გონების მახეები, რომლებიც ცხოვრებას გვირთულებენ

0
290

რა გავლენას ახდენს ინერნეტი ჩვენს ტვინზე? საიდან მომდინარეობს Victimblaming? და რატომ გვეჩვენება, რომ ადრე მუსიკა უკეთესი იყო? PRIME.GE წარმოგიდგენთ ექვს ეფექტს, რომელიც თქვენი რეალობის აღქმას ამახინჯებს.

პროჟექტორის ეფექტი

არსი

ადამიანები მიდრეკილნი არიან გადაჭარბებულად აღიქვან ის, თუ რამდენად შესამჩნევია მათი გარეგნობა ან მათი ქმედებები გარშემომყოფთათვის. რამდენადაც, ადამიანი დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, მას ეჩვენება, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ეს რეალურადაა.

ვინ აღმოაჩინა?

ამ ეფექტის აღწერისთვის ტერმინი ფსიქოლოგიის პროფესორმა კორნელის უნივერსიტეტიდან თომას გილოვიჩმა გამოიგონა. 2000 წელს, მან კოლეგებთან თანაავტორობით გამოაქვეყნა სამეცნიერო ექსპერიმენტის აღწერა. მათ ერთ-ერთ თავიანთ სტუდენტს სთხოვეს, რომ ჩაეცვა მომღერალ Barry Manilow-ს მაისური (თუმცა, მანამდე აღინიშნა, რომ რეალურ ცხოვრებაში მას სტუდენტთა უმრავლესობიდან არავინ ჩაიცვამდა). შემდეგ, ობიექტი შემთხვევით შევიდა საკლასო ოთახში, სადაც დამკვირვებელი სტუდენტები იმყოფებოდნენ. ექსპერიმენტის შემდეგ მას ეკითხებოდნენ, თუ რამდენმა ადამიანმა შეამჩნია მისი “უცნაური ჩაცმულობა”, შემდეგ ეს რიცხვი შეადარეს რეალურ მაჩვენებელს. შედეგმა აჩვენა, რომ სუბიექტმა ორჯერ უფრო გამძაფრებულად წარმოიდგინა რეალობა. ის თვლიდა, რომ მას ადამიანთა 46%-მა მიაქცია ყურადღება, ხოლო სინამდვილეში ეს რიცხვი მხოლოდ 23% იყო.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

თუ გეჩვენებათ, რომ ყველა მუდმივად გიყურებთ, თქვენზე უბრალოდ პროჟექტორის ეფექტი მოედებს. სწორედ იგივე ეხება ყველა მოუქნელ სიტუაციას თქვენი წარსულიდან, რომლის გამოც შეიძლება დღემდე გრცხვენიათ. ნუ დაიტანჯავთ თავს, გარშემომყოფებმა ეს სავარაუდოდ, უკვე დიდი ხნის წინ დაივიწყეს.

Google-ის ეფექტი

არსი

ჩვენ ცუდად ვიმახსოვრებთ ინფორმაციას, რომლის მოძიებაც ინტერნეტში მარტივად შეიძლება, ამას ციფრული ამნეზია ეწოდება.

ვინ აღმოაჩინა?

პირველად, ეს ეფექტი თავის სტატიაში ბეტსი სპეროუმ, ჯენი ლუმ და დენიელ ვეგნერმა აღწერეს 2011 წელს. ექსპერიმენტის სერიების შემდეგ, მეცნიერებმა მიღეს შემდეგი შედეგები: პირველ რიგში, როცა ხალხს უსვამდნენ კითხვას ზოგადი ცოდნიდან, ისინი კომპიუტერის გამოყენებაზე ფიქრობდნენ, მაშინაც კი, როცა სწორი პასუხი იცოდნენ. მეორე, ადამიანები რთულად იმახსოვრებენ იმ ინფორმაციას, რომელზეც დარწმუნებულნი არიან, რომ ისევ ნახავენ. მესამე, ადამიანები უკეთ იმახსოვრებენ იმას, თუ სად არის შენახული ინფორმაცია, ვიდრე უშუალოდ მის შინაარსს.

