ცვლილებები, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა საქართველოში

0
263

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წინა წელს ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს შეეხო. „PrimeGeorgia“ გთავაზობთ 2020 წელს ძალაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შეჯამებას:

სესხის გამცემი პირებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

კერძოდ, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სებ-ის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით მისი გადავადება მოხდა.

ფიზიკური პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასური გაორმაგდა

2020 წლის 1-ლი იანვრიდან საზოგადოებრივი მართვის ცენტრი „112“ – ის საფასური ფიზიკური პირებისთვის გაორმაგდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 40 თეთრს გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირების მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.

მოწევა სტადიონზეც აიკრძალა

მოწევა აიკრძალა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში – კანონი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.

100-ლარიანი აქციზი სპორტული ავტომობილისთვის

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვალა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა 100 ლარი იქნება. ცვლილების მიზეზი კი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.

თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული გახდნენ, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში ერთხელ.

ცვლილებები, რომელიც კონკურენციის კანონში ამოქმედდა

კონკურენციის შესახებ კანონში 4 ნოემბრიდან რიგი ცვლილებები შევიდა. სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, სახელი შეეცვალა უწყებასაც და მას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეწოდება.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, მათ შორის, დაწესდა სანქცია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე – ჯარიმის მოცულობა ბრუნვის 1%-მდე ოდენობით. საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის და მონიტორინგის პროცესში, ეკონომიკური აგენტების მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდება სავალდებულო გახდა. ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შემთხვევაში სასამართლო აღარ მოახდენს მათ წინასწარ ინფორმირებას. ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სრულყოფილად შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე – მოკვლევის მაქსიმალური ვადა, 10 თვის ნაცვლად, განისაზღვრა 18 თვით.

არასრულწლოვანის ქონების განკარგვა მშობელს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეუძლია

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვა მშობელს/და მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეეძლება. 1-ლი სექტემბრიდან, ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი შეიცვალა

2020 წელს ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1 000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), იქ არსებული საფასური შენარჩუნდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება გაძვირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბრიდან კი, დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი გახდა.

ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შედის. ძირითადი ნორმები ამოქმედდა 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი – 2024 წლიდან შევა ძალაში.

200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430 დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა ამოქმედდა

რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა ამოქმედდა. კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი – ნედლი რძისაგან არის დამზადებული. დოკუმენტის თანახმად, ეს წესი, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.

საბანკო რეგულაციები შერბილდა

2020 წელს ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა.

კერძოდ, შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი. გაუქმდა სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI ითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე შემცირდა. კერძოდ, 1000 ლარამდე და 1000 ლარი და ზევით შემოსავლების მიხედვით იქნა დაყოფილი. გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზარდა. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა შემსუბუქდა 60%-დან 70%-მდე.

ცვლილებები “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდა 2020 წლის 15 აპრილიდან.

დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი გასამმაგდა

1-ლი ივლისიდან დაზღვეული დეპოზიტის მოცულობა გასამმაგდა. შედეგად, არსებული 5 ათასი ლარის ნაცვლად მან 15,000 ლარს მიაღწია. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სააგენტოს დაზღვევისთვის პრემიას უხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლია.

ამოქმედდა ცვლილებები ელექტრული კომუნიკაციებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში

2020 წელს პარლამენტმა დაამტკიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. შედეგად, სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს. ამასთან, დამტკიცდა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შეუძლია სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ ყველა ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.

 

SHARE