მე, ის, ზე-მე და ფროიდი, ანუ რა არის ფსიქოანალიზი

0
5961

თავის დროზე ავსტრიელი მეტრის ზიგმუნდ ფროიდის (1856 – 1939) ფსიქოანალიზმა ფსიქოლოგიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. არც ერთი სხვა მიმართულება ფსიქოლოგიაში ისეთი პოპულარული არ ყოფილა, როგორც ფსიქოანალიზი იყო თავის დროზე.

მე-19 საუკუნეში გამეფებული  თვალსაზრისი, რომ ადამიანის მოქმედება მისი ცნობიერების საქმიანობის შედეგია, ჩაანაცვლა თეორიამ, რომლის მიხედვითაც ადამიანის საქციელი – ეს ჩახშობილი მისწრაფებების და გამეფებული იდეალების შედეგია, ხოლო ცნობიერება მხოლოდ ფსიქიკის ნაწილია. ფროიდმა პირველმა შეისწავლა ადგილი, სადაც ადამიანის ფარული სურვილები ბუდობენ ანუ ქვეცნობიერი.

კლასიკური და თანამედროვე ფსიქოანალიზი

ფსიქოანალიზი ორად იყოფა: კლასიკური და თანამედროვე. პირველი ესაა ფროიდის მიერ შექმნილი თეორია. ზუსტად მან შემოიღო ტერმინი ფსიქოანალიზი, რომელიც უწოდა ფსიქიკის შესწავლის და ფსიქიკური დარღვევების მკურნალობის ახალ მეთოდს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის ფუძემდებლად ითვლება ფროიდი, ამ თეორიის ცალკეულ ელემენტებს სხვადასხვა ფილოსოფოსის ნაშრომებში ვხვდებით. მაგალითად, ვილჰელმ ლეიბნიცი  (1646-1716) იყო პირველი ვინც მკაფიოდ ჩამოაყალიბა არაცნობიერის კონცეფცია, შემოიტანა ცნება «არაცნობიერი ფსიქიკა». ლეიბნიცი თვლიდა, რომ სულს ახასიათებს ისეთი აღქმებიც, რომელსაც ის ვერ აცნობიერებს.

ლეიბნიცის იდეებმა არაცნობიერის შესახებ განვითარება ჰპოვა გ. გელმონცის, ვ. ვუნდტის და ჩარლზ დარვინის ნაშრომებში. ხოლო ამ ყველაფრის გვირგვინი იყო ზიგმუნდ ფროიდი. თავის შრომებში მან დეტალურად ახსნა არაცნობიერის ფორმირების პროცესი, ცნობიერიდან არასასურველი ელემენტების გამოდევნის გზით. ასევე ფროიდმა ჩამოაყალიბა ფსიქიკის სტრუქტურა და შემოიღო ფსიქიკის სამი ინსტანციის ცნება – «მე», «ის» და «ზე-მე». ამ იდეებმა დაუდეს საფუძველი ფსიქოანალიზს.

ფროიდის მოსწავლეების და მიმდევრების (ალფრედ ადლერი, კარლ გუსტავ იუნგი, ერიხ ფრომი, კარენ ჰორნი, ჟაკ ლაკანი და სხვა) მეშვეობით ფსიქოანალიზი ვითარდებოდა და იძენდა ახალ იდეებს. ჩამოყალიბდა თანამედროვე ფსიქოანალიზი. დღეს ფსიქოანალიზი აღარ აღიქმება ერთიან თეორიად და შედეგად მისი მრავალი მიმართულება ჩამოყალიბდა.

ცნობიერი და არაცნობიერი

ფსიქიკის დაყოფა ცნობიერად და არაცნობიერად წარმოადგენს ფროიდის ფსიქოანალიზის მთავარ დოქტრინას

ფროიდის მიხედვით ცნობიერება არ წარმოადგენს ფსიქიკის საფუძველს, არამედ მხოლოდ მისი ნაწილია. რატომ? დიდი ხანი შევინარჩუნოთ რაიმე ცნობიერებაში შეუძლებელია. ფსიქიკის ელემენტი, მაგალითად წარმოსახვა, რომელიც მოცემულ მომენტში ცნობიერებაში გვაქვს, გარკვეული დროის შემდეგ ადგილს უთმობს ფსიქიკის სხვა ელემენტს. თუმცა გარკვეულ პირობებში ეს ელემენტი შესაძლებელია კვლავ გამოჩნდეს ცნობიერებაში, რაიმე გამოწვევის ან ასოციაციის მეშვეობით.

«ის», «მე» და «ზე-მე»

«ის» წარმოადგენს ფსიქიკის არაცნობიერ ნაწილს. მასში თავმოყრილია ადამიანის ფარული სურვილები. ის პიროვნების პირველყოფილი, შეუსწავლელი, მიუღწეველი ნაწილია, სადაც არ არსებობს არანაირი მორალური განსაზღვრებები, აქ არ არსებობს სიკეთის და ბოროტების ცნებები. აქ თავმოყრილია პირველადი ბიოლოგიური მოთხოვნილებები, ემოციები და სურვილები. ამიტომაა ბავშვობაში ადამიანი, როგორც წესი ძალიან ეგოისტურია. შემდეგ ზრდის პროცესში ის აცნობიერებს რა არის კარგი და ცუდი. ყალიბდება მისი ფასეულობების, ნორმების და მოქცევის წესების სისტემა. სკოლაში და მშობლებისაგან ის სწავლობს, როგორ იურთიერთობოს სხვა ადამიანებთან. იცავს საზოგადოებაში მიღებულ რელიგიურ, მორალურ და სამართლებრივ ნორმებს. ადამიანზე მომხდარი ამ სახის სოციალური გავლენა წარმოშობს ფსიქიკის მეორე ელემენტს «ზე-მე».

