ამირან კილაძე: როგორ დავაღწიოთ თავი საკრედიტო ხაფანგს

0
5389

სიღარიბის პრობლემა საქართველოში უფრო და უფრო მწვავდება. უკვე ბევრი ითქვა ბანკების შესახებ, რომელთა შემოსავლებიც წლიდან წლამდე ლამის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს კი მოსახლეობის და განსაკუთრებით, მათი ისედაც ღარიბი ნაწილის ხარჯზე ხდება. ხშირად მოქალაქენი თვითონ იგდებენ თავიან თავს სიღარიბეში, აშკარა გაუსაძლის ვალებში ჩაფლობით. რატომ ხდება ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან? ფინანსისტი და ფსიქოლოგი ამირან კილაძე ამის გარკვევაში დაგვეხმარება.

ბატონო ამირან, დღესდღეობით, სახელმწიფო, კვლევითი ცენტრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურად განიხილავენ სიღარიბის პრობლემას. როგორ გამოიყურება ეს პრობლემა უბრალო მოქალაქის მხრიდან? ყველაზე მეტად რა განაპირობებს ადამიანების სიღარიბეს?

სიტუაცია სიღარიბის მხრივ ფაქტობრივად არ იცვლება, მიუხედავად პროგრამებისა და სახელმწიფო ძალისხმევისა. პრობლემები, რომლებიც 90-იან წლებში იყო, ახლაც არ მოგვარებულა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა სტაბილური საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ჩვენ გვყავს ათასობით ადამიანი, რომელთაც ძირითადი სამომხმარებლო საქონლის შეძენა არ შეუძლიათ.

ისეთი სახის მხარდაჭერამ, როგორიცაა სასურსათო დახმარება, სამწუხაროდ საქართველოში გავრცელება ვერ ჰპოვა. ამავე დროს, აშშ-ში სასურსათო დახმარებას Food Stamp-ის მეშვეობით 44 მილიონამდე მოქალაქე იყენებს, ესენია ღარიბი ოჯახები, ხშირად ბავშვებით, თითოეული მათგანის საკვებისთვის 125$-ია გამოყოფილი. ჩვენს ქვეყანაში ღარიბები მოწყვეტილნი არიან სრულყოფილ ცხოვრებას, ამ ხალხის ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. ერთადერთი ზომა, რომელსაც შეუძლია პრობლემის შემსუბუქება, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავლები საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

სიღარიბის დაძლევის სფეროში ხელისუფლება სრულ უუნარობას ავლენს. სხვადასხვა მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ღარიბია. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა უფრო მძიმდება, ამის ერთ ერთი ფაქტორი კრედიტებია. დაბალი შემოსავლების ადამიანებისთვის შეზღუდული არ არის ხელმისაწვდომობა მარტივ სესხებზე. სამწუხაროდ, ეს ჩვენს საზოგადოებაში მისაღებია და კანონსაც შეესაბამება!

ადამიანები დაბალი შემოსავლებით ამეტებენ კრედიტის დასაშვებ დონეს, იღებენ სესხებს, რომლის დაბრუნებაც არ შეუძლიათ. ეს კი სწორედ ის ფინანსური ხაფანგია, რომლებშიც გამუდმებით ხვდება მოსახლეობა.

რა არის საკრედიტო დატვირთვის მაქსიმალური დონე?

ის შემოსავლების საფუძველზე გამოითვლება. ითვლება, რომ ის შემოსავლის 30% შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი თვეში 600 ლარია, თქვენი სესხის გადასახადი 200 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. ეს ძალიან უხეში გათვლებით, თუმცა ის გვიჩვენებს, რომ კრედიტის გადახდის შემდეგ აუცილებელია დაგრჩეთ იმდენი ფული, რომ ცხოვრება შეძლოთ მთელი თვის განმავლობაში.

თუ ადამიანს 500-600 ლარი აქვს შემოსავალი, რა სახის სამომხმარებლო კრედიტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ეს თანხა საკვებისთვისაც ხომ არ იქნება საკმარისი.

