იდეალური მარტოობა ანუ რა მოვუხერხოთ იზოლაციას

0
130

თითქმის ყოველგვარი სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე გადასვლა, ზოგადად ცხოვრების წესის კარდინალური ცვლილება და სახლში იძულებითი კარანტინი — ეს დღეისათვის არსებული რეალობაა. ყველა საუბრობს იმაზე, თუ რა პოტენციური საფრთხის შემცველია დღევანდელი სიტუაცია ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკისა და სოციალური წყობისათვის. თუმცა ყველაფერთან ერთად ყოველივე ეს ნამდვილი გამოცდაა, ასევე ჩვენი ფსიქიკისათვის. არსებობს ტერმინი “ფსიქოლოგიური გადაწვა”, მას ადგილი აქვს იძულებითი იზოლაციის პირობებში, რაც გამოწვეულია სიტუაციის მონოტონურობით.

აქ შევეცდები განგიმარტოთ, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ფსიქიკა და მოგცეთ რჩევები თუ როგორ გადავიტანოთ არსებული მდგომარეობა. ეს ყველა ჩვენგანისათვის დიდი გამოცდაა, რაც სამწუხაროდ ბევრმა შესაძლოა ვერც ჩააბაროს.

დასაწყისისათვის მინდა შევეხო  პროკრასტინაციის საკითხს.  (ინგლისურად procrastination, «დაგვიანება, გადადება») — ფსიქოლოგიაში ეს არის მიდრეკილება მუდმივად რაიმე გადადო, მათ შორის მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები, რასაც ცხოვრებისეულ პრობლემებამდე და მტკივნეულ ფსიქოლოგიურ ეფექტამდე მივყავართ. პროკრასტინაცია ყოველთვის წარმოშობს შფოთვებს. ახლა რა კავშირი აქვს ამას ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან? ასეთ შედარებას მოვიყვან: ადამიანი ელის ბაქანზე მატარებელს, ელის რომ მატარებელი წუთი წუთზე მოვა. ამ დროს ადამიანი აღარაფერს აღარ აკეთებს, არ ხსნის ნოუთბუქს, არ იწყებს გაზეთის კითხვას ან სადმე დარეკვას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ელოდებით, მაგრამ მატარებელი არ მოდის. ადამიანი კი იცდის, თან არაფერს არ აკეთებს და საკმაოდ დიდ დროსაც კარგავს. ჩვენ ახლა მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით რაღაცას, მაგრამ ის იგვიანებს. უნდა შევეგუოთ და განვეწყოთ, რომ “მატარებელი” ჯერ დააგვიანებს, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა. ასე რომ, სჯობს ახლავე გავხსნათ ნოუთბუქი და დავიწყოთ მუშაობა.

პირველ რიგში, ყურადღება დავუთმოთ დისტანციურად მუშაობის საკითხს, ვინაიდან ეს თემა თითქმის ყველას შეეხო და თან საკმაოდ ახალია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.

მაშ ასე, საკითხი პირველი, როგორ მოვახდინოთ სამუშაოზე კონცენტრირება სახლში მუშაობისას ისე, რომ ყურადღება არ გადავიტანოთ სხვა რამეზე? მიჩნეულია, რომ თუკი არ მოვცდებით და კონცენტრირებულად ვიმუშავებთ, სამჯერ მეტ საქმეს მოვასწრებთ.

პირველი წესი: თქვენ ვერ მოახერხებთ სახლიდან სამუშაოზე სრულად კონცენტრირებას. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ამის აღიარება და შესაბამისი გეგმის შემუშავება. შეიმუშავეთ თქვენი გრაფიკი: მოახდინეთ მცირეოდენი შესვენებების ორგანიზება. 25 წუთი მუშაობა – 5 წუთი შესვენება. სხვათაშორის ოფისშიც რიტმი მსგავსია – სტატისტიკურად ადამიანი სამუშაო მაგიდიდან დგება ყავის დასალევად თუ სიგარეტის მოსაწევად საშუალოდ ყოველ 40 წუთში/1 საათში ერთხელ მაინც, მინიმუმ 5 წუთით.

