რატომ გვჭირდება ეროვნული იდეოლოგია?

0
1275

ციხე შიგნიდან ტყდებაო – ძველი სიბრძნეა, რომელიც აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. ისტორიას ახსოვს ყველაზე აუღებელი ციხესიმაგრეებიც კი, მხოლოდ შიდა გამყიდველების წყალობით, რომ დაცემულან. ასევე, კარგი მაგალითია, ტროას ცხენის ლეგენდაც, როდესაც საჩუქრად შეფუთული „უწყინარი ხის ცხენი“ მთელი ცივილიზაციის დასასრულის მიზეზად იქცა. როგორც ჩანს ეს მეთოდი დღესაც კარგად არის აპრობირებული.

XXI საუკუნე – ინფორმაციის საუკუნეა. ომების მეტი წილი დღეს საინფორმაციო სივრცის და ინტერნეტის უკიდეგანო ველებზე უფრო მოდის, ვიდრე რეალურზე. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს ინფორმაციული იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული სახის პოლიტიკური და იდეოლოგიური წარმატების მიღწევას, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ საინფორმაციო თავდაცვისათვის გარკვეულ ზომებს მიმართოს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ძალოვნები უწყებები ათასობით ინტერნეტ-რესუსებს ახშობენ, რომლებიც არასასურველ ( მათ შორის ტერორისტულ) ორგანიზაციებს ემსახურებიან. სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა და აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავეს სპეციალური ზომები გარედან მომავალი პროპაგანდისაგან თავდასაცავად (აქ ძირითადად იგულისხმება რუსული პროპაგანდა). ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში ინფორმაციული უსაფრთხოება. მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომელშიც თითქმის ყველა სახელმწიფო და მილიონობით ადამიანია ჩართული.

საფრთხის ცალკული ჯგუფებიდან, რომელის წინაშეც საქართველო ინფორმაცილ ომში დგას, აუცილებელია გამოვყოთ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელთა სამიზნე ჩვენი იდეალები და ღირებულებებია. ოპონენტები არ ერიდებიან არაფერს, ძალიან ბინძური მეთოდების გამოყენებასაც კი.

როგორ ფიქრობთ რატომ არის დღეს საქართველოში ამდენი საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO). მოდით ლოგიკურად გავაანალიზოთ და შევეცადოთ გავცეთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა ხარჯავდნენ დასავლელი (და უკვე ჩრდილოელიც) კერძო მილიონრები თუ მდიდარი ორგანიზაციები ან სახელმწიფოები დიდი რაოდენობით თანხებს (თუნდაც ერთ დოლარს ან რუბლს) საქართველოში მოქმედ NGO-ებზე?

შეიძლება დავიმშვიდოთ საკუთარი თავი და ნამუსი, რომ მათ ლუკმა არ გადადით ყელში იმაზე ფიქრით, თუ როგორ ჭირდებათ “ღვთისმშობლის წილხვედრ” ქვეყანაში მათი “მამობრივი” მზრუნველობა და “არაჩვეულებრივი” რჩევები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ, ვინ უნდა გვიყვარდეს (აქ სქესს მნიშვნელობა აღარ აქვს) და ა.შ.

ან გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვაღიაროთ, რომ საქართველოში გადმორიცხულ ყოველ დოლარს თუ რუბლს თავისი მკაცრი დანიშნულება და გათვლა აქვს. როგორც ცნობილია, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს NGO-ები სინამდვილეში ჩვენს სამშობლოში უცხო ქვეყნების თუ ორგანიზაციების გავლენის აგენტებს წარმოადგენენ. მათი მეშვეობით ხდება ქვეყანაში საჭირო აზრის ფორმირება თუ გარკვეული მიმართულებების ლობირება. ეს NGO-ები მონაწილეობენ სხვადასხვა კანონშემოქმედი ჯგუფების მუშაობაში, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიაში (??!) მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი მანდატი მოსახლეობისაგან არა თუ არ მიუღიათ, მათი ნდობაც კი საკმაოდ დაბალია.

მედია და სოციალური ქსელებიც, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ ინსტრუმენტებია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, ცნობიერების მანიპულირებისთვის, მოსახლეობისათვის მცდარი რეალობის და გარკვეული სტერეოტიპული ქცევის შესაქმნელად.

