1942 წლის 19 თებერვალს 9:30 საათზე არტილერიის გამოყენებით სასტიკი ბრძოლების შედეგად, გერმანული ვერმახტის ჯარებმა კანადის ქალაქი ვინიპეგი აიღეს. ვინიპეგს მაშინვე ჰიმლერშტადტი, ხოლო მთავარ ქუჩას ჰიტლერშტრასე ეწოდა. მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა, რომ ეს იყო სარეკლამო კამპანია „დიდი ომის სესხისთვის“ თანხების მოსაზიდად და სროლის ხმები დადგმული იყო. დანარჩენებმა კანადის ნაცისტური ოკუპაცია პირდაპაირ აღიქვეს. სარეკლამო კამპანია წინასწარ გამოცხადდა რადიოში მოკლე შეტყობინებით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, 90%-ს ის არ მოუსმენია. შედეგებმა, როგორც ამბობენ, მოლოდინს გადააჭარბა.
ვერმახტის ფორმაში გამოწყობილი 3500 კანადელი ჯარისკაცი გაიფანტა მთელ ვინიპეგში, ახალი მთავრობის დასამყარებლად. დაიწყო ხალხის დაპატიმრება, ისინი გადაჰყავდათ გოლფის კლუბის შენობაში მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში. ვინიპეგის მერი, ვიცე-გუბერნატორი და ნორვეგიის ელჩიც კი, რომელიც არასწორ დროს იყო სტუმრად მოსული, დააკავეს.
ქალაქის საბჭოს წევრი დენ მაკნეილი გაიქცა და დაიმალა. თუმცა, მალევე, კომენდანტის ოფისში დიასახლისმა დარეკა და „ახალ ხელისუფლებას“ აცნობა, თუ სად იმალებოდა. მაკნეილი დააპატიმრეს.

„კომენდანტის ოფისში“ რამდენიმე ადამიანი თავად მივიდა და ებრაელებისა და „არასანდო პირების“ მისამართების სიები წარსადგენად. ზოგიერთს დამხმარე პოლიციასა და SS-ში გაწევრიანება სურდა, ხელფასებზე კითხულობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ „ნამდვილი არიელები“ იყვნენ.
„ოკუპანტების“ მიმართულებით არც ერთი გასროლა არ გაკეთებულა. წინააღმდეგობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ვინიპეგის ოკუპაციის დროს ორი მსხვერპლი იყო – შენიღბული „გერმანელი“, რომელმაც შემთხვევით კოჭი დაიზიანა და ქალი, რომელმაც თითი გაიჭრა, როდესაც გერმანელების თავდასხმის იმიტაციით შუქი ჩააქრეს.
„გერმანელებმა“ ვინიპეგში კანადური დოლარის რაიხსმარკებში გაცვლის პუნქტი გახსნეს – მის წინ უზარმაზარი რიგი წარმოიშვა. არავის მიუქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ ყალბი კუპიურების მეორე მხარეს სამხედრო სესხის რეკლამა იყო განთავსებული. ჯარისკაცებმა ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ „ებრაული წიგნები“ დაწვეს, კაფეებში შევიდნენ და სტუმრებს სადილი წაართვეს. ისინი ჩუმად აღშფოთდნენ.
„გერმანულმა არმიამ“ დემონსტრაციულად გაძარცვა მაღაზიები და ზოგიერთი სახლი, სვასტიკებით გამოსახული დროშები ჩამოკიდა, მოქალაქეებს მანქანების ჩაბარება აიძულეს და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ. დაპატიმრებულმა მერმა დაარწმუნა, რომ წინააღმდეგობა არ უნდა იყოს მოსალოდნელი, კანადის მოქალაქეები კანონმორჩილები არიანო.
„ოკუპაცია“ საღამოს 5:30 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ვინიპეგის ცენტრში უზარმაზარი პლაკატები გამოჩნდა: „ეს აქ არ უნდა მოხდეს! იყიდეთ დიდი საომარი სესხის ობლიგაციები!“
სარეკლამო კამპანია, სახელწოდებით „დღე, თუ…“, ორგანიზატორებს 3000 კანადური დოლარი დაუჯდათ, შემოსავალმა კი 60 მილიონი შეადგინა! როგორც ჩანს, ეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული რეკლამაა.
23 ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ფრონტზე მოხალისედ წასულიყო. „თანამშრომლები“, რომლებიც ებრაელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ და პოლიციაში აპირებდნენ შესვლას, არ დაისაჯნენ – ამისთვის ოფიციალური მიზეზი არ არსებობდა.
რა გვასწავლა ამ ისტორიამ? ქალაქში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გერმანელებს ყვავილებით, პურ-მარილით ხვდებოდნენ. ასევე საკმარისზე მეტი ადამიანი დამხმარე პოლიციაში შესვლას აპირებდა. ერთი, რომ ეს იყო ბრწყინვალე, უნიკალური სარეკლამო კამპანია – რომელმაც ყველას აჩვენა, თუ რა მოხდებოდა, კანადაში გერმანული არმიის გამოჩენის შემთხვევაში. და მეორე, ეს იყო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელმაც ნათლად გააშიშვლა ადამიანების ნამდვილი ბუნება კრიზისის და გასაჭირის დროს.