წესი მეორე, ადამიანებზე დადებითად მოქმედებს დილიდანვე მოწესრიგება, ჩაცმა, თითქოს გარეთ გადიოდნენ – ეს საშუალებას აძლევთ სამუშაო ფორმაში იყვნენ, მატებს თვითდისციპლინას და სამუშაოდ მუხტავს. სახლის ტანისამოსში, პიჟამოთი მუშაობა კი პირიქით ადამიანს ადუნებს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება დამოკიდებულია შინაგან განწყობაზე, ხოლო შინაგან განწყობას კი ჩვენს ირგვლივ არსებული ყველა დეტალი ქმნის. და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.

მესამე წესი – ასევე მნიშვნელოვანია დღის განრიგის შედგენა. ის უნდა იყოს არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტულად  გაწერილი. განრიგი ასევე დაგვეხმარება საკუთარი ეფექტურობის შეფასებაში. ჩამოწერეთ იმ საქმეების ჩამონათვალი, რაც დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. ხოლო დღის ბოლოს დაუსვით პლიუსი იმას, რაც მართლაც გააკეთეთ. შეადარეთ რა გქონდათ დაგეგმილი და რა მოასწარით. ასე გააგრძელეთ გარკვეული პერიოდი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გააანალიზეთ თუ დაგეგმილი საქმის რამდენი პროცენტის შესრულებას ასწრებთ. თუკი ეს მაჩვენებელი დაბალია, ესე იგი მეტი შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ და რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენი სამუშაოსადმი მიდგომაში. აქვე ერთი რჩევა მოტივაციის ასამაღლებლად – ყოველი გაკეთებული საქმისათვის ანუ პლიუსისათვის დაუწესეთ საკუთარ თავს პატარა ჯილდო. მაგალითად ნამცხვრის ნაჭერი ან ერთი ჭიქა კარგი ღვინო ან ვისკი.

სახლიდან დისტანციურად მუშაობის დროს, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ორი ზონა: საოჯახო და სამუშაო. ეს არა ტერიტორიული, არამედ ფსიქოლოგიური ზონებია. უნდა ავუხსნათ ოჯახის წევრებს, რომ სამუშაო საათებში თქვენ თან სახლში ხართ და თან არა. ასე, რომ სამუშაო საათებში მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე შეგაწუხონ.

ამასთან გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია ძილის სწორი რეჟიმი, სხვაგვარად ადამიანი სწრაფად იფიტება.  “გრძელვადიან დისტანციაზე” კი ეს საკითხი მით უმეტეს მნიშვნელოვანია.

ახლა რა ვუყოთ, ტელევიზორს და სოციალურ ქსელებს, რომლებიც ერთის მხრივ გვაცდენენ და მეორეს მხრივ გვთრგუნავენ, არც თუ სასიამოვნო სიახლეებით? პირველ რიგში უნდა შევეშვათ ერთბაშად ყველაფრის კითხვას და ყურებას. ამ დროს ათასგვარ ჭორ-მართალს წერენ და აჩვენებენ. ავირჩიოთ რამოდენიმე სანდო საიტი ან არხი, ჩვენთვის საინტერესო კონტენტით და მხოლოდ იქ შევიდეთ და ვუყუროთ. ნუ გეშინიათ რაიმის გამოტოვების. მნიშვნელივანი ინფორმაცია თავად გვიპოვის. რაც შეეხება საქართველოში ასე პოპულარულ სოციალურ ქსელებს, პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადოთ მარკ ცუკერბერგს, აბა წარმოიდგინეთ ამ გამოგონების გარეშე საერთოდ რა დღეში ჩავვარდებოდით დღევანდელ პირობებში. სოციალური ქსელები შესანიშნავ საშუალებას გვაძლევენ იზოლაციის პირობებში ვეკონტაქტოთ არამხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ ადამიანთა დიდ ჯგუფებს ერთდროულად. ისინი გარკვეულწილად ახდენენ სოციალური დისტანცირებიდან გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების კომპენსირებას, თუმცა რა თქმა უნდა რეალურ ურთიერთობებს ვერასოდეს შეცვლიან. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ზღვრის დაცვა, რადგან ზედმეტმა გატაცებამ ონლაი ურთიერთობებით შესაძლოა სხვა პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, მათზე კიდე უფრო ზედმეტად მიჩვევა და დამოკიდებულება, რაც უკვე ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გადასვლის შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემებს შეგვიქმნის. ამდენად საჭიროა, გადავიდეთ ერთგვარ საინფორმაციო დიეტაზე.

