აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე

0
4274

ფედერალური სარეზერვო სისტემა (ასევე ცნობილია, როგორც ფედერალური რეზერვი ან უბრალოდ Fed) არის შეერთებული შტატების ცენტრალური საბანკო სისტემა. ის შეიქმნა 1913 წლის 23 დეკემბერს, იმ ფინანსური პანიკის საპასუხოდ, რომელსაც ადგილი ჰქონდა შტატებში 1907 წელს და რომელმაც ყველას დაანახა მონეტარულ პოლიტიკაზე ცენტრალური კონტროლის აუცილებლობა. იმ პერიოდიდან მოყოლებული აშშ–ს კონგრესმა მას მიზნად დაუსახა მონეტარული პოლიტიკის სამი ძირითადი მიმართულება: დასაქმების მაქსიმიზაცია, ფასების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების მართვა.

დაარსებიდან მოყოლებული ფედერალური სარეზერვო სისტემა რჩება მსოფლიოში უძლიერეს და ყველაზე გავლენიან ფინანსურ დაწესებულებად. და მაინც როგორ მართავს მსოფლიოს უძლიერესი ბანკი გლობალურ ეკონომიკას?

მაგალითად, ახლახანს აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) საბაზისო განაკვეთი 0.25 პროცენტიდან 0.50-0.75 პროცენტამდე გაზარდა. ეს განაკვეთის მხოლოდ მეორე ზრდაა ბოლო 8 წლის განმავლობაში. მსოფლიო ბაზრებმა მომენტალური რეაგირება მოახდინეს: დოლარმა მოიმატა და თავის მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნავთობი კი გაიაფდა. განგიმარტავთ თუ რატომ აქვს ფსს-ს განაკვეთს ასეთი დიდი გავლენა.

რა არის საბაზისო განაკვეთი?

ფედერალური რეზერვი უზრუნველყოფს ფულის ცირკულაციას აშშ-ს ეკონომიკაში (როგორც მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკები), ამერიკული ბანკებისთვის სხვადასხვა განაკვეთების შეთავაზებით. ყველაზე მეტად მნიშვნელოვნად ითვლება ფედერალური ფონდების მიზნობრივი განაკვეთი, მას ფსს-ის განაკვეთსაც ეძახიან.

აშშ-ს ყველა საკრედიტო ორგანიზაცია ვალდებული არის თავიანთი შემოსავლების რაღაც ნაწილი ფედრეზერვში შეინახონ. ამასთან მათ შეუძლიათ ამ რეზერვებიდან ერთმანეთის კრედიტირება ხანმოკლე ვადებით (ოვერნაითი, ან ერთი დღით).

ფსს თავის ყოველ სხდომაზე (წელიწადში 8 ჯერ) განსაზღვრავს ამ განაკვეთის სამიზნო მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც ბანკები ერთმანეთს აკრედიტებენ. როგორც წესი, ის სხვა განაკვეთებზე დაბალია (მაგალითად, პირდაპირ ფსს- ისგან სესხებზე ან რეპო-სესხებზე).

ფედერალურ ფონდში რესურსების მოპოვებას არ სჭირდება გირაო ან დამატებითი გადამოწმება ფსს-ის მხრიდან. ეს განაკვეთს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცევს მოკლევადიანი კრედიტირებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ამა თუ იმ ბანკს სასწრაფოდ სჭირდება თანხა მოკლე ვადით.

როგორ ზემოქმედებს ფსს აშშ ფინანსურ სისტემაზე?

საბაზისო განაკვეთით თანხების მიღების შემდეგ ბანკები მათ ბრუნვაში უშვებენ. დაბალი განაკვეთი საკრედიტო ორგანიზაციებს ერთმანეთის კრეტიდიტირების საშუალებას აძლევს, შემდეგ კი რეალური სექტორის – ასევე დაბალი პროცენტით. თუკი ფსს-ის განაკვეთი იზრდება, მას როგორც წესი მიჰყვება ყველა კომერციული ბანკის განაკვეთებიც.

