყნის დანგრევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი), ახლა წარმოიდგინეთ, რომ თუ ამხელა იმპერიას ნეპოტიზმმა და კორუფციამ ამ დონის დარტყმა მიაყენა, ჩვენს მსგავს პატარა სახელმწიფოს რა დღეში ჩააგდებს?.

ჰოდა, როდესაც ვუყურებთ, თუ რა დრო სჭირდება ასფალტის დაგების სამუშაოებს ან იმას, თუ რამდენჯერმე, რომ ხდება დაგებული ასფალტის ხელთავიდან აყრა და დაგება, იმის გამო, რომ “ვიღაცას” მანამდე კომუნიკაციების ჩადება დაავიწყდა, მიახლოებითი წარმოდგენა უნდა გვექმნებოდეს, თუ როგორ მუშაობს ჩვენთან სახელმწიფო აპარატი. და ეს კიდე მთავრობის თუ სახელმწიფო სტრუქტურების ის უმცირესი ნაწილია, რაც ჩანს. ახლა წარმოიდგინეთ სახელმწიფო აპარატის უამრავი თანამშრომელი, რომლებიც ზუსტადაც რომ “ასფალტის დამგებლების პრინციპით” მუშაობენ. ეს არის ეკონომიკის, ფინანსების, ბიუჯეტირების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში დასქმებულ თანამშრომელთა უდიდესი არმია, რომელთა საქმიანობა არანაირად არ კონტროლდება და არც გარე თვალისათვის ჩანს. არ ჩანს, თორე შესანიშნავად იგრძნობა, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

როგორც ხშირად მითქვამს ამ ყოველივეს ემატება სახელმწიფოს კონცეპტუალური კრიზისი.

საქართველოს სახელმწიფოს და შესაბამისად ეკონომიკურ მოდელს არ აქვს გააზრებული როგორ უნდა განვითარდეს და მიაღწიოს ზრდას, შესაბამისად არ არსებობს ეკონომიკის გაჯანსაღების არანაირი გეგმა. ცალკე ფენომენია ქართული საბანკო სისტემა, აბსოლუტურად უკონტროლი, დაუნდობელი და პრაქტიკულად მევახშეობის ოფიციალური სახით წარმოდგენილი, ფაქტობრივად სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი რეგულაციების გარეშე და თავის ნებაზე მიშვებული, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობის და ბიზნესის გვერდში დგომის ნაცვლად მოსახლეობის ხარჯზე სწრაფი და უსაზღვრო გამდიდრებაა.

და ბოლოს შეკითხვა – მაშ სად არის გამოსავალი?

პირველ რიგში, გამოსავალი არა მთავრობების, ბელადების და პოლიტიკური პარტიების მუდმივ ცვლაშია, ერთიდაიგივე საბოლოო შედეგებით, არამედ სისტემის შეცვლაში, რომელიც მოსახლეობაზე იქნება მორგებული, და არა პირიქით მოსაახლეობის თავის ინტერესებზე მორგებას შეეცდება.

მივმართოთ ბიბლიურ ამბავს, რომ მოსე 40 წლის განმავლობაში ატარებდა თავის ხალხს უდაბნოში, სანამ სწორ ადგილას მიიყვანდა. თუმცა, ბიბლიურ ამბავში არის სხვა საინტერესო დეტალებიც. სინას მთაზე 30 წლის შემდეგ, მოსეს სიმამრმა, სახელად ითრომ, ურჩია, რომ უბრალოდ კი არ ეხეტიალა, არამედ კარგი ლიდერები დაენიშნა და საზოგადოების სწორი სტრუქტურა შეექმნა. ეს იყო მსოფლიოში პირველი მენეჯმენტის რეფორმა. მცირე ხნის შემდეგ ებრაელები სწორ ადგილას მიადგნენ, თორემ ვინ იცის, კიდევ როდემდე იხეტიალებდნენ ჩვენი სახელმწიფოს მსგავსად. იქნებ ითროსთვის ჩვენც მოგვესმინა?

“კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს” ექსპერტთა კლუბის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ აყვანის და დასაქმების სამართლიანობის და გამჭირვალეობის ხელშესაწყობად წარმოვადგინე დასაქმების ეროვნული ბიუროს ჩამოყალიბების იდეა. ბიურო, რომლის ფუნქციებში უშუალოდ შევა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირების გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, სამუშაოს მაძიებელთათვის მათი კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დასაქმების შეთავაზება. კერძო სტრუტურებში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებლისათვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების შემოღება. გადამზადებული კადრების სახელმწიფო სტრუქტურებში აუცილებელი დასაქმება გარკვეული პერიოდის შემდეგ.  სახელმწიფო ორგანოებში დასაქმების სახელმწიფოებრივი სტანდარტების შემუშავება.

აგრეთვე, სხვადასხვა ფორუმებსა თუ პლატფორმებზე ყოველთვის ვაყენებ ინიციატივას, რომ მოხდეს საგადასახადო და საბიუჯეტო პროგრესული რეფორმის განხორციელება (მცირე შემოსავლიანებს შეუმცირდეთ საგადასახადეო ტვირთი, ხოლო ძალიან დიდი შემოსავლის მქონეთ კი გაეზარდოთ). სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის ფორმირების გარეშე კი შეუძლებელია სიღარიბის დაძლევა, მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერა და კატასტროფული სოციალური დისბალანსის საბოლოოდ აღმოფხვრა.

ასევე ნახსენები ექსპერტთა კლუბის ფარგლებში შემუშავებულია ქვეყნის განვითარების მრავალი კონცეფცია და ინიციატივა, რომელთაც თანმიმდევრობით გავაცნობ მკითხველს. ან თავად გაეცნობა “კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს” ვებ-გვერდზე www.geostate.ge.

და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ თავად გაათვითცნობიეროს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არსებობს მოქალაქეებისათვის და არა პირიქით.