ქართული არქეოლოგია

0
616

არქეოლოგიური ძეგლები ესაა ადამიანის მიერ  შექმნილი ნივთიერი კულტურის ძეგლები, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი  ატყვია, მაგალითად, ნასახლარები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, სამარხები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები, სამკაულები და სხვ. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიცმსოფლიო არქეოლოგიურ რუკაზე საქართველო ფართოდ არის ასახული.

საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ამ რუკაზე აღიბეჭდა და დღეს უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, თბილისიდან 80 კილომეტრში, დმანისში მდებარეობს. 1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როდესაც აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბას მიაკვლიეს. ამ დროიდან ქართველ არქეოლოგებს გერმანელი კოლეგები შეუერთდნენ. სულ მალე დმანისმა მსოფლიო მეცნიერული წრეების ყურადღება მიიპყრო და ის საერთაშორისო კვლევის ობიექტი გახდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით აქ ინტენსიურად მუშაობდნენ გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი მეცნიერები.

დმანისის აღმოჩენა იმით იყო განსაკუთრებული, რომ იგი ორჯერ აძველებდა პირველი ევროპელის მანამდე მიღებულ ასაკს.

თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, 6-5 მილიონი  წლის წინ აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ (ამ ადგილს არქეოლოგები „კაცობრიობის აკვანს” უწოდებენ). ყველაზე ,,ასაკოვანი“ ჰომინიდი  (სახელად ,,არდი“) ამერიკელმა არქეოლოგმა ტიმ უაიტმა იპოვა ეთიოპიაში 1994 წელს. დაადგინეს, რომ ის 4,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და უძველესია ადამიანის წინაპართა შორის. 2001 წ. ფრანგმა პალეოანთროპოლოგმა მიშელ ბრუნემ ჩადში (აფრიკა) აღმოაჩინა მასზე გაცილებით ,,ხნიერი“ ჰომინიდი სახელწოდებით ,,ტუმაი“ (ჩადის ენაზე სიცოცხლის იმედს ნიშნავს), რომელიც 7-6 მილიონი წლითაა დათარიღებული და ჯერჯერობით ყველაზე ძველი ადამიანის ნიშნების მქონე ჰომინიდია დედამიწაზე.  ადამიანი აფრიკის გარეთ, სულ მცირე, 1,8 მილიონი წლის წინ გავრცელდა. მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. 2000 წელს, ანუ ცხრა წლის შემდეგ, როდესაც ყბის გარდა გათხრებისას თავის ქალებიც აღმოჩნდა, სამეცნიერო წრეებში დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოდ დამკვიდრდა. 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევას შორის დმანისის აღმოჩენა ჟურნალმა ,,Science“ საუკეთესო სამეულში დაასახელა. ამავე ჟურანლში დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოსა და აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები ადამიანის ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს, რაც მეცნიერებს აიძულებს, გადახედონ დამკვიდრებულ მოსაზრებებს ადრეული ჰომოს გვარის წარმომადგენლების რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.

2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის უძველესი ნაშთებიც დაახლოებით, 1,8 მილიონი წლის წინანდელია.

დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნ ჰომინიდთა თავის ქალებსა და ყბის ძვლებს, მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღეისათვის აქ უკვე ადრეული ჰომოს 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი.
ესპანეთის ქალაქ ბურგოსში გახსნილია ევოლუციის მუზეუმი (Museum of Human Evolution), რომლის საგამოფენო სივრცე და ლაბორატორიები 15 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და ადამიანის ისტორიაზე, უხსოვარი დროიდან დღემდე, გრანდიოზულ ექსპოზიციას შეიცავს. მუზეუმში განთავსებულია მასალა პირველი ევროპელის სამშობლოზე – დმანისზე და დმანისელი ჰომინიდები მულაჟების ასლები.

2007 წლიდან დმანისის არტეფაქტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  საცდელ სიაშია შეტანილი.

2015 წელს არქეოლოგთა და ფართო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო შიდა ქართლში, სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა მხარეს, მდებარე გრაკლიანისგორამ. ქართულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აქ ძვ.წ აღ. VII საუკუნით დათარიღებული ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინა. მეცნიერთა ნაწილი, რომელიც აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს, მიიჩნევს, რომ გრაკლიანის საკურთხევლის დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. ეს ახალი არტეფაქტი შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლოვან უწყვეტ განვითარებას მოწმობს. გამოვლენილია ძვ.წ.აღ. IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი, ასევე ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები. აღმოჩენილ არტეფაქტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე, საბეჭდავი, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიშდება.  მომავალი გვიჩვენებს, დადასტურდება თუ არა ამ აღმოჩენის ასეთი სიძველე, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, გრაკლინის წარწერა იმის უტყუარი საბუთი მაინც იქნება, რომ ქართული დამწერლობა ქრისტიანობამდე მართლაც არსებობდა.

