როგორ შესძინო აზრი შენს ცხოვრებას

0
3952

უაზრობაა განაგრძობდე იგივეს კეთებას და ელოდებოდე სხვა შედეგებს

ალბერტ აინშტაინი

ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია დროდადრო ისეთი განცდა, რომ რაღაც გვაკლია. ეს გრძნობა მაშინაც კი არ გვტოვებს, როდესაც თითქოს და ყველაფერი გვაქვს, თუნდაც ეს იყოს: საყვარელი ოჯახი, წარმატებული კარიერა, ერთგული მეგობრები ან კარგი სახლი, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც ისე არ არის. შესაძლოა თქვენ … საკუთარი თავი გაკლიათ. თითქოს ჩაკარგულები ხართ ყოველდღიურ პრობლემებში, ირგვლივ მყოფი ხალხის მასაში და მათი ცხოვრების წესში, საერთოდ არ რჩება დრო შეჩერდეთ და დაფიქრდეთ — თქვენს შესაძლებლობებზე, რეალურად წარმოადგენდეთ საკუთარ თავს და ცხოვრობდეთ საკუთარი ცხოვრებით.

ცნობილი შვეიცარელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქოლოგიაში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფსიქიკის ელემენტს პერსონა. ის ჩვენი პიროვნების სოციალურ ფასადს წარმოადგენს, რომლის დემონსტრირებასაც ვახდენთ საზოგადოებაში ანუ პერსონაჟს, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. ადამიანი ხშირად იდენტიფიცირებას ახდენს თავის პერსონასთან და იკარგება მასში სრულ გაქრობამდეც კი, რამდენადაც სოციალური ფასადი ანადგურებს პიროვნებას.

ამდენად, როდესაც, ცხოვრების გზაზე უკან მოვიხედავთ აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვგეგმავდით, ჩვენ ვერ მოვახდინეთ საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზება. როგორ მოვიქცეთ? საჭიროა შევჩერდეთ და დაფიქრდეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა — გირჩევნიათ გააგრძელოთ აკაკუნოთ ჩაკეტილ კარზე თუ შეეცადოთ სხვა კარი მოძებნოთ?

აქ ერთი პრობლემაა, მიზნის განსაზღვრის დროს შესაძლოა გადავაფასოთ ჩვენი შესაძლებლიბები და ზედმეტად ოპტიმისტურად მოგვეჩვენოს მომავლის სურათი. მიზნის მიღწევის გზაზე წარმოიქმნება მრავალი წინაღობა, სხვა მრავალი საქმე გამოგვიჩნდება, სხვა სურვილები, ამის გამო შესაძლოა მიზანი აგვერიოს და ვიყოთ არათანმიმდევრულნი.

ქვემოთ მოვიყვან რჩევებს მათთვის, ვინც თვლის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში თავისი თავის რეალიზება და იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.

შეხედეთ სიტუაციას გვერდიდან

დავიწყოთ იმით, რომ გავაანალიზოთ თვითონ არარეალიზებული მიზანი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გავარკვიოთ ღირს თუ არა იმ მიზნისკენ სვლის გაგრძელება, რომელიც დღეს გვაქვს არჩეული (შესაძლოა ეს იყოს კარიერა, კერძო ბიზნესი ან სხვა ნებისმიერი შემოქმედება), თუ გავჩერდეთ.

ამისათვის შევადაროთ ორი მაჩვენებელი: დანაკარგები და ალტერნატიული სარგებელი.

დანაკარგები — ესაა დრო, ძალღონე და ფული, რომელიც უკვე ჩავდევით მიზნის მიღწევაში და ამის გამო გვიჭირს მისი მიტოვება.

ალტერნატიული (ხელიდან გაშვებული) სარგებელი — ეს ისაა, რაზეც უარს ამბობთ, მიჰყვებით რა არჩეულ მიზანს. ბოლოს და ბოლოს, ყოველი წუთი და ყოველი თეთრი, რომელსაც თქვენ დებთ აღნიშნული მიზნის მიღწევაში (სამსახური, შემოქმედება, ურთიერთობა), — ესაა წუთი და თეთრი, რომელსაც თქვენ ვეღარ ჩადებთ სხვა მიზნის მიღწევაში.

