რა უნდა იცოდეთ სხეულის ენის შესახებ?

0
54

ჩვენ სხეულებს საკუთარი სალაპარაკო ენა გააჩნიათ  და მათი სათქმელი  ყოველთვის სასიამოვნო არ არის. თქვენი სხეულის ენა ხშირ შემთხვევაში თქვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი ხდება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებთ ამას.

ამ შემთხვევაში, საკითხის განხილვის დაწყების დროა, რადგან თქვენ  შეიძლება  საკუთარ კარიერას ღუპავდეთ. ,,თალენთსმართმა“  ტესტირება ჩაუტარა მილიონზე მეტ ადამიანს და დაადგინა, რომ ყველაზე კარგი შედეგები მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პიროვნებებმა აჩვენეს, (უფრო ზუსტად, საუკეთესო შედეგის – 90%). ამ ხალხმა კარგად იცის, თუ რა ძალას ფლობს  უხმო სიგნალები  კომუნიკაციაში, ამიტომაც ისინი  შესაფერისად აკონტროლებენ საკუთარი სხეულის ენას.

ქვემოთ განვიხილავთ სხეულის ენის 15 უხეშ შეცდომას, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა ყველაზე ხშირად უშვებს, ხოლო მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ახერხებენ მათგან თავის არიდებას.

1)  წელში მოხრა, ტლანქი მოძრაობა   უპატივცემულობის გამოხატულებაა. ეს მიანიშნებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ თქვენს გარემომცველთა წრეში ყოფნა  და არანაირი სურვილი არ გაქვთ  იქ დარჩენის. თქვენ პირდაპირ  ვერასდროს ეტყვით  უფროსს, ,,მე ვერ გამიგია, რატომ უნდა გისმინო“, მაგრამ სხეულის ტლანქი მოძრაობებით უთქმელადაც ყველაფერი ნათელი იქნება, სხეული  ამას თქვენს მაგივრად ხმამაღლა და გარკვევით იტყვის.

ადამიანის ტვინი პიროვნების ძალაუფლებას ინსტინქტურად აიგივებს იმ სივრცესთან, რომელსაც იგი იკავებს. გამართული დგომა ძალაუფლების გამომხატველი პოზიციაა. ეს მაქსიმალურად ზრდის სივრცეს, რომელსაც თქვენ იკავებთ. წელში მოხრა კი თქვენი სხეულის მოშვების შედეგია, იკავებს ნაკლებ სივრცესა  და ნაკლები ძალაუფლების გამომხატველია.

სწორი დგომის მანერის შენარჩუნება სხვებში თქვენდამი  პატივისცემას აღძრავს და ხელს უწყობს საქმიანობის უკეთ წარმართვას.

2) გადაჭარბებული ჟესტიკულაცია შეიძლება გამოხატავდეს, რომ თქვენ აზვიადებთ სიმართლეს. უპირატესობა მიანიჭეთ პატარა, გაკონტროლებულ ჟესტებს, რაც მიუთითებს ლიდერობასა და თავდაჯერებულობაზე, ასევე ღია ჟესტებს, როგორიცაა ხელების განზე გაშლა ან ხელის გულების ჩვენება, რაც გამოხატავს  რომ თქვენ დასამალი არაფერი გაქვთ.

3) საათზე ყურება ვინმესთან ლაპარაკისას მიმანიშნებელია უპატივცემულობის, მოუთმენლობისა და ზედმეტი თვითკმაყოფილების. ამით თქვენთან მოსაუბრეს აგრძნობინებთ, რომ გაცილებით უკეთესი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, ვიდრე მასთან  საუბარია  და ერთი  სული გაქვთ გაეცალოთ მას.

4) სხვებისათვის ზურგის შექცევა,  ან საუბარში არ ჩართვა გამოხატავს, რომ თქვენ სხვა რამით ხართ დაკავებული, არ ხართ დაინტერესებული, არაკომფორტულად გძნობთ თავს, ან პატივს არ სცემთ თქვენს თანამოსაუბრეს.

ეცადეთ გადაიხაროთ პიროვნებისკენ, რომელიც გესაუბრებათ, თავი ოდნავ გვერდზე გადასწიეთ მოსმენისას. ეს მიანიშნებს მას, რომ თქვენი სრული ყურადღება უპყრია.

5) ხელების გადაჯვარედინება და რაღაც დონეზე ფეხების გადაჯვარედინებაც – არის ფიზიკური ბარიერი, რომელიც მიანიშნებს, რომ თქვენ არ ეთანხმებით პიროვნების მიერ გამოთქმულ აზრს. თქვენი მხრიდან გაღიმების, ან სასაიმოვნო საუბარში ჩართვის მიუხედავად, თანამოსაუბრეს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ თქვენ მათთან არ ხართ გულახდილი.

ხელების გადაჯვარედინება თქვენთვის შესაძლოა გაცილებით კომფორტული იყოს, მაგრამ ამის დაძლევა მოგიწევთ, თუ გნებავთ ხალხმა აღგიქვათ როგორც ტოლერანტული, მათი აზრით დაინტერესებული პიროვნება.

6) შეუსაბამობა თქვენს სიტყვებსა და სახის გამომეტყველებას შორის ხალხში აღძრავს ეჭვს, რომ რაღაც რიგზე არ არის და თქვენ მათ მოტყუებას ცდილობთ, თუნდაც  ვერ ხვდებოდნენ როგორ, ან რატომ  აკეთებთ ამას.

