საჭიროა თუ არა ფინანსური განათლება საქართველოში ?!

0
1357

საზოგადოების განვითარება პირდაპირ კავშირშია ცოდნის გავრცელებასთან და ამ ცოდნის პრაქტიკაში სწორად დანერგვასთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება, რომელიც არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბებით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და აუცილებელი ხდება ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა განისაზღვრება თითოეული ჩვენგანის მზადყოფნით მართოს პირადი ფინანსები სწორად. ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ფაქტი, როდესაც კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულებს კომპენაციის სახით დაურიგდათ ფული და ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად მანქანები შეიძინეს. მათ რომ ინვესტირების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონოდათ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. შესაბამისად ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ვერ გავითვალისწინებთ ყოფილი ხელისუფალის და ამჟამად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის რჩევას რომ გლეხმა პირადი ბანკირი ან პირადი ფინანსური მრჩეველი აიყვანოს.ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული რისი საშუალებაც საქართველოში არცერთ გლეხს არ აქვს.

საქართველოში მომხმარებელთა ნდობა საფინანსო დაწესებულებების მიმართ არც თუ ისე მაღალია, იზრდება პრობლემური სესხების მოცულობა, მცირდება ფიზიკური პირების დანაზოგების მოცულობა.  ფინანსური გადაწყვეტილების მიღება ხდება ყოველდღიურად და კორელაციურად ეს გადაწყვეტილებები ზეგავლენას ახდენენ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე და შესაბამისად ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე.  მოსახლეობას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ფინანსური განათლების შესახებ ცოდნა, კერძოდ – როგორ მართოს და დაგეგმოს საკუთარი ფინანსები, შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა სადაზღვევო პროდუქტებზე, ანაბრებზე, ფინანსურ სერვისებზე, საკრედიტო ბაზარზე, რეფინანსირების სესხებზე, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე და ა.შ.

პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების გადანაწილება, საფინანსო პროდუქტების შერჩევა – მსგავს გადაწყვეტილებებს თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ განათლებას. ის მოიცავს როგორც საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობას, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის უნარს. დაბალი ფინანსური განათლების მქონე მოქალაქეები ხშირად ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას, პროდუქტის შეძენისას არ არიან ინფორმირებულები და სარგებლობენ ძვირიანი მომსახურებებით.

ფინანსური განათლების დონესა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობას პირდაპირი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს, რომელთაც შეუძლიათ საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა და აქვს ინფორმაცია სერვისების შესახებ, გაცილებით მარტივად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. მაშინ როცა, ფინანსურ ცოდნის არქონას შეუძლია დანახარჯების გაზრდა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა კრედიტზე. ამასთან, ინფორმაციის არქონისას დიდია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკი.

ყველაფერს საფინანსო სექტორს და მთავრობას ვერ დავაბრალებთ ,თუმცა არც მათ უდანაშაულობაზე საუბარი იქნება სწორი.აღნიშნულიდან გამოდინარე, ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საგანამანათლებლო სივრცის კოორდინირებული საქმიანობა, განსაკუთრებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიურობა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.საფინანსო სექტორი მეტად ლოიალური უნდა იყოს და მთავრობამ შესაბამისი რეგულაციები დააწესოს ან ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მისცეს მოსახლეობას. არასამთავრობო სექტორის როლიც აუცილებელია, უნდა ჩაატარონ უფასო საგანმანათლებლო ტრენინგები მოსახლეობაში ფინანსური განათლების და ცნობიერების ამაღლების კუთხით, თუმცა საგანმანათლებლო სფერო ნაკლებად ფინანსდება გრანტებით,დონორი ორგანიზაციებისთვის მთავარია არჩევნები ჩავატაროთ სამართლიანად და უმცირესობის წარმომადგენლები არ შევავიწროვოთ,თუ განათლების ნაკლებობა იქნება მათთვის ამას არაუშავს, უკეთესიცაა სამომავლოდ უფრო ბრმად მივენდობით.აუცილებელია მოზარდები სკოლაშივე იღებდნენ ელემენტარულ ფინანსურ განათლებას,მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ ისინი მათთვის მარტივი იყოს ცხოვრებაში მიმდინარე ფინანსური საკითხების გააზრება და შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. სკოლის ასაკიდანვე გააზრებული უნდა ჰქონდეთ რას ნიშნავს იყო გადასახადის გადამხდელი და რა ზიანი  შეიძლება მოუტანო ქვეყნის ეკონომიკას გადასახადების დამალვით.აღსანიშნავია კერძო სექტორის ჩართულობაც.

რასაკვირველია მისასალმებელი ფაქტია, რომ არსებობს არაერთი ბიზნესზე ორიენტირებული საკონსულტაციო ორგანიზაცია, თუმცა აუცილებელია ეს კონსულტაცია ასევე დაყვანილი იქნას ინდივიდების დონეზე და რჩევას აძლევდეს პიროვნებას, რომელიც დგას გარკვეული პრობლემის თუ მისაღები ფინანსური გადაწყვეტილების წინაშე.

რაც შეგვეხება ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც მოუწევს მიიღოს ან უკვე იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენს წინაშე მდგარი კონკრეტული ფინანსური “თავსატეხის” შესახებ, რათა მომავალში, გაუაზრებელ რისკზე წასულთა საკმაოდ  ვრცელ რიგში ჩადგომა არ მოგვიწიოს.

ავტორი: ფინანსისტი , ნანა ახალაია 

 

 

SHARE