რას წარმოადგენს “ჰედონისტური ადაპტაცია” და რა გვეხმარება შევინარჩუნოთ ბედნიერება

0
161

რატომ არის, როდესაც რაიმე სასურველ ნივთს დავეუფლებით (ვიყიდით, გვაჩუქებენ, მოვიგებთ და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა) ან რაიმე სანუკვარ სურვილს ავისრულებთ, თავიდან ძალიან ბედნიერები ვართ, ხოლო რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ყველაფერი თითქოს უფერულდება და არანაირ სიხარულს აღარ გვანიჭებს. დიახ, ცოტა ხნით ჩვენ მართლაც ბედნიერები ვხდებით, მაგრამ არაფერი მუდმივად არ გრძელდება. რატომ?

ჩავატაროთ აზრობრივი ექსპერიმენტი. წარმოვიდგინოთ, რომ უცებ გვაჩუქეს ან ლატარიაში მოვიგეთ, მაგალითად, ფერარი !!! რა მაგარია, როგორ გაგვიმართლა, როგორი ემოციაა. ალბათ ვერც კი ვინატრებდით და უცებ როგორი ბედნიერები გავხდით. და საინტერესოა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება? თავიდან ყოველი მიახლოება სანუკვარ მანქანასთან გამოიწვევს უძლიერეს შინაგან განცდებს, გულის თრთოლვას, ჰორმონების უდიდეს მოზღვავებას და ბედნიერების შეგრძნებას. ეს ფიზიოლოგიური რეაქციები შესაძლოა გაგრძელდეს ერთი ან ორი კვირა ან მაქსიმუმ ერთი თვე. რა ხდება შემდეგ? ჩვენ ვეჩვევით ამ ნივთს და ის ჩვენთვის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ანუ ყოველდღიურობა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ის რაც ცოტა ხნის წინ გვანიჭებდა ზღვა გრძნობებს, დღეს თითქმის აღარაფერს ან მინიმალურ ემოციას იწვევს ჩვენში, და ისიც ნელნელა ვგრძნობთ, რომ იკლებს.

კვლევები აჩვენებენ, რომ ბედნიერება ქორწინებისაგან მიახლოებით ორი წელი გრძელდება (ეს კიდე ვისაც გაუმართლა), ახალი სამსახური ან სამუშაოზე დაწინაურება იწვევს სიხარულს მაქსიმუმ ერთი წელი. წვრილმანი ემოციები, ხომ საერთოდ კიდევ უფრო ცოტა ხნით გრძელდება.

ასეა თუ ისე, ზღაპარი მთავრდება და სასწაული სწრაფად გადაიქცევა ყოველდღიურობად. ჩვენ კვლავ ვიწყებთ ახალი ემოციების, სიხარულის და ბედნიერების ძიებას. ფსიქოლოგები ამ ფენომენს  «ჰედონისტურ ადაპტაციას» უწოდებენ, ზოგჯერ ჰედონისტურ სარბენ ბილიკსაც. რატომ? ეს ტერმინი იდეალურად ასახავს იმას, თუ რა მოვლენებიც ხდება ჩვენს ტვინში – ჩვენ მუდმივად მივსდევთ ჩვენს ბედნიერებას და ვერასოდეს ვეწევით მას, უფრო სწორად, როცა დავეწევით აღმოჩნდება, რომ ის „ის“ არ არის. ამ თეორიის მიხედვით, რაც მეტ სიამოვნებას იღებს ადამიანი, მით მეტად იზრდება მისი სურვილები და მოლოდინები, რასაც ვერ მივყავართ საბოლოო ბედნიერებამდე.

რატომ გვეთამაშება და გვექცევა ჩვენი ტვინი ასე? რატომ არ შეგვიძლია ერთი სურვილის ასრულებით მუდმივად ბედნიერები ვიყოთ?

