პროპაგანდის როლი ნაცისტების გამარჯვებაში

0
824

1933 წელს გერმანიის არჩევნებში ნაციონალ-სოციალისტურმა გერმანიის მუშათა პარტიამ (NSDAP) გაიმარჯვა, ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით. ისტორიკოსები მათ წარმატებაში პროპაგანდის როლზე ბევრს კამათობენ. ერთნი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი როლი ჰიტლერის ცეცხლოვანმა გამოსვლებმა ითამაშეს, ხოლო მეორენი უპირატესობას იმ სისტემას აძლევენ, რომელიც იოზეფ გებელსმა შექმნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა საზოგადოებრივ აზრზე გავლენას იმ წლებში ფრიც რეინჰარდი ახდენდა, რომელმაც ორატორების სკოლა (Rednerschule) გახსნა, სადაც NSDAP-ის პროპაგანდისტები სწავლობდნენ.

ფრიც რეინჰარდი 1895 წელს გერმანულ ქალაქ ილმენაუში დაიბადა. მან თავისი კარიერა გაყიდვების აგენტად დაიწყო და1919 წელს ტიურინგის ბიზნეს სკოლის დირექტორი გახდა. რეინჰარდი 1923 წელს შეუერთდა NSDAP-ის რიგებს და ამ პარტიის წევრობა კვლავ დაამტკიცა 1925 წელს, რომელიც “ლუდის პუტჩის” შემდეგ კვლავ აღდგა. მან თავიდან ორტსგრუპეფიურერის ჩინი მიიღო ხერშინგის სათემოში, ხოლო შემდეგ გაულიაიტერი ზედა ბავარიასა და შვაბიაში. 1929 წელს მან ორატორების დაუსწრებელი სკოლა შექმნა, რომელმაც პარტიაში ოფიციალური სტატუსი მიიღო.

1930-დან 1934 წლამდე რეინჰარდი მეორე რეიხსლიაიტერი იყო პროპაგანდის განხრით, ხოლო პირველი კი გებელსი. ორივე სააგენტო თავდაპირველად ერთმანეთთან თანამშრომლობდა, თუმცა შემდეგ მკვეთრად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. (ისინი ძირითადად იბრძოდნენ, თუ ვინ გამოსცემდა პარტიის პროპაგანდისთვის ძიირთად ინფორმაციას). 1934 წელს რეინჰარდმა თავისი ორგანიზაცია გებელსის პროპაგანდის სამინისტროს გადასცა. თვითონ კი იმ საქმიანობით დაკავდა, რაშიც ყველაზე უკეთ ერკვეოდა. ის ფინანსთა სამინისტროს მდივანი გახდა.

ფრიც რეინფარდტი (მესამე მარჯვნიდან), 1943 წელი

ფიქრი და საუბარი

ორატორების სკოლა, რომელიც რეინჰარდმა შექმნა უნიკალური იყო. ის ნაცისტურ პარტიას ემსახურებოდა და უზრუნველყოფდა პროვინციებში მხარდაჭერას, მისი პროპაგანდისტების მიერ ორგანიზებული მიტინგებითა და შეხვედრებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ მსმენელები სკოლაში სწავლობდნენ ჰიტლერის მგზნებარე მოხსენებებს და მის ძირითად ნაშრომს  “Mein Kampf” (ჩემი ბრძოლა), სწავლება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა.

რეინჰარტის გაკვეთილები ეფუძნებოდა სტატიებისა და მოხსენებების შესწავლას, რომლებიც ნაცისტურ გაზეთებში Wirtschaftlicher Beobachter-სა და Völkischer Beobachte-ში იბეჭდებოდა. მოსწავლეებს არა მხოლოდ უნდა დაეზეპირებინათ მასალა, არამედ მისი პერეფრაზიც გაეკეთებინათ და ასევე დასკვნებიც გამოეტანათ. ოთხი თვის შემდეგ სტუდენტს უნდა შესძლებოდა გამოსულიყო ორ საათიანი მოხსენებით და გამოეყენებინა შეზღუდული რაოდენობის დამხმარე მასალა. თავისი პირველი საჯარო გამოსვლის დროისთვის, მას შეეძლო 100 საათში ესწავლა ტექსტი, რომელიც შედგებოდა 34 აბზაცისგან. ახალი პროპაგანდისტი თავის პირველ მოხსენებას ხელმძღვანელის თანდასწრებით კითხულობდა, იმ რეგიონში სადაც არცერთი ნაციონალ-სოციალისტი არ გამოსულა სიტყვით.

თუ ხელმძღვანელის აზრით, მოსწავლემ თავი გაართვა დავალებას ის ემზადებოდა მეორე გამოსვლისთვის და კითხულობდა მოხსენებებს ყოველკვირეულად 8 თვის განმავლობაში. ყველა პროპაგანდისტს საერთო თემა ჰქონდა, რომელსაც რეინჰარტი ადგენდა. კურსის ბოლოს ზეპირად სწავლობდა ორ საათიან მოხსენებას და გამოდიოდა როგორც მინიმუმ 30-ჯერ. კარგად მომზადებული სპიკერების წყალობით, რომლებიც მომზადებულნი იყვნენ როგორც გამოსვლებისთვის, ასევე დებატებისთვის, ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ თავის მხარეს გადმოიბირა ნორდჰაიმის, მარბურგის, ჰამერბურგისა და სხვა პატარა ქალაქების მოსახლეობა.

კურსის დებულებებში ნათქვამი იყო, რომ მოსწავლე ვალდებული იყო ზუსტად შეესრულებინა ყველა ინსტრუქცია. მაგალითად, 1931 წლის ივნისის კურსის მეორე გაკვეთილში დაწერილი იყო: “ აბსოლუტურად აუცილებელია მისდიოთ ჩემს ინსტრუქციებს და კომენტარებს, ტექსტიდან ყოველი გადაცდომა გიკარგავს წარმატების შანსს. არ იფიქროთ, რომ რომელიმე მომენტი არ იყოს მთავარი, ან მნიშვნელოვანი”. რეინჰარდი ხშირად ახსენებდა თავის სტუდენტებს, რომ ისინი მის კურსს  გადიან, რადგან ეს არის მათი “ვალი გერმანიის წინაშე”, ხოლო “მსხვერპლის” მნიშვნელობა რომელსაც ისინი იღებდნენ “გადაჭარბებულია”.

Rednerschule არა მხოლოდ ორატორების სწავლებით იყო დაკავებული, არამედ ის ნაცისტებს ეხმარებოდა დაეფიქსირებინათ მემარჯვენე იდეოლოგია, განსაკუთრებით კი ეკონომიკის საკითხებში. მასალებში, რომლებსაც სწავლობდნენ სტუდენტები, მემარცხენე პოლიტიკის მინიშნებაც კი არ იყო, რომელსაც რობერტ ლეი და რეინჰოლდ მუჰოვი პარტიაში ატარებდნენ. რეინჰარდის ტექსტების მიხედვით, კაპიტალი და მძიმე მრეწველობა კერძო საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო.

NSDAP-ის წევრები, 1928 წელი

იმ დროისთვის, როცა ნაცისტების პოლიტიკა წარმოადგენდა არეულ პოპულისტურ იდეებს, რეინჰარდის კურსები ინფორმაციას თანმიმდევრულად და სტრუქტურულად გადასცემდნენ. მათ პარტიულ პროპაგანდას ერთიანი დისციპლინა მიანიჭეს და დასახეს ორგანიზაციის დანიშნულება ფართო საზოგადოებისთვის. რეინჰარდის პროპაგანდისტული მანქანის წყალობით გერმანელები დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟისათვის კარგად მომზადებულნი აღმოჩნდნენ, რომლებიც ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

არგუმენტები და ფაქტები

რეინჰარდი პარტიის სპიკერებს იმასაც ასწავლიდა, თუ როგორ მოეგერიებინათ მოწინააღდეგეთა არგუმენტები. მაგალითად, 1931 წლის ივნისის კურსის მეხუთე გაკვეთილზე განიხილეს სწორი რეაქცია მოხსენებაზე “მესამე რეიხის მოლოდინში”, რომელიც ბავარიის პრემიერ მინისტრმა, სოციალისტმა ვილჰელმ ჰეგნერმა წარმოთქვა. მისი ტექსტის თითოეული აბზაცი უზრუნველყოფილი იყო  პირადად რეინჰარდის მიერ დაწერილი კომენტარებით.

ჰენგერმა არაერთი ზუსტი პროგნოზი გააკეთა გერმანიის ბედის შესახებ. ის ამბობდა, რომ ნაცისტები არ აღიარებდნენ კანონის უზენაესობას, გაანადგურებდნენ პროფკავშირებს და გაძარცვავდნენ მოსახლეობას. ასევე მან იწინასწარმეტყველა, რომ ჰიტლერი ქვეყანას განადგურებამდე მიიყვანდა. რეინჰარდი კურსის მსმენელებს რეკომენდაციას უწევდა, რომ ჰეგნერის თეზისებზე დაცინვით ეპასუხათ და ჩართულიყვნენ მოწინააღმდეგეებთან პოლემიკაში.

