არსებობს თუ არა ურთიერთგაგება და რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? შესაძლებელია თუ არა ადამიანები სრულად უგებდნენ ერთმანეთს? ხომ არ არის ის ილუზია და სასურველის სინამდვილეთ გასაღება? და თუ არსებობს რა წარმოქმნის ადამიანებს შორის გაგებას და რა მექანიზმებით მიიღწევა ის?
ვფიქრობ ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში გარშემომყოფებთან ურთიერთობის სწორი მოდელის შერჩევას. ის მნიშვნელოვანია, როგორც პირად ცხოვრებაში, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობების სწორად აწყობისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საქმიან ურთიერთობებშიც, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია საჭირო კავშირების დალაგება პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. აგრეთვე მეგობრებთან ურთიერთობაში, რათა შევინარჩუნოთ მყარი კავშირები. მაგრამ რა განაპირობებს ამ ურთიერთობების სწორად აწყობას?
დავიწყოთ იქიდან, რომ ურთიერთობები, თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან არც თუ ყოველთვისაა უპრობლემო და მარტივი. შედეგად მრავალ ადამიანს შესაძლებელია “ცარიელ ადგილზე” გაუჩნდეს პრობლემები, რომლებიც საკმაოდ ურთულებენ ცხოვრებას მრავალი კუთხით. არადა ამ პრობლემების თავიდან აცილება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი, ურთიერთობების ფორმირების თუნდაც მინიმალური ცოდნაც რომ გვქონოდა. აი ზუსტად იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოწვევის დაძლევაში, გთავაზობთ გაეცნოთ ჩემს შემდეგ ნაშრომს.
იმისათვის, რომ სხვებთან ურთიერთობისას არ დავუშვათ შეცდომები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა წარმოადგენს გაგებისათვის ხელისშემშლელ ძირითად ფაქტორებს. მაშ ასე, ესენია:
- განსხვავებული ინტერპრეტირება, რომელიც პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული;
- საკუთარი ინტერპრეტაციების, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტად რეალურის აღიარება;
- პირადი დამოკიდებულება ინფორმაციისადმი;
- გარკვეული უცვლელი წარმოდგენა ადამიანზე.
1. განსხვავებული ინტერპრეტირება, რომელიც ეყრდნობა პირად გამოცდილებას
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ როდესაც სურს გაიგოს სხვა ადამიანის სიტყვები ან საქციელი, ის ეყრდნობა არა იმას, რასაც ისმენს, არამედ საკუთარ აღქმას, რაც თავის მხრივ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის სხვისი, ეს სინამდვილეში ჩვენი გამოცდილება გვაგონებს ამ ადამიანის გამოცდილებას. ზუსტად ამ ჩვენს დაშვებებს მივყავართ სერიოზულ შეცდომებამდე და ურთიერთგაგების პრობლემებამდე. ეს განსაკუთრებით მაშინაა შესამჩნევი, თუ გამოცდილებები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება.
გადაცემს რა ადამიანი გარკვეულ აზრობრივ სიგნალებს თანამოსაუბრეს, ის ელის მისგან გაგებას. რას აკეთებს ამ დროს თანამოსაუბრე?
გავაანალიზოთ აღნიშნული საკითხი ინტროსპექციული (თვითდაკვირვების) მეთოდის გამოყენებით.
მიიღებს რა თქვენს აზრებს თანამოსაუბრე, ის იწყებს მათ შედარებას თავის პირად გამოცდილებასთან. მაგალითად, თუკი თქვენ იტყვით, რომ შაქარი ძალიან ტკბილია, თანამოსაუბრე გაიხსენებს თავის განცდებს, რომელთაც მანაც მისცა სახელწოდება “ტკბილი” და დაგეთანხმებათ. ხოლო როდესაც საუბარი შეეხება ფორთოხალს, რომელიც თქვენი გამოცდილებით მჟავეა, თქვენ შესაბამისად იგულისხმებთ, რომ ყველა ფორთოხალი მჟავეა. ხოლო თუკი თქვენს თანამოსაუბრეს გასინჯული აქვს ტკბილი ფორთოხალი (ან ჩათვალა, რომ ასეთი იყო), მაშინ ის არ დაგეთანხმებათ. ორივე თქვენგანი დაიწყებს თავისი სიმართლის დამტკიცებას, რადგან თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებები განსხვავდება. ყველაზე პარადოქსული ამ სიტუაციაში კი ის არის, რომ ორივე თქვენგანი მართალი აღმოჩნდება.
