ახალი დაძაბულობის ძველი მიზეზები

0
2613

ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ სიტუაციას, რაც ბოლო დროს საქართველოსა და რუსეთის შორის ურთიერთობებში ხდება. რამ გამოიწვია, ვინ არის დამნაშავე და სადამდე მიგვიყვანს?

ფორმალური მიზეზი ვიცით, ეს რუსი დეპუტატის არასწორ ადგილას მოთავსებაა. ახლა საუბრობენ, რომ ეს პროვოკაცია იყო. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ. თუმცა ფაქტი ერთია, აბა დავუშვათ ეს ყოფილიყო, შვეიცარიელი, გერმანელი, ფრანგი ან სომეხი დეპუტატი, ექნებოდა იგივე რეაქცია? ალბათ არავინ ყურადღებასაც არ მიაქცევდა ამ ფაქტს. ასე რომ, ეს წინასწარ გათვლილი პროვოკაციაც, რომ ყოფილიყო, მიზეზი მაინც სხვაგანაა საძიელებელი. არსებობს ასეთი დისციპლინა მასების ფსიქოლოგია. ხალხი რაღაც მოვლენას აღიქვამს დადებითად, რაღაცას კი პირიქით. ხალხმა რუსი დეპუტატის ამგვარი საქციელი უარყოფითად აღიქვა, რისი მიზეზიც (რაც ბევრჯერ მითქვამს სხვადასხვა დონის ექსპერტების შეხვედრებზე, მათ შორის ხშირად რუსეთის წარმომადგენლებისათვის) ქართველი ხალხის ღრმა უნდობლობაა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რისი მიზეზიც თავის მხრივ ქვეყნებს შორის მოუგვარებელი ფუნდამენტალური პრობლემებია. რა თქმა უნდა ესაა, ტერიტორიული პრობლემები. რისი საბოლოო გადაწყვეტის გარეშეც, რაც არ უნდა ე.წ. რბილი ძალის ან ურთიერთობის ნაბიჯ-ნაბიჯ დარეგულირების პოლიტიკას მიმართოს რუსეთის ფედერაციამ, მაინც ყველაფერი სიზიფეს შრომას დაემსგავსება და საბოლოო შედეგიც უფრო სწორად არავითარი შედეგი – ყოველთვის ერთი იქნება. რუსეთის და საქართველოს დაახლოებისთვის საჭიროა ქართველი ხალხისათვის უმძიმესი პრობლემის, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა.

ვინ არის დამნაშავე? რაც არ უნდა საფუძველი და ვინმეს პოლიტიკური ინტერესების სარჩელი დაედოს დღევანდელ გამოსვლებს. დამნაშავე ხელისუფლებაა. და არამარტო იმიტომ, რომ დაუშვა პროვოკაციული მოვლენების მთელი ჯაჭვის განვითარება ქვეყანაში, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ არა აქვს ჩამოყალიბებული და გააზრებული საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით. როგორი პოლიტიკა არ სცადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა წლებში. გამსახურდიას დროს – ემოციონალური, ცოტათი ვაღიაროთ ისტერიულიც კი. შევარდნაძის დროს მლიქვნელური, მარტო დსთ-ში შესვლა რად ღირს. სააკაშვილის დროს – აგრესიული. ახლანდელი ხელისუფლების დროს ვითომ პრაგმატული – სინამდვილეში გაუაზრებელ დათმობებზე დაფუძნებული და გარკვეულად ქვეყნისათვის საზიანოც. ერთი სიტყვით ყველანაირი პოლიტიკა მოვსინჯეთ, გააზრებულის, ლოგიკურის და ანალიზზე დაფუძნებულის გარდა. ეს ცალსახად ჩვენი ხელისუფლების უუნარობის ბრალია.

და ბოლოს სად მივდივართ? ისევ გაფუჭებული ურთიერთობები, ეკონომიკური ზრდის ვარდნა, კერძო სექტორში დაკარგული შემოსავლები, გახლეჩილი საზოგადოება და მოუგვარებელი ძირითადი პრობლემები, არც ევროკავშირი-ნატოში შესვლის და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თეორიული პერსპექტივები მაინც.

ამ ყველაფერზე, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა საქართველოს დღევანდელმა ხელისსუფლებამ უნდა აიღოს. და თუ არ სურს, ვფიქრობ მაინც მოუწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.