ფსიქოლოგები თვლიან, რომ „ჰედონისტური ადაპტაცია“ ადამიანის ფსიქიკის დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. ადამიანის სხეული სავსეა გარეგანი ზემოქმედებისაგან დამცავი მექანიზმებით, მათ შორისაა ფსიქოლოგიური დამცავი მექანიზმებიც. ერთერთ ასეთს კი წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი ფენომენი, რისი მთავარი ფუნქციაცაა ადამიანის ფსიქიკის დაცვა ზედმეტი ემოციებისაგან. ალბათ შეგვხვედრია ადამიანი, ვინც ვერც თუ კარგად აკონტროლებს საკუთარ ემოციებს: ზედმეტად ემოციურები არიან ან პირიქით მის ნაკლებობას განიცდიან. ეს ორივე შემთხვევაში დარღვევაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ვერ იქნება მუდმივად ემოციების გავლენის ქვეშ, ეს მის ფსიქიკას დააზარალებს. ზოგიერთი მეცნიერი ამ ფენომენს «ფსიქოლოგიურ იმუნიტეტსაც» კი უწოდებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანში წარმოშობის დღიდან ჩადებულია და ვითარდებოდა ადაპტაციის უნარი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია გარე გამაღიზიანებლებზე დროულ რეაქციებზე. ამ უნარის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩებოდა.

თუმცა მიმაჩნია არის კიდევ მეორე ასპექტიც, რაც ასევე ადამიანში ჩადებულია წარმოშობიდანვე. მას ფროიდი ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა – ესაა მოტივაცია. ადამიანს არსებობისათვის აუცილებლად სჭირდება ცხოვრების მიზანი და შესაბამისად მოტივაცია. მის გარეშე ადამიანის ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავს. ამის კარგი მაგალითია დეპრესიები და სუიციდები, რაც უმეტეს შემთხვევაში იმ კატეგორიის ხალხს ემართება ვინც ცხოვრებაში თავისი ინტერესი ვერ იპოვა. ამიტომ არის ადამიანი არასოდეს წყვეტს განვითარებას და ეფემერული ბედნიერებისაკენ სწრაფვას, რომელსაც ვერასოდეს ეწევა, რადგან ის არა ნივთებში და სურვილებში, არამედ მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში არსებობს. ცნობიერებამ კი ის სარბენ ბილიკად აქცია, ისევ ჩვენივე ფსიქოლოგიურ-მოტივაციური ინტერესების შესაბამისად.

თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვა, არის თუ არა შესაძლებელი შევანელოთ ნაბიჯი “ჰედონისტურ სარბენ ბილიკზე” და უბრალოდ დავტკბეთ ცხოვრებით და ბედნიერი წუთებით?

არსებობს ჰედონისტური ადაპტაციის პროფილაქტიკის მოდელი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს არის მოქმედების სტრატეგია (Hedonic Adaptation Prevention, HAP), რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ ბედნიერების შეგრძნება.

დავიწყოთ იმით თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენში ბედნიერების გრძნობაზე. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით: ჩვენი ბედნიერების გრძნობის 50 % დამოკიდებულია თანდაყოლილ ფაქტორებზე – ჩვენს ხასიათისა და გენეტიკაზე, მხოლოდ 10 % — გარე ფაქტორებსა და პირობებზე. ხოლო დარჩენილი 40 % ესაა ფაქტორები, რომლებზეც სრულად შეგვიძლია ზეგავლენა ვიქონიოთ და შევცვალოთ მიზანმიმართული მოქმედებების მეშვეობით.

სტრატეგია ორი ელემენტისაგან შედგება: მადლიერება და მრავალფეროვნება.

მადლიერება, ფსიქოლოგების განსაზღვრებით, — ადაპტაციის ფსიქოლოგიური საპირწონეა, ის გულისხმობს არსებული მდგომარეობის აღიარებას და მისგან სიამოვნების მიღებას.

