ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდი ადამიანების კატეგორიაზე, რომელთაც ცვლილებები აშინებთ. მინდა ეს თემა მოცემულ სტატიაში განვავრცო და აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს ცვლილებებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური შიშების დაძლევის რჩევები მივცე.
ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული: საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლით, ახალი ნაცნობობით თუ ურთიერთობებით და ა.შ. ამასთან ცვლილებებისაგან თავის არიდება, მით უმეტეს თანამედროვე ცვალებად სამყაროში საკმაოდ რთულია, მათ გარეშე ადამიანი ვერ ახერხებს განვითარდეს და მხარი აუბას თანამედროვეობას, ასევე ცვლილებებზე უარის თქმა ნიშნავს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს. ნებისმიერი ცვლილება იწვევს გარკვეულ ემოციებს, ვინაიდან ის გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული და ნებისმიერი ცვლილება ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე. ზოგს მათი ეშინია, ზოგიც კი პირიქით – მოუთმენლად ენის. საბოლოო ჯამში ეს ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოგცემთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ რჩევას და მეთოდიკას, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ ცვლილებებისაგან გამოწვეული გაურკვევლობის შიში და მოახერხოთ საკუთარ ემოციებთან გამკლავება.
1. შეიცანი თავი შენი
დავიწყოთ იმით, რომ გამოვუტყდეთ საკუთარ თავს იმაში, თუ რამდენად გვაშინებს ცვლილებები. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთს ახარებს ცვლილებები, ზოგიერთს კი პირიქით აშინებს. დაუსვით საკუთარ თავს რამოდენიმე სატესტო შეკითხვა: ხართ მიდრეკილი ახლის მოლოდინისაკენ თუ მთელი ძალებით ებღაუჭებით უკვე არსებულს, რათა ის უცვლელი სახით შეინარჩუნოთ? ცვლილებების მოლოდინი იწვევს თუ არა თქვენში შინაგან კონფლიქტებს? ჩვეულებრივ რა დრო გჭირდებათ შეეგუოთ სიახლეებს და ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში? გაათვითცნობიერებთ რა საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და დამოკიდებულებას, თქვენ ამგვარად ახდენთ საკუთარი ფსიქოტიპის აღქმას. ამით კი თქვენ ქმნით ფუნდამენტს, რათა გაუმკლავდეთ ცვლილებებს და მათგან გამოწვეულ ემოციებს.
2. ზუსტად განსაზღვრე და ჩამოაყალიბე, რისი გეშინია ყველაზე მეტად
ჰკითხეთ საკუთარ თავს: მაინც რა გაშინებთ ყველაზე მეტად მოსალოდნელ ცვლილებებში? და რა შეიძლება ამ ცვლილებებმა მოიტანოს უარყოფითი?
იცით რა საკუთარი შიშების და მათი ბუნების შესახებ, თქვენ უკვე შეგიძლიათ მათ შეებრძოლოთ. ამის შემდეგ დაჯექით და გააანალიზეთ რამდენად რეალურია, რომ ახდეს ის, რაც თქვენ გაშინებთ და რა გზები არსებობს, რომ ეს თავიდან აიცილოთ. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა მოულოდნელი შემთხვევებისათვის გეგმის არსებობა არასოდეს არ არის ზედმეტი, მაგრამ აქ მთავარია ფსიქოლოგიური მომენტი – ვიცით რა გამოწვევები და მათზე შესაძლო საპასუხო სვლები, ჩვენ ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ გამოწვევები მივიღოთ.
3. აიღე პაუზა
თუკი თქვენ ძალიან ემოციური ადამიანი ბრძანდებით, რომელზეც დიდად ზემოქმედებს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და განსაკუთრებით ცვლილებები, ყველაზე კარგი საჩუქარი, რაც საკუთარ თავს შესაძლოა გაუკეთოთ არის პაუზა. მიეცით საკუთარ თავს, უფრო სწორად კი ქვეცნობიერს დრო, რათა გაერკვეს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში, გააანალიზოს ისინი, გამოიტანოს დასკვნები და პრაგმატულად შეხედოს ყველაფერს. ეს აისახება თქვენს განცდებზეც ამ ცვლილებების მიმართ. გაერკვევით რა სიტუაციაში, ასევე გაერკვევით თქვენს ემოციებშიც.
4. გააანალიზე ფაქტები
ფაქტების ანალიზი — კოგნიტიურ-ქცევითი ფსიქოლოგიის მთავარი მეთოდია. ხშირად აღმოჩნდება, რომ ადამიანის ზოგიერთი შიში გამოწვეული კოგნიტური დამახინჯებით (აზროვნების მცდარი შაბლონები). ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი, სწორად გავაანალიზოთ და გავერკვეთ იმაში, რა არის ამ შიშებიდან მართლაც რეალური და საფუძვლიანი და რა არის გამოგონილი.
მაგალითად, თქვენ აპირებთ გამოიცვალოთ სამუშაო ადგილი, თუმცა ამასთან გეშინიათ, რომ რაღაც არ გამოვა. პირველ რიგში გაარკვიეთ რა შეიძლება არ გამოვიდეს: გეშინიათ, რომ ვერ შეასრულებთ სამუშაოს კარგად? არ მიგიღებთ ახალი კოლექტივი? ვერ დაალაგებთ ურთიერთობებს უფროსთან? გააანალიზებთ რა ამ საკითხებს და მათი გადაჭრის გზებს – თქვენ აღმოაჩენთ, რომ, მაგალითად, წინა სამუშაო ადგილიდან უკვე საკმაო გამოცდილება გაქვთ, როგორც ამ პოზიციაზე მუშაობის, ასევე ახალ ადამიანებთან თუ უფროსთან ურთიერთობის დალაგების. რაც თქვენ სინამდვილეში არათუ შიშის საფუძველს, არამედ უპირატესობის შეგრძნებასაც კი მოგანიჭებთ.
5. დაიწყე ცვლილებები ნაბიჯ-ნაბიჯ
ცვლილებების განხორციელების ყველაზე კარგი გზაა – მათკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. ეს ერთის მხრივ, საშუალებას გაძლევთ კარგად გათვალოთ და აკონტროლოთ, რაც ხდება, და მეორეს მხრივ საშუალებას აძლევს თქვენს ფსიქიკას სტრესის გარეშე მიიღოს ისინი. შეადგინეთ ცვლილებების საკუთარი გეგმა, რომელიც მაქსიმალურად ყველა ეტაპს მოიცავს. ზოგიერთი ეტაპი ამ გეგმაში საკმაოდ მარტივი იქნება (მაგალითად, დღეში 10 წუთი მედიტაცია, რაიმე ახალ პროფესიასთან დაკავშირებული წიგნის წაკითხვა და ა.შ.). ზოგიც უფრო სერიოზული (მაგალითად, ცხოვრების გრაფიკის შეცვლა, ახალი უნარ-ჩვევების ათვისება და სხვა). გეგმის არსებობა ითვალისწინებს, ასევე გეგმა ბ-ს ანუ სათადარიგო გეგმის არსებობას. ეს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე არ გამოვა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ეს კი ბევრად გაგიადვილებთ ცვლილებების წინაშე არსებული შიშის და ემოციების დაძლევას.
და ბოლოს: აღიქვით ცვლილებები არა როგორც სასჯელი, არამედ, როგორც შესაძლებლობები!