რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი და აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება

0
5011

1877 წელს მეფის რუსეთსა და სულთანურ თურქეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომს ორთივე მხრივ დამპყრობლური მიზნები ქონდა. რუსეთი ესწრაფვოდა ბალკანეთის ქვეყნებსა და კავკასიაში თავისი ბატონობის განმტკიცებას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. თურქეთი ცდილობდა ჩაეხშო მის მიერ დაპყრობილი ბალკანური ხალხების გამათავისუფლებელი მოძრაობა, ამასთან აღედგინა თავისი ადრინდელი ძლიერება და ბატონობა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედა-სამშობლოსაკენ მიისწრაფოდა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში გაჩაღებული იყო ანტითურქული აჯანყებები.

ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება. საომარი ოპერაციები განვითარდა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში. რუსეთის ჯარებმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეუტია ამ მიმართულებით. ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიმდინარებოდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.

1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარებოდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინეპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთ შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება რუსეთის საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. “ბერლინის ტრაქტატით” კავკასიაში რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, ყარსი, და არდაგანი. ამრიგად, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ძველ მდგომარეობაში დარჩა.

ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმურ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ვარაუდი ჩაეშალათ. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა.

ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღელისაგან აჭარის გათავისუფლებას. “ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა, – წერდა ი. გოგებაშვილი გაზ. “დროებაში” … ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად “მებრძოლი შავი ბედისა”, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა”.

ქართველი საზოგადოებრიობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ მოსახლეობას მიშველებოდა. გროვდებოდა შეწირულობანი. ილია ჭავჭავაძე აქეზებდა ხალხის ამ თაოსნობას და გაზ. “ივერიაში” წერდა: ” აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძ: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!” ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.

 

SHARE