მარქსი – კაპიტალი, ფილოსოფია და სოციალიზმი

0
1174
ფილოსოფოსი, ეკონომისტი, პოლიტოლოგი და რევოლუციონერი, რომლის დაბადებიდანაც ცოტა ხნის წინ 200 წელი შესრულდა, და რომლის სოციალური და ეკონომიკური თეორიების მართებულობაზეც გაცხარებული დავა დღემდე მიმდინარეობს. ამ სტატიაში შევეცდები ფილოსოფიური და თეორიული კუთხით გავაანალიზო და ახსნა მოვუძებნო, თუ რატომაა დღემდე ასე აქტუალური მარქსის მემკვიდრეობა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, კარლ მარქსი ესაა ადამიანი, რომელიც «ბი-ბი-სი»-ს გამოკითხვის შედეგად ათასწლეულის უდიდეს მოაზროვნედ იქნა აღიარებული, ხოლო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის კატალოგის მიხედვით, ამ მეცნიერს უფრო მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, ვიდრე ნებისმიერ სხვას. თანამედროვე ამერიკელმა ეკონომისტებმა რობერტ ჰეილბრონერმა და ლესტერ ტუროუმ კი, მარქსი დაასახელეს მსოფლიოს სამ უდიდეს ეკონომისტს შორის (ადამ სმიტი, კარლ მარქსი და ჯონ მეინარდ კეინსი), უწოდეს რა მას ადამიანი, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ხედვა საზოგადოებაზე და რომელთანაც ამ კუთხით კონკურენციის გაწევა მხოლოდ ქრისტეს, მუჰამედს და ბუდას შეუძლიათ.
მრავალ სახელმწიფოში ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში, ხელისუფლებაში იყვნენ სხვადასხვა სახის პოლიტიკური პარტიები თუ მოძრაობები, რომლებიც თავის თავს მარქსისტულს უწოდებდენ. ამ ქვეყნებში მარქსიზმი ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად იყო და ზოგან დღემდე არის აღიარებული. მიუხედავად გაუთავებელი კამათისა მარქსიზმის მომხეთა და მოწინააღმდეგეთა შორის, სადაც ორივე მხარეს თავიანთი “მყარი” არგუმენტები აქვთ, ერთს ვერასოდეს უარვყოფთ, მან წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში.
მარქსი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არ აღიარებდა არავითარ ავტორიტეტებს და არავითარ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. თუკი მისთვის მეცნიერებასა და ფილოსოფიაში იყო რაიმე მუდმივი და უეჭველი, ეს არის ლოზუნგი «დააყენე ყველაფერი ეჭვქვეშ». «ყველაფერში» — საკუთარი დასკვნები და თეორიებიც იგულისხმება. ამის კარგი დამადასტურებელია, მისი მეგობრის და თანამოაზრის ფრიდრიხ ენგელსის მოგონებები, მათი მიხედვით, 1867 წელს «კაპიტალის» პირველი ტომის გამოცემის შემდეგაც კი მარქსი აგრძელებდა მუშაობას მასზე, პრაქტიკულად მისი სიცოცხლის, 1883 წლის ბოლომდე, შეჰქონდა რა ყოველ ახალ გამოცემაში რაიმე სიახლე.
როგორც მკვლევარს, მას შეეძლო ჩაეხედა ფაქტებისთვის თვალებში და მიეღო ისინი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მის პირვანდელ კონცეფციაში არ თავსდებოდნენ. მარქსი მიიჩნევდა, რომ თუკი ფაქტი ეწინააღმდეგება თეორიას, მაშინ თეორია მცდარია. ჭეშმარიტება რეალურ ცხოვრებაშია და არა ვიღაცის გენიალურ თავში. «პრაქტიკა — ჭეშმარიტების კრიტერიუმია», — მიიჩნევდა ის.
მარქსის ამ მეთოდს, ისტორიული მატერიალიზმი ეწოდა. მას საფუძვლად გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელის დიალექტიკა დაედო. განსხვავება ჰეგელის და მარქსის დიალექტიკებს შორის, უკანასკნელის სიტყვებით, მდგომარეობდა იმაში, რომ «ჰეგელთან დიალექტიკა დგას თავზე. საჭიროა მისი ფეხზე დაყენება, რათა გამოაჩინო მისტიკური გარსის შიგნიდან რაციონალური მარცვალი».
ჰეგელისათვის, წერდა მარქსი, «აზროვნების პროცესი… არის სინამდვილის დემიურგი, რომელიც წარმოადგენს მის მხოლოდ გარეგან გამოვლინებას. ჩემთან კი, პირიქით, იდეალური არის არაფერი სხვა, თუ არა მატერიალური გადანერგილი ადამიანის თავში და გარდაქმნილი». გადაატრიალა რა ჰეგელის ფილოსოფია «თავიდან ფეხებამდე», მარქსმა თავისი სამეცნიერო საქმიანობის მიზნად იმის კვლევა აქცია, თუ როგორ ზემოქმედებს მატერიალური საწყისი ცნობიერებაზე, იდეოლოგიაზე და ადამიანის მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ენგელსმა მოგვიანებით დააზუსტა: «ყველა სახის საზოგადოებრივი აზრის და პოლიტიკური გადატრიალებების საბოლოო მიზეზები, უნდა ვეძებოთ არა ხალხის თავებში, არა მათ მიერ მარადიული ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გაგებაში, არამედ წარმოების და განაწილების მეთოდების ცვლილებებში».
