ამირან კილაძე: ბიზნესს დღეს კვალიფიციური რჩევები სჭირდება

0
384

ჩვენმა ჟურნალმა ინტერვიუ ჩამოართვა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიისპრაიმ აუდიტისდირექტორს ამირან კილაძეს. საუბარი შეეხო კომპანიის ადგილს საქართველოს ფინანსური მომსახურების ბაზარზე, ზოგადად საქართველოში ფინანსური სექტორის განვითარების დონეს და პერსპექტივებს, ასევე ბოლო დროს დასავლეთში საკმაოდ პოპულარულ და ჩვენს ქვეყანაში შედარებით ახალ ფინანსური მომსახურების სახეს, როგორიცაა მმართველობითი კონსალტინგი.

 – ბატონო ამირან, გთხოვთ მოგვითხროთ თქვენი კომპანიის შესახებ.

– კომპანია “პრაიმ აუდიტი” უკვე 10  წელზე მეტია ფინანსური მომსახურების სფეროშია. დღევანდელი სახით კომპანია ჩამოყალიბდა რამოდენიმე აღნიშნულ სეგმენტში ფუნქციონერებადი გამოცდილი კომპანიის გაერთიანების და რებრენდინგის შედეგად. კომპანია ამ დრომდე წარმატებულად მოღვაწეობს ფინანსური და საგადასახადო აუდიტის, საბუღალტრო, ფინანსური და იურიდიული მომსახურეობის სფეროში.

როგორია ზოგადად საქართველოში ფინანსური მომსახურების სექტორის განვითარების დონე და რა პერსპექტივები გააჩნია მას?

– თუ არ ჩავთვლით საბანკო–საკრედიტო და ნაწილობრივ სადაზღვევო სფეროებს, რომლებიც თავის მხრივ  საკმაოდ კარგადაა განვითარებული, და რომლის ძირითადი მომხმარებლები როგორც კომპანიები, ასევე უფრო მეტად ფიზიკური პირები არიან, საქართველოში ფინანსური მომსახურების დანარჩენი სექტორი და ინსტრუმენტები საკმაოდ არათანაბრადაა წარმოდგენილი, თუმცა ეს ალბათ მაინც არ ეხება მის ცალკეულ სეგმენტს, შედარებით განვითარებულია საგადასახადო აუდიტი. პერსპექტივებს, რაც შეეხება აქ თავისებურ ჩაკეტილ წრესთან გვაქვს საქმე, ფინანსური მომსახურების განვითარება დამოკიდებულია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების დონეზე, ხოლო ბიზნესის განვითარების ტემპებს კი თავის მხრივ განაპირობებს მისთვის შეთავაზებული ფინანსური მომსახურების ინსტრუმენტები. ამასთანავე ფინანსისტები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზონ ორგანიზაციებს, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული საზღვრები და ლიმიტი, პირველი ის, რომ საქართველოს ბაზარი არცთუ ისე დიდია, ამდენად აქ ახალი მომსახურების სახეების დანერგვა გასაგებ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მეორეც მე ვიტყოდი ფინანსური მომსახურების კულტურის არ არსებობა და მეწარმეების მხრიდან ბოლომდე ასეთი მომსახურების სარგებლიანობის ვერ გათვითცნობიერება.

თქვენი აზრით და რა განაპირობებს კონკრეტულად საგადასახადო აუდიტის, როგორც ფინანსური მომსახურების უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში?

