8 უმდიდრესი ადამიანის მდგომარეობა, მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის მთლიან შემოსავლებს უტოლდება. კვლევა საქველმოქმედო ორგანიზაციის Oxfam-ის მიერაა ჩატარებული.
8 უმდიდრეს ადამიანთა რიცხვში შედიან Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი (წმინდა აქტივების ღირებულება – $ 75 მილიარდი), Inditex-ის ყოფილი პრეზიდენტი ამანსიო ორტეგა, რომელიც ფლობს მაღაზიათა ქსელს Zara ($ 67 მილიარდი), ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი ($ 60.8 მილიარდი), მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი ($ 50 მილიარდი), Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი ($ 45.2 მილიარდი), Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ($ 44.6 მილიარდი), კომპანია Oracle-ის CEO ლარი ელისონი ($ 43.6 მილიარდი) და მაიკლ ბლუმბერგი ($ 40 მილიარდი).
“ეს აღმაშფოთებელია, რომ ასეთი რაოდენობის თანხები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელთაა, როცა ათიდან ერთი ადამიანი მსოფლიოში იძულებულია თავი ირჩინოს ორ დოლარზე ნაკლებით დღეში. უთანასწორობა ხელს უწყობს იმას, რომ უამრავ ადამიანი სიღარიბის ხაფანგში იმყოფებოდეს. ეს ანგრევს ჩვენს საზოგადოებას და ძირს უთხრის დემოკრატიას.” – ციტირებს საიტი Oxfam Winnie Byanyima-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ უახლოესი 25 წლის განმავლობაში, მსოფლიოში შეიძლება გამოჩნდეს პირველი ტრილიონერი. Oxfam-ის გათვლების მიხედვით, იმისათვის რომ დახარჯო ტრილიონი დოლარი, საჭიროა 2738 წლის განმავლობაში ყოველ დღე ერთი მილიონი დოლარის გახარჯვა.
Oxfam-ის ცნობით, დღესდღეობით, ათიდან შვიდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც შემოსავლების უთანასწორობა გაიზარდა. ამავე დროს, ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საჭირო იქნება კიდევ 170 წელი, რათა ქალის ხელფასი მამაკაცისას გაუტოლდეს.
Oxfam 1942 წელს ოქსფორდში დაარსდა, რათა დაეხმაროს გაჭირვებულებს. ამჟამად, ეს საერთაშორისო გაერთიანება 17 ორგანიზაციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. ორგანიზაციის მიზანია, რომ გადაჭრას სიღარიბის პრობლემა და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა მთელს მსოფლიოში.