ამ სახით, დაბალი განაკვეთი ნიშნავს რესურსების მეტად აქტიურ ცირკულაციას ეკონომიკაში. ბანკებს არ ექმნებათ პრობლემა ლიკვიდურობასთან, ხოლო კომპანიები იღებენ იაფ ფულს კრედიტის ან ობლიგაციების გამოშვებით. ამგვარად, დაბალი განაკვეთების პოლიტიკა ახდენს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და ამაღლებს დასაქმებას.

ამავდროულად ფულადი და საკრედიტო მასის ზრდით წარმოიშვება ინფლაციის ზრდის, ისევე, როგორც ეკონომიკის გადახურების საშიშროება, როდესაც რესურსები მათი ხელმისაწვდომობის გამო ინვესტირდება არაეფექტურ პროექტებში, უბრალოდ გაიცემა ან “იბერება ბუშტები” საფონდო, უძრავი ქონების ან კიდევ სხვა ბაზარზე.

მსგავს შემთხვევებში ფსს როგორც წესი განაკვეთს ზრდის. მაღალი განაკვეთები ართულებს ბანკებისთვის და კომპანიებისთვის ფულადი რესურსების მოპოვებას, რაც ნეგატიურად მოქმედებს მშპ – ს ზრდაზე, მაგრამ ანელებს ინფლაციას. ამასთან, ბანკები და ფირმები მეტი სიფრთხილით ეპყრობიან თანხებს და ნაკლებს რისკავენ, რაც ინვესტიციის ეფექტურობის შანსს ზრდის.

საერთოდ, ეკონომიკური სირთულეების დროს ფსს ამცირებს განაკვეთს ან ინარჩუნებს მათ დაბალ დონეზე, ხოლო ეკონომიკის სწრაფი ზრდისას – ამაღლებს მათ. ასეთ პოლიტიკას ანტიციკლური ეწოდება, ანუ რეგულატორი, თავისი ქმედებებით არბილებს ეკონომიკური ციკლის მკვეთრ გარღვევებს “აღზევებიდან – დაცემამდე”. თეორუიულად ასეთი პოლიტიკის წყალობით კრიზისები მსუბუქდება, რაც სასიკეთოდ აისახება სოციალურ კლიმატზე.

კრიტიკოსები (როგორც წესი ლიბერტანიანელები) თვლიან, რომ ფსს-ს ჩარევა ხელს უშლის თანამედროვე არაეფექტური ეკონომიკური მოდელის სტრუქტურულ გარდაქმნას, რამდენადაც ბევრი სუსტი კომპანია და ბანკი მსგავს “თბილ” პირობებში განაგრძობენ არსებობას და ამუხრუჭებენ განვითარებას.

ახლა როგორია განაკვეთი?

ძალიან დაბალი. ზოგადად, 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რეკორდულად დაბალი განაკვეთები აღინიშნება. დღეს მისი ნიშნული (კიდევ ერთხელ: 0.50-0.75)  წინა საკრიზისო მინიმუმზე დაბალია  — როდესაც განაკვეთი 1 პროცენტის დონეზე იყო. უპრეცედენტოა დაბალი განაკვეთის ეპოქის ხანგრძლივობა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მწვავე კრიზისის შემდეგ აღდგენა ძალიან ნელა ხდაბა, ეკონომიკის ზრდის ტემპს კი უკვე წლებია არ შეუძლია მიაღწიოს სამ პროცენტს, რაც ამერიკისთვის უჩვეულო მოვლენაა.

ამას გარდა, ფედრეზერვი ისწრაფვის ინფლაციის ხელშეწყობისკენ, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ეკონომიკა ბალანსირებდა დეფლაციის ზღვარზე. ეს კი საკმაოდ საშიშია მთელი საბანკო სექტორისათვის, თუმცაღა ხელსაყრელია მათთვის ვინც თანხების აკუმულირებას ახდენს. დეფლაციის დროს ასეთების რაოდენობა იზრდება, შედეგად ფული დევს, როგორც მკვდარი ტვირთი – ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაურთველად. ბოლოს აშშ-ს დეფლაცია დიდი დეპრესიის დროს ემუქრებოდა, გასული საუკუნის 30-ან წლებში.