,,კავკასია იმსახურებს, რომ მას ადამიანური მოდგმის აკვანი ერქვას. მის მთებზე დღის სინათლე ,,იხილეს სამყაროს პირმშოებმა“, წერდა ა. ბესტუჟევ-მარლინსკი. მართლაც, ბევრი რამ, რაც დღეს მთელი მსოფლიოს კუთვნილებაა დაიბადა კავკასიაში და, კერძოდ საქართველოში.

,,საქართველო ფორმათა წარმოქმნის და უძველესი ველური ცხოველების მოშინაურების უმნიშვნელოვანესი რეგიონი და მარცვეული კულტურების წარმოშობის უდიდესი ცენტრია“.  ეს ცნობილი რუსი ბიოლოგის ნ. ვავილოვის დასკვნაა, რომელსაც დღეს იზიარებს მსოფლიოს ყველა წამყვანი მეცნიერი ბიოლოგიის, გენეტიკის, სელექციის სფეროში. საქართველო ველური ხორბლის წარმოშოობის არეალში მდებარეობს. ეს უძველესი მცენარე ჩვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში იყო გავრცელებული.

საქართველო ხორბლის კულტურის ერთ-ერთ ძირითად და პირველ კერად მიიჩნევა. ამის საფუძველია კოლხეთის დაბლობში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი დანახშირებული ხორბლის მარცვლები და ასევე, შულავერში მიკვლეული ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები. ჩვენი ქვეყანა ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საქართველოში გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილ სახეობათაგან ყველაზე მეტი – 12, მათ შორის 6 ენდემურია (ადგილობრივი). ყველაზე ძველ და გავრცელებულ ჯიშებს განეკუთვნება ასლი, მახა, ზანდური, დიკა, თავთუხი და სხვ.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში (ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორია) ადრეული, ზედაპალეოლითური პერიოდის (32 000 წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29 000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფი და ველური სელის დართვის პირველი ნიმუშია მთელ მსოფლიოში. ეს აღმოჩენა იმ ათ ყველაზე დიდ აღმოჩენათა შორის შევიდა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს. სხვა თუ არაფერი, ამით დასტურდება, რომ იმ დროს უკვე ადამიანები იყენებდნენ თოკს და ხმარობდნენ ტანსაცმელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძაფი სხვადსხვა ფერადაა შეღებილი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზეც, რომ ადამიანს უჩნდება ესთეტიური გემოვნება და სხვ. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება. კოლხური სელი ერთდროულად საბოჭკოე და საზეთე მცენარე იყო. აქაური სელის ნაწარმი ძველ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი და განთქმული ყოფილა. ჰეროდოტე გვიდასტურებს, რომ კოლხეთში დიდად იყო განვითარებული სელის კულტურა. ქსენოფონტეს მოეპოვება ცნობა, რომ ხალიბები სელისაგან დაწნულ ჯავშანს იყენებდნენ და სხვ.

2003 წელს არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით (3 ათას 700 წლით) თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სამარხში თაფლის ორი ჭურჭელი იქნა მიკვლეული. ეს ჭურჭელი საქართველოში მეფუტკრეობის არსებობის პირველი დადასტურებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო თაფლის სამშობლოა.
თაფლი უფრო ადრე  ფარაონ ტუტანჰამონის სამსარხშიც იქნა  აღმოჩენილი, მაგრამ ქართული თაფლი  ეგვიპტურზე გაცილებით ძველია, დაახლოებით 14 საუკუნით. სპეციალისტები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, ეს ყველაზე ძველი თაფლი იყოს, რაც კი მსოფლიოში აღმოუჩენიათ.