განსხვავებული გამოცდილებების გაზიარების დროს ძალიან რთულია ურთიერთგაგების მიღწევა. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც საუბარი ბევრად უფრო რთულ და მნიშვნელოვან თემებს შეეხება. ეს კი ხშირად კონფლიქტების წარმოქმნის საფუძველია.
თუკი ადამიანს, აქვს გამოცდილება მხოლოდ მატყუარა ადამიანებთან ურთიერთობის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე ადამიანი უყვება მას რაიმე ნამდვილ ისტორიას, ის ან ჩათვლის, რომ მას ატყუებენ ან მინიმუმ ყველა ფრაზა აღქმული იქნება ეჭვის თვალით.
ოჯახში ხშირადაა სიტუაციები, როდესაც ცოლი გაბრაზდება ქმარზე, ის იკეტება თავის თავში (ზოგადად სუსტი სქესის დამახასიათებელი თვისებაა) და ამით ახდენს უკმაყოფილების დემონსტრირებას. ანალოგიურად ქმრის ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენის შემდეგ, ცოლიც ჩათვლის, რომ ქმარიც გაბრაზებულია მასზე. თუმცა მიზეზი შეიძლება სულ სხვა იყოს, თუნდაც სამსახურში უსიამოვნება, ან რაიმე ისეთი რაც მხოლოდ მას ეხება და არ სურს ოჯახის წევრების ზედმეტად განერვიულება.
ასევე ადამიანს შესაძლოა გული მოსდიოდეს ახლობელ ადამიანზე, როდესაც თავს ცუდად გრძნობს და მას გვერდში არ უდგანან. თუმცა ახლობელ ადამიანს შეიძლება სხვა გამოცდილება ჰქონდეს ამ სიტუაციის მიმართ და როდესაც თავს ცუდად გრძნობს მარტო ყოფნა ურჩევნოდეს. ის თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მოქმედებს და სხვას საშუალებას აძლევს მარტო გაერკვეს მდგომარეობაში.
ხდება ისედაც, რომ ადამიანს გარკვეული განცდის თუ სიტუაციის მიმართ გამოცდილება საერთოდ არა აქვს, ამ შემთხვევაში სიტყვებიც კი ყოველგვარ აზრს კარგავს.
ხდება ისედაც, რომ ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვა რაიმეს აღნიშნავს, რადგან ამ სიტყვასთან დაკავშირებულია სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება. ან პირიქით ერთი და იგივე გამოცდილება, მაგრამ გაგებული სხვადასხვა სიტყვებით. ან სიტყვა შეიძლება საერთოდ არაფერს ნიშნავდეს ადამიანისთვის, თუკი მასთან არანაირი გამოცდილება არ აკავშირებს. ორმა ადამიანმა შესაძლებელია ისაუბროს ერთსა და იმავე თემაზე, მაგრამ საერთოდ ვერ უგებდნენ ერთმანეთს.
ტრენინგებზე მე ხშირად ვატარებ შემდეგ სავარჯიშოს. ვთხოვ ჯგუფის ყველა წევრს კონცენტრირება მოახდინონ ერთ არჩეულ სიტყვაზე და სამი წუთის განმავლობაში წარმოიდგინონ ეს სიტყვა სურათებად. შემდეგ ჯგუფი იწყებს თავისი წარმოსახვების აღწერას. ზოგჯერ ეს წარმოსახვები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
მაგალითად, სიტყვა “დიდსულოვნება”. წარმოიდგინეთ ის სურათებად. თხოვეთ რომელიმეს თქვენი ნაცნობებიდან გააკეთოს იგივე, და შეადარეთ ერთმანეთის წარმოსახვები. ვიღაც წარმოიდგენს თუ როგორ უბოძებს მეფე ქვეშევრდომს მოწყალებას. ამ ინტერპრეტირებით სიტყვა “დიდსულოვნება” აღიქმება, როგორც რაღაც ნეგატიური, ღირსების დამამცირებელი. ვიღაც წარმოიდგენს რომელიმე წმინდანს, რომელიც მზადაა ყველას მიუტევოს.
