საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის ისეთ მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის გარდა, თვითმმართველობებიც აირჩევს

0
202

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის იმდაგვარ წესზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ახალი მოდელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შესაძლებელია მმართველი გუნდი დათანხმდეს.

“დღეს კომისიაში მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება. ასევე საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციას, რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტი ჩართულობა. შესაძლებელია ამას მმართველი გუნდი დათანხმდეს. თუკი პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდეს. ცხადია, ამ ყველაფერთან დაკავშირებულია პარლამენტის არჩევის სისტემა – უნდა შეიცვალოს პარლამენტის არჩევის წესი და უფრო სამართლიანი გახდეს “, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხს, გiგაურის თქმით, საერთო ჯამში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები დიდად არ იკვეცება, თუმცა ცვლილებები არის.

“მნიშვნელოვანია დოკუმენტის ბოლო ვარიანტს შევხედოთ, რადგან ჯერჯერობით კომისიაში დისკუსიაა. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რაზეც გასულ წლებში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საუბრობდა, ასევე მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უშიშროების ეროვნული საბჭო უფრო ქმედითი მექანიზმი გახდეს, თუმცა საერთო ჯამში, დიდი ცვლილებები არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა გიგაურმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის გათვალისწინებით, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ – სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.