ევროკავშირის სახიფათო პოლიტიკა

0
2880
Viele Euro Geldscheine

ანალიტიკოსები კვლავ იმის ფიქრში არიან შეძლებს თუ არა საბერძნეთი შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დარჩეს ევროზონაში და გადაარჩინოს სასტიკი ნგრევისაგან საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, აქამდე ალბათ ნებისმიერი სამართლიანი მსაჯული, უკვე გამოუტანდა განაჩენს ერთიანი ვალუტის პოლიტიკურ შედეგებს. განაჩენი კი ასეთია: სრული მარცხი.

ცხადია, ევროს შემთხვევა ყოველთვის პოლიტიკური იყო და ორ, „ამქვეყნიურ“ და „ამაღლებულ“, ჭრილში განიხილება.

„ამქვეყნიური ასპექტი“ იშვიათად თუა გასაგები რჩეული კომპანიებისთვის. მარტივი ენით, სამხრეთ ევროპის ქვეყნები ხარჯავდნენ მეტისმეტად ბევრს, აწესებდნენ ძალიან დაბალ გადასახადებს და აქედან გამომდინარე უწევდათ საკმაოდ მაღალი სესხის აღება. მანამ, სანამ შეეძლოთ, ისინი დეფიციტს ადგილობრივი ვალუტის ზედმეტი რაოდენობის ბეჭვდით ავსებდნენ, რითაც საკუთარ ვალუტას აუფასურებდნენ. მათი „მორჯულება“ მხოლოდ ევრომ და ფრანკფურტის მონეტარულმა პოლიტიკამ შეძლო.

ასეთი გახლდათ თეორია, თუმცა პრაქტიკამ სრულიად სხვა რამ აჩვენა. მას შემდეგ, რაც ფულის გაუფასურების საფრთხე გაქრა, მკვეთრად  დაეცა საპროცენტო განაკვეთის სპრედი და მასთან – დანახარჯებიც სესხებზე. საზღვარგარეთიდან შემომავალი იაფი ფულის ნაკადით  გაივსო ევროპის დაბალშემოსავლიანი ქვეყნები. ზოგიერთ მათგანში – საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია – ეს ფული იხარჯებოდა არაადეკვატურ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. ზოგიერთში კი – ესპანეთი და ირლანდია – ამ ფულადმა სახსრებმა არაერთი დეველოპერი მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ეს ნაწილი ვალებით გაიბერა.

ევროს პოლიტიკა „ამაღლებულ” ჭრილში ყველაზე საინტერესოდ საფრანგეთში განიხილებოდა. იგი ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას პირდებოდა, რომლის უმთავრეს მიზანსაც ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მჭიდრო პოლიტიკური ერთობა წარმოადგენდა. იმაზე კი არავინ ფიქრობდა, თუ როგორ უნდა მიეღწიათ ამ მიზნისთვის. თუმცა, როგორც წლების მანძილზე ჩატარებულ უამრავ კონფერენციაზე მომისმენია, ევროპა ამ მიზნის მიღწევას საკუთარი ძლიერი ნებისყოფისა და სიმტკიცის ხარჯზე აპირებდა. ჩემთვის, როგორც არაევროპელისთვის, ხშირად (და ზოგჯერ არც თუ ისე თავაზიანად) უთქვამთ, რომ მე ამას ვერ გავიგებდი.

მაგრამ ახლა უკვე შედეგები ცხადი და აშკარაა და თვით არაევროპელებსაც შეუძლიათ გარკვეული დასკვნების გაკეთება. ევროპის ინსტიტუტების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას და ამასთან, გამოჩნდნენ ნეო-ფაშისტური მოძრაობები. აგრეთვე მომრავლდა ანტი-ემიგრანტული შეხედულებები და კლიშეები „ძუნწ“  ჩრდილოელებზე და ზარმაც სამხრეთელებზე. ახლა უკვე თვით სერიოზულ და ავტორიტეტულ გაზეთებშიც კი შეხვდებით ლედერჰოზეში გამოწყობილ გერმანელ პოლიტიკოსებს ჰიტლერის მსგავსი ულვაშებით. სავარაუდოდ, ინტეგრირებული და ტოლერანტული ევროპის შენების პროცესისგან უარეს შედეგებსაც უნდა ველოდოთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, უარესის წარმოდგენა მიჭირს.

არადა, შეიძლებოდა ამ შედეგების თავიდან აცილება. მართალია, მონეტარული გაერთიანება გარკვეულწილად ყოველთვის რისკის შემცველია, მაგრამ მას მაინც არ უნდა გამოეწვია მასიური უმუშევრობა (საბერძნეთსა და ესპანეთში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი სამუშაოს გარეშეა დარჩენილი). ამ პრობლემის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი სწორედ რომ ევროზონის არაეფექტური ფუნქციონირებაა და მას პოლიტიკური ნიადაგი გააჩნია.