ასე, რომ ერთმნიშვნელოვანი სიტყვის შემთხვევაშიც კი ადამიანებს შესაძლოა მასთან განსხვავებული გამოცდილება და შესაბამისად ემოციები აკავშირებდეს. თუ კი ერთისათვის რაიმე სიტყვა შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს, მეორისათვის ეს სიტყვა შესაძლოა არაფერს ნიშნავდეს, რადგან მას არ აქვს ამ სიტყვის უარყოფით მნიშვნელობასთან დაკავშირებული გამოცდილება.
ასე რომ გაგების გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინაღობაა სიტყვების, მოქმედებების, გაგებების, გამოცდილების, სიგნალების განსხვავებული ინტერპრეტირება.
2. საკუთარი ინტერპრეტირებების, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტად რეალურის აღიარება
რადგან უსმენთ, არ ნიშნავს, რომ გესმით.
მივაქციოთ ყურადღება, როგორ ვიქცევით თუკი საუბრის დროს ჩვენდამი ნათქვამი არ შეესაბამება ჩვენეულ წარმოდგენებს და ხედვებს. ჩვენი ტვინი იწყებს ამ ნათქვამის ბლოკირებას და მიუღებელი ინფორმაციის უარყოფას.
გამოდის, რომ ჩვენი შესაძლებლობა მოვისმინოთ შეზღუდულია ჩვენი რწმენებით და შეხედულებებით. ესე იგი, ჩვენ გვესმის მხოლოდ, ის რაც სინამდვილეში ისედაც ვიცით. და რაც შეესაბამება იმას, რასაც სწორად მივიჩნევთ.
ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის და ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენებს, იბლოკება ჩვენს მიერ. ჩვენ ცალსახად ვიცავთ ჩვენს უკვე არსებულ წარმოდგენებს და არც კი ვცდილობთ მიღებული ინფორმაციის შემოწმებას.
ფრაზა “ჩემი არ გესმის!” ზუსტად აქედან იღებს სათავეს – ვთვლით საკუთარ თავს ცალსახად მართლად და იგნორს ვუკეთებთ თანამოსაუბრეს. იგივეს აკეთებს ისიც.
კიდევ, ასეთი მაგალითი, ქორწინებიდან 1 ან 2 წლის შემდეგ, როდესაც მეუღლეები შეეჯახებიან ერთმანეთში გარკვეული გაუგებრობის პრობლემებს, ცოლი აცხადებს: “ახლა ვხვდები რასაც წარმოადგენ სინამდვილეში!” ნუთუ შესაძლებელია ადამიანს ცოლად გაჰყვე და ორი წლის შემდეგ გაიგო თუ ვინაა ის სინამდვილეში? უბრალოდ მეუღლეებს სჯერათ, რომ მეორე ნახევარი მათ წარმოსახვას შეესაბამება, სინამდვილე კი თავიდანვე სხვაგვარი იყო. და შეკითხვაზე რატომ დაცილდით? მეუღლეები ყველაზე ხშირად პასუხობენ: ის არ აღმოჩნდა ვინც მეგონა.
სამწუხაროდ, შეუძლებელია გაიცნო ადამიანი, სანამ ჩვენი ტვინი ატარებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება მის წარმოსახვებს. რეალურად გამოდის, რომ მხოლოდ იმას ვუყურებთ, რაც გვინდა დავინახოთ.
გაგება არ არსებობს, და არც შეიძლება არსებობდეს, სანამ ჩვენ თავადვე ვხატავთ ჩვენს თავში მათ წარმოსახვებს, ვინც ჩვენს გვერდითაა, ვურთიერთობთ ამ წარმოსახვებთან და არა რეალურ ადამიანთან.