აქ მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, განიცადო და მიიღო ბედნიერება მოცემული მომენტიდან. გაიაზრო მოცემული სიტუაციის უნიკალურობა და მიიღო სიხარული არსებულისაგან. ასეთი განწყობა ამცირებს ნეგატიურ განწყობებს და არ უბიძგებს ადამიანს სდიოს ილუზორულ მომავალს. ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რისთვის არის მადლიერი ცხოვრების. თუნდაც დაკარგე სამსახური, მიუდექი შემდეგნაირად: «მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს მოვცილდი ამ საზიზღარ სამსახურს, რაც ახალ შესაძლებლობებს მაძლევს».

კიდევ ერთი ელემენტია მრავალფეროვნება – ესეც ასევე უპირისპირდება ადაპტაციას, აქ გადამწყვეტია ადამიანის უნარი აღიქვას და დაიმახსოვროს მისი ცხოვრების გამორჩეული და დადებითი მოვლენები. გახადო საკუთარი ცხოვრება მრავალფეროვანი შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით. თუმცა მაინც მთავარია თავად ადამიანის აღქმის უნარი.

საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანს აქვს რაიმე თუნდაც უბრალო საშუალებები იგრძნოს ბედნიერება, სიხარული და აიმაღლოს განწყობა. ეს შესაძლოა იყოს ჰობი, საყვარელი საჭმელი, ადგილი ან ადამიანი. ფოკუსი კი იმაშია, რომ მოვახდინოთ ყველა ამ საშუალების მორიგეობით განცდა და ამით შევიგრძნოთ მათი მრავალფეროვნება.

გააკეთეთ სხვადასხვა საჭმელი ყოველდღე. გაიცანით ახალი ადამიანები. გააკეთეთ სახლში ავეჯის გადაადგილება. დაათვალიერეთ ახალი საინტერესო ადგილები.

«რაც უფრო მრავალფეროვანია თქვენი ყოველდღიურობა, მით უფრო დამამახსოვრებელია მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, და ამით იმატებს თქვენი შინაგანი კეთილდღეობის გრძნობა»

არის კიდევ ერთი საინტერესო და ცოტათი უცნაური, თუმცა ეფექტური მიდგომა მათთვის ვისთვისაც წინა მოდელები არ მუშაობს. ეს არის დროებით იმისაგან თავის შეკავება, რასაც თქვენთვის სიხარული მოაქვს.

საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი კარგიც ცუდია, რადგან დროთა განმავლობაში გაკარგვინებთ ამ კარგის სრულად შეგრძნების უნარს. თუკი გაუთავებლად შეჭამთ თქვენს საყვარელ შოკოლადს, საბოლოოდ ის აღარ იქნება ტკბილი. 

ამ დროს სიამოვნების ხელოვნური დეფიციტის შექმნა და მათგან თავის შეკავება, მათ უფრო ფასეულს და სასიამოვნოს ხდის.

არსებობს ბედნიერების გრძნობის გახანგრძლივების კიდევ ერთი საინტერესო საშუალება – ესაა ჰედონისტური ადაპტაციის ძლიერი ანტიდოტი — ემოციონალური ფასეულობა, რაც ამა თუ იმ მოვლენას მიეწერება. განიცადეთ რაიმე მოვლენა განსაკუთრებული ემოციონალურობით და ეს მოვლენები და შეგრძნებები თქვენთან დარჩება დიდი ხნით. ასევე ბედნიერების გრძნობა ხანგრძლივდება, თუკი მასზე მოვუყვებით სხვებს.

საბოლოოდ, ყველა ეს მეთოდი მიზნად ისახავს გადაავადოს ის მომენტი, როდესაც ახალი პოზიტიური სიტუაცია გადაიქცევა ყოველდღიურობად ანუ გაფერმკრთალდება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურობაში ასევე არის ბედნიერება – აქ მთავარია, რომ საკუთარ თავს რეგულარულად შევახსენოთ, რა ბედნიერებაა იმის ქონა, რაც უკვე გვაქვს.