თბილისში რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. თუმცა, რაიონებში, ეს არც თუ მცირე შემოსავალია. როგორც წესი, რეალური საარსებო მინიმუმი, ოფიციალურზე ორჯერ მეტია. უფრო სწორედ ასეთი მინიმუმი პენსიონერისთვის 180 ლარია, რეალურად 360 ლარია საჭირო, იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს. ღარიბები, 200 ლარი შემოსავლით თვეში ნებისმიერ რეგიონში არიან, მათ კი კრედიტებს აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვალს გადაიხდიან, მათ არსებობისთვის თანხები აღარ დარჩებათ. ეს კანონით აკრძალული არ არის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით (ყოფილა შემთხვევა 800% წლიური?!!) გასცემენ კრედიტებს, რაც ლეგალურია და ფარავს კრედიტორების რისკებს. ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიმუშაონ საჭირო თანხები, ხელფასამდე ვალს იღებენ, რაც საკმაოდ საშიში გადაწყვეტილებაა.

ასეთ სესხებს იმ იმედით გასცემენ, რომ მსესხებელი ვერ გადაიხდის მას და ისევ ახალ ვალს აიღებს, მოვალეს ასევე გადახდის დაგვიანებისთვის ჯარიმები დაეკისრება. შედეგად, ღარიბი ადამიანები უფრო ღარიბდებიან.

როგორ იღებენ ადამიანები ასეთ კრედიტებს? თუ ადამიანი ჯანსაღად აზროვნებს, როცა მას 800 %-იან სესხს სთავაზობენ, ალბათ არც უნდა დაფიქრდეს ხომ?

თქვენ იცით, ვის სთავაზობენ ასეთ სესხებს? არა მხოლოდ ღარიბებს, არამედ ფინანსურად გაუნათლებელ ადამიანებს. ამას გარდა, მათ საკრედიტო პირობებს დეტალურად არ ეუბნებიან. მაგალითად, ამბობენ, რომ სესხს 2-3 %-ში გასცემენ. ეს ხომ შესანიშნავი ფასია ქართული საზომით. თუმცა, მათ “ავიწყდებათ” გითხრათ, რომ ეს არა წლიური, არამედ დღიური პროცენტია. ან გეუბნებიან: “აიღეთ 100 ლარი, დააბრუნეთ 200 ერთი თვის შემდეგ”. ხალხი ასეთ სესხებს იმ იმედით იღებენ, რომ დახმარებას პენსიონერი მშობლებისგან მიიღებენ.

რატომ აძლევენ მათ ფულს? როგორც წესი, ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას ამოწმებენ. როგორი ფინანსური წესრიგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა?

ეს ბანკები ამოწმებენ გადახდისუნარიანობას, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ან მევახშეებს საერთოდ არ სჭირდებათ მსესხებლის ფინანსური დისციპლინა. პირიქითაც, მათი ბიზნესი ასე იზრდება. პირველად ყველას აძლევენ სესხს, ყოველგვარი შემოწმებისა და კლიენტის შესწავლისა. სესხის დროულად დაფარვას მხოლოდ კლიენტთა ნაწილი თუ ახერხებს. მეორე ნაწილი სესხის გადახდას აჭიანურებს, ჯარიმის შემდეგ კი იღებს ახალს ძველის დასაფარად. ამ მომენტიდან კი სამწუხარო ისტორია იწყება. ახალი სესხის მიღებისთვის კლიენტი ვალდებულია მისცეს მათ მისამართი და ნათესავების ტელეფონის ნომრები: ძმის, დის, პენსიონერი მშობლების. საბოლოოდ, შედეგად ვიღებთ, რომ ეს მევახშეთა კრედიტები საშინელი პროცენტებით იფარება მშობლების პენსიებით, რომლებიც ცდილობენ ეკონომია გააკეთონ ყველაზე მნიშვნელოვანზე, საკვებზე და ცხოვრობენ მშივრები.

მევახშეები კი ამით სარგებლობენ. თუ საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი გასულ წელს 20 %-ით გაიზარდა, მევახშეთა სექტორში 50 %-ით.

ვინ არიან ეს მევახშეები? მოდით დავასახელოთ ისინი.

ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რომლებიც “სესხს ხელფასამდე” იძლევიან მაღალი პროცენტით დღეში. წლიური საპროცენტო გადასახადი ასეთ სესხებზე 600 – 800 პროცენტს აღწევს ხოლმე.

ის ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკი ასეთი ორგანიზაციებისა და კრედიტების ლეგალიზაციას ახდენს, მარეგულირებლის მხრიდან დიდი შეცდომაა. ეს იგივეა, რაც ნებადართული იყოს გაფუჭებული თევზისა და რადიოაქტიური წყლის გაყიდვა, ხოლო პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმების პასუხისმგებლობა მყიდველს დაეკისროს. იგივეა მიდგომა, რომ ასეთი კრედიტებით დაზარალებულები თავად არიან დამნაშავენი, თავიანთი ფინანსური ცოდნა თვითონვე გაიუმჯობესონ. საკვები პროდუქტების ბაზარზე საზოგადოებამ მიიღო კანონები, რომლებიც ბიზნესს ასე მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ხოლო ფინანსურ ბაზარზე რატომღაც ნორმალურად ითვლება, რომ მომხმარებელს “ტოქსიკური” პროდუქტი შესთავაზონ.

ჩვენი ოპონენტები პატერნალიზმსა და არასაბაზრო აზროვნებაში გვადანაშაულებენ. თუმცა, სწორედ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებულია და უფრო წარმატებული ფინანსური სექტორია, ასეთი კრედიტები აკრძალულია. კერძოდ, გერმანიაში ძალიან მკაცრი საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვები არსებობს, ხოლო დიდ ბრიტანეთში, საიდანაც ფაქტობრივად შემოვიდა ჩვენთან კრედიტები ხელფასამდე, კრედიტების გაცემა დღიური 0.8 საპროცენტო განაკვეთზე მეტით არ შეიძლება. არ შეიძლება ამოსაღები თანხა გაცემულის 100 %-ზე მეტი იყოს (რაც მოიცავს პროცენტს, ჯარიმებს) მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დღე გადასცდა სესხის დაბრუნებას. ასე რომ, კრედიტორს გაცემული თანხის 100 %-ზე მეტის მოგების მიღება არ შეუძლია. 2014 წელს, როცა ბრიტანეთში ეს შეზღუდვები მიიღეს, კომპანიების 30 % მაშინვე დაიხურა.

ჩვენთანაც არ მოქმედებს არანაირი შეზღუდვები მათზე, ვინც ხელფასამდე სესხს გასცემს, ანუ მათ შეუძლიათ მსესხებლისგან 1000 პროცენტიც აიღონ – შესანიშნავია. არის გარკვეული ფსევდორეგულაციები, რომელსაც ცენტალური ბანკი ახორციელებს. ფაქტობრივად, ღირებული რეგულაციები არ არსებობს. ამიტომ, შესაძლებელია გასცეთ 100 ლარი და მიიღოთ 1 000, ამას დამატებული ჯარიმები.

ეს მხოლოდ ეთიკური პრობლემა არ არის. შესაძლოა, ის მალე ნამდვილ სოციალურ კატასტროფად გადაიქცეს. სასოწარკვეთილი მსესხებლების დარღვევები უკვე რეგულარული გახდა. აღმსრულებლები, რომლებიც აგროვებენ მევახშურ ვალებს, არაფრად აგდებენ ყველაზე ბინძურ მეთოდებსაც. მთავრობამ პრობლემაზე მხოლოდ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, მიიღო კანონი საცხოვრებლიდან იძულების წესით გამოსახლების აკრძალვაზე, თუმცა ამით არ აიკრძალა ისეთი სესხების გაცემა, რომლებიც ოჯახებს საკრედიტო მონობაში ამყოფებთ.

ალბათ, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხშირად ხალხი მიმართავს არა ოფიციალურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამედ ფულის გამცემოფისებს”, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ და არ მიეკუთნებიან თვითრეგულირების ორგანიზაციებს?

არალეგალიზებული მევახშეობა უარესია. შავ კრედიტებზე მიმართვისას, მოქალაქე თავიდანვე არ ელის კორექტულ საქციელს. ის მზად არის მუქარისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ესმის, თუ რაზე მიდის. ხოლო, როცა ის სესხს იღებს ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს ლამაზი ოფისი და ოფიციალურად რეგისტრირებულია, თვითრეგულირებადი ორგანიზაციების წევრია, იგი მშვიდდება.

ფაქტობრივად, მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს მევალეების მიმართ ასეთი პოზიცია აქვთ: კისერიც მოუტეხიათ. ჩვენ უკვე სამი წელია ვცდილობთ დავარწმუნოთ სახელმწიფო და მეგა-მარეგულირებელი მიიღოს ზომები, რათა შეზღუდოს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე. ისინი თვლიან, რომ ეს კარგი პროდუქტია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის არა მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისითაა მიუღებელი, არამედ სოციალურად საშიშია. თუმცა, ჩვენ არ გვისმენენ, მე უკვე არ ველი, რომ მოგვისმენენ.

კარგით, სახელმწიფო არ გისმენთ. თუმცა, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომ არ მოხვდეს მსგავს ფინანსურ ხაფანგში? თუ უკვე მოხვდნენ, როგორ დაიხსნან თავი?

პირველ რიგში, ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება აიღოთ სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ეს თქვენს თავს უბრალოდ უნდა აუკრძალოთ. რაც შეეხება საბანკო სესხებს, მე გეტყვით საკმაოდ პარადოქსულ რამეს. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ აიღოთ სესხი, უნდა გქონდეთ “ფინანსური უსაფრთხოების ბალიში”, რომელიც თქვენ თვიურ ბიუჯეტზე 3-6 – ჯერ მეტი იქნება. უფრო სწორედ, თქვენ ანგარიშზე უნდა გქონდეთ თანხა, რომელიც თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს სამჯერ არემატება, ხოლო უკეთესია, თუ 6-ჯერ. ადამიანს ბევრი რამ შეიძლება დაემართოს, მაგალითად, დაკარგოს სამსახური. ახლის ძიება დროს მოითხოვს, ისევე როგორც, რაიმე ქონების გაყიდვა, ხოლო კრედიტის გადახდა რეგულარულადაა საჭირო, კრედიტორისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ხდება თქვენს ოჯახში.

თქვენი აზრით, როგორი იქნება მომავალში მოქალაქეთა ფინანსური განათლება?

ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი იქნება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფარავს კრედიტებს დროზე ადრე. ეს სწორი საქციელია გრძელვადიანი კრიზისის პირობებში. თუმცა, უკეთესია არ გქონდეთ ვალი, ამას ჩვენ ძალიან მდიდარი ადამიანების მაგალითზე  ვხედავთ. ის ვინც მოსალოდნელ კრიზისს ვალის გარეშე შეხვდა, გაიზარდა და გააძლიერა თავისი მდგომარეობა, ხოლო ვისაც ჰქონდა ვალები, ბიზნესი დაკარგა.

აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ არ უნდა აიღოთ ახალი კრედიტები, არავისგან. არც ბანკიდან, მითუმეტეს, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. საჭიროა გესმოდეთ, რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის საქართველოში დამცავი მექანიზმები არ არსებობს, ხოლო კანონი ცალსახად კრედიტორების მხარესაა. ამიტომ, ახალი კრედიტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გახსოვდეთ, რომ მისი დაბრუნების პასუხისმგებლომა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, და ასევე გაითვალისწინეთ არსებული გადასახდელებიც ნელ-ნელა იზრდება. კომუნალური მომსახურების ფასები და ტარიფები იზრდება. გაიზრდება თუ არა თქვენი ხელფასი? ნაკლებად სავარაუდოა.

 

SHARE