ახლა შევეცდები მოგცეთ რჩევები როგორ გადავიტანოთ კარანტინი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ისე რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ. შეიძლება ახლა ეს საკითხი ვინმესთვის სასაცილოდ ჟღერდეს. სინამდვილეში კი, ეს არც თუ ისე მარტივი თემაა. პირდაპირ გეტყვით – ეს სეროზული გამოცდაა ნებისმიერი ოჯახისათვის. საქმე იმაშია, რომ მდგომარეობა ისედაც ყველასათვის ნევროზულია, ამას ემატება “გამოკეტილ სივრცეში ერთად ყოდნის ეფექტი”. რა არის ეს? ადამიანი, როგორც ვახსენეთ, სოციალური არსებაა და მას აუცილებლად სჭირდება სოციალური კონტაქტები, ამავე დროს ადამიანს აქვს თავისი პირადი სივრცე, რომლის ხელშეუხებლობაც მისთვის ასევე მნიშვნელოვანია. სად გადის ოქროს შუალედი? საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ცხოვრების ჩვეულ რიტმში ვართ ანუ დავდივართ სამსახურში, ვხვდებით მეგობრებს და ნაცნობებს, გავდივართ გასართობად, ერთი სიტყვით ვიყენებთ პირად თავისუფლებას და თვითონ ვაკონტროლებთ გარშემომყოფებთან კონტაქტის დროს – ჩვენი ნერვებიც მშვიდია და წინააღმდეგობები ოჯახის წევრებთან არ არის იმდენად თვალშისაცემი. მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა, როდესაც ჩვენ სხვადასხვა მიზეზებით აღმოვჩნდებით ჩაკეტილები ერთსა და იმავე, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან ერთ სივრცეში. აქ თავს განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენენ ჩვენს შორის არსებული წინააღმდეგობები, განსხვავებები, ძველი წყენები თუ პრობლემები. მოემზადეთ, რადგან ამ სივრცეში ადგილი ექნება გაღიზიანებას, დაპირისპირებას,  დაძაბულობას და აგრესიასაც კი. ამასთან, რაც მეტი ადამიანია იზოლაციაში, მით უკეთესია, რადგან საშუალება გაქვთ ურთიერთობის ალტერნატივების. ასევე გასათვალისწინებელია კიდევ ერთი სპეციფიკა, თუკი იზოლაციაში ერთი ოჯახის სამი თაობაა ერთბაშად, ამ დროს კონფლიქტების შანსი კიდევ უფრო იმატებს. რადგან გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთ სივრცეში გამოკეტილ სამ სხვადასხვა ხედვასა და მენტალიტეტთან. რა გავაკეთოთ ამ დროს? უნდა დავადგინოთ თანაცხოვრების წესები: ვინ, როდის და რას აკეთებს – მაგალითად, ჯდება კომპიუტერთან, უყურებს ტელევიზორს, უსმენს მუსიკას და ა.შ. ასევე ყველამ უნდა გადავინაწილოთ რაიმე მოვალეობები – დასუფთავება, მაღაზიაში ჩასვლა, ნაგვის გატანა და ა.შ. ამასთან სხვისი ნებისმიერი სასარგებლო მოქმედება აუცილებლად უნდა შევაქოთ და წავახალისოთ. ეს დიდი ფსიქოლოგიური სტრესია ყველა ჩვენგანისათვის, მაგრამ მთელი ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გავუძლოთ. უნდა შევუქმნათ საკუთარ თავს არსებულ სიტუაციაში მაქსიმალური კომფორტი და სხვებსაც მაქსიმალურად იგივე ვაგრძნობინოთ.

