პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს

0
39

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – დაკავებულია 5 პირი, ასევე ჰეროინის რეალიზაციის ფაქტზე ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი და ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – ე.წ. “drug-shop”-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა “მატანგაზე” – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული – მ.ს. – აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” და ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”, რომლებიც განკუთვნილი იყო “ტელეგრამში” არსებული ჯგუფების – ე.წ. “drug-shop”-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული “drug-shop”-ების ე.წ. “დამდებია”. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ამ დროისთვის, პოლიცია კვლავ განაგრძობს ნარკოტიკების ამოღების პროცესს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა.

სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ ერთი პირი დაკავებულია ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

SHARE