ბუდისტური ლოცვის აზრი – თვითგანვითარების ფილოსოფია

0
3289

ადრეული ცივილიზაციებიდან  კაცობრიობას ძალიან ცოტა რამ შემორჩა, განსაკუთრებით ცოტაა წერილობითი წყაროები, თუმცა რაც შემორჩა ეს ძირითადად ლოცვითი ტექსტებია – დაწყებული შუმერული ტაძრის საგალობლებიდან და დამთავრებული ძველეგვიპტური შელოცვებით ღმერთებისადმი. რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელვანი იყო ნებისმიერი ეპოქის ადამიანისათვის ზეციური არსებებისადმი ლოცვა. ლოცვა ამა თუ იმ ფორმით წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა მთავარ რელიგიაში. და ზუსტად ლოცვებშია გადმოცემული და შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქის და წარმომავლობის ადამიანების ფსიქოლოგია, ცხოვრების წესი, პრობლემები და ფილოსოფიური მსოფმხედველობა. ის თუ ვის მიმართ და რა სახის ლოცვებს აღავლენს ადამიანი, კარგად დაგვანახებს მის მიერ სამყაროს აღქმის მატრიცას. 

დღეს მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო აღმოსავლურ მსოფმხედველობაზე.  ამ შემთხვევაში, ბუდისტური ლოცვების შინაარსი მინდა განვიხილო ფილოსოფიური თვალსაზრისით. ქართველი მკითხველის გადმოსახედიდან, ბუდიზმი რაღაც “ეგზოტიკური” რელიგიაა, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან. თუმცა ბუდიზმი თავისი შინაარსით და მსოფმხედველობით არათეისტური რელიგიაა, რადგან ის არ აღიარებს არც ღმერთის და არც სულის არსებობას. ამ აზრით, ბუდისტების მოძღვრება და პრაქტიკა უფრო ფილოსოფიაა, ვიდრე სარწმუნოება. ამის გამო ბუდისტების თეორიასა და პრაქტიკას არ ახასიათებს მკაცრი დოგმატიზმი და არ გააჩნია წეს-განგებათა უნიფიცირებული ნიმუში, ე.წ. ტიპიკონი. ბუდა შაკიამუნიც არ მიიჩნევდა თავის თავს ღმერთად, ღმერთის შვილად, წინასწარმეტყველად ან რაიმე ზეციური ძალით დაჯილდოებულ არსებად. ის თავს თვლიდა ადამიანად, რომელმაც მიაღწია სრულ ცოდნას, “გასხივოსნებას”. ეს პრინციპული განსხვავებაა ყველა სხვა რელიგიური ფილოსოფიისაგან.

თუმცა თუ მოხვდებით რომელიმე ბუდისტურ ტაძარში ან მონასტერში დაინახავთ, რომ მრავალი ადამიანი დაკეცილი პერგამენტებით ხელში ჩურჩულებს რაიმეს ბუდას ქანდაკების წინაშე. მათ, ვინც ტიბეტურ ბუდიზმს იცნობს, ასევე გაუგონიათ, რომ არსებობს სალოცავი მძივები, დრამები და დროშები. და რაშია ამ ყველაფრის აზრი, თუკი თავად ბუდისტების შეხედულებით ლოცვა არავის ესმის?

ზოგადად რა არის ლოცვა?

რელიგიური პრაქტიკის სახე, რომლის დროსაც ინდივიდი ცდილობს ღმერთთან ან სულთან დაკავშირებას. ლოცვის აქტში სამი შემადგენელი მონაწილეობს: ლოცვის შემსრულებელი პირი, ობიექტი, რომლის მიმართაც სრულდება ლოცვა, და ის რისთვისაც სრულდება ლოცვა. ლოცვით ადამიანი შესთხოვს ზეციურ არსებებს, რომ დაეხმარონ, შეუმსუბუქონ განსაცდელი ან რაიმე უბოძონ. არსებობს ხალხი, ვინც ლოცულობს: ”ღმერთო, (ბუდა, ალაჰ ან სხვა) გთხოვ, მომეცი მერსედესი ან დამაწყებინე კარგი სამსახური!” – ბუდისტი მასწავლებლების უმეტესობა იტყვის, რომ ასეთი ლოცვები უსარგებლოა. ამიტომ ბუდიზმში ლოცვის თემა არაერთგვაროვანია. ბოლოს და ბოლოს, ვისთვის და რატომ ლოცულობენ ბუდისტები თავიანთ არათეისტურ რელიგიაში, სადაც არ არსებობს შემოქმედი ღმერთი? თუ არავინ არის, ვინც კურთხევას მოგცემს, რა აზრი აქვს ლოცვას? თუკი არავინ არსებობს, ვის შეუძლია ჩვენი ტანჯვის და პრობლემების შემსუბუქება?

