თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა” უკვე შეიმუშავა.
კომპანიამ სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის ესკიზი მიმდინარე წლის აგვისტოში შესათანხმებლად მერიის არქიტექტურის სამსახურშიც წარადგინა, რაზეც სამსახურმა თანხმობა მისცა.
ესკიზის მიხედვით, „კოკო არქიტექტორებს“ ანძის განვითარების ორი ვარიანტი აქვს შემუშავებული. ორივე ანძაზე ტურისტებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა. პირველი ვარიანტის თანახმად, საუბარია ორსართულიანი სამკუთხედის ფორმის სივრცეზე, რომელიც აერთიანებს – რესტორანს, ბარს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის, ლაუნჯს, ტერასას და საკონფერენციო ოთახს.
მე-2 ვარიანტის თანახმად კი, ანძაზე წრიული ფორმის სივრცე მოეწყობა, რომელიც ასევე ორსართულიანი იქნება და გააერთიანებს – ბარს, რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციოს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის.
კონცეფციაში საპროექტო ტერიტორიის შესაძლო გაფართოებაზეც არის საუბარი. მათ შორის საუბარია, სასტუმროს ან სპა სასტუმროს (ხედებით) მოწყობაზე. ამასთან, კონცეფციის მიხედვით, განიხილება წრიული მოძრავი იატაკის მქონე რესტორნის მოწყობაც. შემუშავებული ესკიზის მიხედვით, სატელევიზიო ანძაზე ორი ლიფტიც დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრმა” მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარი იყო. ტენდერში ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა” გაიმარჯვა, რომელსაც პროექტის მომზადებაში 100 500 ლარი უნდა მიეღო.