და რატომ სჭირდებათ ეს? ამისათვის გავაანალიზოთ თუ რაზე მოდის ძირითადი დარტყმა ცალკეული არასამთავროების თუ მედია საშუალებების მხრიდან. ეს არის რელიგია, ეროვნული ღირებულებები და ზოგადად ტრადიციები,  ყველაფერი ის, რაც ერს ქმნის, ერის თვითიდენტიფიკაციას და იდეოლოგიას აყალიბებს და ინარჩუნებს. ზუსტად ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ნებისმიერი ნაციის ერთიანობას და სიმტკიცეს.

ჩვენთან ხშირ შემთხვევაში, ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები დაცინვის საგნად არის ქცეული (სხვადასხვა შოუებში, ანალიტიკური გადაცემებში, ბეჭდვით მედიაში თუ უბრალოდ სოციალურ ქსელებში). ისინი წარმოდგენილია, როგორც ღრმა წარსულის, სიბნელის გადმონაშთი, რომელიც მოსახლეობას ხელს უშლის განვითარებაში და წინსვლაში.

ნუთუ მართლაც ასეა? შედარებისათვის საინტერესოა, როგორ არის საქმე ამ მხრივ ჩვენზე მეტად განვითარებულ სახელმწიფოებში. მაგალითისთვის ავიღოთ იაპონია ან ინგლისი. აღარ დავიწყებ მათი ეკონომოკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური განვითარების და სხვა სახის უპირატესობების აღწერას მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოების მიმართ, გავამახვილოთ ყურადღება მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ტრადიციების მიმართ, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება პარანოიდალურადაც კი მოგვეჩვენოს (გამოხატულს ცალკეულ ოდიოზურ კანონებსა თუ უცნაურ ჩვეულებებში, რომლებსაც ზედმიწევნით ასრულებენ და ამაყობენ კიდეც ამით). და მათ რაღა სჭირთ?

ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში კარგად ესმით ეროვნული ტრადიციების და ფასეულობების როლი ერის იდეოლოგიის, და მაშასადამე საზოგადოების ერთიანობის და სახელმწიფოს სიძლიერის შენარჩუნებაში. კარგად იციან, რომ რასაც მიაღწიეს ისტორიულად, ზუსტად ერის ერთიანობის ხარჯზე მოხდა და კარგად ახსოვთ ისიც, ვინც ეს ვერ შეინარშუნა, დღეს ის ერები და სახელმწიფოები უბრალოდ ან აღარ არსებობენ ან სხვისი მომსახურების როლით არიან დაკავებულნი.

მაგალითისათვის, ყველაზე მარტივი კომუნის ცხოვრებაც, რომ ავიღოთ, სადარბაზოს ამხანაგობა, რაღაც გარკვეულ მორალურ წესებს ექვემდებარება. თუ მე, ამ კომუნის წევრმა ვიცი, რომ დანარჩენი მაცხოვრებლები, იცავენ სისუფთავეს სადარბაზოში, არ აზიანებენ და უფრთხილდებიან საერთო ქონებას, დროულად იხდიან საერთო სარგებლობის გადასახადებს, რათა არ მოხდეს საერთო სარგებლობის საგნების მუშაობის პარალიზება, მეც ანალოგიურად ვიქცევი, პატივს ვცემ დანარჩენ მაცხოვრებლებს და საჭიროების შემთხვევაში, საერთო თუ ინდივიდუალური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მათ გვერდში ვუდგარვარ. ეს აყალიბებს მარტივი კომუნის დონეზე საზოგადოებრივი ერთიანობის და სოლიდარობის შეგრძნებას. შესაძლოა, უფრო დაახლოების მიზნით კომუნამ მოიფიქროს რაღაც დღესასწაული-ტრადიცია ” სადარბაზოს დასუფთავების დღე” ან სხვა რაიმე, რაც გაამყარებს ერთიანობის და ურთიერთპატივისცევის შეგრძნებას. მაგრამ თუ ვიცი, რომ დანარჩენები საპირისპიროდ იქცევიან, არ უფრთხილდებიან და აზიანებენ საერთო ქონებას, არ იხდიან დროულად გადასახადებს, ჩემი ქცევაც სხვაგვარი იქნება. არც მე მოვიკლავ თავს საერთო ქონებაზე, სადარბაზოს სისუფთავეზე ზრუნვით და რაც, მთავარია არანაირ საერთო თუ ინდივიდუალური პრობლემის შემთხვევაში გვერდში ერთმანეთს არ ვუდგავართ.

