როგორც ჩანს, ვერც ხელისუფლება და ვერც მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იაზრებს უცხოელებისათვის ქონების ასე უკონტროლო მიყიდვიდან გამომდინარე საფრთხეებს და გრძელვადიან შედეგებს.
პირველ რიგში უცხოელი, რომელიც ყიდულობს საცხოვრებელ ბინას საქართველოში, ის უკვე ტურისტი აღარ არის, იცვლება მისი ქცევის წესი და ფსიქოლოგია, ის აღარ ხარჯავს ფულს ტურისტულ ადგილებში, ცდილობს იცხოვროს როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ხშირ შეთხვევაში ეძებს სამსახურს და იკავებს ადგილობრივის ადგილს. სამშებებლო ბიზნესი ამ სახით უპირისპირდება ტურისტულ ბიზნესს. ასევე არასწორია აზრი, თითქოს ბინების გაყიდვიდან ქვეყანაში შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ასე არ არის, რადგან იმ პირობებში, როდესაც არ ხდება წარმოების განვითარება და ექსპორტის გაზრდა, ფული ქონების რეალიზაციიდან როგორც შემოედინება, ზუსტად ისე გაედინება. აშენებული ბინის რეალიზაცია ერთჯერადი ინვესტიციაა და ის შეუზღუდავი ვერ იქნება (თუნდაც ფიზიკურად), არ აქვს მუდმივი და სტაბილური ხასიათი, იგივე ადგილობრივი წარმოების და ექსპორტისაგან განსხვავებით. ამასთან ბინის გაყიდვიდან შემოსული ძირითადი თანხა მიდის მაინც რამოდენიმე ადამიანის ჯიბეში, რომლებსაც ეს თანხები ისევ ქვეყნიდან გააქვს (ან უცხოეთში ახდენს თავად ინვესტირებას ან ახდენს მანქანების და სხვა ფუფუნების საგნების იმპორტს), ერთი სიტყვით საქართველოში არ ხდება ამ თანხების წარმოებაში ინვესტირება. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ წარმოება ბევრად რთული და სარისკოა, განსხვავებით მშენებლობისაგან ანუ გარკვეული წრე იკვრება – ბიზნესს არ აწყობს წარმოებაში ფულის დაბანდება, რადგან მშენებლობა ბევრად სარფიანია, ეს კი თავის მხრივ არ აძლევს წარმოებას განვითარების შანსს. საბოლოოდ გამოდის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბინების გაყიდვა უცხოელებზე ეკონომიკურად წამგებიანია.
მეორე მომენტი, საგადასახადო პარადოქსი, უცხოელები არ იხდიან არანაირ ქონების გადასახადს საქართველოში, მაშინ როდესაც ეს ევალებათ საქართველოს მოქალაქეებს (ვისაც წლიურად 40 000 ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი). არადა ყველგან პირიქითაა, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გადასახადები უფრო მაღალია ვიდრე საკუთარისათვის. მრავალი ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისათვის ქონების გადასახადის შემცირებას ახდენს უცხოელებისათვის გადასახადის უფრო მომატების ხარჯზე, ჩვენთან კი ჩვენ ვფარავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს.
ცალკე თემაა, ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. იმის გარდა, რომ საცხოვრებელი კორპუსების უკონტროლო მშენებლობა ქალაქებს აქცევს ე.წ. ბეტონის ჯუნგლებად და უსახურ გეტოებად, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქალაქს აქვს თავისი რესურსი (ინფრასტრუქტურული, გეოგრაფიული და ა.შ.), იგივე საავტომობილო გზების გამტარიანობა, წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ყოველივე ამათზე დატვირთვა უსაზღვრო ვერ იქნება. მოსახლეობის ზედმეტი რაოდენობა კი იწვევს ქალაქის გადატვირთულობას, საცობებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არაკომფორტულობას, ხშირ ავარიებს წყლის და ელექტრო სისტემებში.
და დემოგრაფიული საკითხი, რაც სახელმწიფოს პირდაპირ საფრთხეებს უქმნის. მაგალითად რამდენიმე წლის წინ, რომ ეთქვათ რუსეთი აპირებს ასი ათასობით თავისი მოქალაქის ჩამოსახლებას და ამით ექსპანიის განხორციელებასო, ალბათ ყველას გაგვეცინებოდა, ახლა კი უკვე სატირლადაა საქმე. დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში კატასტროფულად იცვლება, რაც მომავალში დიდი საფრთხეების შემცველია. ამასთან რა მოკლე მახსოვრობა ჰქონია ხალხსაც და სახელმწიფოსაც. რის საფუძველზე მოხდა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ალბათ დაგვავიწყდა? ზუსტად როდესაც ჩამოასახლეს უცხო ხალხი და ხელოვნურად შექმნეს ნაციონალურ ნიადაგზე დაძაბულობა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს პირდაპირ უწერია თავის სამხედრო დოქტრინაში სხვა ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების ძალისმიერი დაცვის შესაძლებლობა. ამასთან გაითვალისწინეთ ბინადრობის მქონე უცხოელები თუ საქართველოში დიდი ხნის განმავლობში გაჩერდებიან, მათ წარმოექმნებათ ლოგიკური მოთხოვნა მოქალაქეობაზე, მათ ეყოლებათ შვილები, რომლებიც ივლიან ბაღებში, სკოლებში, ჩააბარებენ უნივერსიტეტებში და დაიწყებენ მუშაობას.
სასწრაფოდ არის საჭირო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი და ქმედითი შეზღუდვების შემოღება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქონების უკონტროლო შეძენის დასარეგულირებლად. უბრალოდ მაგალითისათვის, ნეიტრალურ შვეიცარიაში, რომ იყიდო ბინა, ჯერ უნდა დააარსო შპს, დანიშნო დირექტორი და იურისტი, მათი ხელფასები წლიურად მინიმუმ 50 000 ევრომდე ჯდება. და ამის შემდეგ გაქვს უფლება იყიდო ამ შპს-ს მეშვეობით ბინა, რასაც ასევე მნიშვნელოვანი გადასახადები ემატება. ამის პარალელურად, უნდა მოხდეს ქართული წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, საგადასახადო ტვირთის შემცირება, ხელსაყრელი საკრედიტო პირობების დაწესება ბანკებთან შეთანხმებით და სხვა მნიშვნელოვანი შეღავათების შემოღება.