თუ ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს გვერდიდან, ემოციების გარეშე, უკეთ შევაფასებთ ღირს თუ არა გავაგრძელოთ ამ მიზნისაკენ სვლა.

ასევე სჯობს დაუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • ვიღებ თუ არა სიამოვნებას იმისაგან, რასაც ახლა ვაკეთებ?
  • ასახავს თუ არა ჩემი ახლანდელი საქმიანობა ჩემს ცხოვრებისეულ ფასეულობებს?
  • მაძლევს თუ არა საშუალებას ჩემი ახლანდელი საქმიანობა გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები სრულად?
  • რა შესაძლებლობებზე ვამბობ უარს, თუ გავაგრძელებ აღნიშნულის კეთებას?
  • და ბოლოს, მწამს თუ არა, რომ მივაღწევ წარმატებას აღნიშნული საქმიანობით?

უთხარი საკუთარ თავს: «მორჩა»

არის შემთხვევები, როდესაც ერთ დროს სასურველი მიზანი კარგავს თავის აქტუალურობას. მნიშვნელოვანია ეს დროულად გააცნობიეროთ და უთხრათ საკუთარ თავს: «მორჩა! მეტად ასე გაგრძელებას აზრი არა აქვს». როდესაც მიზანს ვერ აღწევ, ყველაზე ჭკვიანური საქციელი — მისი ადაპტირებაა, ან უბრალოდ გაუშვა ის და ხელი მოჰკიდო ალტერნატივას. ზოგჯერ თქვა «სტოპ» — გამარჯვების ტოლფასია.

აღიქვით ასეთი ცვლილებები არა როგორც მარცხი, არამედ, როგორც ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასვლა, რამეთუ თქვენ აძლევთ საკუთარ თავს შანსს განვითარდეთ გარემოებებთან ჰარმონიაში. აირჩიო გზა, სავსე ახალი გამოწვევევბით, ღირსეული და ბრძნული გადაწყვეტილებაა.

გახდით საკუთარი თავის გურუ

გათიშეთ კომპიუტერი, ტელეფონი, პლამშეტი და რუსთავი 2-იც კი. გადადეთ წიგნები, სამუშაო საქმეები, შეხვედრები. დაე მოხდეს, რაც მოსახდენია. შეაჩერეთ დრო — ეს პირველი ნაბიჭია სტრესის სპირალიდან გამოსასვლელად, რომელშიც თქვენ მოხვდით, გადაწყვიტეთ რა მიზნის მიღწევა და გაეჭედეთ.

პაუზა სასარგებლოა, არამარტო კრიზისის, არამედ მომავალზე დაფიქრების დროსაც. თუნდაც ჩვენი საქმის კარგი მცოდნეები ვიყოთ, ხშირად ჩვენთვისაც, გაუთვითცნობიერებლად, ადამიანისათვის დამახასიათებელი სუბიექტური განცდების გამო, ჩვენ ხშირად არაეფექტურად ვმოქმედებთ ან შეცდომებს ვუშვებთ.

წამოიდგინეთ, რომ მასწავლებელი გადგათ თავზე, რომელიც ცდილობს მიმართულება მოგცეთ. მასწავლებლის ადგილას კი წარმოიდგინეთ ის ადამიანი, რომელსაც თქვენს ნაცნობებს (თუ ასეთი არ არის, წიგნის პერსონაჟებს ან სხვათა) შორის ყველაზე ჭკვიანად მიიჩნევთ. დაფიქრდით რას გირჩევდათ ის, როგორ მოიქცეთ, რა მოიმოქმედოთ აღნიშნულ სიტუაციაში.

ეს ძალიან კარგი ფსიქოლოგიური ტრიუკია, რომლის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოთ საკუთარი თავის მაქსიმალური მობილიზება და თან იყოთ სრულიად ობიექტურნი საკუთარი თავის მიმართ. რეალურად, თქვენს მიერ არჩეული თქვენთვის ავტორიტეტული პიროვნება სხვა არავინაა, თუ არა თქვენი ქვეცნობიერი, რომელიც თქვენი ყველაზე კარგი მრჩეველია, ამასთან ამ შემთხვევაში რჩევის მიცემის დროს ის აბსოლიტურად უემოციო და მიუკერძოებელი ხდება.

დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი 

როდესაც საკუთარ თავს მიზანს დაუსახავთ, ამ მიზნის მიღწევისთვის ჭილდოც განსაზღვრეთ. როგორც, თანამშრომელს გამოუწერდით ბონუსს გარკვეული წარმატებისთვის, ასევე საკუთარ თავსაც ჭირდება წახალისება. გარკვეული ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში დაუწესეთ საკუთარ თავს წინასწარ განსაზღვრული, სასურველი ჯილდო. ეს პატარა, მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დაფიქრდით, მიზნისკენ მიმავალ გზაზე რა წარმატებებს მიაღწიეთ. თუნდაც ეს ეფემერული საგნები იყოს: გახდით უფრო გამოცდილი, ისწავლეთ მეტი, გაიცანით საინტერესო ხალხი ან დაამყარეთ საჭირო კონტაქტები. საკუთარი თავის ჯილდო კი შესაძლოა უბრალო, მაგრამ სასიამოვნო ნივთი იყოს, რომლის შეძენას ან ასრულებას დიდი ხანია გეგმავდით.

საქმე იმაშია, რომ ადამიანი დადებითი და უარყოფითი ემოციებისაგან შედგება. და საბოლოოდ მის ცხოვრებას და წარმატებას განსაზღვრავს ის თუ, რომელი სახის ემოციები სჭარბობს მასში. როგორც საჭმელი კვებავს ჩვენს ორგანიზმს, ისე ემოციები კვებავენ ჩვენს გონებას და მენტალიტეტს.

შეეცადეთ მიიღოთ ან აღიქვათ მხოლოდ დადებითი ემოციები და ამით გაზარდოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და წარმატების შანსი.

აირჩიეთ თქვენი გზა 

გქონდეთ, განსაზღვრული რა გზებით შეეცდებით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. მით უმეტეს, თუ ძველმა მეთოდებმა არ გაგიმართლათ. გთავაზობთ, ორ ურთიერთგანსხვავებულ მიდგომას.

პირველი მეთოდის მიხედვით, პრობლემების დაძლევის მთავარი პრინციპია — დადგე ცხოვრებისეულ ბარიერებთან პირისპირ და შეეცადო გადალახო ისინი. ყოველი გადალახული ბარიერის შემდეგ, თქვენს თავში უფრო დარწმუნებული ხდებით და ახალი შემართებით აგრძელებთ სვლას ახალი ბარიერებისაკენ.

ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ, როგორც გონების, ასევე სხეულის ფორმაში ჩაყენება: სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვები, ადრე ადგომა და დაწოლა.

ასევე, კარგი მეთოდია «ერთი ჩვევა ყოველკვირეულად». ამ მეთოდის მიხედვით წლის განმავლობაში უნდა ჩამოგიყალიბდეთ 52 სასარგებლო ჩვევა. ამისათვის გაყავით ძირითადი მიზანი 52 ქვემიზნად. ყოველკვირეულად გადადგმული პატარა ნაბიჯებით, საბოლოოდ დიდი მიზანიც მიღწევადი იქნება. ეს მეთოდი დაგეხმარებათ მიხვიდეთ მიზნამდე ისე, რომ გზად არ დაკარგოთ მოტივაცია და ძალღონე.

იპოვეთ პარტნიორი 

ხშირად მიზნის მისაღწევად მცირე ბიძგი ხდება საჭირო. მოტივაციის დიდ დოზას თქვენ მიიღებთ ადამიანისაგან, რომელიც მიზნის მიღწევის საკითხში თქვენი მეგობარი და პარტნიორი იქნება. საჭიროა რეგულარული შეხვედრების გამართვა, სადაც თქვენ ერთმანეთს ჩააბარებთ ანგარიში საქმეების მიმდინარეობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე.

ეს შესაძლოა იყოს თქვენი მეგობარი, ან კოლეგა სამსახურიდან ან ნაცნობი ფიტნეს ჯგუდიდან. თუმცა ყველა შემთხვევაში პარტნიორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ენდობი, პატივსცემ და მასთან საერთო ინტერესები გაგაჩნია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ვირტუალური მეგობარიც კი შეიძლება აირჩიო.