– ეს უფრო განპირობებულია მეწარმეთა მხრიდან, ასე ვთქვათ სხვა გამოსავლის არ არსებობით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ მიიღონ სახელმწიფოსაგან საკმაოდ სოლიდური საგადასახადო ჯარიმები. აქედან გამომდინარე ფინანსური მომსახურების ეს სახე უფრო მოთხოვნადია სხვებთან შედარებით, ხოლო სადაც მოთხოვნაა იქ ავტომატურად ჩნდება მიწოდება. თუმცა აქაც არის ერთი ნიუანსი, სახელმწიფოს მხრიდან აუდიტის სფეროში კონტროლის არასათანადოდ განხორციელების გამო, ბევრია კომპანია, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ აუდიტორულს, რეალურად კი მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება აუდიტორული შემოწმების ჩატარების და დასკვნის დაწერის სტანდარტებს. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყებნებს მათი პროდუქტით მოსარგებლე ორგანიზაციებს. დამკვეთს ჰგონია, რომ ჩატარებული აუდიტის შედეგად მისი საწარმოს აღრიცხვაში ყველაფერი მოწესრიგდა, სინამდვილეში კი შეიძლება საპირისპიროდაც იყოს ყველაფერი და უხარისხო და დაბალკვალიფიციურმა აუდიტმა დალალაგებულიც თავდაყირა დააყენოს. ასევე ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როდესაც კომპანიებს, მოუმართავთ დახმარებისათვის, რათა მოგვეხდინა მათი აღრიცხვის მოწესრიგება და ჩვენდა გასაკვირად აღმოჩენილა, რომ მათ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშგებას და ბუღალტერიას უკვე წლებია უკეთებს საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ცნობილი (სახელს არ დავაკონკრეტებ) აუდიტორული კომპანია, ხოლო შემოწმებისას აღმოჩენილა, რომ მათი მიმდინარე ფინანსური აღრიცხვა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. თავიდან ეს გარკვეულ გაუგებრობას მივაწერეთ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრი იყო. ყოველმხრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ზოგიერთი დიდი და ცნობილი აუდიტორული კომპანია ბოროტად იყენებდა თავის სახელს და ვინაიდან დიდი რაოდენობით დაკვეთების გამო არ ჰყავთ საკმარისი კადრები, ანდობდა რა მათი კლიენტების ფინანსური აღრიცხვის წარმოებას ნაკლებკვალიფიციურ კადრებს, ზოგ შემთხვევაში კი სტაჟორებსაც. დანარჩენი ფინანსური მომსახურების სახეები მათი ნაკლებად მოთხოვნადობის გამო საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული. არადა ამ მხრივ საკმაოდ პერსპექტიული და მეწარმეთათვის სასარგებლო ფინანსური მომსაურების სახეები არსებობს, მაგალითად მმართველობითი კონსალტინგი.

– რას გულისხმობს მმართველობითი კონსალტინგი?

– მმართველობითი კონსალტინგი, გულისხმობს მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომლობას ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან, რათა დაეხმაროს  აღნიშნულ ორგანიზაციას გააუმჯობესოს მათი ძირითადი საქმიანობა, პროფესიული ანალიზის საფუძველზე გამოავლინოს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაჭრის გზები, ასევე განვითარების და წარმადობის გაუმჯობესების გეგმები. ორგანიზაციებს შეუძლია დაიხმაროს კონსულტანტები მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის მიიღოს გარე (მაშასადამე ობიექტური) რჩევა და სპეციალიზებული ექსპერტული შეფასება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე .

ეს არის არამარტო პრობლემების მოგვარება, ასევე მომავალი შესაძლებლობების განსაზღვრა–შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: მენეჯმენტი, საორგანიზაციო სტრუქტურა, პროდუქციის წარმოება–რეალიზაცია, ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა, საწარმოს ღირებულებითი შეფასება, განვითარების ახალი გზების განსაზღვრა, რეორგანიზაცია–ლიკვიდაცია, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შექმნა; კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაცია – ფინანსური აღრიცხვა, მართვა, დაბეგვრა, კაპიტალის მოძრაობა.

რატომ არის საჭირო მმართველობითი კონსალტინგი ორგანიზაციებისათვის?

– ეს ყოველივე საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ორგანიზაციას იყოს მომგებიანი და წარმატებული თავის სფეროში. მმართველობითი კონსალტინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები, ასევე მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია. მე ვიტყოდი მმართველობითი კონსალტინგი, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა.

წარმოიდგინეთ, ამ სახის მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვენებში, სადაც კერძო ბიზნესს არსებობის და განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს, სადაც მისი ფუნქციონირებისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები არსებობს და შესაბამისად ნაკლები რისკების წინაშე დგას. მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბიზნესი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის სწორი და პროფესიონალური რჩევები მენეჯმენტისა თუ მმართველობის კუთხით.

როგორ პოულობთ კლიენტების პრობლემების მოგვარების გზებს?

– პირველ რიგში, ჩვენ არ ვაკეთებთ ნაჩქარებ დასკვნებს პრობლემის მხოლოდ ზედაპირული შესწავლით და არ ვცდილობთ პრობლემის ფორმალურად გადაჭრას. ჩვენ ვეძებთ მისი წარმოქმნის მიზეზებს, მის გამომწვევ სიღრმისეულ შინაარსს და ვაკავშირებთ მიზნებთან, რომელთა განხორციელებასაც ის უშლის ხელს. კომპანიები სხვადასხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე: დაბალი შემოსავლები, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, აქტივების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენების შეუძლებლობა, განვითარების შემაფერხებელი ზედმეტი პროცესები და ბიუროკრატია, ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები. ისინი წარმოქმნიან პრობლემებს, რომელთა გადაჭრის მეთოდები ყოველთვის აშკარა არ არის.