და აქ საინტერესო პასუხი:

თუ ჩვენ გვინდა რაიმე შეცვალოთ, ლოცვა საკმარისი არ არის. შეცვლა საჭიროებს მოქმედებას.

–  მეთოთხმეტე დალაი ლამა

ბუდა ასწავლიდა, რომ ვერავინ, მათ შორის თვითონაც კი, მთელი თავისი სიბრძნით და შესაძლებლობებით, ვერ აღმოფხვრის ჩვენს ყველა პრობლემას და ვერ გვიხსნის განსაცდელისაგან. ეს შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ. ჩვენ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. თუკი არ გვინდა პრობლემები და ტანჯვა, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ მათი მიზეზები. და თუკი გვინდა ვიყოთ ბედნიერები, უნდა შევქმნათ ბედნიერების მიზეზი. ბუდისტური თვალსაზრისით, ჩვენ ამას მივაღწევთ სუფთა ზნეობისა და ეთიკის დაცვით. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა შევცვალოთ ჩვენი ქცევა და გონებრივი მდგომარეობა, რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა.

მაშ ვისთვის ლოცულობენ ბუდისტები?

რას ითხოვენ ადამიანები და ვის ევედრებიან, როდესაც ქანდაკებებს თაყვანს სცემენ, ტაძრებში საკმეველს ანთებენ და ლოცვებს კითხულობენ?

ბუდიზმს „შინაგან რელიგიას“, ანუ „შინაგანი სამყაროს რელიგიას“ უწოდებენ, რადგან მედიტაციის (იგივე ლოცვის) მეშვეობით მორწმუნე არა ღმერთს, არამედ საკუთარი სულის სიღრმეს უკავშირდება, რადგან ბუდიზმს შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია. ბუდიზმში, ევედრებიან ბუდას და ბოდჰისატვას, სთხოვენ მათ გამხნევებასა და ძალას, რათა საკუთარ თავზე იმუშაონ, რათა თავადვე შეძლონ ბედნიერების მიზეზების შექმნა და ასევე სხვა არსებებს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანონ. ბუდიზმში არაფერი უცნაური არ ხდება: ბუდები ჯადოქრული ჯოხის ძალით არ იძლევიან საჩუქრებს, არც სურვილებს ასრულებენ და არც განსაკუთრებულ ძალას აძლევენ ვინმეს. მლოცველი ლოცვის დროს ფიქრობს ბუდაზე, მის მაგალითს უყურებს. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოს თავის შესაძლებლობებში და  სჯეროდეს: “მე შემიძლია!”

ბუდისტური ლოცვები, როგორიცაა სუტრების კითხვა, მანტრების გალობა და ღვთაებების ვიზუალიზაცია, საჭიროა შინაგან შესაძლებლობთან დასაკავშირებლად, რათა ადამიანმა შეიძინოს ისეთი შემოქმედებითი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა, ენთუზიაზმი, მოთმინება და ა.შ, რათა დაეხმაროს სხვა არსებებს (არა მარტო ადამიანებს, ბუდიზმის მიხედვით ყველა არსებას აქვს “სული” ანუ სიცოცხლის უფლება).

