ჩერქეზთა გენოციდი

0
56

“რუსი ჯარისკაცები ჩერქეზების თავებს ბოძზე აცვამენ, გრიგორი ზასი სიამოვნებით უყურებს”

/ნიკოლაი ლორერი/

მინდა ცოტა, რამ მოგითხროთ იმ ადგილის ტრაგიკული ისტორიის შესახებ, სადაც 2014 წელს ჩატარდა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები – “ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის დღესასწაული”

1864 წლის 21 მაისს “კრასნაია პოლიანაში” (ყოფილი კბაადას ტერიტორია) გაიმართა სამხედრო აღლუმი ჩერქეზებზე გამარჯვების პატივსაცემად. სოჭი არის ერთ-ერთი ჩერქეზული ტომის, შაფსუგების საცხოვრებელი ადგილი. ისინი თითქმის სრულად განადგურდნენ ბოლო კავკასიური ომის დროს, ისევე, როგორც უბიხები. ბოლო ბრძოლა რუსებსა და ჩერქეზებს შორის გაიმართა კბაადას ტერიტორიაზე, ეს იყო ჩერქეზთა დაცვის ბოლო ხაზი. 20 ათასი ჩერქეზი იბრძოდა ასი ათასიანი რუსთა ძლიერი არმიის წინააღმდეგ. თავიდავნე არავითარი შანსები არ არსებობდა.

რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების წინააღმდეგ ბრძოლის კარგი მაგალითი იყო კავალერიის გენერლის გრიგორი ფონ ზასის ტაქტიკა: ჩერქეზების მოსავალი და მარცვლეულის მარაგი დაუნდობლად ნადგურდებოდა. იჩეხებოდა ბაღები და ვენახები. სოფლებზე თავდასხმისას რუსი ჯარი არტილერიიდან ცეცხლს უხსნიდა მოსახლეობის ქოხებს. მთის პირუტყვის ხელში ჩაგდებისა და განდევნის მიზნით განადგურდა თივის მარაგი, რის შედეგადაც მთიელებს პირუტყვის ვაკე საძოვრებზე გადაყვანა უწევდათ, სადაც მათ იპყრობდნენ და ატუსაღებდნენ.

აქვე მოვიყვან რამოდენიმე ციტატა ლევ ტოლსტოისგან, რომელიც თავად მსახურობდა კავკასიაში.

“დარბევა. “მოხალისის ნაამბობი”: “ერთი წუთის შემდეგ დრაგუნები, კაზაკები და ქვეითი ჯარისკაცები ხილული სიხარულით მიმოიფანტნენ დახრილ ქუჩებში და ცარიელი აული მყისიერად გაცოცხლდა. სადღაც იშლება სახურავი, ნაჯახი ხეზე აკაკუნებს და ხის კარი იმტვრევა; აქ თივას, ღობეს, საკლიას ცეცხლი ეკიდება და კვამლის სქელი სვეტი ამოდის სუფთა ჰაერზე. აი კაზაკი მიათრევს ფქვილის ტომარას და ხალიჩას; ჯარისკაცს მხიარული სახით გამოაქვს საკლიადან თუნუქის ტაზი და რაღაც ნაჭერი “

„კაზაკები“: „რუსები მოვიდნენ, სოფელს ცეცხლი წაუკიდეს, ყველა კაცი დახოცეს, ყველა ქალი დაატყვევეს. ჭაბუკი ჩერქეზი ჩამოვიდა მთიდან : სადაც სოფელი იყო, ის ადგილი ცარიელი ადგილია, არც დედა, არც ძმა, არც სახლი, „მხოლოდ ხე დარჩა“.

“ჰაჯი მურატი”: “ორი თივის ღერო დაიწვა, მოხუცის მიერ დარგული და მოვლილი გარგარი და ალუბალი დაამტვრიეს და დაწვეს, რაც მთავარია, ყველა სკა დაწვეს. ქალების ყვირილი ისმოდა ყველა სახლსა და მოედანზე, სადაც კიდევ ორი ​​ცხედარი მოჰქონდათ. პატარები ტიროდნენ, დედებთან ერთად. ტიროდნენ მოზრდილი ბავშვები არ თამაშობდნენ, მაგრამ შეშინებული თვალებით უყურებდნენ უფროსებს. შადრევანი აშკარად გამიზნულად იყო დაბინძურებული. წაბილწული იყო მეჩეთიც და მოლამ მას ასუფთავებდა.”

ხალხის ცოცხლად დაწვა, მოჭრილი თავების შეგროვება, შუბებზე ჩამოსმა, ბავშვების ცოცხლად დამარხვა, სოფლების დაწვა, ეპიდემიების გავრცელება და მასობრივი გაუპატიურება ფართოდ იყო გავრცელებული. თავად ზასი კოლექციონერი იყო – მას ჰქონდა ჩერქეზების სხეულის მოჭრილი ნაწილების კოლექცია.

გრიგორი ზასი ამ მეთოდის წარმატების გამო დაინიშნა მთავარსარდლად და მიენიჭა საგანგებო უფლებამოსილებები.

რაპორტებში ხშირად შეხვდებოდით შემდეგ ცნობებს: „სოფელი მიწასთან გაასწორეს”, „წინააღმდეგობის გამწევები აულათან ერთად ცეცხლსა და მახვილს მიეცა“, „მაცხოვრებლები სოფლის ცეცხლში დაიღუპნენ“. ზასმა თქვა: ”რუსეთს სურს კავკასიის დაპყრობა ნებისმიერ ფასად. ხალხებთან, ჩვენს მტრებთან, როგორ, თუ არა შიშით და მუქარით?… აქ ფინანტროპია არ გამოგვადგება და ერმოლოვი, რომელიც უმოწყალოდ კიდებდა სახრჩობელაზე, ძარცვავდა და წვავდა სოფლებს, ჩვენზე უფრო წარმატებული იყო მარტო ამაში. დღესაც კი მოწიწებით წარმოთქვამენ მის სახელს მთაში და პატარა ბავშვებს აშინებენ“.

საერთო ჯამში, 500,000-დან 900,000-მდე ადამიანი დაიღუპა ან განდევნეს თავისი მიწებიდან. ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა ოსმალეთის იმპერიისკენ მიმავალ გზაზე. 1865 წლისთვის ჩერქეზების 97% მოკლეს ან დეპორტირებულ იქნა.