რა გეგმები აქვს ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით?

აშშ-ს ეკონომიკა თანდათანობით ტემპებს კრებს. ბოლო მესამე კვარტლის მონაცემებით, ის 3.2 პროცენტით გაიზარდა, წლიური გამოხატულებით. თუმცა იზრდება ინფლაციაც, მიუხედავად იმისა, რომ ის 2 პროცენტით დაბალია მიზნობრივ მაჩვენებელზე. ეს ყველაფერი კი ფსს-ს სტიმულს აძლევს გაზარდოს განაკვეთი.

ღია ბაზრების კომიტეტის, ბოლო შეხვედრამდე ვარაუდობდნენ, რომ 2017 წელს საბაზისო განაკვეთი გაიზრდებოდა ორჯერ, თითო 0.25 პროცენტიანი პუნქტით. თუმცა 14 დეკემბერს ფსს-მა განაცხადა, რომ განაკვეთი სავარაუდოდ სამჯერ გაიზრდებოდა. ანუ ფედრეზერვი აქტიურად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ გართულდება სახსრების ხელმისაწვდომობა და შემცირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი.

რატომ აკვირდება მთელი მსოფლიო ფედერალურ სარეზერვო სისტემას?

ამერიკული ეკონომიკა მთელს მსოფლიოში უმსხვილესია, ის შეადგენს მსოფლიო მშპ-ს 20 პროცენტს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აშშ-ს ფინანსური ბაზარი, რომელიც ყველაზე ლიკვიდურია მსოფლიოში. ცვლილებები ასეთ ბაზარზე, ყველაზე ახდენს გავლენას.

ტრადიციულად, ამერიკის ბაზარი, დოლარი და სახაზინო ობლიგაციები “უსაფრთხოების კუნძულად” ითვლება, სადაც მიდის მთელი მსოფლიოს თანხები კრიზისის დროს. თუმცა, ინვესტორებს მაღალი შემოსავლები ურჩევნიათ, ამიტომ დაბალი განაკვეთის გამო ისინი ტოვებენ ამერიკის ბაზარს, უფრო მომგებიანი აქტივების ძიებაში. თუ აშშ-ს ბაზარზე განაკვეთი იზრდება, ინვესტორები აღარ რისკავენ, ფულის დაბანდება ამერიკულ საიმედო ინსტრუმენტებში, რა თქმა უნდა უმჯობესია. ამიტომ, განაკვეთის გაზრდით, ფედერალური სარეზერვო სისტემა ხელს უწყობს სპეკულაციური კაპიტალის შემოდინებას ამერიკაში.

შტატებში კაპიტალის შემოსვლა ხელს უწყობს დოლარის კურსის გაზრდას. რამდენადაც ამერიკული ვალუტა მთელი მსოფლიოსთვის ღირებულების საერთო საზომია, მისი გამყარების შედეგად, სხვა აქტივები უფასურდება.

ყველაზე ნათელი მაგალითია – ნავთობი. მისი ღირებულება ნომინირებულია დოლარში. ამერიკული ვალუტის გაძლიერება, ავტომატურად გამოიწვევს “შავი ოქროს” ფასის დაცემას. ენერგო ბაზარზე ბალანსი არ შეცვლილა, უბრალოდ დოლარი გაძვირდა და ახლა ერთ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო მეტი ნავთობი.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ნავთობის Brent-ის მარკის ფასი თითქმის 4 პროცენტით დაეცა. რუბლი, რომელიც დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე, ასევე დაეცა დოლართან მიმართებაში.

სწორედ ამიტომ, ფედრეზერვის მიერ განაკვეთის გაზრდა ხშირად იწვევს აჟიოტაჟს იმ ქვეყნებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სპეკულაციურ კაპიტალსა და სასარგებლო წიაღისეულზე. ხშირად, ახალი ამბები ამერიკის საფონდო ბირჟიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანაში მომხდარი ძირითადი მოვლენები.