მარქსის მეთოდზე საუბრისას, პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს თეორია, ეს არის დედუქციური მეთოდი, რომლის, როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები, აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო ეკონომისტების მიერ.
თავად მარქსი «კაპიტალზე» ამბობდა, რომ «მისი ნაშრომის საბოლოო მიზანს წამოადგენს თანამედროვე საზოგადოების მოძრაობის ეკონომიკური კანონის აღმოჩენა», და «საზოგადოებას არ შეუძლია გადაახტეს განვითარების ბუნებრივ ფაზებს, და არც მათი დეკრეტებით გაუქმება შეუძლია».
და მოხდა პრაქტიკულად? აქ  ყველას თავში საბჭოთა კავშირის წარუმატებელი გამოცდილება მოგვდის. სსრკ-ში, მარქსის მოძღვრებებში ბევრი რამ თავისებურად შეცვალეს და საბოლოო ჯამში შეეცადნენ გაეკეთებინათ ის, რისი წინააღმდეგაც თავად მარქსი გამოდიოდა. უფრო ზუსტად კი «გადახტომოდნენ განვითარების ბუნებრივ ფაზებს». თავდაპირველად მათ თითქოს ეს გამოუვიდათ — გაატარეს იმ დროისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები, შექმნეს ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკა და მოსახლეობის ცხოვრების სოციალური დონეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ეს ყოველივე მკაცრი პოლიტიკური დიქტატურის ფონზე ხორციელდებოდა. ხელისუფლებაში მყოფი ხალხის მცირე ნაწილი, ქვეყანაში რეფორმებს ატარებდა არა უმრავლესობის მოთხოვნების საფუძველზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის სისწორეზე საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად.
თუმცა ვერავის შეეძლო, ბუნების და მათ შორის ეკონომიკის კანობების, როგორც მარქსი იტყოდა, “დეკრეტით გაუქმება”. აქ ერთერთი მთავარი შეცდომა იყო სტიმული, საქმე იმაშია რომ, საბჭოთა კავშირში გინდათ მუშა, გინდათ გლეხი, და გინდათ პროფესორი – საბოლოო ჯამში უუფლებო და უპერსპექტივო დაქირავებულ თანამშრომელს წარმოადგენდა, ისინი მუდამ იმუშავებდნენ სახელმწიფოზე და ვერასოდეს შექმნიდნენ საკუთარ კაპიტალს.
მარქსი წერდა, რომ «არცერთი საზოგადოებრივი ფორმა არ იღუპება მანამდე, ვიდრე არ განვითარდება ყველა წარმოების ძალა, რომელთათვისაც ის იძლევა საკმარის გარემოს, და ახალი უფრო მაღალი წარმოებითი ურთიერთობები არასოდეს წარმოიქმნება მანამდე, ვიდრე მომწიფდება მათი არსებობის მატერიალური პირობები თვით ძველი საზოგადოების შიგნით».
და რა აჩვენა ისტორიულმა პრაქტიკამ? რაც არ უნდა ეცადოს ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლება «გადაახტეს» თავისი განვითარებისათვის აუცილებელ ეტაპს, მარქსის მიერ აღმოჩენილი ობიექტური ეკონომიკური კანონები, აუცილებლად დააბრუნებენ მათ საწყის პოზიციებზე.
გავიხსენოთ ამ დიდი მოაზროვნის სიტყვები, რომლებიც მან თავის დროზე გერმანიის მიმართ თქვა, მაგრამ დღეს ძალიან აქტუალურია ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოებისათვის: «ჩვენ, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა კონტინენტური ქვეყნები, ვიტანჯებით არა მხოლოდ კაპიტალისტური წარმოების განვითარებისაგან, არამედ მისი განვითარების უკმარისობისაგანაც. თანამედროვე ეპოქის უბედურებებთან ერთად ჩვენ თავს გვატყდება მემკვიდრეობითი უბედურებების მთელი რიგი, არსებული იმის გამო, რომ გრძელდება არსებობა, უკვე დრომოჭმული წარმოების მეთოდების და დაძველებული საზოგადიებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების. ჩვენ ვიტანჯებითარა მხოლოდ ცოცხლებისაგან, არამედ მკვდრებისაგანაც. Le mort saisit le vif! (მკვდარი ეჭიდება ცოცხალს!)». მათ, ვინც კერ კიდევ ვერ გაიგო ეს, უნდა ახსოვდეთ სიტყვები «მარსელიეზიდან»: «უარვყოთ ძველი სამყარო, მოვიცილოთ მისი მტვერი ფეხებიდან…».
მარქსის თეორიების აქტუალურობა, იმაშიც მდგომარეობს, რომ გვეხმარება მომავლის პროგნოზირებაში. მაგალითისათვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩინეთი, სადაც თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარებამ წარმოქმნა მასიური «საშუალო ფენა», და შესაბამისად ქვეყანა დააყენა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების ზღვარზე. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ევოლუცია აქ მხოლოდ დროის საქმეა. მესაკუთრეების ახალი ფენა, ინტელიგენციასთან ერთად ადრე თუ გვიან აიღებს ხელში პოლიტიკურ ძალაუფლებას.
აი საქართველოში კი ბევრად რთულადაა საქმე. ჩვენმა ყველა დროის ხელისუფლებამ, ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საშუალო ფენა გამქრალიყო. საქართველოს მოსახლეობის 90% დღეს ან უმუშევარი ან დაქირავებული თანამშრომელია, რომელსაც არანაირი კაპიტალი არ გააჩნია… თუმცა ამ საკითხს უფრო დაწვრილებით ჩემს სხვა სტატიებში შევეხები.