ამ დროს უნდა მოვახდინოთ საკუთარი ძალების სრული მობილიზება, საკუთარი ემოციების მოთოკვა და თავის ხელში აყვანა. უნდა ვიყოთ რაც შეიძლება დამთმობები, მომთმენი და გაწონასწორებული. ამით ავიცილებთ ზედმეტ კონფლიქტებს და სხვებსაც კარგ მაგალითს ვუჩვენებთ. შეეცადეთ იპოვოთ მყუდრო კუთხე მარტოობისა და მუშაობისათვის, მაგალითად აივანზე, სამზარეულოში ან საძინებელში. არ მოგერიდოთ იმის თქმა, რომ ზოგჯერ მარტოობა გესაჭიროებათ. ასევე ანალოგიური ნათქვამი მიიღეთ სხვებისგანაც. ეს აუცილებელია, რათა იზოლაციის პერიოდი, რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტებით და სტრესებით გადავიტანოთ.

მივცეთ თუ არა ბავშვებს საშუალება  ხშირად ითამაშონ გაჯეტებით ან უყურონ ტელევიზორს? მე ვიტყოდი, იმ პირობებში, როდესაც ბავშვები ვერ გაგვყავს გარეთ და ვერ ურთიერთობენ თანატოლებთან, ეს აუცილებელიც კი არის. ვფიქრობ აქ საშიში არაფერია. ძირითადად იმის გამო, რომ ეს დროებითია. ამასთან კარგი იქნება თუკი რამოდენიმე წესს დავიცავთ: გაჯეტის ეკრანი ვერტიკალურად უნდა იდგეს, ბავშვს გაჯეტი არ უნდა ეკავოს ხელში, რადგან ამ დროს იძაბება ხელები და ბეჭები, რაც იწვევს თავის ტკივილს. ამას გარდა თვალები საკმარისად უნდა იქნას მოცილებული ეკრანიდან. ჩვენ კი უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვებისა და მოზარდებისათვის მნიშვნელივანია ურთიერთობა და კონტაქტი თანატოლებთან. საჭიროა მისი ნაკლებობის კომპენსირება, თუნდაც სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან იყავით ფრთხილად, კატაკლიზმების და კრიზისების პერიოდში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობით სარგებლობას ცდილობენ. ამიტომ მშობლების მხრიდან კონტროლი აუცილებელია, თუმცა აქაც ზღვარი უნდა დავიცვათ.

ასევე მშობლები განიცდიან, რომ კარანტინის გამო მათი ბავშვები ჩამორჩებიან სასკოლო პროგრამას. და ამის გამო შესაძლოა ზოგიერთმა მოინდომოს განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ “ამეცადინოს” შვილები. ეს დიდი შეცდომაა, ვინაიდან ბავშვებს დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ქვეშ მოაქცევს. ეს ყველაფერი დროებითია და ცოდნასაც ისევე, როგორც დანარჩენები აუცილებლად აღიდგენენ. ასევე შეეცადეთ შედარებით ნაკლებად მომთხოვნი იყოთ ბავშვების მიმართ ამ პერიოდში. პირიქით, ისინი შესაძლოა საკუთარი ნებით ჩავრთოთ საერთო საქმეებში, წარმოვაჩინოთ ეს როგორც თამაში და გარკვეულწილად ბაღის ან სკოლის გართობების ანალოგად. ბავშვებს უყვართ უფროსებთან ერთად რაიმე საქმის კეთება. გამოიყენეთ ეს ყველასათვის სასარგებლოდ.

კიდევ ერთი რჩევა, კარანტინის დროს სახლში იძულებით ყოფნის პერიოდში დროის გატარების კარგი ხერხია, სახლის დალაგება. დიახ, დიდი ხანია ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ სახლის დალაგება ხელს უწყობს დამშვიდებას, შფოთვის და პანიკის გრძნობების დაძლევას. ასე, რომ აქაც შესაძლებელია ორმაგი სარგებლის პოვნა.

რაც მთავარია, მზად უნდა ვიყოთ წინ არსებული, არც თუ მარტივი პერიოდისათვის. გაჩნდება მრავალი კონფლიქტები, დეპრესიული ხასიათის პრობლემები. მთავარია, ამის არ შეგვეშინდეს და მზადაც ვიყოთ. გვესმოდეს, რომ ეს ბუნებრივია ამ სიტუაციაში და მათი გადალახვა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

ასევე არ უნდა მოგვერიდოს, ფსიქოლოგისათვის მიმართვა, ამ პერიოდის განმავლობაში, ეს საჭირო და ზოგჯერ აუცილებელიც კი არის.