ყველა ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა მათი სიღრმისეული და დეტალური შესწავლა, გაანალიზება, მათი მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა კომპანიის ფუნქციონირების სხვა ასპექტებთან, რომელთა მიმართებითაც ერთი შეხედვით მათ არანაირი კავშირი შეიძლება არ ჰქონდეთ, თუმცა ხარვეზები ხშირად ზუსტად ამ ერთი შეხედვით თვალისათვის უხილავ დეტალებშია, ვინაიდან კომპანია ერთი ორგანიზმია და ცვლილება ან ხარვეზი გარკვეულ ფაქტორში ყოველთვის ასახვას ჰპოვებს სხვა ფაქტორზე.

მაგალითისათვის გეტყვით, ჩვენ მოგვმართა კომპანიის დირექტორმა, რომელიც მომსახურების სფეროში იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლების მხრიდან ბიზნესში საკმაოს დიდი თანხები იყო ინვესტირებული, ისინი კარგავდნენ კლიენტებს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მათი სერვისით: გადაცილებული ვადები და შენელებული შრომითი პროცესები. დამკვეთი თვლიდა, რომ საჭირო იყო ყველა კომპანიის მუშაკის ერთად შეკრება და მათთან თათბირის ჩატარება კლიენტზე ორიენტირების მნიშვნელობის განმარტების მიზნით. თუმცა, ეს არ არის გამოსავალი. პრობლემის მიზეზი მოძველებული ბიზნეს პროცესი, კომპანიის ფუნქციონირების მონახაზი და კადრებს შორის ბუნდოვანი მოვალეობები აღმოჩნდა. გამოსავალი – ხელმძღვანელისათვის სამუშაო პროცესის ყველა ასპექტის დეტალურად ახსნა, თუ რომელი განყოფილება ან კადრია ჩართული, რომელ პროცესში, თანამშრომლების ფუნქციების და პერსონალური პასუხისმგებლობის ზონების მონახაზის შედგენა, წახალისების და დასჯის ადეკვატური სისტემის შემოღება. საბოლოოდ კი ზუსტი სამოქმედო გეგმის დასახვა. შედეგად მივიღეთ განახლებული რეგულაციები, რომელიც კლიენტის მომსახურების მაღალ ხარისხს ქმნის. ეს კომპანია დღეს ერთ–ერთი წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში.

– როგორ მუშაობთ კლიენტებთან?

– ყველაფერი დამკვეთთან შეხვედრით იწყება, სადაც ჩვენ განვიხილავთ აქტუალურ ამოცანებსა და პრობლემებს. უმეტეს წილად ჩვენი მომხმარებელი კომპანიის გენერალური დირექტორი, ან მისი დამფუძნებელია. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. ერთ-ერთი კომპანია დიდ პრობლემებს წააწყდა პარტნიორ ქვეყანაში მოლაპარაკებებისას. ჩვენი კლიენტი მოკლე დროში უნდა შეთანხმებოდა პარტნიორს იმ გარკვეულ და ამავე დროს მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგები, სადაც გაშლილი იყო მოლაპარაკების სცენარები და თითოეულის შემთხვევაში პარტნიორის შესაძლო ქცევა. ბიზნეს-ტრენერების გუნდმა კლიენტის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მონაწილე გადაამზადა. შედეგად, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, მათ შეინარჩუნეს ინტერესები, თავიანთი პირობები და რაც მთავარია კარგი ურთიერთობა პარტნიორთან.

მეორე მაგალითი დაკავშირებულია კომპანიის მკვეთრ ზრდასთან. მსხვილმა ფინანსურმა ორგანიზაციამ ერთდროულად შთანთქა თავისი რამდენიმე კონკურენტი და საგრძნობლად გაიზარდა. ტოპ-მენეჯმენტმა მოგვმართა თხოვნით, დაგვეგეგმა მომავალის წლის ბიუჯეტი, შეგვეფასებინა ფინანსური და საგადასახადო რისკები, გაგვეანალიზებინა ყველა ხელმძღვანელის პროფესიული უნარ–ჩვევები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულ ადამიანს შეადგენდა, მმართველობითი საკადრო რეზერვი. ჩვენი მიზანი კომპლექსური და საკმაოდ რთული  იყო, თან ეს ყოველივე უმოკლეს დროში უნდა გაგვეხორციელებინა. ჩვენმა აუდიტებმა და ფინანსისტებმა საკმაოდ დაძაბული გრაფიკით იმუშავეს, უმოკლეს ვადებში შეადგინეს სამოქმედო ფინანსური გეგმა და დადეს აუდიტორული დასკვნა. ჩვენ ასევე განვახორციელეთ შეფასების ცენტრი: ჩავატარეთ ტესტირება, ინტერვიუ კომპეტენციის დასადგენად და მოვაწყვეთ შეფასების სესიები. ეს ინტენსიური პროექტი იყო, რომელიც ოთხ თვეში განვახორციელეთ. შედეგად, დამკვეთმა მიიღო შეჯამებული ფინანსური ინფორმაცია და საკადრო რეკომენდაციები, ასევე ინდივიდუალური რეპორტები თითოეული პრობლემატური საკითხის შესახებ.