და თუ კი ადამიანი რაღაც მომენტში აღარ შეესაბამება ამ წარმოსახვას, ჩვენ ვეღარ ვიგებთ რა მოხდა, რამ გამოიწვია ადამიანის ასეთი “ცვლილება”. ამ დროს ადამიანს რაიმის გაგების სურვილიც არა აქვს, პირდაპირ იდება შეფასება “ცუდია”.
წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ თავიდანვე არავინ ცდილობს კარგად შეისწავლოს ადამიანი, ვინც გვერდითაა – რა მოსწონს, რა სურს, რა აინტერესებს, იღებს თუ არა ჩვენი ცხოვრების წესს ან საერთოდ სხვა შეხედულებები აქვს. ჩვენ ავტომატურად მივიჩნევთ, რომ ახლობელი ადამიანი სრულად უნდა იზიარებდეს ჩვენს შეხედულებებს, და გაბრაზებას ვიწყებთ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის.
არის კიდევ ერთი მომენტი. ჩვენ ქვეცნობიერად გვიჩნდება შიში, რომ გავუგებთ და შევიცნობთ რა სრულად ახლო ადამიანს, ჩვენ გაგვიცრუვდება იმედები, ისე რომ ვერ მოვასწრებთ ჩვენი ილუზიებით დატკბობას. არადა, რამდენი პრობლემის აცილება შეიძლებოდა თავიდან! ხშირად ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არა ადამიანთან, არამედ ჩვენს ილუზიასთან მასზე. ადამიანი რაც უფრო დაინტერესებულია სხვა ადამიანით, მით მეტია შეცდომის დაშვების შესაძლებლობა.
დაფიქრდით, რამდენად მზად ხართ მიიღოთ ახალი აზრები? რას აკეთებთ როდესაც რაიმე თანხვედრაში არ მოდის თქვენს აზროვნების სტრუქტურასთან? ცდილობთ თუ არა გაუგოთ მათ ვის აზრებსაც არ იზიარებთ?
3. პირადი დამოკიდებულება ინფორმაციისადმი
პირადი დამოკიდებულება – ესაა როდესაც პიროვნული ინტერესები, მოთხოვნილებები და ემოციები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს აღქმაზე. ჩვენ გვესმის მხოლოდ ის, რაც გვინდა გავიგონოთ, და ყურადღების მიღმა გვრჩება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სხვების მხრიდან მოდის.
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ იმ სიტყვებზე რომელთა მოსმენაც გვსიამოვნებს, კონცენტრირდება ჩვენი ყურადღება სრულად და მათ გარდა არაფრის გაგონება არ გვინდა. თუნდაც სიყვარულის ამხსნელ სიტყვებზე ჩვენი ყურადღება იმდენად იციკლება, რომ საერთოდ, არ ვაკვირდებით რა კონტექსტში იყო ისინი ნათქვამი.
თუკი საუბრისას ჩვენ რაიმე არ მოგვწონს, ან მით უმეტეს არ გვსიამოვნებს, ტკივილს და წყენას გვაყენებს, ამ შემთხვევაში პირველ პლანზე ადამიანების ტიპიური რეაქციები გამოდის, და ჩვენ დაუყოვნებლივ ვკონცენტრირდებით საკუთარ შეგრძნებებზე, აზრებზე, და არა მოსაუბრის სიტყვებზე.
თუკი რაიმე ჩვენთვის გაუგებარია, უცხო, არ ემთხვევა ჩვენს წარმოდგენებს, ჩვენ არც კი ვცდილობთ მის გაგებას და ფსიქოლოგიურად პირდაპირ თავდაცვის პოზაში ვდგებით. ადამიანი არ არის დაინტერესებული რაიმე ახლის გაგებით. ის დაინტერესებულია იმის დადასტურებაში, რაც ისედაც იცის.
