ფინანსური რეგულირების გლობალური სისტემა

0
3672

ფინანსური რეგულირების გლობალური სისტემა რთული მექანიზმია. ნაწილობრივ, სწორედ ამის გამო, ის ნაკლებად არის გააზრებული. იმ მიზნით, რომ პროფესორ ჰოვარდ დევისს აეხსნა მისი არსი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტებისათვის, მან შეიმუშავა ელექტროსქემა, რომელიც ასახავს კავშირს ფინანსურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სხვადასხვაგვარ კომპონენტებზე. ეს გამარტივებულ სახეს აძლევს სქემას.

ბევრისთვის უცხო არ არის საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი, რომელიც აწესებს მთავარ სტანდარტებს ბანკებისათვის. მათ ალბათ, ასევე სმენიათ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS – Bank of International Settlements) შესახებ, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ბანკების ბანკს, რომელშიც განთავსებულია ბაზელის კომიტეტი. აგრეთვე ფართო წრეში ცნობილია ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO), რომელიც აწესებს სტანდარტებს ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებისათვის, მაგრამ სადაზღვევო ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობა ნამდვილად გაგაოცებთ.

არსებობს სხვა მრავალი დაჯგუფება. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი, უხეშად რომ ვთქვათ, აკეთებს ყველაფერს, რასაც  ხალხი მისგან მოელის, თუმცა, ამერიკელები – აღნიშნული ორგანიზაციის წევრები, სინამდვილეში არ იყენებენ მათ სტანდარტებს, რომელთაც ახლა დამაბნევლად უწოდებენ ,,ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს“. თუმცა, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტმა სხვა კომისიებს უბიძგა, გადაეხედათ აუდიტის სისტემისთვის. მეტიც, ამ იდეაში გამოძახილია ჰერმან ჰესეს უკანასკნელი რომანისა ,,შუშის ბურთებით თამაში“ – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს ორგანოს, რომელიც თვით აუდიტორებს ამოწმებს.

დასახელება “ფინანსური სამოქმედო რაზმი” (Financial Action Task Force) დინამიურად ჟღერს, თითქოს ის სწრაფი რეაგირების ბრიგადაა, რომელიც მზადაა გაემგზავროს პრობლემურ ქვეყანაში. სინამდვილეში კი, იგი ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) ნაწილია, რომელიც თავის მხრივ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სტანდარტების მონიტორინგს ახორციელებს. თუ რატომ არის იგი OECD-ის შემადგენლობაში, როდესაც მისი უფლებამოსილებები გლობალური მასშტაბით ვრცელდება, რჩება საიდუმლოდ, რომლის ახსნაც  ცოტას თუ შეუძლია.

ეს რთული სტრუქტურა (რომელიც გაცილებით უფრო ფართოა) ეტაპობრივად 1980-1990-იან  წლებში შეიქმნა. აზიის ფინანსურ კრიზისამდე ის წარმოადგენდა ქსელს ცენტრში ობობის გარეშე. როდესაც ჰანს ტიტმაერს (ბუნდესბანკის ყოფილი ხელმძღვანელი) ,,დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა სთხოვეს განეხილა მისი ეფექტიანობა, მან რეკომენდაცია გაუწია ახალ ,,ობობას“, სახელად ,,ფინანსური სტაბილურობის ფორუმი“, რომელიც შეისწავლიდა ფინანსურ სისტემას ერთიანობაში და ეცდებოდა დაედგინა ის სისუსტეები, რომელთაც შესაძლოა მომავალში გამოეწვიათ პრობლემები.

პროფესორი ჰოვარდ დევისი ,,ფინანსური სტაბილურობის ფორუმის“(FSF) წევრი იყო 5 წლის განმავლობაში. მან აღიარა, რომ საკმაოდ ეშინოდა ობობების, თუმცა ისეთი არაქნოფობისთვისაც (არაქნოფობია – ობობების შიში) კი, როგორიც თვითონ იყო, ძნელი იქნებოდა შეშფოთების პატარა მიზეზის პოვნა.  ,,ფინანსური სტაბილურობის ფორუმი“ არ იყო საშიში ქმნილება,  ეროვნული თუ საერთაშორისო მარეგულირებლები კი საკუთარ მექანიზმებთან დარჩნენ, მათი თანმხლები არასახარბიელო შედეგებით, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

2007 წლამდე არსებობდა მცირე პოლიტიკური ინტერესი უფრო მკაცრი გლობალური სტანდარტების მიმართ. ცალკეული სახელმწიფოები ეწინააღმდეგებოდნენ იმ აზრს, რომ ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სავარაუდოდ ჩაერეოდა მათ სუვერენულ უფლებაში, გაეკონტროლებინათ არაჯანსაღი საბანკო სისტემა საკუთარ ქვეყანაში. ხოლო შემდეგ, როდესაც მსოფლიო ახალმა ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, ,,ფინანსური სტაბილურობის ფორუმის“ აქტიური მუშაობის საჭიროება აშკარა გახდა და 2009 წელს ,,დიდი ოცეულის“ სახელმწიფოების წარმომადგენლებმა  გადაწყვიტეს ახალი, უფრო მკაცრი მოდელი დაენერგათ, როგორადაც წარმოგვიდგა ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭო“. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და ამჟამად ცდილობს შეიმუშაოს ახალი რეკომენდაციები, რათა გაუმკლავდეს ბანკების დიდ წარუმატებლობებს. აღნიშნული საკითხი იქნება ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა ,,დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე ბრიზბენში.

ჯერჯერობით არ არსებობს საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭოს“ (FSB) საქმიანობის ეფექტურობას შეამოწმებს. თუნდაც რომ არსებობდეს ასეთი ჯგუფი, როგორ შეაფასებდა იმ ორგანიზაციის საქმიანობას, რომელსაც მარიო დრაგი და შემდეგ მარკ კერნი მეთაურობენ? აღსანიშნავია, რომ საბჭოს საქმეებს ისინი თავისუფალ დროს უთმობდნენ, მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკების მართვის პარალელურად.

საგადასახდელო ბალანსის აქტივის მხარეს აუდიტორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ საბჭოს მიერ განხორციელებულ სასარგებლო საქმეები. მათი რეგულარული ანგარიშები ,,დიდი ოცეულის“ წარმომადგენლებისათვის თავს უყრის რეგულირების მრავალფეროვან მიმართულებებს მკაფიო და გასაგები გზით. არ არსებობს უკეთესი ინფორმაციის წყარო!

ასევე შეუძლიათ ჩაიწერონ, რომ საბჭოს ზეწოლამ დააჩქარა დარგობრივი მარეგულირებლების მუშაობა. ბაზელის მეორე შეთანხმებას 10 წელიწადზე მეტი დასჭირდა დასრულებისათვის, მესამე შეთანხმების ჩამოყალიბებას კი – 24 თვე (თუმცა, დანერგვას უფრო მეტი დრო სჭირდება). ,,ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციისა“ (IOSCO) და ,,სადაზღვევო ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციის“ (IAIS) საქმიანობა გაამკაცრა მათმა ვალდებულებამ, წარადგინონ ანგარიში ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭოს“ წინაშე.

საბჭომ ასევე შეიმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ე.წ. ,,სისუსტეების“ შეფასებებისათვის. ის მიუთითებდა სისტემაში განვითარებად დაძაბულობაზე ისე, რომ არ ებმებოდა მომდევნო ათიდან სამი კრიზის პროგნოზირების ხაფანგში. ამ მექანიზმის შესწავლა ცალკეულ ქვეყნებს უბიძგებს, გააძლიერონ თავიანთი მარეგულირებელი ინსტიტუტები.

მიუხედავად ამისა, გულწრფელი შეფასება ცხადყოფდა, რომ აღნიშნულმა ,,ობობამ“ მხოლოდ რამდენიმე „ბუზი“ თუ დაიჭირა. თუ მოვიშველიებთ მეტაფორას ცხოველებზე, ეს არის ჯოგის ძაღლი კბილების გარეშე. საბჭოს არ შეუძლია სხვა მარეგულირებლებს მისცეს ინქსტრუქცია, თუ რა გააკეთონ (არ გააკეთონ), ასევე არ შუძლია აიძულოს წევრი ქვეყნები, დაიცვან ახალი რეგულაციები.

მართლაც, გლობალური ფინანსური რეგულირების მთელი დოქტრინა აგებულია ,,საუკეთესო მცდელობების“ საფუძველზე. ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭოს“ წესდება, რომელიც 2012 წელს შეასწორეს, გვამცნობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმომწერნი არანაირ სამართლებრივ ვალდებულებას არ იღებენ საკუთარ თავზე. მაგალითად, განსხვავებით ,,მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისაგან“ (WTO), FSB-ს არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ამყარებს; რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს არ შეიძლება დაუწესდეს სანქციები, თუ ისინი ვერ შეძლებენ სტანდარტების დანერგვას, რომლებიც მათთვის თითქოსდა ასეთი მნიშვნელოვანია.

სამართლიანი განაჩენი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭოს“ არც  მეტი და არც ნაკლები გაუკეთებია იმაზე,  რაზე უფლების გაცემისთვისაც მისი პოლიტიკური პარტნიორები იქნებოდნენ მზად. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა შეიქმნას ორგანო, რომელიც ჭეშმარიტად დაიცავს საერთაშორისო სტანდარტებს და თავიდან ააცილებს ქვეყნებს კონკურენტულ დერეგულაციაში ჩაბმას, ხოლო ბანკებს – მარეგულირებელ არბიტრაჟში ჩართვას. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დაველოდოთ მომავალ კრიზისს, რათა წარმოიშვას ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა. ამასობაში კი, ,,ფინანსური სტაბილურობის საბჭო“, მთელი თავისი სისუსტეებით, არის საუკეთესო მექანიზმი, რაც გაგვაჩნია.

ავტორი: ნანა ახალაია

SHARE