ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

0
1124

დღეს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა 6 ახალ საგადასახადო ინიციატივაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი გამარტივებული წესით ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

„ჩვენ დამატებით წარვადგინეთ დღეს 6 ახალი ინიციატივა. პირველი ინიციატივა – ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების გასაკეთებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე.

მეორე ინიციატივა – ეს გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბევრი ბიზნესისთვის ეს იქნება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით.
მესამე ინიციატივა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა რომ გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელლოვანია კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვანად გაფართოვდება.

მეოთხე ინიციატივა – ეხება ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტს. იცით, რომ გასულ წელს ძალიან კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს.გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ჩვენ ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაიზრდება ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა ამ დარგში.

მეხუთე ინიციატივა – გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზიო გადასახადისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათვაისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი.

მეექვსე ინიციატივა – ეხება მოგების გადასახადის რეფორმას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე საფინანსო სექტორთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ვადა გადავწიოთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საფინანსო სექტორისთვის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ საფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი შესაძლბელობა ექნება, რომ იმ მიმართულებითაც თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ავტორი : ფინანსისტი, ნანა ახალაია 

SHARE