დიახ, საბერძნეთმა თავად დაატეხა თავს მრავალი უბედურება. მასიურად შემცირებული პენსიები, გაუმართავი საგადასახადო სისტემა და ის, რომ (თუ თვალისმომჭრელ სანაპიროებს არ ჩავთვლით) ქვეყანა ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის საქონელი და მომსახურება მიაწოდოს დანარჩენ მსოფლიოს.

თუმცა, საბერძნეთის ხუთწლიანი კრიზისი გარე ფაქტორებითაც იყო გამოწვეული. სხვა ევროპული ქვეყნები მხოლოდ საბერძნეთისგან როდი ყიდულობენ ცოტა საქონელსა და მომსახურებას, ისინი ყველასგან ცოტას იძენენ. მარტინ ვულფი Financial Times-დან  არასდროს იღლება იმ ფაქტის გამეორებით, რომ ევროპაში მასობრივი დისბალანსია.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე კრიზისმა იფეთქა, ევროზონის მიმდინარე ანგარიშმა მცირე დეფიციტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2.5%-ით ზრდისკენ გადაინაცვლა. საბერძნეთის მსგავსმა ქვეყნებმა შეამცირეს, ხოლო დანარჩენებმა, მაგალითად გერმანიის მსგავსმა ქვეყნებმა კი არ გაზარდეს თავიანთი მოხმარება. ჩრდილოეთ ევროპა ამაყობს იმით, რომ თავი საკუთარი სახსრებით გააქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამით თავისდაუნებურად უწყობს ხელს რეგიონული კრიზისის შენარჩუნებას.

მსგავსი პრობლემა აწუხებდა ჯონ მეინარდ კეინზს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბრეტონ ვუდსის მოლაპარაკებების პერიოდში. გარე ძალებს შეუძლიათ აიძულონ სხვა ქვეყანა ხარჯოს ნაკლები, მათთვის სესხებაზე უარის თქმის გზით. მაგრამ როგორ უნდა აიძულო სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი დახარჯოს უფრო მეტი? ევროზონას არ აქვს პასუხი ამ არსებითად პოლიტიკურ თავსატეხზე და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ერთ-ერთი უდიდესი ნაკლოვანება.

ევროზონას არც იმის უნარი შესწევს, რომ გაანეიტრალოს ფისკალური შოკი, რაც დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის შემოსავლების დასარეგულირებლად. როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, ტექსასი და ოკლაჰომა კი რეცესიას განიცდის, ფულის ნაკადის მიმართულება ბუნებრივად, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტების გარეშე განისაზღვრება. მაგრამ ასეთ ტრანსფერულ კავშირს ახდენა არ უწერია მანამ, სანამ თუნდაც ერთი ჩრდილოეთ ევროპის მოქალაქე იქნება დარჩენილი თავისი მტკიცე პოზიციით. ასე, რომ ევროზონა, სავარაუდოდ, ყოველთვის არამდგრადი ეკონომიკისა და მასთან გარდაუვლად დაკავშირებული  პოლიტიკური დაძაბულობების მსხვერპლი იქნება.

აქვე, რადგან პოლიტიკური დაძაბულობები ვახსენეთ, ვთქვათ ისიც, რომ საბერძნეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებმა ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. სირიზას (საბერძნეთის უკიდურეს მემარცხენეთა კავშირი) მთავრობამ ფარ-ხმალი დაყარა მას შემდეგ, რაც “ბირთვული” საფრთხის წინაშე დადგა: „ცუდად მოიქცევით და ევროპის ცენტრალური ბანკი შეწყვეტს თქვენი ბანკების დაფინანსებას.“ ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ფინანსთა მინისტრებიც კი აღარ გამოთქვამენ სურვილს ხელი შეუწყონ ბანკების ფუნქციონირებას და გაანეიტრალონ ფინანსური ქაოსი.

დიდებული რამაა დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები და დიდებული ბანკირია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი. თუმცა, დამოუკიდებლობა გამოყენებულ უნდა იქნეს მონეტარულ პოლიტიკასთან (რაც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში სარგებლის განაკვეთის გაზრდას, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს) და არა ფისკალურ პოლიტიკასთან (ქვეყნის იძულება შეამციროს დანახარჯები და გაზარდოს გადასახადები, რათა შეძლოს უზარმაზარი ვალის გადახდა) მიმართებით. განა ვინმემ ახსენა დემოკრატიის დეფიციტი?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გულისხმობს იმას, რომ სასურველია საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა. როგორც ერთ ძველ ხუმრობაშია: ,,თუ იქ გინდა წასვლა, შენს ადგილზე აქედან არ დავიწყებდი’’. მაგრამ საბერძნეთის „აქ“ სწორედ მონეტარული გაერთიანებიდან იწყება. მისი გაჭირვების ჟამს მიტოვება სათადარიგო გეგმის გარეშე კი, ამ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ცუდი ეკონომიკა ადვილად გადაიქცევა ხოლმე ცუდ პოლიტიკად. მოუქნელი სისტემის წყალობით, საერთო ვალუტა საფრთხეს უქმნის ევროპის პოლიტიკური კავშირის განვითარებას და ამაში მდგომარეობს საბერძნეთის ტრაგედიაც.