2015 წელს ამერიკაში, “კასპერსკის ლაბორატორიაში” ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Google-ის ეფექტი არა მხოლოდ ზოგად ცოდნაზე ვრცელდება, არამედ პირად ინფორმაციაზეც. იმის ნაცვლად, რომ დავიმახსოვროთ პირადი ხასიათის დეტალები, ადამიანების 91% მიმართავს ინტერნეტს, ხოლო 41% თავის სმარტფონს. “კასპერსკის ლაბორატორიის” მკვლევარებმა ამ ფენომენს ციფრული ამნეზია უწოდეს.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

ციფრული ამნეზია არც თუ ისე ცუდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მონაცემების მოცულობა, რომელიც ჩვენმა ტვინმა შეიძლება შეინახოს შეზღუდულია, ხოლო ინფორმაციის ნაკადების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინტერნეტი და სმარტფონი საშუალებას გვაძლევენ ადგილი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციისთვის განთავისუფლდეს. ერთ დროს, კალკულატორის გამოჩენისას ფიქრობდნენ, რომ მის გამო ხალხი გადაეჩვევოდა თვლას, თუმცა ასე არ მომხდარა. იმისათვის, რომ ავარჯიშოთ ტვინი, საჭიროა უფრო მეტი დრო დაუთმოთ მაგალითად უცხო ენის შესწავლას.

ბარნუმის ეფექტი

არსი

ადამიანები ზედმეტად აფასებენ თავიანთი ხასიათის აღწერის სიზუსტეს, ან პირადი ცხოვრების დეტალებს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი აღწერილობა ზუსტად მათთვისაა შექმნილი, თუმცა სინამდვილეში, ისინი იმდენად ბუნდოვანია, რომ თითქმის ყველას შეიძლება შეესაბამებოდეს. ამ ეფექტზეა დაფუძნებული მრავალი ჰოროსკოპი, პროგნოზი და პიროვნების ხასიათის გამოსავლენი ტესტებიც კი.

ვინ აღმოაჩინა?

ეფექტს ეს სახელი ცნობილი ამერიკელი ცირკის არტისტის, ფინეას ბარნუმის საპატივცემულოდ ეწოდა, ხოლო პირველი აღმომჩენი ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტმან ფორერი იყო. 1949 წელს მან ასეთი ექსპერიმენტის აღწერა გამოაქვეყნა: პირველად სტუდენტებს სთხოვეს გაევლოთ ფსიქოლოგიური ტესტი, შემდეგ მათ აჩვენეს შედეგები და უთხრეს, რომ შეეფასებინათ მათი სიზუსტე. 0-დან 5-მდე შკალაზე საშუალო ქულა 4.26 იყო.

საინტერესო ის არის, რომ ყველა სტუდენტს პასუხების შედეგად ერთი და იგივე ხასიათის ჩამონათვალი მისცეს. მაგალითად: “თქვენ გჭირდებათ, რომ სხვა ხალხს უყვარდეთ და აღფრთოვანებული იყნენ თქვენით, თქვენ საკმაოდ თვითკრიტიკული ხართ, თქვენ ბევრი ფარული თვისება გაქვთ, რომელსაც ჯერაც არ იყენებთ. მიუხედავად ამისა, თქვენ გაქვთ გარკვეული სუსტი მხარეები, თუმცა შეგიძლიათ მათი განეიტრალირება. ცდილობთ, რომ თავი დისციპლინირებულად და საკუთარ თავში დარწმუნებულად აჩვენოთ, თუმცა შინაგანად მაინც ღელავთ და თავს დაუცველად გრძნობთ. ამავე დროს, თქვენ გაწუხებთ სერიოზული ეჭვი, დაუშვით თუ არა რაიმე შეცდომა და გააკეთეთ თუ არა ყველაფერი სწორად. თქვენ გირჩევნიათ მრავალფეროვნება, თუმცა ჩარჩოები და საზღვრები უკმაყოფილებას იწვევენ. ასევე თქვენ ამაყობთ, რომ აზროვნებთ დამოუკიდებლად. თქვენ არ იღებთ სხვათა ბრალდებებს საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. თქვენ აცნობიერებთ, რომ იყოთ სხვა ადამიანებთან სრულიად გულწრფელნი სულაც არ რის ჭკვიანური გადაწყვეტილება. ხშირად ისე იქცევით, როგორც ექსტრავერტი: თქვენ ხართ მეგობრული და კომუნიკაბელური. ზოგჯერ კი როგორც  ინტროვერტი: თქვენ ხართ ფრთხილი და თავშეკავებული. ზოგიერთი თქვენი მისწრაფება არც ისე რეალისტურია. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტაბილურობაა”.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