მაგალითად, მოლაპარაკებების დროს რაიმე შემოთავაზების უარყოფისას ნერვული ღიმილი ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს, ეს მეორე ადამიანს  თქვენთან თანამშრომლობის სურვილს დაუკარგავს, ეგონება, რომ თქვენ რაღაც გაქვთ ჩაფიქრებული.

7) თანხმობის ნიშნად ზედმეტად ხშირი თავის ქნევა მიუთითებს სხვებისგან აღიარების/მოწონების დამსახურების გადაჭარბებულ მცდელობას. თქვენი ასეთი საქციელით ხალხს შესაძლებელია აფიქრებინოთ, რომ ცდილობთ გამოხატოთ თანხმობა, ან აღქმა ისეთი საკითხების, რომელიც სინამდვილეში არ გესმით.

8) თმის ხშირი წვალება ან გასწორება გამოხატავს, რომ თქვენ ხართ აღელვებული, აფორიაქებული, არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და ხართ გაფანტული. გარშემომყოფებზე ამან შეიძლება დატოვოს შთაბეჭდილება, რომ თქვენ ზედმეტად აქცევთ ყურადღებას ვიზუალურ მდგომარეობას და არ ხართ ორიენტირებული კარიერულზე.

9) თვალის არიდებით თქვენ შეიძლება სხვებს აფიქრებინოთ, რომ რაღაც გაქვთ დასამალი, რაც თავის მხრივ ეჭვს ბადებს. არასაკმარისი მზერითი კონტაქტი შსაძლებელია ჩაითვალოს როგორც თქვენი მხრიდან თავდაჯერებულობისა და ინტერესის ნაკლებობა, საქმიანი შეხვედრების მსვლელობისას  კი ეს არასდროს წაგადგებათ.

საუბრისას მზერის დაბლა დახრა მეტყველებს, რომ თქვენ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, ან არ გრძნობთ თავს კომფორტულად, ეს ყველაფერი კი თქვენს სათქმელს ეფექტს დაუკარგავს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მზერითი კონტაქტის შენარჩუნება რთული, ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მდგრადი მზერითი კონტაქტი კი, მეორეს მხრივ, გამოხატავს თავდაჯერებულობას, ლიდერობას, სიძლიერესა და ინტელექტუალობას. თუმცა თვალების კონტაქტის შეუწყვეტლივ შენარჩუნება შესაძლებელია ნეგატიურადაც აისახოს თქვენს საქმიან ურთიერთობებზე.

10) ზედმეტად ინტენსიური მხედველობითი კონტაქტი შეიძლება აღქმული იქნეს როგორც აგრესია, ან თქვენი მხრიდან დომინირების მცდელობა. საშუალოდ, ამერიკელები მხედველობით კონტაქტს 7-10 წამის განმავლობაში ამყარებენ, მოსმენის დროს უფრო მეტ ხანს ვიდრე საუბრისას. მნიშვნელობა აქვს ასევე თუ როგორ ვწყვეტთ ჩვენ მხედველობით კონტაქტს. მზერის დაბლა დახრა მორჩილებას გამოხატავს, ხოლო გვერდზე გადატანა თავდაჯერებულობას.

11) თვალების გადატრიალება უპატივცემეულობის მკაფიო გამოხატულებაა. საბედნიეროდ ეს მხოლოდ ცუდი ზნე-ჩვეულებაა. მისი გაკონტროლება შესაძლებელია, ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

12) მოღუშვა, ან ზოგადად უკმაყოფილო სახის გამომეტყველება გზავნილია, რომ თქვენ გარშემო მყოფ ადმიანებზე განაწყენებული ხართ, თუნდაც მათ თქვენს ცუდ განწყობასთან საერთო არაფერი ჰქონდეთ. უკმაყოფილო სახის გამომეტყველებით თქვენ ხალხს დააფრთხობთ, რადგან ისინი  თქვენგან თავს განსჯილად იგრძნობენ.

ღიმილი კი, მეორეს მხრივ, გამოხატავს რომ თქვენ ხართ გახსნილი, სანდო, საკუთარ თავში დარწმუნებული და მეგობრული. მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევების (MRI) შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი გამორჩეულად რეაგირებს იმ პიროვნებაზე, რომელიც იღიმება და ეს მასში დიდი ხნით ტოვებს პოზიტიურ შთაბეჭდილებას.

13) სუსტი ხელის ჩამორთმევა მიუთითებს, რომ თქვენ ავტორიტეტულობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება არ გაქვთ, ხოლო ზედმეტად მჭიდრო ხელის ჩამორთმევა კი შეიძლება ჩაითვალოს,  როგორც  მბრძანებლობის აგრესიული მცდელობა, რომელიც ასევე ძალიან ცუდია. ყველა ადამიანს მოარგეთ  ხალის ჩამორთმევის მანერა, მაგრამ ყოველთვის დარწმუნდით იმაში, რომ ჟესტი მტკიცე იქნება.

14) მომუშტული ხელები, გადაჯვარედინებული ხელებისა და ფეხების მსგავსად, მიანიშნებს, რომ თქვენ არ ხართ ტოლერანტული სხვათა აზრის მიმართ. ასეთმა ქცევამ სხვების თვალში შესაძლოა კამათის მოყვარულ და ზედმეტად თავდაცვით ადამიანად გამოგიყვანოთ, რაც ხალხს თქვენთან ურთიერთობას გაურთულებს.

15) ზედმეტად ახლოს მისვლა. თუ თქვენ ზედმეტად ახლოს დგახართ ვინმესთან, (ნახევარ მეტრზე ახლოს) ეს მიანიშნებს, რომ თქვენ არ აფასებთ სხვის პერსონალურ სივრცეს, რაც ხალხს თქვენს გარშემო თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს.

 

SHARE