რამდენიმე წლის წინ ქართველი და გერმანელი არქეოლოგები ქვემო ქართლში, დმანისის მახლობლად, საყდრისში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ. როგორც  მეცნიერები აცხადებენ, მათ მსოფლიოში უძველესი ოქროსმომპოვებელი მაღარო იპოვეს. მაღარო ძველი წელთაღრიცხვით IV (მეოთხე) ათასწლეულით არის დათარიღებული და იგი 5400 წლისაა. მაღარო მიწისქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება.
საყდრისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დროის ოქროს მაღარო მეტყველებს იმაზე, რომ მაშინ როდესაც ეგვიპტელები ოქროს მდინარე ნილოსში რეცხვის გზით მოიპოვებდნენ, ბოლნისის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ხალხი, რომელიც ფლობდა მიწის ქვეშ არსებული უხილავი ოქროს ადგილსამყოფელის მიკვლევის და მოპოვების ურთულეს ტექნოლოგიებს. მათ ოქროს ძვირფასი ლითონის ცნობა იცოდნენ ისეთ მადანში, სადაც ოქრო არ ჩანდა.  საინტერესოა ის, რომ ეს ხალხი საგრძნობლად უსწრებდა წინ ეგვიპტელებს, რომლებმაც მსგავს ტექნოლოგიას მხოლოდ 1000 წლის შემდეგ მიაგნეს. საყდრისი  სამთო წესით ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

1965-1971 წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქვემო ქართლში, სოფელ იმირის მახლობლად, შეისწავლა  ნეოლითური ხანის ოთხი ნასოფლარი.  ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, ეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები შულავერ-შომუთეფეს კულტურადაა წოდებული. სწორედ აქ აღმოჩნდა უძველესი ყურძნის წიპწები, რომლის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა, ხოლო შემდეგ კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ველური ვაზის წიპწები მიკვლეულია ასევე, მდ. ივრის ხეობასა და სოფელ დიღმის ტერიტორიაზე. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია. დგინდება ისიც, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე.  ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას. აღმოჩენილი მასალის დამუშავების  და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ღვინის უძველესი კულტურის შესახებ.

VI-V ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი – კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი – 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სასხლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა.
2006 წელს მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ,,თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად – ჯიხვი).

ქართველი ხალხის კულტურის, ცნობიერების უმთავრეს ღირებულებას მევენახეობა-მეღვინეობა წარმოადგენდა. ვაზი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა საქართველოსი. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ,,მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობა ქართველი ერის ყოფა-ცხოვრებისა და ქონებრივი კეთილდღეობისათვის იმ საგულისხმო გარემოებიდანაც ჩანს, რომ მიწა-წყლის ორ მთავარ გეოგრაფიულ და ბოტანიკურ-აგრონომიულ ნაწილად, მთა და ბარად გაყოფა, სწორედ მევენახეობის გავრცელების თვალსაზრისზე იყო დამყარებული: სადამდისაც მევენახეობა იყო შესაძლებელი, იქამდე ქვეყანა ბარად ითვლებოდა, სადაც ვაზის მოყვანა უკვე შეუძლებელი იყო, იმ ხაზითგან მოყოლებული უკვე მთად მიიჩნევდნენ. ამ მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი იმდენად დიდი იყო საქართველოს ეკონომიკაში, რომ საქართველოს დამპყრობლები ქართველების ქედმოუხრელობითი სულისკვეთების დასაძლევად ხშირად ვენახებს საგანგებოდ ანადგურებდნენ, რათა ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყანა ადვილად დაემორჩილებინათ. ამას გარდა, ქართველი კაცის წარმოდგენაში ვაზი წმიდა მცენარე იყო“.

სიტყვა ღვინო (ლათინურად ვინო) და თავად საგანი, ანუ სასმელი საქართველოდან გავრცელდა მსოფლიოში (გ. წერეთელი, თ. გამყრელიძე). საქართველოში არსებობდა ყურძნის 500 ჯიში. ადიგენის რაიონში, მდინარე ძინძეს ახლოს, გაშიშვლებულ ქანებში აღმოჩნდა მოყვითალო ფერის გაქვავებული ვაზის შტამპი, რომლის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია, ასაკი დაახლოებით 15 მლნ წელი. ახალციხის რაიონში ველური ლერწისა და ფოთლების ანაბეჭდებია აღმოჩენილი, ასაკი 10 მლნ წელი. ამგვარად, საქართველო დედამიწის ფლორის უძველესი წარმომადგენლის – ვაზის სამშობლოა.

1999 წლის ივლისში, ლონდონში, ქალაქის ცენტრში, გაიხსნა მუდმივ¬მოქმედი გამოფენა – ღვინის ქალაქი ,,ვინოპოლისი“.  ეს იყო მსოფლიოში პირველი მასშტაბური გამოფენა, რომელიც ღვინის ისტორიას მიეძღვნა. ,,ვინოპოლისის“ პავილიონებში წარმოდგენილია მსოფლიოში კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის ჩასახვა-განვითარების ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია. ექსპოზიცია საქართველოს პავილიონით იწყება, სახელწოდებით ,,ღვინის აკვანი“. ამჯერად, საქართველო მსოფლიოს წარუდგა, როგორც კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის ჩასახვის კერა, ვაზის სამშობლო, სადაც ადამიანმა პირველად მოაშინაურა გარეული ვაზი და დააყენა ღვინო.