შემდეგში ჰოროსკოპის, ან რაიმე ტესტის წაკითხვისას, სცადეთ ჩამოთვლილი მახასიათებლები თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს მოარგოთ, მალე აღმოაჩენთ, რომ ისინი ყველასთვის შეიძლება იყოს შესაფერისი.

სამყაროს სამართლიანობის რწმენა

არსი

ხალხს სჯერავს, რომ სამყარო სამართლიანია და ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ. “კარგ” ადამიანებს ცხოვრება ხელს უწყობს, ხოლო “ცუდს” პირიქით, სჯის. სწორედ სამყაროს სამართლიანობის ჰიპოთეზა უდევს საფუძვლად ვიქტიმბლეიმინგს, ეს არის ტენდენცია, მსხვერპლმა საკუთარი თავი დაადანაშაულოს ყველაფერ იმაში, რაც დაემართა.

ვინ აღმოაჩინა?

პირველად ეს მოვლენა ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მელვინ ლერნერმა და ქეროლაინ სიმონსმა აღწერეს 1966 წელს. მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: 72 სტუდენტი თვალს ადევნებდა, თუ როგორ წერდა მათი თანაკურსელი ტესტს. ყოველი არასწორი პასუხისთვის სტუდენტი მცირეოდენ ელექტროშოკურ დარტყმას იღებდა. თავდაპირველად სტუდენტები თანაუგრძნობდნენ მას, თუმცა მალევე თვითონ გოგონას დადანაშაულება დაიწყეს. ლერნერმა ეს ფენომენი სამართლიანობის რწმენით ახსნა. როცა ცხადი გახდა, რომ დამკვირვებლები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდნენ გოგონას ტანჯვაზე, მათ დაიწყეს მომხდარის გამართლება იმით, რომ სამყარო აპრიორი სამართლიანია.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

სამყაროს სამართლიანობის რწმენა პოზიტიური ილუზიაა, რომელიც ადამიანს სჭირდება, რათა შეინარჩუნოს სულიერი სიმშვიდე. თუმცა, ამავე დროს ჩვენ მუდმივად ვეჩეხებით გარშემო უსამართლობას. რაციონალური რეაქცია ამაზე არის ის, რომ გავაცნობიეროთ უსამართლობა და მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი შესაძლებლობების გავლენა სამყაროზე საკმაოდ შეზღუდულია. მთავარია, არ გადავიდეთ უარყოფაში, თვითიზოლირებაში და პირადი შეცნობის ძიებაში (როგორც ვიკტიმბლეიმინგის დროს).

მცდარი პროგნოზი ემოციურ გავლენაზე

არსი

ადამიანები როგორც წესი, გადაჭარბებულად აფასებენ მომავალი ემოციური მდგომარეობის ხანგრძლივობას ან ინტენსივობას.

ვინ აღმოაჩინა?