თუკი ადამიანი მოკლედ ამბობს: “მე ყველაფერი გავიგე”, ის უბრალოდ ადასტურებს, იმას რაც ისედაც იცოდა და ეთანხმებოდა. არაფერი ახალი მას არ გაუგია და უბრალოდ დაადასტურა რაც იცოდა. ხოლო მეორე მხარესთან საუბრის შემდეგ ჩათვლის, რომ მასთან ლაპარაკით ბევრი რამ გაიგო.
არ ვცდილობთ რა გავიგოთ მოსაუბრის აზრი, ჩვენ ვიწყებთ სუბიექტური შეფასებების გაკეთებას “ეს ცუდია”, “ეს კარგია”. ამგვარად იყოფა სამყარო “კარგებად” და “ცუდებად”. კარგია – ვინც ჩვენს აზრს, რწმენებს, იდეებს იზიარებს. ცუდია – ვინც ამას ვერ ახერხებს.
ინფორმაციის ნეიტრალური აღქმა, რომლის გააზრება საჭიროა – არ ხდება. თუკი ჩემთვის რაიმე სასარგებლოა – ეს კარგია, თუკი არა – ესე იგი ცუდი. თუკი ვინმეს საქციელი არ მოგვეწონა, ეს იწვევს გულისწყრომას და საერთოდ აღარ გვაინტერესებს რით იყო ის გამოწვეული ან პირიქით მე რაღაც მესიამოვნა და ასევე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ან რა საჭიროა გავერკვე რით არის ეს გამოწვეული.
4. გარკვეული უცვლელი წარმოდგენა ან დასკვნა სხვა ადამიანზე
საქმე იმაშია, რომ ჩვენ არამხოლოდ ვუსმენთ თანამოსაუბრეს, ასევე ამ საუბრიდან გამოგვაქვს გარკვეული დასკვნები თავად ამ ადამიანის შესახებ.
როგორც კი ჩვენ საუბრის პროცესში ვიწყებთ ადამიანის სუბიექტურად შეფასებას, მისი სწორად გაგების შესაძლებლობა ქრება. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს “ამას რატო უნდა უსმინო” ან “ამან რა უნდა მითხრას რაც მე არ ვიცი”
ისმის შეკითხვა – არსებობს კი საერთოდ ადამიანებს შორის გაგება და რა შემთხვევაშია ის შესაძლებელი?
სხვა ადამიანის რეალურად გაგება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შევეცდებით მის გულისყურით მოსმენას. როდესაც თავს დავანებებთ სუბიექტურ შეფასებებს და შევეცდებით სიტუაცია დავინახოთ მოსაუბრის თვალებით და მისი პოზოციიდან.
ეს რთული გასაკეთებელია, თუნდაც, მისი პოზიციიდან სიტუაციის დანახვის მიუხედავად ყველაფერს მაინც საკუთარი გამოცდილებიდან და რეალობის აღქმიდან გამომდინარე ვაფასებთ.
მოგცემთ ერთ კარგ რჩევას, როდესაც უსმენთ სხვას, აღარ უსმინოთ საკუთარ თავს. დააყენეთ თავი ამ ადამიანის ადგილზე, შედით მის განცდებში და წარმოიდგინეთ რას გრძნობს ის, შეეცადეთ წაიკითხოთ მისი აზრები, მისი გამოცდილების გადასახედიდან.
ამასთანავე უნდა გითხრათ, რომ ეს რთულიცაა და დამღლელიც.
ამდენად ეს თქვენთვის უნდა იყოს მეთოდი, მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი. ამიტომ არის, რომ არასოდეს გაქვთ სხვისი გაგებისათვის საჭირო დრო და ენერგია, თუკი ეს თქვენი მიზანი არ არის.
ძალიან ხშირად ადამიანებს უბრალოდ უნდათ გაუზიარონ სხვებს თავიანთი განცდები. მოისმინონ მათგან მხარდაჭერა და თანხმობა იმაზე, რასაც თვლიან ჭეშმარიტებად.
ამდენად, ურთიერთობის პროცესში ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი რას ვეძებთ ადამიანთან ურთიერთობით? გაგებას თუ თანხმობას? რა არის თქვენი ურთიერთობის მიზანი?