მოუმართავს თუ არა საჯარო სექტორს და როგორი სახის თხოვნებით?

– კი მოუმართავთ, თან ძალიან განსხვავებულით. ძირითადად ესენი იყვნენ საშუალოზე მაღალი დონის მენეჯერები, რომლებსაც ზემდგომიდან ჰქონდათ მიღებული დავალება გარკვეული პროექტის განსახორციელებლად. ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე ეს მომართვები ძირითადად კერძო დაკვეთის ხასიათს ატარებდნენ. მაგალითად, მათ სჭირდებათ კონსულტაცია, რომელიმე რთული პროექტის ფინანსური და შედეგობრივი ანალიზის თაობაზე. ასევე რეგიონიდან ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სჭირდება დაბალი რგოლის მმართველების მუშაობის შეფასება ან მათი მმართველობითი უნარების გაუმჯობესება. ჩვენ ვიცავთ კლიენტის კონფიდენციალურობას, ასე რომ არ დავკონკრეტდებით მათი დასახელებით და პროექტის შინაარსით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი თვითონ არ მოინდომებენ გასაჯაროვებას.

ბატონო ამირან, გვიამბეთ თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ.

– ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კადრების სწორად შერჩევას და თანამშრომლების განვითარებას. ჩვენი კონსულტანტების და ექსპერტების უმეტესობას, ზურგს უმაგრებთ წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება წარმატებულ კერძო კომპანიებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენი თანამშრომლები გადიან მუდმივი და ინტენსიური ტრენინგების კურსს, ბოლო წლების განმავლობაში, ისინი რეალური პროექტების საშუალებით კიდევ უფრო იძენენ და  იფართოვებენ  გამოცდილებას.

საკუთარი თანამშრომლებისთვის, ჩვენ ვატარებთ კორპორატიულ ტრენინგებს აუდიტში, ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებში, მოლაპარაკებებსა და მენეჯმენტში. თითოეული ხელმძღვანელის გეგმებში ყოველთვის არის თავისი ქვეშევრდომების ინდივიდუალური განვითარებისთვის დავალებები. საჭირო ადამიანების ძებნა და მათი მრავალწლიანი განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ საწარმოო კომპანია, ჩვენი პროდუქტი კონსულტანტების ინტელექტუალური მუშაობის შედეგია.

რა არის თქვენი მუშაობის მთავარი შედეგი და როგორია მისი განვითარების თქვენეული ხედვა?

– პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრა, ბიზნესის მიღწევადი მიზანია. გვინდა, თუ არა ეს ჩვენ, ორგანიზაციებში მიმდინარეობს ბუნებრივი ცვლილებები, რომლებიც ან კომპანიის განვითარებას შეუწყობენ ხელს, ან პირიქით, დააზარალებენ მას. იმისათვის რომ, მოახდინოთ ადაპტაცია და მიაღწიოთ მიზნებს, არ არის აუცილებელი თანამშრომლებისა და მენეჯერების შეცვლა, ამან შესაძლოა უკუშედეგიც კი მოიტანოს. აუცილებელი და მნიშვნელოვანია ბიზნეს პროცესის სწორად დაგეგმვა, კადრების შესაძლებლობების რეალურად შეფასება, მათი ოპტიმალურად გადანაწილება და შესაბამისი დავალებებით დატვირთვა, რადგან სწორედ ისინი აქცევენ რეალობად ფურცელზე დაწერილ ყველა სტრატეგიას, თუ გეგმას.

ჩვენი კომპანია საკუთარ მნიშვნელოვან როლს სწორედ ბიზნესისთვის ასეთი ხელშეწყობის განხორციელებაში ხედავს. ჩვენი მუშაობის მთავარი შედეგი და წარმატების განმსაზღვრელი კი მრავალი გაკოტრებას გადარჩენილი და ეგზისტენციალური პრობლემებისაგან განთავისუფლებული, დღეის მდგომარეობით წარმატებული კომპანიაა.

რაც შეეხება მის პერსპექტივებს, ფინანსური მომსახურების ზემოთნახსენები სფეროები აუცილებლად ჰპოვებენ განვითარებას და იტყვიან თავის სიტყვას საქართველოში, ვინაიდან ბიზნესს სწორედ მმართველობის კუთხით და ფინანსურ საკითხებში სჭირდება კვალიფიციური რჩევების მიცემა.

ნატალი ასათიანი                                                                                                                                   

 

SHARE