შვიდნაწილიანი ლოცვა

აქ კი მინდა მოვიყვანო ბუდიზმში ყველაზე ცნობილი ლოცვა, რომელიც პირველად მე მხვდა პატივი მეთარგმნა ქართულად და განვიხილო ის სამყაროს აღქმის და ცხოვრებისეული ფილოსოფიის თვალსაზრისით. ამასთან თარგმნის პროცესი საკმაოდ რთული იყო, რადგან გასათვალისწინებელია, რომ აღმოსავლური ენები და აზროვნებაც კი საკმაოდ განსხვავდება ქართულისაგან. ეს განსხვავება კიდევ უფრო თვალნათელია ისეთი რთული ტექსტების თარგმნის დროს, როგორიცაა ლოცვები. ასე, რომ შევეცადე ერთის მხრივ არ დამერღვია ლოცვის ტექსტი, ხოლო მეორეს მხრივ ის ნათლად გასაგები ყოფილიყო ქართველი მკითხველისათვის. რაც შეეხება თავად ლოცვას, შვიდნაწილიანი ლოცვა საკმაოდ კარგად ცნობილი პრაქტიკაა, რომელიც შეიცავს მთელი ბუდისტური გზის არსს. ის შედგება შვიდი ნაწილისაგან, რომელთაგან თითოეულს თავისი დანიშნულება და საიდუმლო შინაარსი გააჩნია. შევეცდები ყველა ნაწილი მარტივად განვმარტო:

(1) მე განვერთხმი ბუდების წინაშე, რომელნიც სამი დროის მშვენებაა, ასევე  დჰარმასა და უზენაესი კრებულის წინაშე, იმდენი სხეულით ვიდრეკ მუხლს, რამდენად ბევრიცაა ატომი სამყაროში. 

  • ლოცვის პირველი ნაწილი – ეს განრთხმაა. ამით გამოიხატება პატივისცემა ბუდების წინაშე, მათი თვისებების გამო: თანაგრძნობა, სიყვარული და სიბრძნე. მლოცველი ეხება იატაკს სხეულის ზედა ნაწილით – თავით, რაც ასევე ეხმარება მას სიამაყის დაძლევასა და მოკრძალების განვითარებაში.

(2) ისევე, როგორც მანჯუშრიმ და სხვებმა შემოგწირეს, გამარჯვებულნო, ასევე მე გჩუქნით საჩუქრებს თქვენ, ასევე წასული მცველები, ასევე თქვენს სულიერ ვაჟებსა და ქალიშვილებს. 

  • შემდეგი შესაწირია. ბუდისტების უმეტესობა წყლის თასებს სწირავს ბუდებს, თუმცა შეთავაზების ობიექტი არც ისე მნიშვნელოვანია. რეალურად მნიშვნელოვანია გაცემის მოტივაცია: ჩვენ გავცემთ ჩვენს დროს, ენერგიას და იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ეს მოტივაცია ეხმარება ადამიანს დაძლიოს მიჯაჭვულობა.

(3) მე დასაწყისის გარეშე სანსარაში ყოფნისას, ამ ცხოვრებაში და სხვებშიც, უარყოფით საქციელს ჩავდიოდი და სხვებს ვაიძულებდი მათ ჩადენას უნებლიედ, ასევე გულუბრყვილოდ გზააბნეულობით დაჩაგრული, მიხაროდა [მათი]; ყველაფერი რაც ჩავიდინე, შეცდომად მივიჩნევ, ამას ღიად, გულწრფელად ვაღიარებ დამცველების წინ. 

  • აქ მლოცველი აღიარებს თავის ნაკლოვანებებს და შეცდომებს. ალბათ ზოგჯერ ჩვენ ვართ ზარმაცი ან ეგოისტი, ზოგჯერ კი ჩვენი ქცევა დამანგრეველია. ჩვენ ვაღიარებთ ამას, ვნანობთ და მივდივართ წინ მტკიცე რწმენით ვეცადოთ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. ეს გვეხმარება უარყოფითი კარმული იმპულსების გავლენის გადალახვაში.

(4) ბედნიერს, მიხარია მე პოზიტიური ოკეანის ძალის ბოდჰიჩიტის მიზნისაგან, რომელიც მათ განავითარეს, რათა სიხარული მოეტანათ ყველა არსებისათვის, რაც შეზღუდულ არიან, და მათი მოქმედებებისთვის, რაც სასარგებლოა არსებისათვის. 