«ზე-მე» წარმოადგენს «ის» საწინააღმდეგოს, არის ფსიქიკის ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ ჩამხშობი ელემენტი. «ზე-მე» განასახიერებს სინდისს, იდეალებს, სოციალურ ნორმებს და ყოველივეს რაც ზღუდავს ინდივიდს, ხდის მას ცივილიზებულს, აქცევს საზოგადოების ნაწილად. «ზე-მე» სხვაგვარად შეძენილი არაცნობიერია.

«ის» და «ზე-მე» კი ერთად მოქმედებენ ფსიქიკის მესამე ინსტანციაზე – «მე». ის შუამავალია მათ შორის. «მე» ეს უკვე ცნობიერის სფეროა. «მე» განასახიერებს საღ აზრს, ის აკონტროლებს გონებაში მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებს. ამასთან «მე» მუდმივად განიცდის ზეწოლას «ის» და «ზე-მე»-ს მხრიდან.

ნებისმიერი მათგანის ზედმეტ გავლენას კი მივყავართ უარყოფით შედეგებამდე. მაგალითად, ბავშვისათვის, რომელსაც ზრდიან ზედმეტად მკაცრად, ხშირად სჯიან და მუდმივად განიცდის დანაშაულის გრძნობას, ნელნელა მშობლების ზეწოლა იცვლება «ზე-მე»-ს ზეწოლით. გარეგან სასჯელს ანაცვლებს შინაგანი. აქედანაა დეპრესიები და სხვა ფსიქიკური დარღვევები. ამ შემთხვევაში «ზე-მე» უკვე ჯალათად იქცევა. ამდენად ხშირად ადამიანის ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევა მომდინარეობს არა აწმყოდან, არამედ ადრეულ პერიოში ჩამოყალიბებული ფსიქიკური მდგომარეობის შედეგია.

ის ადამიანები კი, ვისთანაც დომინირებს  «ის»,  იქცევიან ასოციალურად, ამორალურად და იგნორირებას უკეთებენ საზოგადოებრივ ფასეულობებს.

ამდენად, ფსიქიკის ამ სამ ელემენტს შორის ბალანსის დარღვევას მივყავართ პიროვნული ტანჯვის, ფსიქიკის დარღვევისა და ნევროზებისაკენ. ამას ეწინააღმდეგება «მე» და მის ძირითად იარაღს წარმოადგენს გამოდევნა.

გამოდევნა

სწავლება გამოდევნაზე ეს ფუნდამენტია, რომელზეც დგას ფსიქოანალიზი

ზიგმუნდ ფროიდი

გამოდევნა – ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც «მე» აკავებს არაცნობიერში და არ უშვებს ცნობიერამდე ლტოლვას, მიუღებელ აზრებს, მისწრაფებებს.

განდევნის ფენომენი წაროიშვება მაშინ, როდესაც ინდივიდი რაიმე მიზეზის გამო უარს ამბობს თავის სურვილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სურვილების დაკმაყოფილება სიამოვნების მომტანი იქნებოდა, ინდივიდისათვის ის ასევე იწვევს სირცხვილის, დანაშაულის გრძნობას.

ამ დროს ხდება სურვილის ჩახშობა და მისი განდევნა არაცნობიერში, სადაც ის ყველაფრის მიუხედავად მაინც აგრძელებს არსებობას. არაცნობიერში ჩახშული სურვილები წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ნევროზების მიზეზს. საქმე იმაშია, რომ არაცნობიერიდან ისინი განიცდიან ზეწოლას ცნობიერის მიმართულებით, საიდან ის თავის მხრივ განიცდის საპასუხო ზეწოლას, რათა არ მოხდეს მისი ცნობიერში გადასვლა.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ განდევნა ესაა ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი, ადამიანის მორალური ბარიერი, რაც საშუალებას აძლევს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფსიქოანალიზი არ გამოიყენება ისე, როგორც წინა წლებში, მან უდიდესი გავლენა მოახდინა არამხოლოდ ფსიქოლოგიის განვითარებაზე, არამედ ზოგადად დასავლურ კულტურაზეც კი. ფსიქოანალიზი თავის ეპოქაში წარმოადგენდა ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველ თეორიას. ფროიდის მიერ თავდაპირველად შექმნილი, როგორც ისტერიის დიაგნოსტიკის და განკურნების მეთოდი, ის იქცა პოპულარულ ფსიქოლოგიურ და ზოგადფილოსოფიურ მიმდინარეობად. ფროიდი შეეცადა მისი მეშვეობით აეხსნა ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა, დაედგინა ფსიქოლოგიური პროცესების არსი და მნიშვნელობა.