დაგეგმეთ პარტნიორთან შეხვედრა მინიმუმ კვრაში ერთხელ, თუნდაც ერთი საათით. მალევე მიხვდებით, რომ ეს არ იქნება დაკარგული საათი — თქვენ გახდებით ბევრად ენერგიული და მოტივირებული. ერთად განიხილავთ განვითარების სხვადასხვა გზებს და ვარიანტებს.

ჩაახშვეთ თქვენი შინაგანი პესიმისტი

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს შინაგანი პესიმისტი. პატარა კაცუნა, რომელიც შიგნიდან ეწინააღმდეგება ჩვენს წამოწყებებს და არ სჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. პირველ რიგში ამ კაცუნას დამარცხებაა საჭირო. როგორ გავაკეთოთ ეს? დასაწყისისთვის კარგად მოუსმინეთ მას, გაიგეთ მისი არგუმენტები, გააანალიზეთ ისინი, შეეკამათეთ მას და დაუმტკიცეთ, რომ სცდება.

მიზნისაკენ სვლა ჩვეულებად აქციეთ

აიძულეთ თქვენს თავს დასახული მიზნისკენ მოძრაობა ჩვეულებად გექცეთ. ეს შესაძლებელია გარკვეული გრაფიკის შემუშავებით, რომელსაც თქვენი ცხოვრების წესად აქცევთ. მაგალითად, გადაწყვიტეთ გახდეთ კარგი სპეციალისტი საიტების შექმნაში, შეადგინეთ გეგმა რა დრო გჭირდებათ ამ საქმისათვის დამატებითი უნარების ასათვისებლად თუ ვთქვათ მას დღეში ერთ საათს დაუთმობთ, ამის მიხედვით დაგეგმეთ საკუთარი დღე. თუმცა ამასთან თქვენ დროდადრო უთუოდ ამოვარდებით ამ გრაფიკიდან სხვადასხვა მიზეზებით. ამაში საშიში არაფერია თუ ეს გამოტოვება ზედიზედ ორჯერ არ მოხდება. გახსოვდეთ, თუ გამოტოვეთ ერთი დღე — ეს ამცირებს თქვენს შანსებს მიზნის მიღწევაზე 5%-ით, ორი დღე – 40%-ით. ხოლო სამი დღის შემდეგ შეგიძლიათ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.

გამომდინარე გრძნობებიდან 

ახლა თქვენ შეგიძლიათ ახალი მიზანი დაისახოთ. მიზნის არჩევის დროს გამოდით მისი რეალობიდან და არა მასშტაბურობიდან, ამასთან მიზანი თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა გაერკვეთ, როგორ გინდათ იგრძნოთ თავი – ბედნიერად, წყნარად, წარმატებულად და ა.შ. ამის შემდეგ დაგეგმეთ დღეები, კვირები და თვეები. ამით, თქვენ ირჩევთ მიზანს, რომელიც მაქსიმალირად ახლოსაა თქვენთან  შინაარსობრივად, რაც მას თქვენთვის საინტერესოს, კომფორტულს და რაც მთავარია რეალურს ხდის.

მიზნის და სურვილის ასრულება შეიძლება თუ ჰარმონიაში მოხვალთ შინაგან მესთან და დაიჯერებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ფიქრები გვეხმარება. ამით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს მიზნის მიღწევაზე. ჩვენი ფიქრებით და გრძნობებით ვქმნით ჩვენს მომავალს.

ამასთან კიდევ ერთი — აირჩიეთ დღე, რომელიც ახალი წამოწყების სიმბოლო იქნება. ეს უმჯობესია იყოს კალენდრის ჩვეულებრივი დღე, და არა თქვენთვის მნიშვნელოვანი რაღაც თარიღი, რადგან ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი უნდა გახდეს მომავალში. გარკვეული წყალგამყოფი ძველ და ახალ წარმატებულ ცხოვრებას შორის. ყოველ წელიწადს ამ დღის დადგომისას უნდა შეაფასოთ რამდენად წაიწიეთ წინ თქვენს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე და რა მოიმოქმედოთ მომავალში, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდეთ.