უნდა აიკრძალოს თუ არა ოფშორული ზონები მთელს მსოფლიოში?!

0
397

მიმდინარე წლის 2-4 ნოემბერს, თბილისში “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია” გაიმართა. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ამ ტიპის ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველოს მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. პრაქტიკულად, ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაცია იყო ჩამოსული.

გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა.

საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, რათა გახადოს იგი უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად ადმინისტრირებადი. მხოლოდ ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კოორპორაციის ერთობლივი პროექტის Doing business-ის 2017 წლის რეიტინგში, კერძოდ გადასახადოს გადახდის კომპონენტში, საქართველოს, რეკორდული, 22-ე ადგილი უკავია.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა.

3 დღიანი ფორუმის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” მთავარი ამოცანა მათი მაქსიმალურად გამჭვირვალობაა, მეტიც, მიზანი, რომლისკენაც “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” მიილტვის, მათი გადასახადებით დატვირთვაა.

ფორუმზე, ამავდროულად ვრცლად განიხილეს ოფშორული ზონების და იმ ფულადი სახსრების თემა, რომელიც გარესამყაროსაგან დახურულ ანგარიშებზე ტრიალებს. გამოწვევების წინააღმდეგ საჭიროა, იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქვეყანამ ერთად იმუშაოს საბანკო საიდუმლოების დასამთავრებლად და გადასახადების გადამხდელები მთელ მსოფლიოში დაეთანხმოს ამ ახალ გამჭვირვალე გარემოს. ნათელი უნდა იყოს, ვინ დგას ოფშორული კომპანიების მიღმა, ხელისუფლებებმა უნდა იცოდნენ, რა რაოდენობის ფული ტრიალებს ოფშორებში, რათა ყველამ გადაიხადოს გადასახადები და არა რამდენიმემ ყველას ნაცვლად.

გლობალური ფორუმის მთავარ მიზანს, სწორედ, საგადასახადო სისტემის გამჭვირვალეობა წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკის ამოცანაა, მსოფლიო ყველა ქვეყნის იურისდიქციისთვის გახდეს თანაბარი შესაძლებლობებისა და ვალდებულებების მქონე ადგილი. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს კანონიერი გადასახადების სწორედ ის რაოდენობა, რასაც იმსახურებს. მსოფლიოში უნდა შეიქმნას არაკომფორტული გარემო იმათთვის, ვისი მიზანი და სურვილი გადასახადებისგან თავის არიდება ან სხვადასხვა აქტივების გაუმჭვირვალე ანგარიშებზე გადამალვაა.

თუმცა არსებობს საფუძველი, ახლო მომავალში მისი განხორციელება შეუძლებლად, მეტიც გლობალური ეკონომიკისთვის არამომგებიანად მივიჩნიოთ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის მატარებელ შეხვედრებზე, ბოლო 3-4 წელი მწვავედ დგას ეს საკითხი. დიდი ხანია მიმდინარეობს პროცესი, თუმცა მხოლოდ სურვილის დონეზეა, რომ ოფშორულ ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც 3.5 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ამოიღონ. მნიშვნელოვანია არა სურვილი ან განცხადებები, რომლებიც პერმანენტულად კეთდება, არამედ შედეგი, რომელიც არ ჩანს. ოფშორული ზონების გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იმდენად დიდია, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა თავიანთი ოფშორებიც კი შექმნეს. აქედან გამომდინარე, ეს გავლენა ძლიერდება და კვლავ განაგრძობს ზრდას.

თუმცა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესიც გრძელდება გარკვეული ტემპით. მაგალითად, ბანკებს, თუნდაც შვეიცარიაში, ავალდებულებენ გარკვეული ოფშორული აქტივების გამოჩენას.

ამასთანავე, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ უნდა ველოდოთ უახლოესი 10 წლის განმავლობაშიც კი. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ბიზნესი ზედმეტად დამოკიდებულია ოფშორულ აქტივებზე. ტრანსნაციონალურ კომპანიებს არ ექნებათ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელება, რომლებსაც აქამდე ახორციელებდნენ.

მეორეს მხრივ, ეს ფორუმი, რომელშიც 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250 დელეგატი მონაწილეობდა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ კუთხით მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, გეგმავენ სერიოზულ ცვლილებებს, რაც ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით მათი პოლიტიკის ცვლილებას გულისხმობს. ძნელია წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ახალი გამჭვირვალე გარემო, ვინაიდან ოფშორები სწორედ იმიტომ არის მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი ბიზნესმენისთვის მიმზიდველი, რომ ასეთ ადგილებში მათი კაპიტალი დაცულია კონფიდენციალობის უმაღლესი გარანტიით, რასაც იმ ქვეყნის ეკონომიკისთვის მოაქვს ბენეფიტები, ანუ სრული იდილია იქმნება, ქვეყნის მთავრობასა და უცხოელ ბიზნესმენებს შორის. თუ ეს პრინციპი დაირღვა გარკვეულ ცნობად ოფშორულ ზონებში, მაშინ მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს სხვა წერტილებში გაჩნდება სხვა საგადასახადო ოაზისები, სადაც ეს უზარმაზარი კაპიტალი გადაინაცვლებს, საეჭვოა, რომ ყველა ქვეყანა მიაღწევს კონსენსუსს ოფშორებში დამალული კაპიტალის დაბეგვრასთან დაკაშვირებით, პლუს ამ კაპიტალის მფლობელების ვინაობის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რაზეც ფორუმზე ღიად გაკეთდა განცხადებები.

იდეა მიზნად ისახავს დასაბეგრი ბაზის გაფართოვებას და შედეგად სახელმწიფოების ბიუჯეტების ზრდას, თუმცა რეალიზება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ყოველთვის მსხვილი ბიზნესი არის ლობი და მთავარი დამფინანსებელი მთავრობების, შესაბამისად მათი გავლენა ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივების დროს არის დიდი, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებშიც. აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ ფორუმის იდეას და მიზანს, რაიმე რადიკალური ცვლილებებისა და გარდატეხის შეტანა არ შეეძლება ოფშორულ სამყაროში.

 

SHARE