ოტია იოსელიანის 10 გამონათქვამი ცხოვრებაზე

0
185

1. დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი. შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.

2. ნებისყოფა, უტეხი ძალა და სიჯიუტე არა გაქვთ. როცა თქვენი ოცნება სინამდვილეს ეჯახება, სალ კლდეზე მიხლილი ფარშევანგის კვერცხივით იმსხვრევა.

3. საოცნებო ოცნებაა და იგი ცხოვრებაში არ არსებობს. ცხოვრება მკაცრია, უშეღავათო…

4. ხელჩაქნეული, ყველაფერზე შემრიგებელი, უსულგულო, უმეცარი ხომ ლეშია, დაუმარხავი მკვდარია, რომელიც იშლება, იხრწნება და მიწის მიმყრელი კაცი არ ჩანს.

5. ამხედრებული ბევრი გვინახავს და გამარჯვებული – არავინ.

6. სასოწარკვეთის თუ დაღუპვის დროს არსებობს კიდევ ერთი გადარჩენის თუ ხსნის საშუალება – ცრემლი. ცრემლი სულაც არაა მოზღვავებული, აუტანელი ჭირის ან სიხარულის გამომხატველი მოვლენა, მას სხვა, უფრო დიდი მისია აკისრია. ცრემლს ამოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი, რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა. ცრემლი – შეურიგალს, ყურით გაუგონარ უბედურებას შეგარიგებს. გამწარებული და თავზეხელაღებული მანამდეა საშიში, სანამ ატირდებოდეს, სანამ მის სხეულში სასოწარკვეთის ზღვაა დაგუბებული და აღრჩობს. როგორც კი იგი თავს იჩენს და ცრემლის მდინარეებად და ტბებად დანაწევრდება, უშეღავათებს, უვნებელია. შვილს რომ დედა უკვდება ან დედას – შვილი, რაა ან ვინაა ამ ცოდო ბრალის განმკითხავი და ნუგეშისმცემელი? – ცრემლი.

7. სულის მოთქმა არ გინდა, მაგრამ ფიქრი გინდა, თავის მტვრევა, ჭკუის ჭყლეტა… დღეს ჩვენ გვღუპავს ის, რომ არ გვცალია და ან არ ვფიქრობთ, ან იმდენად ზერელედ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების წვდომის უნარი დავკარგეთ.

8. ცრემლი გარიგებს ბედს, გაჩვევეს გამონებს. მოგატყუებენ, გიღალატებენ, გაგინებენ, განთხევენ, შენ ატირდები, აფლიქვინდები, თუნდაც აწივლდი და აკივლდი… ცრემლი შეიძლება შეფასება იყოს შენი მწარე ხვედრისა, მაგრამ პასუხი არაა. მონამ სხვაზე უკეთ იცის თავისი უბედურება, რომ მონაა, მაგრამ ცრემლების გამო რომელი მპყრობელი და ბატონი გაათავისუფლებს?

9. იქნება ყველაფრის ღრმა წვდომა გვიჭირს და ვერაფრით თავი რომ ვერ გაგვირთმევია ჩვენი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრებისათვის, ბედისთვის ბრმად მიგვინდვია, მაგრამ პირველი და გამოუსწორებელი მარცხიც ესაა. ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა.

10. მაშინ რად გვინდა ქალაქებსა და სოფლებს რომ სახელებს ვარქმევთ ან ქუჩებსა და გამზირებს, არც სახლებს დასჭირდება დანომვრა, არც მატარებლებსა და ტროლეიბუსებს. ჩავსხდეთ, რომელიც რომელიც შეგვეფეთება, და ნურც იმაზე ვიფიქრებთ, საით და ვისთან მივდივართ – თვითონ მიგვიყვანს; ან თვით ადამიანის გვარი და სახელიც არაფრის მაქნისი იქნებოდა…