1998 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დენიელ გილბერტმა, სხვა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ ეფექტზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს ეფუძნებოდა. ექსპერიმენტის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს, მათ დამქირავებელთან გასაუბრება უნდა გაევლოთ. პირველი ჯგუფის შემთხვევაში გასაუბრება არასამართლიანად ჩატარდა, გადაწყვეტილება ერთმა ადამიანმა მიიღო, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში სამართლიანად, სადაც გადაწყვეტილება კოლექტიურად მიიღეს. შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ, რას იგრძნობნენ, თუ სამსახურში არ აიყვანდნენ, ამ ამბის გამოცხადებითანავე და 10 წუთის შემდეგ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ყველა მონაწილემ უარყოფითი პასუხი მიიღო და მათ სთხოვეს შეევსოთ კითხვარი ემოციური მდგომარეობის შესახებ.  10 წუთის შემდეგ მათ კვლავ სთხოვეს შეევსოთ ის ახლიდან. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ორივე ჯგუფმა თავისი მდგომარეობა ახალი ამბების გაგებისთანავე უფრო ზუსტად აღწერეს, თუმცა გადააფასეს ეფექტის ხანგრძლივობა, 10 წუთის შემდეგ ისინი თავს გრძნობდნენ უფრო ნაკლებად იმედგაცრუებულად, ვიდრე თავდაპირველად.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

არ შეგეშინდეთ სცადოთ რაიმე ახალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მცდელობა ფიასკოთი დასრულდება. მარცხის სიმწარე სწრაფად დაცხრება, უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე ეს ახლა გგონიათ.

გადარჩენილის სისტემატური შეცდომა

არსი

შერჩევის შეცდომის ერთ-ერთი მაგალითია, როცა “გადარჩენილ” ადამიანზე ან საგანზე, რომლებმაც გადალახეს გარკვეული პროცესი, ყოველთვის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე “მკვდრებზე”, მათზე ვინც პროცესის დროს გაქრნენ. შედეგად, ჩვენ უფრო მეტად ვკონცერტრირდებით “გადარჩენილებზე”, ხოლო “მკვდრებთან” დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას ვტოვებთ უყურადღებოდ.

ვინ აღმოაჩინა?

ამ ფენომენის ინდივიდუალური ასპექტების გამოკვლევაზე სხვადასხვა მეცნიერები მუშაობდნენ. მაგალითად, ამერიკელმა მეცნიერმა მაიკლ შერმერმა აღნიშნა, რომ მასმედია ყურადღებას მხოლოდ წარმატებულ სტარტაპებს აქცევდა, როგორებიცაა Apple და Google, რომლებიც არაფრისგან შეიქმნენ, ხოლო სტარტაპების გაკოტრებაზე არავინ წერდა. შედეგად ადამიანებს უჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ წარმატების მიღწევა “ავტოფარეხის” სტარტაპით უფრო მარტივია, ვიდრე ეს რეალურად არის. რიცხვები საწინააღმდეგოს ამბობენ, ამერიკაში ერთ წარმატებულ სტარტაპზე 100 ადრეულ ეტაპზევე “ჩაფლავებული” მოდის.

გადარჩენილის კიდევ ერთი სისტემატური შეცდომა ისაა, რომ ძველად კინო, მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა და სხვა ყველაფერი უკეთესი იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დროშია გამოცდილი. ჩვენ არაფერი არ ვიცით წარუმატებელი შემოქმედების შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაივიწყეს.

როგორ ვიცხოვროთ ამით?

შემდეგში, როცა მოგინდებათ გაასაჩივროთ თანამედროვეობის სული, გახსოვდეთ, რომ წარსული ეპოქიდან ჩვენამდე მხოლოდ ოქროს მარცვლებმა მოაღწიეს, რომლებმაც ყველაზე ეფექტური ფილტრი გამოიარეს, ანუ დროს გაუძლეს. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიეჩვივნენ წარსულის იდეალიზაციას, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ვითარდება და იცვლება უკეთესობისკენ.

 

SHARE