რევოლუცია ავტოწარმოებაში: ძრავები გამანაწილებელი ლილვის გარეშე

0
4141

რამდენიმე თვის წინ, სუპერავტომობილების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია „კიონიგსეგმა“ გამოაცხადა, რომ თავის შვილობილ კომპანია „ფრივალვთან“ და პარტნიორთან , ჩინურ-სინგაპურულ-ისრაელის ერთობლივ საავტომობილო კომპანია „ქოროს ავტოსთან“ ერთად, ახალ ძრავაზე მუშაობდა, რომელსაც გამანაწილებელი ლილვები არ აქვს. ახლახანს კი, გუანჯოუს (ჩინეთი) მოტორშოუზე, ასეთი ძრავის პირველი ეგზემპლარი წარადგინა.

  • გამანაწილებელი ლილვის ნაცვლად, ამ აგრეგატში სარქველების გაღება-დახურვას პნევმატურ-ჰიდრავლიკურ-ელექტრო სისტემა ემსახურება. ასეთ ძრავებს უკვე იყენებენ ფორმულა 1-სა და სხვა სარბოლო სერიებში, თუმცა მასობრივ წარმოებაში ის აბსოლუტური სიახლეა. ის მაღალი სიმძლავრით და საწვავის ეფექტიანი მოხმარებით გამოირჩევა.
    როგორც „კიონიგსეგი“ აცხადებს, 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავა 230 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს ავითარებს. ის ამავე ლიტრაჟის ტრადიციულ ძრავებთან შედარებით, 47 პროცენტით მეტი სიმძლავრით, 45 პროცენტით მეტი მაბრუნი მომენტით და საწვავის 15 პროცენტით ნაკლები ხარჯით გამოირჩევა. უფრო მეტიც, 20 კილოგრამით მსუბუქია, გაცილებით კომპაქტურიცაა და მისი წარმოებაც უფრო იაფი დაჯდება, რადგან მას არ სჭირდება აქსელერატორის სისტემა, გამანაწილებელი ლილვი და მისი ამძრავი კბილანური გადაცემა, ასევე უშუალო შეფრქვევის სისტემა და სხვა.

„ახალ ტექნოლოგიას არაერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა ტესტირება და შედეგები აღმაფრთოვანებელია. სერიული წარმოებისთვის მომზადებული ეს ძრავა „ქოროსს“ ბევრ თანხას დააზოგინებს, მისით აღჭურვილი ავტომობილები კი იაფი დაჯდება, უფრო მსუბუქები იქნება და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს. გარდა ამისა, ამ ავტომობილების მფლობელებსაც ნაკლები საწვავის შეძენა მოუწევთ“, – ამბობს „კიონიგსეგის“ შვილობილ კომპანია „ფრივალვის“ მთავარი აღმასრულებელი ურბან კარლსონი.

„ქოროსმა“ გუანჯოუს შოუზე, ახალი ძრავით აღჭურვილი ჰეჩბეკი „ქოროს 3“ წარადგინა. პირველ ეტაპზე, ასეთი ავტომობილების საგზაო ტესტირება იგეგმება, შემდგომში კი მისი წარმოებაც დაიწყება.

 

SHARE