მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები საგადასახადო დაბეგვრის სფეროში

0
329

საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებულია რამოდენიმე კანონპროექტი რომელიც ეხება საგადასახადო დაბეგრის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვას, წინამდებარე ინიციატივები ჩამოყალიბებულია კანონპროექტის სახით და მათი პარლამენტის მიერ განხილვა (მათი გარკვეული ნაწილის გარდა) და შესაბამისი დამტკიცება ამ დროისთვის ჯერჯერობით არ მომხდარა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების მიხედვით:

1. განაწილებული მოგების გადასახადის (ე.წ. ესტონური მოდელი) განაკვეთი შემცირდება 15%-იდან 10%-მდე.

2. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის დაწესებული 100 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება 200 000 ლარიანი ზღვარით და კომპანიები დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციას განახორციელებენ დასაბეგრი ოპერაციების თანხების 200 000 ლარზე გადაჭარბების შემდგომ.

3.მთლიანად უქმდება იმპორტის გადასახადი, შესაბამისად ცალკეული სახის საქონლის იმპორტი აღარ დაიბეგრება 12% და 5%-ით.

4. ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით. იჯარიდან მიღებული შემოსავალი ადრეც შესაძლოა დაბეგრილიყო 5%-იანი განაკვეთით თუმცა არა ყველა შემთვევაში.

5. ფიზიკური პირის მიერ ბინის, სახლის და სხვა ქონების (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულისა) რეალიზაციისას მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებისათვის აღარ იქნება აუცილებელი საკუთრებაში მოცემული ქონების მინიმუმ 2 წლით არსებობა (ავტომანქანებებზე საკუთრებაში 6 თეზე მეტი ხანი არსებობა) და მათი რეალიზაციისას ყოველივე ზემოაღნიშნული შეზღუდვის გარეშე მიღებული ნამეტის დაბეგრა აღარ მოხდება.

6. პირის მიერ საფოსტო გზავნილით საქონლის იმპორტისას დაწესებული 300 ლარიანი ზღვარი იზრდება ერთი კანონპროექტის მიხედვით 500 ლარამდე (ხოლო მეორე კანონპროექტის მიხედვით რაც ასევე განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე -1000 ლარამდე). შესაბამისად 500 ლარამდე (ან 1000 ლარამდე თუ ეს უკანასკნელი რედაქცია ამოქმედდება) საქონლის იმპორტის სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღარ დაიბეგრება გადასახადებით.

7. უქმდება ე.წ. „მიკრო ბიზნესის“ სტატუსი და ბიზნესი რომელთა წლიური შემოსავლები 100 000 ლარზე ნაკლები იქნება იწოდება მცირე ბიზნესად და აღარ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. 100 000 ლარზე ზევით შემოსავლების მქონე პირების დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადის ზოგადი წესით.

8. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციაში თანხის შემცირებისას სისხლის სამართვებრივი პასუხისმგებლობის 50 000 ლარიანი ზღვარი, იცვლება 500 000 ლარიანი ზღვარით, შესაბამისად პირის სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება გადასახადის მხოლოდ 500 000 ლარზე მეტი შემცირება.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს (კანონის პროექტს) და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ჯერჯერობით არ არის. ჩვენს მიერ მოცემული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს გადამხედლთა წინასწარ ინფორმირებას მოცემული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მათ მიერ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.