იგივეა ერის ერთობა, ოღონდ უფრო დიდ მასშტაბებში. როცა საზოგადოების ნაწილი პატივს არ სცემს თავის ისტორიას, აბუჩად იგდებს გმირებს, რომლებმაც მისთვის თავი დადეს და რცხვენია საკუთარი ტრადიციების, ეს ნაწილი წარმოდგენილია თანამდებობებზე, ასევე ცნობილ NGO-ებში, რომელთაც ყოველდღიურად ვუყურებთ სატელევიზიო არხებით და ვკითხულობთ ინტერნეტში, მუშაობენ მომავალში მისაღებ კანონებზე და უბრალოდ გვიკითხავენ მორალს, საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილიზმის და გათიშულობის გრძნობა. რაც ქვეყნის და ერის გარდაუვალი დამარცხების რეცეპტია. ასეთი ერი ძალიან სუსტია, ვინაიდან მარტივი სამართავია და მარტივია მისით მანიპულირება.

იდეოლოგიური დაპირისპირება მზაკვრული რამ არის. შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გვგონია. როცა ჰაკერები “ტეხავენ” საბანკო ანგარიშს, ჩვენ აღმოვაჩენთ თანხის დანაკლისს და დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ. თუმცა, როცა ჩვენს იდეალებსა და ღირებულებებს “ტეხავენ”, მას ვერც კი ვამჩნევთ, და რაც ყველაზე უარესია, ამ შემთხვევაში დამხმარეც არავინაა (ისევ ჩვენი თავის გარდა რა თქმა უნდა).

ჩუმად, მალულად, წვეთ-წვეთად, სიტყვა-სიტყვით ინგრევა ჩვენი ძირითადი კულტურა, ისტორიული, ოჯახური ღირებულებები. ადამიანთა გონებაში დამახინჯებული ინფორმაცია ილექება, ბავშვებს უცხო ტრადიციებს აჩვევენ. საშუალებას ვაძლევთ, ჩვენი ისტორია აბუჩად აიგდონ. ცდილობენ აღგვზარდონ ახლობლებისა და ქვეყვის მიმართ სამომხმარებლო დამოკიდებუბლებით. ფული შეიძლება დავიბრუნოთ, თუმცა დაკარგული ღირებულებების აღდგენა ბევრად უფრო რთულია.

ინფორმაციული დაპირისპირების პირობებში, სახელმწიფოს ამოცანა რთული და ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია. ერთის მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, სიტყვის შეუზღუდაობის შესახებ. მეორეს მხრივ კი დაიცვას ნაციონალური უსაფრთხოება. მათ შორის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისგან.

შესაძლებელია კი, გაიმარჯვო ინფორმაციულ ომში, ისე რომ შეინარჩუნო რწმენა და ღირებულებები? ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მედიის კომპეტენტური, პატიოსანი და ღია მუშაობა.

თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ფასეულობები, ქვეყანა და ისტორია, მისი დაცვა უნდა შევძლოთ. ამისათვის აუცილებელია მთავრობამ  მოახდინოს რეაგირება ამ საფრთხეებზე, უპირველეს ყოვლისა დასახვეწია კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობოების ფუნქციონირებას განსაზღვრავს. გასამიჯნია ერთმანეთისაგან ადგილობრივი და უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ები. ერთია ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი მოსახლეობისგან ან თუნდაც ბიზნესისაგან, ამ შემთხვევაში ის ასრულებს ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთას და მეორე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რა თქმა უნდა უკვე სხვა დაკვეთას ასრულებენ.

თუმცა აქ უმთავრესი და გადამწყვეტი ჩვენი მოსახლეობის სურვილია, რომლის გარეშეც, ყველანაირი მცდელობა არაეფექტური იქნება. არანაირი დოქტრინა არ გვიშველის, მანამ სანამ არ გავაცნობიერებთ მოსალოდნელ საფრთხეს, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიცავთ საკუთარ ეროვნულ იდეოლოგიას და შვილებსაც არ ვასწავლით იგივეს.