როგორ აღმოვაჩინოთ და დავამარცხოთ საბავშვო დეპრესია

0
3018

სიტყვა “დეპრესიას” ხშირად ვიყენებთ, თუმცა ყოველთვის როდია ის შესაბამისი. ჩვენ ამ დიაგნოზს საკუთარ თავს დაუფიქრებლად ვუსვამთ, ხოლო როცა მის გამოვლინებას ბავშვებში შევამჩნევთ, იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაც სხვა არის.

დეპრესიის მიმართ ზრდასრულებსაც კი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნაა, რომელიც თავისით გაივლის. რაც შეეხება ბავშვთა დეპრესიას, ის ნამდვილად არსებობს, ზოგჯერ ძალიან ადრეული ასაკიდანაც კი.

ბავშვთა დეპრესია სპეციალისტებმა 20 წლის წინ “აღმოაჩინეს”. აქამდე მიღებული იყო, რომ აპათია, ხშირი ავადმყოფობა, სომატური ტკივილები გაურკვეველი წარმოშობით აეხსნათ, თუმცა არა დეპრესიით. უფრო ხშირად კი სიზარმაცით, ხასიათით, განებივრებულობითა და ცუდი ჯანმრთელობით.

რატომაა დეპრესია ცუდი ჯანმრთელობისთვის? დასაწყისისთვის, ის მას ართმევს სურვილებს, მისწრაფებებს, ხოლო შემდეგ ადამიანს აიძულებს, რომ ერთდროულად იგრძნოს სიცარიელე და სულიერი ტკივილი.

თუ ამ მდგომარეობას ყურადღებას არ მიაქცევთ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს: დეპრესიული პაციენტების ნაწილი, რომელიც დახმარების გარეშე რჩებიან, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. რაც არ უნდა რთული იყოს ამაზე ლაპარაკი, ადრეულ ასაკში დეპრესია შეიძლება იყოს სუიციდის მიზეზი არასრულწლოვნებსა და ბავშვებშიც კი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ბავშვებში?

მიზეზთა სია საკმაოდ დიდი და მრავალმხრივი შეიძლება იყოს. პირველი და მთავარი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ გავექცევით, ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა და ოჯახში საერთო სიტუაცია შეიძლება იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვთა დეპრესიის ყველაზე მთავარი მიზეზი ნებისმიერ ასაკში მშობლების, განსაკუთრებით კი დედის მხრიდან არასაკმარისი სიყვარული და ურთიერთობაა.

იმ შემთხვევაში, თუ დედა ორსულობის დროს თავად განიცდიდა დეპრესიას, თუ მისი გრძნობები მომავალი შვილის მიმართ ამბივალენტური იყო და მისთვის ძნელია უყვარდეს ის, ალბათობა იმისა, რომ ბავშვს უახლოეს, ან შორეულ მომავალში განუვითარდება დეპრესია, საკმაოდ მაღალია.

ასევე არსებობს სომატური ხასიათის მიზეზები. მაგალითად, დედის რთული ორსულობა დარღვევებით, ასფიქცია მშობიარობის დროს, რთული მშობიარობა დამატებითი სტიმულატორების მიღების დროს. ამ ყველაფერმა მომავალში შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს.

ასევე დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა. დეპრესიის სიმპტომები დამოკიდებულია ასაკობრივ სხვაობაზე. ჩვილებში ის შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებულ ჭირვეულობაში, ტირილში, სპაზმებში, ხშირ ავადმყოფობაში, ზოგჯერ, ბავშვის გაურკვეველი მიზეზით შფოთვაში.

უფრო მოზრდილ ბავშვებს, სკოლამდელ ასაკში, ან დაწყებით კლასებში, შეიძლება შეამჩნიოთ დაღლილობა, აქტივობის მკვეთრი შემცირება, ტირილი, უარი ჩვეულებრივ საქმიანობებსა და მეგორებთან ურთიერთობაზე, უძილობა.

დეპრესიული მოზარდი შეიძლება განდეგილივით ცხოვრობდეს, არავისთან კონტაქტობდეს, კითხულობდეს მთელი დღე, ან სერიალებს უყურებდეს, შეიძლება მოიქცეს გამომწვევად, ან დაუშავოს რამე საკუთარ თავს.

როგორ გავარჩიოთ გვაქვს თუ არა დეპრესიასთან საქმე?

პირველი და ყველაზე მთავარი, იყავით ყურადღებიანი თქვენი შვილის მიმართ. ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მშობლებმა ჩვეულებრივი კომუნიკაციით, მხარდაჭერით უნდა განიხილონ შვილებთან. ხშირად ხდება, რომ ბავშვები (ზრდასრულ ასაკშიც კი) ხვდებიან დეპრესიის მსგავს სიტუაციაში, ბევრი სწავლის ან გადატვირთულობის გამო.