,,საქართველო ის ქვეყანაა, საიდანაც მევენახეობა დასავლეთ ევროპაში გავრცელდა… ამ ქვეყანაში რვა ათასი წლის წინათ მზადდებოდა ჩვენი დროის შესაფერი ხარისხის ღვინოები“ – აღნიშნავს იტალიის მევენახეობისა და მეღვინეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. ჯ. დელმასო.

ქრისტეშობამდე IV-III ათასწლეულებში კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკურ-კულტურული მიღწევა იყო მეტალურგიისა და ლითონდამუშავების განვითარება. საგანგებო კვლევა-ძიების შედეგად მეცნიერები კარგა ხანია დარწმუნდნენ, რომ ცივილაზაციის აკვანი მთაში დაირწა. არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ნათელი გახდა, რომ ე.წ. ,,ნეოლითური რევოლუცია – შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა – მთაში განხორციელდა. დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ ერთ-ერთი პირველი კერა, სადაც ეს პროცესი ჩაისახა და განვითარდა, საქართველოს მთიანეთია. აქ წარმოიშვა კულტურულ მცენარეთა უმეტესობა და კაცობრიობის პროგრესის მამოძრავებელი ფენომენი – მეტალურგია.
,,ქართველ ტომებს მადნეულობის მოპოვებასა და დამუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველი განათლებული კაცობრიობის წინაშე“, – აღნიშნავდა ივ. ჯავახიშვილი. მანვე დაადგინა, რომ ,,კალის“ გარდა, ყველა ლითონის სახელი ქართულია, რაც იმის მაუწყებელია, რომ ქართველთა წინაპრებმა პირველებმა აითვისეს მადნის დამუშავება. აღმოჩენილია წიდები და ქვის უროები, მადნის მოსაპოვებელი პატარა წერაქვი, ნაჯახის მსგავსი გრძელტარიანი საომარი იარაღი და სხვ.

მეტალურგია ამ დროიდან უკვე მეურნეობის ცალკე დარგი იყო და მას სპეციალისტი-მელითონეები ემსახურებოდნენ. აღმოჩენილია მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები, მათ შორის, ქვის თაღიანი ქურა (ახალციხე). ქრისტეშობამდე XIV ს-დან პირველად ჩნდება რკინისგან დამზადებული ნივთები. დიდი ბერძენი ტრაგიკოსი ესქილე (ქრისტეშობამდე V ს.) თავის ტრაგედიაში ,,მიჯაჭვული პრომეთეოსი“ წერს: ,,ხალიბები რკინის გამომგონებლები არიან, მათი ქვეყანა კი რკინის დედაა“. რკინის აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა და ამდენად ქართველების დამსახურება განუზომელია.

რკინის საბადოები ძირითადად დღევანდელ აჭარაში, აფხაზეთში, სვანეთსა და რაჭაშია თავმოყრილი. ამ მთიან მხარეებში მრავლად გვხვდება რკინის ძველი ნაშთები, რკინის საწური ქურის ნაშთები, წიდის გროვები. რკინის წარმოების მძლავრი კერები აღმოჩენილია სვანეთში, აჭარაში. თვალსაჩინოა რკინის დამუშავების მაღალი დონე და წარმოების ფართო მასშტაბები, რაც მიწათმოქმედებისა და სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებისა და, აგრეთვე, სამხედრო საქმის ინტერესებით იყო განპირობებული. რკინის სადნობი ქურებისა და სასოფლო-სამეურნეო თუ საომარი იარაღების ასეთი სიმრავლე, ასე თვალსაჩინოდ, იმდროინდელ მსოფლიოში თითქმის არსად არაა გამოვლენილი.

კოლხური კულტურის (გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანა) ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და შესანიშნავი ძეგლია ,,კოლხური ცული“. მრავალსაუკუნოვანი განვითარების მანძილზე ,,კოლხური ცულის“ ყველა სახეობა გამოირჩევა ფორმის არაჩვეულებრივი სინატიფითა და იშვიათი პროპორციებით. იგი ხშირად შემკულია პლასტიკური და გრავირებული მხატვრული სახეებით, რომელთა მიხედვით შესაძლებელია სახვითი ხელოვნების განვითარების სურათის აღდგენა. ქრისტეშობამდე XIV ს-ში უკვე არსებობდა ცულის ძირითადი ტიპი, რომელმაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე, XIV-VII სს-ში გაიარა განვითარების რთული გზა და რამდენიმე თავისებური სახეც შექმნა. რკინის მეტალურგიის განვითარებასთან ერთად, მეურნეობაში წამყვანი ხდება რკინის იარაღი. ამ დროისათვის ბრინჯაოს კოლხურმა ცულმა თანდათანობით დაკარგა საომარი დანიშნულება და მხოლოდ სარიტუალო-საკულტო ფუნქცია შემორჩა

თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა. თრიალეთის ზეგანზე არქეოლოგიური გათხრები 1936 წელს პროფესორ ბორის კუფტინის ხელმძღვანელობით დაიწყო.  გათხრებმა ნათელყო, რომ თრიალეთის ყორღანული კულტურა აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციის თანადროულ და ტოლფასოვან ძეგლებს შეიცავდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უნიკალური ღვინის თასები, ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

თრიალეთში აღმოჩენილი ვერცხლის თასი ჭედური ხელოვნების ულამაზესი ნიმუშია. ორად გაყოფილი თასის ზედაპირზე ქვემო ნაწილში ხარი და ფურირმები ერთმანეთის რიგში დამწკრივებულან, ხოლო ზედა ნაწილი საკულტო-რიტუალურ სცენას წარმოადგენს. ნიღაბჩამოფარებული 22 მამაკაცი ხელში ზეარმართული თასებით, პროცესიად მიემართებიან  ტასის სუაგულში ტახტზე მჯდომ ღვთაებისაკენ. ნიღაბიან ღვთაებასაც ხელში თასი უჭირავს, ხოლო ღვთაების უკან გამოხატულია წმინდა ხე, ხე ცხოვრებისა.
მამაკცებს ხეთური ტანსაცმლის მსგავსი ქულაჯები მოსავთ და  ფეხებზეც ისეთი ჭვინტიანი ფეხსაცმელები აცვიათ, როგორიც ხეთური ხელოვნების ძეგლებზეა გამოსახული. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბები აუცილებელი ატრიბუტი იყო აღმოსავლეთისა და ეგვიპტის რელიგიურ მისტერიებში.


თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ,,ქართული არქეოლოგიის მარგალიტი“ –  ძვირფასი თვლებით შემკული ბაჯაღლო ოქროს თასი. ამ აღმოჩენით გაირკვა, რომ 3500 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულა მაღალი კულტურის ადგილობრივი კერა, თანადროული ხეთების იმპერიისა და მითანის სამეფოსი და უფრო ძველი, ვიდრე ასურელთა მონარქია იყო. ამას უცილობლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ აქვე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ორნამენტი მსგავსი იყო და ზოგჯერ იმეორებდა კიდეც ოქროს თასზე ამოტვიფრულ ჩუქურთმებს. რადგან უზარმაზარი თიხის ჭურჭლის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა წარმოუდგენელია, მეცნიერებს უფლება ჰქონდათ დაესკვნათ, რომ  ეს საგნები შორეულ წარსულში  საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა მეთუნეებმა და ოქრომჭედლებმა შექმნეს.
თრიალეთის ყორღანებში არქეოლოგებმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მიაგნეს ტექნიკური კულტურის ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო ნაწარმს – ხის ურემს (ოთხთვალა ეტლს). მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაშიფრული ხეთური დამწერლობის ის ტექსტები, რომლებიც მეფეთა დამარხვის წესს მოგვითხრობდნენ. შემდეგში თიხის ფირფიტებზე შემორჩენილ ამ ტექსტებში ამოიკითხეს, რომ ხეთების გარდაცვლილ მეფეებსა და დიდებულებს კოცონზე წვავდნენ, მათ ფერფლს პირად ნივთებთან და ტანსაცმელთან ერთად ურემზე ათავსებდნენ და შეჰქონდათ სამარხში, რომელიც საგანგებოდ იყო აგებული მიცვალებულის დასაკრძალავად. ამ გარემოებამ თრიალეთიში აღმოჩენილი ურმის მნიშვნელობა, როგორც ისტორიული დოკუმენტისა, ერთი ორად გაზარდა. ის, რაც ხეთურმა დამწერლობამ სიტყვიერად შემოინახა, თრიალეთის მატერიალურმა კულტურამ დაადასტურა.

თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია ასევე კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში.
ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის.
არქეოლოგიური განძებიდან საქართველოში ჯერჯერობით უძველესია შუა ბრინჯაოს ხანის ურეკის განძი (ძვ. წ. XVIII – XVI სს.). არქეოლოგიურ განძთა სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილია კოლხური კულტურა (ძვ. წ. XIV – VII სს.).

 

SHARE