მაგალითად, თუ ბავარიელი სოციალისტი ამბობდა, რომ გერმანიის სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ შემოიღო რვა საათიანი სამუშაო დღე, მათ უნდა ეთქვათ:”რვა საათიანი სამუშაო დღე? დიდი უპირატესობაა! ამას გარდა მილიონობით ადამიანის სამუშაო დღე ახლა ნულ საათს გრძელდება. სახალხო კეთილდღეობა კი რვაჯერ მეტი იქნება”.

ეკონომიკის სფეროში რეინჰარდი ექსპერტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ვეიმარის გერმანიას პრაქტიკულად არ გააჩნდა, მისთვის საქმიანობის ფართო არეალი იშლებოდა. რაც შეეხება რასისტულ, ანტისემიტურ და საგარეო პოლიტიკურ პრინციპებს, რომელიც ნახსენები იყო კურსებში, ყველა მათგანი გადმოტანილი იყო ჰიტლერის “ჩემი ბრძოლიდან”. სადაც ებრაელები დადანაშაულებულნი იყვნენ მოსახლეობისთვის აქტუალურ პრობლემებში.

მაგრამ, ჩვეულებრივ გაკვეთილები ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის ახსნით, უმუშებრობის გაზრდითა და ბიუჯეტის პრობლემებით იწყებოდა. ყველაფერი ეს უკავშირდებოდა მმართველ სოციალ-დემოკრატიული პარტიის არაკომპეტენტურობას, ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ყველაფერი ეს ანტისემიტიზმით მყარდებოდა, რადგან კურსების შემდგენელის აზრით,  გერმანელი ხალხის ავბედითობა ებრაელების შეთქმულებით იხსნებოდა.

ამგვარად, ნაცისტების რასისტული თეორია რეინჰარდს ნაკლებად აინტერესებდა. კურსები შეიცავდა რასისტულ სტატიებს, თუმცა ისინი ჩვეულებრივ კომენტარებისა და დამუშავების გარეშე იყო მოცემული. საუბარი ყოველთვის ეკონომიკაზე ბრუნდებოდა, ის იყო ყველაფრის თავში და შემდეგი გაკვეთილიც სწორედ ამა თუ იმ პრობლემის ეკონომიკური თვალსაზრსით განხილვით იწყებოდა.

გამარჯვების მანქანა

რეინჰარდის წყალობით, ნაციონალურ-სოციალისტური პარტია საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც მოწესრიგებული, ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანიზაცია. ისინი ხალხს დაჰპირდნენ, რომ ქვეყანას “დემოკრატიული ჩიხიდან” გამოიყვანდნენ და დაამყარებდნენ ავტორიტარულ მმართველობას, რამაც მათ კონსერვატიული ელიტის მხარდაჭერა უზრუნველყო. ამას გარდა, მათი რიტორიკა ახლოს იყო იმ ამომრჩეველთა ფართო სპექტრთან, რომელთათვისაც დემოკრატია მკაცრად ასოცირდებოდა დაუსრულებელ კრიზისთან.

რეინჰარდის სკოლა  ნაციონალურ-სოციალური პარტიის ორგანიზებულობის სიმბოლო იყო. მისი მოსწავლეები ხალხს თანდათან შთააგონებდნენ, რომ NSDAP აუცილებლად საჭირო იყო ქვეყნისთვის. Rednerschule უჩვეულო იყო ნაცისტური ორგანიზაციისთვის. იმ დროისთვის, NSDAP ვიზუალურ პროპაგანდას იყენებდა გერმანელთა სენტიმენტალურ გრძნობებზე გავლენის მოსახდენად, ნოსტალგია თავიანთ დიდებულ წარსულზე, თუმცა რეინჰარდი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

მან გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება ნაციონალ-სოციალიზმის სული გარდასახულიყო პოლიტიკაში, ამ ყველაფერს კი მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გარეშე აკეთებდა. ის ქვეყანას აყვავებას ჰპირდებოდა და არა სამხედრო სიძლიერეს, იგი არ ამახვილებდა ყურადღებას რასისტულ სტრატეგიაზე, რამაც პარტია მიმზიდველი გახადა ყველა ფენის მოსახლეობისთვის. მისი ძალისხმევის გარეშე ნაცისტებს ნაკლებად გამოუვიდოდათ ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული არჩევნების გზით.

იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ როგორი ეფექტური იყო რეინჰარდის ორგანიზაცია, ერთი მაგალითის მოყვანაც საკმარისია. ობერვესტერვალდის სათემოში 15 თვიანი მუშაობის შედეგად, 1929 წელს პარტიის წევრმა კოდური სახელით “ჩაქუჩმა”  რეგიონში ნაცისტური პარტიის მომხრეთა მოსახლეობის რაოდენობა 1,8 პროცენტიდან 24 პროცენტამდე გაზარდა.

 

SHARE