თუ ამ პრობლემების გამკლავებაში ბავშვს დაეხმარებით, მისი მდგომარეობა შეიცვლება. თუ ეს არ მოხდება, საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს, ბავშთა ფსიქონევროლოგსა და ნეიროფსიქოლოგს. თუ საჭირო იქნება, ბავშვს უნდა დაენიშნოს მედიკამენტებით მკურნალობა და ფსიქოთერაპია.

პრევენცია მკურნალობის დაწყებამდე

სამწუხაროდ, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბავშვთა სუიციდი მატულობს და ეს საგანგაშო ნიშანია. ამის დაწერის დროს ვგრძნობ, თუ როგორ ივსება მშობლის გული წუხილით: როგორ უნდა აარიდოს ამას, როგორ დაიცვას, როგორ არ უნდა გამორჩეს?

აქვე ვიხსენებ, თუ როგორ წავიდა ჩემი მეგობრის შვილი ინგლისურ საზაფხულო სკოლაში. ის ფილოსოფოსია და უყვარს დროის მარტო გატარება, დაუსრულებელი სკოლის აქტივობებისაგან დაღლილს. განტვირთვისთვის მან შუადღეს სეირნობა მოიგონა, რათა ყველასგან შორს ყოფილიყო, სეირნობდა ბილიკზე, რომელიც სახლამდე მიდიოდა, სანამ სხვები ფეხბურთს თამაშობდნენ.

ამის გამო, მას პედაგოგთან რთული საუბარი მოუხდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ის არ იკეთებდა ნემსს, არ სვამდა ტაბლეტებს, ან არ აპირებდა რაიმე მსგავსის ჩადენას.

ასეთები არიან მშობლები:  თუკი ბავშვის გამოხედვა ოდნავ დაიბინდა, თუკი მან მრავალ ოკეანეზე ან კიდევ სხვა რაიმეზე ჩაფიქრებულმა ოდნავ მოიწყინა, მშობლები მაშინვე ეცემიან სიტყვებით: ყველაფერი კარგად არის? რატომ გაქვს სევდიანი თვალები? აბა გაგვიღიმე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგადაა!

მომაბეზრებელი მზრუნველობა, სულაც არ არის ზრუნვა, არამედ თქვენი პირადი შფოთვაა, რომელსაც ვერ უმკლავდებით. ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა, არამედ საჭიროა რაიმე სხვა.

მაგრამ ზუსტად რა? მაგალითად, იმის შესახებ, თქვენს შვილს მისი განსაკუთრებული ბიოქიმიისა, თუ ფიზიოლოგიის ფონზე ექნება თუ არა დეპრესია, წინასწარ არაფრის თქმა შეგვიძლია. ჰქონდა თუ არა ვინმეს ოჯახში დეპრესიისადმი მიდრეკილება, სავარაუდოდ ვერ გაიგებთ, რადგან ეს შეიძლება ცუდ ხასიათად, უძილობად, მუდმივ სევდად ჩაეთვალათ. ასევე უცნობია, თუ რამდენად აცნობიერებთ ხართ თუ არა თავისუფლები ამ პრობლემისგან.

ასე რომ, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ერთის გარდა: პრევენცია უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა, ვიდრე მკურნალობა. დღესდღეობით, მსოფლიო მედიცინა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ დროული პრევენცია საჭიროა სერიოზული სომატური დაავადებების დროსაც კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მაშინაა, როცა საქმე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ეხება.

რას ნიშნავს დეპრესიისგან თავის არიდება მშობლების შემთხვევაში

  • მოქმედება აუცილებელია, როგორც თვითმფრინავში ასწავლიან: პირველ რიგში თქვენ უნდა გაიკეთოთ ჟანგბადის ნიღაბი, ხოლო შემდეგ ბავშვს.ეს ლოგიკურია, რადგან თუ თქვენ გაიგუდებით, ბავშვს სავარაუდოდ ვერავინ დაეხმარება. ჩვენს შემთხვევაშიც იგივეა. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს სულიერ მდგომარეობას და ზოგადად ცხოვრებას.

თუ თქვენი ცხოვრება არ მოგწონთ, არ გრძნობთ თავს კარგად და ბედნიერად, თქვენი ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან. ვინ გაუკეთებს მათ ჟანგბადის ნიღაბს, თუ საჭირო იქნება?

აუცილებელია, რომ თავი მეტ-ნაკლებად სულიერად კომფოტულად იგრძნოთ. ყველაფერი ჩვენზე როდია დამოკიდებული, ეს ფაქტია. ცხოვრებაში ხდება ცვლილებები, წარუმატებლობა სამსახურში, განქორწინება, დაშორება, ახლობელი ადამიანების სიკვდილი.. და მრავალი რამ, რის გამოც შეიძლება ბალანსი დაკარგოთ.

თუმცა, საერთო ჯამში უმჯობესია მშობლები თავისი ბავშვების ბედნიერებისთვის თავს გრძნობდნენ სრულიად ცოცხლად, თავდაჯერებულ ადამიანებად და არა გარემოების მსხვერპლად.