  • შემდეგ მოდის სიხარული. მლოცველი იხსენებს ყველა თავის შემოქმედებით საქმიანობას და სხვა არსებების ყველა შესანიშნავ შემოქმედებით მოქმედებას. ის ასევე ფიქრობს ბუდას წარმოუდგენელ საქმიანობებზე. ეს კი ეხმარება დაძლიოს შური, რაც ერთ-ერთი მთავარი ცოდვა და დამანგრეველი გრძნობაა.

(5) ხელებ აპყრობილი მე მივმართავ ბუდებს ყველა მიმართულების: “გთხოვთ აანთოთ დჰარმას სანთელი შეზღუდული არსებებისთვის, ტანჯულთა, სიბნელეში მოხეტიალეთათვის”. 

  • შემდგომ მლოცველი სთხოვს უბოძონ სწავლება, ეს წარმოშობს ადამიანში აღქმადი გონების მდგომარეობას. მლოცველი ამბობს: “ჩვენ გვინდა ვისწავლობთ, ჩვენ გვინდა ვიქცეთ ბედნიერად და ვაქციოთ ბედნიერად სხვა არსებები”. აქ წარმოდგენილია ადამიანის მოთხოვნილება განვითარებაში, რაც შეიძლება მეტის სწავლაში ამ სამყაროში, რაც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი აზრია.

(6) ხელებაპყრობილი, მე ვლოცულობ გამარჯვებულთათვის, ვინც მზად არიან ტანჯვის საზღვრებს გასცდნენ: “გთხოვთ, განუსაზღვრელი ეონებო დარჩით, არ დატოვოთ ბრმად მოხეტიალენი”. 

  • მლოცველი სთხოვს მასწავლებლებს არ დატოვონ. წინა ნაწილში მლოცველი გაიხსნა სწავლებისათვის, ხოლო ახლა მას სურს, რომ მასწავლებლები რჩებოდნენ მასთან და აძლევდნენ მითითებებს, სანამ თავად არ მიაღწევს სრულ გასხივოსნებას.

(7) რა დადებითი ძალა მე შევქმენი ყველაფერი იმის დახმარებით, რაც შექმნილია ახლა და ადრე, დაე ამით სრულად გადავარჩინო ტანჯვისაგან ყველა შეზღუდული არსება.  

  • და ბოლოს, მივდივართ ყველაზე მთავარ ეტაპთან – მიძღვნა. ჩვენ ვუძღვნით ბუდებს მთელ დაგროვილ დადებით ძალას, რათა მან (ჩვენივე ძალამ) მოგვიტანოს სარგებელი ჩვენ და ყველა არსებას. ამ შემთხვევაში მლოცველი ბუდებს შესთხოვს, სულიერ მოტივაციას, რათა თავად შეძლონ კეთილი საქმეების კეთება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისათვის.

გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ ბუდიზმში ფორმალურად არსებობს რიტუალური საგნები და ლოცვები, მათი მნიშვნელობა არ არის რაიმე გარე ძალის დახმარების თხოვნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შვიდნაწილიანი ლოცვის მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ ბუდიზმის აზრი არ არის იმაში, რომ მლოცველმა ზეციურ ძალას დახმარება და შველა სთხოვოს. ბუდა და ბოდჰისატვები შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს გზას, საიდანაც უნდა განვავითაროთ განმანათლებლობა საკუთარ თავში. ლოცვებით ბუდებსა და ბოდჰისატვებისადმი, ადამიანი იღებს მათგან შთაგონებას და აღვიძებს საკუთარ ძალებს: შეუზღუდავი თანაგრძნობა, სიყვარული, სიბრძნე – მთელი პოტენციალი, რომელიც ჩვენშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუდა გვიჩვენებს გზას, მაგრამ ჩვენ უნდა გავიღოთ ძალისხმევა, რომ გადავლახოთ მიჯაჭვულობა და გაუთვითცნობიერებლობა და გამოვავლინოთ უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი, რაც ყველა ჩვენგანშია.