საწვავის ფასი 15-20 თეთრით უნდა შემცირდეს

0
257
გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე უკვე დაიწყო

ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ვითარება რადიკალურად იცვლება. ქართულ კომპანიებს საწვავის გაიაფებისთვის ყველა პირობა აქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩქარობენ. გამონაკლისის გარდა, იმპორტიორები ფასს არ ამცირებენ და ამბობენ, რომ მიმდინარე ტენდენციას კიდევ დააკვირდებიან. ამასობაში თითქმის ერთი თვეა, რაც უცხოურ ბაზრებზე საწვავი იაფდება და დღეის მდგომარეობით, მან 20%-იანი კლება განიცადა. კურსიც ბოლო დღეებში მყარდება და ეს მთელი ნოემბერი გაგრძელდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთ კომპანაის აღმოაჩნდა სურვილი, რომ საწვავის ფასი 5 თეთრით შეემცირებინა. რეალურად კი, როგორც სპეციალსიტები ამბობენ, რესურსი გაცილებით მეტია და 20 თეთრითაც შეიძლება საწვავი გაიაფდეს. მიუხედავად ამისა, კომპანიებში მასობრივად ცდილობენ გაწელონ დრო და გადაწყვეტილების მიღება დააყოვნონ.

საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 69 დოლარია, როცა ერთი თვის წინ მისი ფასი 86 დოლარს აღწევდა. ლარიც დოლართან მიმართებით ბოლო დღეების განმავლობაში საკამოდ გამყარდა, თუმცა იმპორტისთვის საკმარისი არც ეს აღმოჩნდა.

როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი “რეზონანსთან” ამბობს, სავსებით შესაძლებელია, რომ საწვავის ფასი მასიურად 15-20 თეთრით შემცირდეს.

“ზუსტად 2 დღის წინ იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ სხვა გაზა არ იყო, გარდა იმისა, რომ ფასები გაეზარდათ. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ საცალო ქსელში კლება დაიწყო. გაუგებარია, თუკი ზრდის გარდა, სხვა გამოსავალი არ იყო, ფასები როგორ დასწიეს, როგორ მოახერხეს ეს?

ეროვნული ვალუტის გამყარებაც საკმაოდ მყისიერად მოხდა. ბოლო 1 თვის მონაცემებით კი, მსოფლიო ბაზრებზე საწვავის ფასი შემცირებულია დაახლოებით 21%-ით. ამვეე პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 4%-ით გაუფასურდა. განსხვავება საკმაოდ დიდია. თუკი ფასების შემცირებაზე არ ვისაუბრებთ, როგორც მინიმუმ, კომპანიებს შეეძლოთ, რომ არ გაეზარდათ.

დარწმუნებით ვამბობ, რომ კომპანიების მოგება 35-40 თეთრია და ვინ რამდენით შეამცირებს ფასს, მათ სურვილზეა დამოკიდებული. სულ მცირე კი, 15-20 თეთრით უნდა გაიაფდეს საწვავი. ველოდები, რომ ბირჟებზე საწვავის გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ლარის პოზიციებს გაიუმჯობესებს და გამყარდება, მაგრამ შეუძლებელია ფასების პროგნოზირება, რამდენადაც საწვავის ქართული ფასი არანაირ სტანდარტს არ ემორჩილება და არ ვიცით, კონკრეტულ მომენტში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რეალურად ფასი უნდა შემცირდეს. დღეს ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს”, – ამბობს ბაირახტარი და დასძენს, რომ ნავთობკომპანიების საფასო პოლიტიკის მკაცრი კონტროლია საჭირო.

პირველი მსხვილი იმპორტიორი, რომელმაც ფასის შემცირება დაიწყო, “გალფია”, სადაც გუშინ საწვავი 5 თეთრით გააიაფეს. ცვლილება საერთაშორისო ბაზარზე “პლატცის” შემცირებამ განაპირობა.

„ფასები შემცირდა, რადგან საერთაშორისო ბაზარმა მოგვცა საშუალება გაგვეიაფებინა საწვავი. როგორც კი გაჩნდა საშუალება, 5 თეთრით შევამცირეთ ფასი. მომავალშიც დავაკვირდებით “პლატცზე” ფასების დინამიკას და ფეხდაფეხ მივყვებით ცვლილებებს”, – განაცხადეს “გალფში”.

მოსალოდნელია, რომ სხვა კომპანიებიციგივე გზას დაადგებიან. მართალია, დეტალებს ამასთან დაკავშირებით “ლუკოილში” არ აკონკრეტებენ, მაგრამ არც უარყოფენ, რომ ფასების კორექტირებას მოახდენენ.  როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ “რეზონანსს” განუცხადა, მალე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“მსოფლიო ბაზრებზე სასიამოვნო ტრენდია. ბოლო 2 კვირაა, რაც საწვავის ღირებულება პერმანენტულად მცირდება. კურსთან დაკავშირებითაც ვითარება უმჯობესდება. მთავარია, ეს მოცემულობა შენარჩუნდეს. მას შემდეგ, როცა კომპანია განაახლებს თავის ნაშთებს, გადაწყვეტილებას მივიღებთ. ახლა ვერ ფასის შემცირებას დაგიდასტურებთ და ვერც შესაძლო ოდენობას, რა მაჩვენებლითაც შეიძლება იგი დაკორექტირდეს. მოვლენებს დიდი ინტერესით ვაკვირდებით და რეაგირებაც ადეკვატური იქნება”, – ამბობს მიშველაძე.

მარი ჩიტაია
“რეზონანსი”

SHARE