თუ თქვენს ცხოვრებაში თავს ცუდად, მოსაწყენად, უინტერესოდ გრძნობთ, როგორც არ უნდა ინიღბებოდეთ, თქვენი მდგომარება ბავშვებზეც აირეკლება.

  • ისაუბრეთ ბავშვებთან.იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ჯერ პატარები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ “დაუთმოთ ბავშვებს დრო”, ან “იზრუნოთ ბავშვებზე”. ყველაფერ ამას სწორედ მაშინ ვაკეთებთ, როცა დარწმუნებულნი არ ვართ, რომ შეგვიძლია მათთან საუბარი, უფრო სწორედ ნამდვილად დაინტერესებულნი ვართ თუ არა მათით.

არა მათი წარმატებით (რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა მთავარი), არამედ მათი გრძნობებით, აზრებით, იმით რაც მათთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო. ჩვეულებრივ, როცა მშობლებს ამას ვეუბნებით, ისინი მაშინვე ვერ იგებენ, თუ რაზე ველაპარაკებით. საჭიროა, რომ დეტალურად ავუხსნათ.

თუ თქვენ ხვდებით საყვარელ დაქალს, ან კარგ მეგობარს და განიცდით სიხარულს მათი ნახვით, თქვენთვის საინტერესოა, თუ რას გიყვებიან ისინი. თავადაც გინდებათ გაუზიაროთ მათ გრძნობები. ბავშვები ასევე ადამიანები არიან, მათ ასევე უნდათ თქვენთან გულწრფელად საუბარი.

იცოდნენ თქვენი სამსახურის შესახებ იმდენი, რამდენიც მათ შეუძლიათ გაიგონ. იმსჯელონ თქვენთან წიგნებსა და ფილმებზე. გაუზიაროთ თქვენი მოგონებები და ელოდნენ თქვენი ისტორიების მოყოლას, თუ როგორი იყავით პატარები და ასე შემდეგ.

ცოტა ხნის წინ ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი: მშობლებს სთხოვეს, ფირზე ჩაეწერათ მთელი დღის საუბარი ბავშვებთან. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ მშობლები თავის შვილებთან მხოლოდ 11 წუთს ლაპარაკობენ.

როგორც ჩანს, მხოლოდ 3-4 წუთი მიეძღვნა “მოჩვენებით” საუბარს, ხოლო დანარჩენი დრო კი სკოლას, ნიშნებს, საჭმელსა და საშინაო დავალებას დაეთმო. დაიწყეთ დაკვირვება ახლავე და ეცადეთ გაზარდოთ დოზა, უფრო მეტი და უკეთესი ურთიერთობა გქონდეთ ბავშვებთან. ეს ყველაზე კარგი პრევენციაა ნებისმიერი დეპრესიისა.

  • გჯეროდეთ ბავშვების.ეს როგორც პატარებს, ასევე დიდებსაც ეხებათ. ხშირად ხდება, რომ ბავშვს ბაღიდან სევდიანი ისტორიები მოაქვს, თუ როგორ მოეპყრო მას აღმზრდელი ან მედდა, ჰყვება თავის განცდებს. მშობლები კი ცდილოებენ, რომ ეს ამბები არ მიიღონ, როგორც ნამდვილი.

როგორც წესი, ბაღში ცდილობენ, რომ ეს უნდობლობა უარყონ: “ისინი ხომ პატარები არიან, ცოტა რამ თუ ესმით”. სინამდვილეში, იმისათვის რომ ბავშვმა იცოდეს და იგრძნოს, რომ თქვენ მას იცავთ და მის მხარეს ხართ, არასდროს ეჭვქვეშ არ დააყენოთ ეს ბავშვური მონათხრობები. კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება.

თუ ბავშვი ლაპარაკობს თავის ტანჯვასა და დისკომფორტზე ბაღში, მშობლებთან ან ძიძასთან, ესე იგი, ის ამას გრძნობს. ეცადეთ გაერკვიოთ, თუ რაშია საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები მშობლებს აღარ ენდობიან და დამალავენ მათგან თავიანთ გრძნობებს, რომლებსაც მრავალი წლის შემდეგ ფსიქოლოგის, ან ფსიქოთერაპევტის კაბინეტში მოყვებიან.

უფრო რთულია ენდოთ მოზარდს, თუმცა ამის გარეშე არ შეიძლება. როცა არასრულწლოვანი ამბობს “მე არ მაქვს ძალა”, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თუ ეტყვით, რომ ყველა მისი პრობლემა სიზარმაცისგანაა გამოწვეული. არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: ყველაფერი, რასაც მოზარდი ცუდად აკეთებს, ეს არის ყვირილი დახმარებისთვის. ეცადეთ გაშიფროთ გზავნილი. იმის მიხედვით თუ, როგორი კარგი ურთიერთობა გქონდათ მთელი ამ დროის განმავლობაში, მეტად სავარაუდოა, რომ არასრულწლოვანი შესაბამისად, მეტ-ნაკლებად გახსნილი იქნება და არ დამალავს თავის ტკივილს.

ავტორი: ნანა ახალაია

 

SHARE